ძიების შედეგები
40 results found with an empty search
- როგორ მივადევნოთ თვალი COP27-ს?
COP27 იწყება! 6 ნოემბერს, საერთაშორისო საზოგადოება შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში შეიკრიბება, რათა დაესწროს რიგით 27-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას, ე.წ. Conference of Parties (COP). ეგვიპტე 6-დან 18 ნოემბერის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. ზოგადად, კლიმატის კონფერენციების მთავარი მიზანია ქვეყნებმა წარმოადგინონ სათბური აირების შემცირებისა და გლობალური დათბობის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის სულ უფრო ამბიციური გეგმები და შესაბამისად, წლევანდელი COP-იც ამ მიზანს ემსახურება. თუმცა, მხარეთა ეს კონფერენცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს უკვე არსებული ზიანის აღმოფხვრასა და წარსული დაპირებების შესრულებაზე. მდიდარი ქვეყნები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არის, რომ საბოლოოდ უზრუნველყონ ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის კლიმატის დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, და კიდევ უფრო მეტი თანხები გასცენ „ზიანისა და ზარალის“ დაფინანსებისთვის (ერთგვარი კლიმატის რეპარაციები). COP27 თავს მოუყრის ქვეყნების ლიდერებს და ეროვნულ დელეგაციებს, ბიზნესის, კვლევითი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ დელეგაციასაც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენი გუნდი აქტიურად მოგაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მიმდინარეობისას. საინფორმაციოა კამპანიის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: მიტიგაცია: შეიქმნას მომენტი 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირების დაპირებებისა და ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, გლაზგოს პაქტის იმპლემენტაციის შესაბამისად, განხორციელდეს უფრო ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების წარდგენა და კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ამბიციური პროგრამის შექმნა. ადაპტაცია: უზრუნველყოფილ იქნას საჭირო პროგრესის მიღწევა მოწყვლადი თემების ადაპტაციის და მედეგობის გასაძლიერებლად. დაფინანსება: ქვეყნებმა მეტი სიცხადე შეიტანონ შესაბამისი ფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებულ არსებულ ვალდებულებებსა და დაპირებებში. ფოკუსში იქნება „ზიანისა და ზარალის“ საკითხი. თანამშრომლობა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მოლაპარაკებებში შეთანხმების გაღრმავებისა და ხელშეწყობის მიზნით, რათა მიიღწეს ხელშესახები შედეგები დაბალანსებული გზით. როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP27-ში? შარმ ელ-შეიხში, COP27-ზე დასწრება შეუძლიათ კონვენციის მონაწილე მხარეებსა და დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, პრესისა და მედიის წევრებს, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, გაეროს სისტემისა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს, დაშვებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს), და საზოგადოების წევრებს. კლიმატის სამიტი გაიხსნება ოფიციალური ცერემონიით 7 და 8 ნოემბერს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური მოლაპარაკებების სესიის პარალელულად, ასევე ჩატარდება არაერთი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, მოეწყობა პავილიონები. ოფიციალური ღონისძიებების ნაწილი საჯაროდ გადმოიცემა UNFCCC-ის მიერ და განთავსდება სოციალური მედიის პლატფორმებზე. ამასთანავე, დამსწრე ორგანიზაციები და ინსტიტუტები ინდივიდუალურად გადმოსცემენ საკუთარ ღონისძიებებს და ანალიზსს. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, შესაძლებლობა გვექნება ონლაინ ფორმატში შევუერთდეთ ჩვენთვის საინტერესო ღონისძიებებს და თვალი ვადევნოთ ჩვენთვის საინტერესო ორგანიზაციების საქმიანობას კლიმატის სამიტზე. მხარეთა კონფერენციები, როგორც წესი, დაყოფილია ორ ნაწილად - ლურჯ და მწვანე ზონებად. ლურჯი ზონა განკუთვნილია საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. ამ ზონაში მხოლოდ აკრედიტირებული სახელმწიფო დელეგატები და ორგანიზაციები დაიშვებიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ქვეყნების წარმომადგენლებს. აღასანიშნავია, რომ დამკვირვებლის სტატუსით დასწრება შეუძლიათ სხვადასხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა, შესაძლებელია შეხვედრა დაიხუროს. მწვანე ზონა, კი არის უფრო მეტად საჯარო პლატფორმა, სადაც ბიზნეს საზოგადოებას, ახალგაზრდებს, სამოქალაქო და მკვიდრ თემებს, აკადემიას, სახელოვანებო და მოდის სამყაროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მწვანე ზონის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგს, ცნობიერების ამაღლებას და განათლებას ღონისძიებების, გამოფენების, სემინარების, კულტურული სპექტაკლებისა და მოლაპარაკებების საშუალებით. თუ სურვილი გაქვს, რომ თვალყური ადევნო კლიმატის სამიტს დისტანციურად, შემდეგი ინფორმაცია დაგაინტერესებთ: მიმდინარე მოლაპარაკებებზე სიახლეები მუდმივად განთავსდება UNFCCC-ის (UNFCCC) ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე. აქ თქვენ იპოვით (Press and media | UNFCCC) პრეს რელიზების, ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლის სიტყვებს და ჩანაწერებს. გახსნითი და დახურვითი შეხვედრების ყურება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი UN Climate Change-ის YouTube გვერდზე (UN Climate Change - YouTube). მოგვიანებით, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერები. უშუალოდ მოლაპარკებების პროცესი არ გადაიცემა. COP 27-ის გვერდითი ღონისძიების ყურება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში ოფიციალურ სამდივნოს მიერ მართულ YouTube არხზე (UN Climate Change - Events - YouTube). გვერდითი ღონისძიებების დღის წესირგი გამოქვეყნებულია UNFCCC-ის საიტზე (SEORS | Side events list (unfccc.int)). COP27-ზე, მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება პავილიონებში. თითოეული პავილიონის ნახვა შესაძლებელია აქ (COP 27 pavilions | UNFCCC). წლევანდელი ღონისძიებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ფინანსირება, ახალგარდები, დეკარბონიზაცია, სოფლის მეურნეობა, გენდერი, ენერგეტიკა, ბიომრავალფეროვნება და სხვა. გაეროს კლიმატის ცვლილების პავილიონი, რომელიც ლურჯ ზონაში მდებარეობს, უმასპინძლებს იმ პარტნიორთა ღონისძიებებს, რომელთა ძირითადი ღირებულებები შეესაბამება და წარმოაჩენს პარიზის შეთანხმების მიზნებს. პავილიონის ყველა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა YouTube-ზე (COP27 UN Climate Change Pavilion Events - YouTube). ინდივიდუალური ღონისძიების ჩანაწერები ასევე ხელმისაწვდიმო იქნება აქ (UN Climate Change Pavilion at COP 27 | UNFCCC). კლიმატის მოქმედების ცენტრის პავილიონი წელს უმასპინძლებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას, მათ შორის, თოქ-შოუებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა შეძლოს აუდიტორიის ხმა მიაწვდინოს კლიმატის სამიტის მონაწილეებს. თითოეულ დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი და მათი დღის წესრიგის, ისევე, როგორც ჩანაწერების ნახვა შესაძლებელი იქნება აქ (Action Hub Events at COP 27 | UNFCCC). გაეროს კლიმატის ცვლილების გლობალური ინოვაციის ცენტრი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, წელს მართავს პავილიონს, რომლის მიზანიცაა იდეების გაზიარება კლიმატისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესაქმნელად კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით. ღონისძიებების პროგრამა და პირდაპირი გადმოცემის ლინკები განთავსებულია ცენტრის Trello-ს პლატფორმაზე (UN Climate Change Global Innovation HUB | Trello). მხარეთა 27-ე კონფერენციის სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმებია: Facebook - COP27 | Facebook Instagram - COP27 (@cop27_egypt) • Instagram photos and videos LinkedIn - COP27: Overview | LinkedIn გამოიყენეთ ჰეშთეგი #COP27, იმისათვის, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია პირდაპირ დელეგატებისგან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC) სოციალური მედიის პლატფორმებია: · Twitter - UN Climate Change (@UNFCCC) / Twitter · Facebook - UN Climate Change | Facebook · LinkedIn - UN Climate Change: Overview | LinkedIn · Instagram - UN Climate Change (@unclimatechange) • Instagram photos and videos · Flickr - UNclimatechange | Flickr · YouTube - UN Climate Change - YouTube _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
- რა არის COP27? #ABC
შეგიძლიათ მანამდე გადაიკითხოთ COP26-ის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატიები: 1. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია, ე.წ. გაეროს კლიმატის კონფერენცია #ABC 2. რა არის მხარეთა 26-ე კონფერენცია (COP26)? #ABC 3. ერთი დღე COP-ზე - „მოლაპარაკებები“ 4. საბოლოოდ რა მოხდა გლაზგოში, ან რომელი მხარის შეფასებებს შეიძლება ვენდოთ? 5. კლიმატის აქტივიზმი COP26-ის პარალელურად შესავალი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე კონფერენცია (COP27), ე.წ. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, წელს, 6-18 ნოემბერს, შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში[1] გაიმართება. 1995 წლიდან მოყოლებული, ეს ყოველწლიური ორ კვირიანი კონფერენცია არის გლობალურ დონეზე კლიმატის კრიზისზე დისკუსიის მნიშვნელოვანი სივრცე მსოფლიო ლიდერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოწყვლადი თემების წარმომადგენლებისთვის. COP27-ის ფარგლებში, 7-8 ნოემბერს მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება, სადაც გლაზგოსგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ლიდერთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისის ეროვნულ პოლიტიკურ დღის წესრიგებსა და პროგრამებში ადგილის გარანტირებისთვის. ეგვიპტის COP27-ის მიზანია ააჩქაროს გლობალური მოქმედება კლიმატისთვის როგორც სათბურის აირების შემცირების გზით, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ძალისხმევის და მოქმედებისათვის საჭირო ფინანსური ნაკადების გაზრდით. ეგვიპტის აღნიშვნით, „სამართლიანი ტრანზიცია“, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებული ქვეყნებისათვის პრიორიტეტად რჩება. ეს არის პირველი საერთაშორისო შეხვედრა გლაზგოს შემდეგ, სადაც მოხდა გლაზგოს პაქტი მიღება (პაქტის ერთ-ერთი საკითხია ქვანახშირის ეტაპობრივი შემცირება) და აქტიურად გადაიხედება პაქტის იმპლემენტაცია. ასევე, ეს პირველი COP-ია კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მე-6 ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისად, ანგარიშის შედეგებს გარკვეული როლი ექნება მოლაპარაკებებისას. მართალია, გაეროს მოლაპარაკებები არის კონსესუსზე დაფუძნებული, შესაბამისად, რთულია შეთანხმება ამდენი განსხვავებული ქვეყნის, მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების, განვითარების დონისა თუ მისწრაფებების ფონზე. თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რომ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასპინძელ ქვეყანას, რომელიც ამავდროულად COP-ის თავმჯდომარეა, მის დიპლომატიურ ოსტატობას და პრიორიტეტიზირებული თემების პროგრამას. წელს ეგვიპტე იმპლემენტაციაზე ფოკუსირდება და თემატური დღეებიც ამის მიხედვით აქვს განსაზღვრული: ფინანსები, მეცნიერება, ახალგაზრდები და მომავალი თაობები, დეკარბონიზაცია, ადაპტაცია და სოფლის მეურნეობა, გენდერი, წყალი, სამოქალაქო საზოგადოება, ენერგია, ბიომრავალფეროვნება და გადაწყვეტები. COP27-ის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია. სრული აქცენტი არის დაპირებების და ვალდებულებების იმპლემენტაციაზე. ინტენსიური მოლაპარაკებები არის მოსალოდნელი თითქმის ყველა მიმართულებით: ზიანი და ზარალი (loss and damage), ადაპტაციის გლობალური მიზანი, 2023 წლის გლობალური შედეგების შეჯამება, კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამა, პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლი და სხვა. ამ ბლოგს აქვს საინფორმაციო ხასიათი. კრიტიკის, აქტივიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა თემების შესახებ, ცალკე ბლოგს გამოვაქვეყნებთ. REUTERS/Sayed Sheasha COP27-ის ოფიციალური ხედვა და მიზნები კლიმატის ცვლილების შერბილება (Climate Mitigation)[2] პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანი, პრე-ინდუსტრიული დონიდან ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შენარჩუნება და 1,5°C-მდე შენარჩუნების მცდელობა, მოითხოვს გაბედულ და გადაუდებელ ღონისძიებებს და ყველა სახელმწიფოს მიერ კლიმატის ცვლილების ძალისხმევის ამბიციის ზრდას. განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ სამაგალითო ლიდერები ამ მიმართულებით. COP27 მოუწოდებს ქვეყნებს საკუთარი დაპირებებისა და ვალდებულებების შესრულებისაკენ. ასევე, ამბიციის გაზრდისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამის მიღებისაკენ. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია (Climate Adaptation)[3] გლაზგოში, COP26-ზე, მსოფლიო ლიდერები, მთავრობები და, ზოგადად, კონვენციის მხარეები გლობალურ მოქმედებას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ადაპტაციის გლობალური მიზნის მიმართულებით გლობალური სვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრემალური ამინდების, თბური ტალღების, წყალდიდობების, ტყის ხანძრების ფონზე. COP27 აქტიურად მოუწოდებს მხარეებს საჭირო პროგრესისა და პოლიტიკური ნების დემონსტრირებისაკენ, რათა გაიზარდოს კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ მედეგობა და ყველაზე მოწყვლადი თემების და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. კლიმატის დაფინანსება (Climate Finance) COP27-ზე აქტიურად განიხილება კლიმატის დაფინანსების პროგრესი, ვინაიდან პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა მეტწილად კლიმატის დაფინანსების ადეკვატურობაზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით კი აფრიკის, ნაკლებად განვითარებული (LDC) და პატარა კუნძული სახელმწიფოების (SIDS) ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. კლიმატის დაფინანსების არსებული ვალდებულებები და დაპირებები საჭიროებს გამჭვირვალობას, რათა დადგინდეს რა მდგომარეობაა ახლა ამ მიმართულებით და რა არის დამატებით საჭირო. წელიწადში 100 მლრდ ფინანსური ნაკადების მობილიზება და ამ განვითარებული ქვეყნების მიერ ამ დაპირების შესრულება, გაზრდის ნდობას განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ესეც COP27-ის მნიშვნელოვანი თემაა. თანამშრომლობა (Collaboration) თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მიზნების შესრულებისა და იმის გარანტიისთვის, რომ მსოფლიო ისეთ უფრო მედეგ და მდგრად ეკონომიკურ მოდელების ავითარებს, სადაც ცენტრალური ადგილი და გათვალისწინება ადამიანებს აქვთ. თავმჯომარე ქვეყნის განცხადებით, ისინი დაუღალავად მუშაობენ, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს COP27-ში მონაწილეობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი აფრიკის რეგიონში კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად თემებს და წარმომადგენლებს. მათივე განცხადებით, კლიმატის საუბრებში ადამიანის ცენტრალური ადგილი არის იმპერატიული. თანამშროლობის გაძლიერება იმასაც მოიაზრებს, რომ მთავრობებმა, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაონ ტანდემში, რათა მოხდეს იმ გზების ტრანსფორმაცია, რითიც ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს პლანეტასთან. შესაბამისად, COP27 შეეცდება ახლებური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების საკითხის დასმას, რაც დაეხმარება კლიმატის ცვლილებების საზიანო შედეგების თავიდან არიდებაში. განსაკუთრებით კი კლიმატ-მეგობრული გადაწყვეტების განვითარებად ქვეყნებში რეპლიკაცია და გაცნობა. მოლოდინი საკმაოდ მაღალია საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი COP27-ის მიმართ. „წინ კოლოსალური სამუშაოა. ისეთივე კოლოსალური, როგორც კლიმატის ზემოქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. [...] COP27 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დიდი გზა გვაქვს წინ გასავლელად“ - განაცხადა ანტონიო გუტიერესმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა. „იმედია, რომ COP27 იქნება გარდამტეხი წერტილი, სადაც მსოფლიო გაერთიანდა და გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება კლიმატის გამოწვევის საპასუხოდ შეთანხმებული, თანამშრომლობითი და ეფექტიანი მოქმედებებით, სადაც შეთანხმებები და დაპირებები გადაითარგმნა პროექტებსა და პროგრამებში, […] და აღარ განირჩევა „ჩვენ და ისინი“, არამედ გამოიკვეთება ერთი მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც საერთო პლანეტის და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის მუშაობს.“ - აღნიშნულია ეგვიპტის განცხადებაში „ევროკავშირი მოელის, რომ შარმ ელ-შეიხში, მსოფლიო ლიდერები და მინისტრები მოახდენენ თავიანთი მოვალეობის დემონსტრირებას გაზრდილი ამბიციების განხორციელებაში. კლიმატის მოქმედების დაჩქარება აუცილებელია პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანთან შესაბამისობისთვის. [...] მიუხედავად COP26-ზე გაკეთებული განცხადებებისა ამ წლის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ემისიების სხვაობის ანგარიშიც ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შორდება პარიზის შეთანხმებით დასახულ მიზანს, განსაკუთრებით კი 1.5°C-ს. არსებული პოლიტიკებით, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას ამ საუკუნის ბოლომდე 2.8°C-მდე უნდა ველოდოთ, ხოლო ამჟამინდელი დაპირებების განხორციელების შემთხევაში - 2.4-2.6°C-მდე. ამიტომ აუცილებელია COP27-ზე პოლიტიკური ზეწოლისა და ბიძგის შენარჩუნება და მსოფლიოს უმსხვილესი სათბურის აირების გამფრქვევების დარწმუნება მიიღონ გადაუდებელი ზომები სათბურის აირების ემისიების უფრო სწრაფად შესამცირებლად.” - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. საქართველო და COP27 საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 7-8 ნოემბერს ლიდერების სამიტში და სიტყვითაც წარსდგება. ამის გარდა, საქართველოს დელეგაცია, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და DLA Piper პრო-ბონო თანამშრომლებით, აქტიურად მიჰყვებიან მოლაპარაკებებს. წელს, მსგავსად გასული წლისა, საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგის ნაწილი კონვენციის სხვადასხვა ორგანოში სამართლიანი წარმომადგენლობა იქნება. _________________________________ [1] COP-ის ადგილი მონაცვლეობს გაეროს ხუთ ჯგუფს შორის: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, და დასავლეთ ევროპა და სხვა. სწორე ამიტომ მოიხსენიებენ ეგვიპტის COP-ს, როგორც აფრიკის COP-ს. [2] კლიმატის ცვლილების შერბილება (mitigation) - ძალისხმევა რომელიც სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას და მათი შთანთქმების გაზრდას/გაძლიერებას გულისხმობს. [3] კლიმატის ცვლილებით უკვე გამოწვეული ან მომავალი ზემოქმედებებიდან მომდინარე რისკების შემცირება ან განეიტრალება. _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
- 2022 წლის ზაფხულის შეჯამება
შესავალი შედარებით გრძელვადიან პერიოდში, გლობალური ცვლილებების განსხვავებული ციკლი დედამიწის ბუნებრივი მდგომარეობაა და, როგორ მკაცრადაც არ უნდა გვესახებოდეს ეს პროცესი ჩვენ, ადამიანებს, ის პლანეტის და მისი ბინადრების შენარჩუნების მთავარი მექანიზმია. გლობალური დათბობაც და გამყინვარებაც პლანეტის ბუნებრივი ციკლის ნაწილია, რომელიც ერთბაშად არასოდეს არ ხდება და სასიცოცხლო ჯაჭვს საკმარისი დრო აქვს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის. საქმე იმაშია, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ახალი აღმოჩენების პარალელურად ინდუსტრიულმა ერამ „იფეთქა“, ადამიანის ჩარევით, ტემპერატურის ცვლილებამ არაბუნებრივად და სწრაფად დაიწყო ზრდა და კლიმატის ცვლილების სახიფათო შედეგებიც უფრო და უფრო რეალური გახდა. საფთხე, კი სწორედ ცვლილების არაბუნებრივ სისწრაფესა და ეკოსისტემების ჯაჭვის სეგმენტების ადაპტირების შეუსაბამობაშია. ავტორიტეტული სამეცნიერო საზოგადოებების მომავლის პროგნოზებით, საფრთხის წინაშეა მრავალი სახეობის არსებობის საკითხი, მათ შორის, ადამიანის. თუმცა, ჩვენზეა დამოკიდებული ისიც, თუ რამდენად სწრაფად მოვახდენთ კლიმატის ცვლილების გამომწვევ არაბუნებრივ ფაქტორებზე რეაგირებას და პროგნოზირებული სავალალო შედეგების შერბილებას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ჩარევით გამოწყვეული კლიმატის ცვლილების შედეგად, ბოლო დროს გახშირდა და გაძლიერდა ბუნებრივი კატასტროფები ექსტრემალურ პირობებთან ერთად. ახლა კი, რაც შეეხება დღევანდელ რეალობას: 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით უამრავი კატასტროფული ტყის ხანძარი, მომაკვდინებელი თბური ტალღები და დედამიწის სხვადასხვა წერტილში ახალი მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდა. ბოლო 143 წლის მონაცემებში, ივლისის და აგვისტოს თვეებმა მეექვსე ყველაზე ცხელი თვეების სტატუსი დაიმკვიდრეს, ხოლო სექტემბერი -მეხუთე ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა, ამერიკის ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრების მიხედვით. ბოლო სამი თვის მონაცემებით ხმელეთისა და ოკეანის ტემპერატურამ მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.87°C-ით მოიმატა ივლისში, 0.89°C-ით აგვისტოში და 0.88°C-ით სექტემბერში. არსებობს 99%-ზე მეტი შანსი იმისა, რომ 2022 წელი, ბოლო 143 წლის მონაცემებში, 10 ყველაზე ცხელ წელსს შორის მოხვდება. ასევე, ხუთი ყველაზე ცხელი ივლისი და აგვისტო 2015 წლის შემდეგ არის დაფიქსირებული. როგორ აისახა კლიმატის ცვლილება კონტინენტებზე 2022 წელის ივლისის თვეში, ბოლო 143 წლის მონაცემებით (აღრიცხული მონაცემების სიაში): აზია - მესამე ყველაზე ცხელი ივლისი; ჩრდილოეთ ამერიკა - მეორე ყველაზე ცხელი ივლისი; სამხრეთ ამერიკა - რიგით მეოთხე ყველაზე ცხელი ივლისი; აფრიკა - მეცამეტე ყველაზე ცხელი ივლისი; ევროპა - მეექვსე ყველაზე ცხელი ივლისი; ავსტრალია - 1961-1990 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით 0.6°C-ით უფრო ცივი ივლისი, ტემპერატურული რეკორდით -6°C; თბური ტალღები თბური ტალღების შესაბამისი ტემპერატურა აფრიკის ტერიტორიიდან მაისიდან გავრცელდა ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ივლისის თვეში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპამდე მიაღწია. შედეგებმა ასობით მილიონი ადამიანი დააზარალა, გავლენა აისახა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სოფლის მეურნეობასა და სურსათის მარაგზე, ენერგიის ფასებსა და მოთხოვნაზე, ბუნებრივ ეკოსისტემებსა და მდინარეებზე, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე. წლევანდელმა თბურმა ტალღებმა ტემპერატურული ზრდით ბევრი რეკორდული მაჩვენებელი ჩაანაცვლა. ახალი მაქსიმალური და ექტრემალური ტემპერატურები ევროპის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე საშუალო ტემპერატურამ 40-43ºC-ს მიაღწია. კონკრეტული ქვეყნების ტემპერატურის ექტრემალური მონაცემები ასე გამოიყურება: ბრიტანეთში ტემპერატურამ აქამდე დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს 1.6-ით გადააჭარბა და 19 ივლისს 40.3ºC-ს მიაღწია; გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 40ºC-ს; ჩინეთში გამოცხადდა ე.წ “წითელი განგაში” ტემპერატურის 40ºC მაჩვენებლის გამო. აღსანიშნავია, რომ 1873 წლის შემდეგ სულ 17-ჯერაა “წითელი განგაში” გამოცხადებული; პაკისტანში დამღუპველმა ხანძრებმა „10 მილიარდი ხე ცუნამის პროექტის“ 140 ჰექტარი დააზიანა; ევროკავშირის ქვეყნებში ივლისის მონაცემებით, 16%-ით მეტი სიკდილიანობა დაფიქსირდა, მას შედეგ რაც ექსტრემალურმა თბურმა ტალღამ გადაიარა კონტინენტზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში უკიდურეს სიცხეს წელიწადში საშუალოდ 700-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ეწირება. აშშ-ში სიცხე მიიჩნევა ამინდთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად, და იწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქარიშხალი, ტორნადო, წყალდიდობა ან უკიდურესი სიცივე. (იხ. Extreme heat kills 700 Americans every year) გლობალურად, 2022 წლის აგვისტო 1991-2020 წლების განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი აგვისტო იყო, ტემპერატურა გაიზარდა 0,30°C-ით (იხ. OBSERVER: A wrap-up of Europe’s summer 2022 heatwave) ტყის ხანძრები ტყის ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად ზემოთ ხსენებული თბური ტალღების შედეგად მიწის გამოფიტვა და ნალექების ნაკლებობა სახელდება, რაც, ასევე, ხელს უწობს ხანძრების სწრაფ და მარტივ გავრცელებას. ევროპაში 2022 წელს ტყის ხანძრების შედეგად მიწის რეკორდული განადგურება დაფიქსირდა. კონტინენტზე ზაფხულის მწვავე სიცხის და გვალვის პერიოდმა გადაიარა, რაც, მეცნიერების თქმით, ადამიანის აქტივობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. 1 იანვრიდან 13 აგვისტოს ჩათვლით ხანძრებმა ევროპაში თითქმის 660 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა, ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემების მიხედვით. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ 2022 წელი მიჰყვება 2017 წლის ანალოგიურ ტრაექტორიას, ევროპაში განადგურდება მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, წლევანდელი განადგურების მასშტაბები, კი 2006 წლის ჩანაწერების შემდეგ, მეორე ყველაზე კატასტროფული იყო. ტყის ხანძრები და კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგი (CO2). ხეების მიერ შთანთქმული და დასაწყობებული ნახშიროჟანგი წვის შედეგად გამოთავისუფლდება და კვლავ ატმოსფეროში გაიფრქვევა. ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ყველაზე გავცელებული სათბურის აირია. სათბური აირების რაოდენობის ზრთით, კი იზრდება ატმოსფეროში მზის ენერგიის შთანთქმისა და შეკავების პოტენციალი, შესაბამისად, ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს, მიწა იფიტება და ხანძრების გაჩენის წრიული პროცედურა გრძელდება. CAMS გლობალური ხანძრის ასიმილაციის სისტემის (GFAS) მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ტყის ხანძრის საერთო ემისია შეფასებულია 6,4 მეგატონა ნახშირბადად, რაც ყველაზე მაღალი დონეა 2007 წლის შემდეგ. 2022 წლის ტყის ხანძრების შედეგები საფრანგეთში, ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან 3 სექტემბრამდე გაანადგურა 62 000 ჰექტარი, რაც ექვსჯერ აღემატება 2006-2021 წლების საშუალო წლიურ მონაცემს ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INPE) აგვისტოში დააფიქსირა 31,513 ხანძრის გაფრთხილება ამაზონში, რაც 2010 წლის შედეგების ფონზე აგვისტოს გაუარესებული შედეგია პორტუგალიის ხელისუფლებამ 11-17 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სიცხის დროს ტყის ხანძრების უკიდურესი საფრთხის გამო ივლისის შუა რიცხვებში სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს სამხრეთით გაჩენილმა ორმა დიდმა ხანძარმა რეგიონში 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია წლევანდელი ზაფხულის შედეგები წინათქმაა იმისა, რასაც მეცნიერები პროგნოზირებენ მომავალზე. ჩვენ მომსწრენი ვართ ადამიანის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი კლიმატის ცვლილების შედეგების დასაწყისისა. კარგია ის, რომ გვაქვს შედეგების კონკრეტული რიცხობრივი პროგნოზები და დაწყებულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის პრაქტიკაში დანერგვა. გვაკლია საზოგადოების ინფორმირება კლიმატის ცვლილების პროცესზე, როლების შეფასება და პასუხისმგებლობის გაცნობიერება. სტატიის წერისას გამოყენებული წყაროები: https://www.carbonbrief.org/state-of-the-climate-2022-on-track-for-a-summer-of-extreme-heat/ https://www.ncei.noaa.gov/access/monitoring/monthly-report/global/202207 https://www.copernicus.eu/en/news/news/observer-wrap-europes-summer-2022-heatwave https://atmosphere.copernicus.eu/europes-summer-wildfire-emissions-highest-15-years
- რუსეთის მიერ უკრაინაში გარემოს წინააღმდეგ დანაშაულების შეფასება ომის ერთი თვის თავზე
თავდაპირველი სტატია „Crimes against the environment after one month of Russia’s war against Ukraine“ გამოქვეყნდა პლატფორმაზე „Ukraїner“ 2022 წლის 29 მარტს ტექსტის ავტორი: ევგენია ზასიადკო, კლიმატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Ecoaction“ თარგმანის ავტორი: გვანცა გვერდწითელი, მკვლევარი, "ქლაიმათ ბეიზიქსი" უკვე ერთი თვეა, რაც უკრაინა მტრის მიერ მუდმივი დაბომბვის ქარცეცხლში იმყოფება. ამან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ან დაანგრია. გაეროს მონაცემების მიხედვით, ომის პირველი თვის განმავლობაში 3,5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, 11-12 მილიონი კი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. ხარკოვის აქტიური დაბომბვის გამო მე და ჩემს ოჯახს სახლის დატოვება მოგვიწია. რუსეთი ანადგურებს არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ ქვეყნის გარემოსაც, რომლის შედეგებსაც უკრაინელები წლების განმავლობაში იგრძნობენ. ასზე მეტი. ესაა რუსული აგრესიით გამოწვეული ეკოლოგიური დანაშაულების რიცხვი, რომელიც Ecoaction-ის თანამშრომლებმა ღია წყაროებიდან შეაგროვეს ფართომასშტაბიანი ომის პირველ თვეში. კონფლიქტს თან ახლავს ახალი ეკოლოგიური რისკები, რომლებიც ომთან დაკავშირებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდის საფრთხეს ქმნის. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებიც ომის დანაშაულების ნაწილია. ჟენევის კონვენციის თანახმად, „აკრძალულია ომის იმ მეთოდების ან საშუალებების გამოყენება, რომლის მიზანია ან მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და მძიმე ზიანის მიმყენებელი ბუნებრივ გარემოზე“. პირველივე დღეებიდან დაფიქსირდა რუსული ძალების მიერ სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, ტყეების დაწვა, ნავთობის საწყობების აფეთქება და შავი და აზოვის ზღვების დაბინძურება (ძირითადად, გემების ჩაძირვით). 24 თებერვალს, მტრის მიერ დაბომბვის შედეგად, აფეთქება მოხდა ტრიპილიას თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს დნეპრის სანაპიროზე, კიევის სამხრეთით 45 კილომეტრში. ტრიპილიას თბოელექტროსადგური კიევის, ჩერკასისა და ჟიტომირის რეგიონებისთვის მთავარი ელექტროენერგიის მიმწოდებელია. მარტის დასაწყისში უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო ინფორმაციის შეგროვება გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამ ინიციატივას შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია. საერთო დანაკარგები და ომის გავლენა ქვეყნის გარემოზე ომში გამარჯვების შემდეგ უნდა შეფასდეს. თუმცა, სახელმწიფო გარემოსდაცვითი ინსპექცია ვარაუდობს, რომ ნიადაგის დაბინძურებით ქვეყანას უკვე მიადგა 77 მილიონი აშშ დოლარის ზარალი. ერთ თვეში რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი რეგიონების მიხედვით ნებისმიერი ომი უზარმაზარ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თუმცა ომს უკრაინაში განსაკუთრებით კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია ეკოლოგიისთვის. უკრაინის აღმოსავლეთი ძალზედ ინდუსტრიალიზებულია და ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. ომის პირობებში გაიზარდა ეკოლოგიური კატასტროფების რისკი. ნორმალურ პირობებში ამ რისკების ლოკალიზება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა მაშინ როდესაც ტერიტორია გამუდმებით იბომბება. რუსული ჯარი ხშირად არ აძლევს უფლებას სპეციალისტებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ლოკალიზება მოახდინონ. მაგალითად, 22 მარტს როდესაც ჩერნობილის შეზღუდულ (ექსკლუზიურ) ზონაში ტყის ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუდმივი დაბომბვის გამო იქამდე ვერ მივიდნენ. 24 მარტისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეზღუდულ ზონაში 10 111 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ატომური ელექტროსადგურები, საზღვაო პორტები, სახიფათო ნარჩენების შენახვის ობიექტები (მინერალური სასუქები, პოლიურეთანის ქაფი, საწვავი და საპოხი მასალები და ა.შ.), სამრეწველო წარმოება, მათ შორის, ქიმიური და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნები, ახლა აქტიური სამხედრო მოქმედების ზონაშია. ნავთობის საცავებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ნაგავსაყრელებზე გაჩენილი ხანძარი გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტების დაზიანებას მოასწავებს (კანალიზაციის სატუმბი სადგურები, ფილტრაციის სადგურები, წყალსადენები). რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა მთავარი კატეგორიების მიხედვით (მარცხნიდან მარჯვნივ: დაზიანებული სამრეწველო ობიექტები, ენერგო უსაფრთხოება, ზეგავლება ზღვის ეკოსისტემაზე, ბირთვული უსაფრთხოება, ზეგავლენა ეკოსისტემაზე, შინაური ცხოველების ნარჩენები) ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურებზე თავდასხმის შესახებ ცნობებმა მსოფლიო შეძრა. 14 მარტს ოკუპანტებმა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ჩერნობილის სადგურზე მათ დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც დახარჯული ბირთვული საწვავის გასაგრილებლად ელექტროენერგიით ამარაგებს ადგილობრივ საწყობებს. ელექტროენერგიის ნაკლებობამ შეიძლება დახარჯული საწვავის აუზებში ტემპერატურის მატება გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გამოყოფა მოჰყვეს. ქარს კი შეუძლია რადიაციის უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთისა და ევროპის სხვა რეგიონებში გადატანა. უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა შეძლეს მაღალი ძაბვის ხაზის შეკეთება, თუმცა ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიის სადგურები კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება. ბირთვული საფრთხის გარდა, დაბომბვა და ოკუპაცია ზრდის უკრაინის სამრეწველო ობიექტებიდან ტოქსიკური ნარჩენების გაჟონვის რისკს. დღესდღეობით, პოტენციურად სახიფათო ობიექტების სახელმწიფო რეესტრი ინფორმაციას ფლობს 23 000-ზე მეტი ობიექტის შესახებ, მათ შორის 2 987 საწყობზე, სადაც მაღალი ტოქსიკური პესტიციდები ინახება. ამ ობიექტების ყველაზე დიდი რაოდენობა განლაგებულია დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპორიჟჟიის, ხარკოვისა და ლვოვის მახლობლად. ამ ინდუსტრიების ნაწილი კი ამჟამად სამხედრო ოპერაციების ზონაშია მოქცეული. 21 მარტს სუმის მახლობლად მდებარე ქიმიურ ქარხანაში „სუმიხიმპრომი“ მტრის მიერ დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა, რამაც დააზარალა სოფელი ნოვოსელიცია. რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მთავარი კატეგორიების მიხედვით (კიევი, ხარკოვი, მიკოლაევი) ჩადენილი ეკოლოგიური დანაშაულების ყველაზე დიდი ნაწილი დაფიქსირდა კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის რეგიონებში. ამ რეგიონებში მტერმა გაანადგურა სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები. მტრის მიერ დაბომბვის შედეგად დაფიქსირდა თბოელექტროსადგურების აფეთქებები, კახოვსკა ჰესის დაკავება და დაზიანება, გაზსადენების და გაზგამანაწილებელი სადგურების დაზიანება. კერძოდ, 27 თებერვალს ხარკოვში გაზსადენის დანაღმვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი უბნებში შენობები დაზიანდა. სამოქალაქო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, ასეთი მასშტაბის ავარია ტექნოლოგიურ კატასტროფადაა მიჩნეული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ავარიასთან ახლოს მდებარე ტეროტორია. 2014 წლიდან დონბასი პრორუსული ძალების ოკუპაციისა და რვა წლის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებების გამო ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუწვდომლობის გამო, ამ წლების განმავლობაში ვერ ხერხდება გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. დაზიანებულია წყალმომარაგების ობიექტები, რის გამოც ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს არ გააჩნია წყალზე წვდომა. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც პრობლემები შეუქმნა სატუმბი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც იმ მაღაროების დატბორვის რისკს იწვევს, სადაც ტოქსიკური და ბირთვული ნარჩენები ინახება. გასული ერთი თვის განმავლობაში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაიტბორა ზოლოტეს მაღარო, „გრადების“ სროლა მიმდინარეობდა ავდიივკას კოქსის ქარხანაში და დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლუგანსკის ოლქში. საკუთრივ სამხედრო მოქმედებები არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ: დაღვრილი საწვავი, განადგურებული აღჭურვილობა და გამოყენებული იარაღი, ისევე როგორც აფეთქებული რაკეტები ქიმიკატებითა და მძიმე ლითონებით აბინძურებენ ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს. ომის შემდეგაც კი, წლები დასჭირდება ეკოლოგიური დაბინძურების ზოგიერთი ეფექტის გამოვლენას. უკრაინას უკვე 1 100-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, განადგურდა 4 000-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ეს ყველაფერი კანცეროგენული ნარჩენების დაგროვებას გამოიწვევს. რუსული ჯარები ტექნოგენურ და ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიან. ისინი ანადგურებენ ბუნებრივ არეალებს, რომლებიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჰაბიტატს წარმოადგენენ. უკრაინის ბუნების დაცვის ჯგუფის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრძალების ტერიტორიების 44% ამჟამად ომის ზონაშია, რუსი დამპყრობლების დროებითი კონტროლის ქვეშაა ან უკრაინული მხარისთვის მიუწვდომელი რჩება. წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია რუსეთის მიერ ჩადენილი ეკოლოგიური დანაშაულების შესაფასებლად. საომარი მოქმედებების ფონზე რთულია გარემოს დაბინძურების ზუსტი მასშტაბები და დონე დაინახო. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ერთ თვის მანძილზე უკვე ასზე მეტი დანაშაულია დაფიქსირებული. ზუსტი შეფასების გაკეთებას აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შევძლებთ. უკრაინელები ამ ომის შედეგებს წლების განმავლობაში იგრძნობენ. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. რუსეთს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განადგურებისთვისა და გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვსი უნდა მიეზღოს.
- ნანგრევებიდან მდგრადი უკრაინის აღდგენის მწვანე ოცნება
ომით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევა იძლევა ერის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც უფრო მდგრად საძირკველს დაეფუძნება. ასეთი გეგმები უკვე ისახება. თავდაპირველი სტატია „The Green Dream to Rebuild a Sustainable Ukraine from the Rubble of War“ გამოქვეყნდა პოლიტიკური ჟურნალისტიკის გაზეთში „POLITICO“ 2022 წლის 11 სექტემბერს ტექსტის ავტორი: სებასტიენ მალო, კლიმატის რეპორტიორი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის „Knight Science Journalism-ის“ მეცნიერ-თანამშრომელი. Reuters-ში ის აშუქებდა გარემოსდაცვით, კლიმატის და ენერგეტიკული სამართალწარმოების საკითხებს. თარგმანის ავტორები: თაკო კაპანაძე, ნიკოლოზ ამირეჯიბი, გვანცა გვერდწითელი, „ქლაიმათ ბეიზიქსი“ მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. / ილუსტრაცია: Marcin Wolski ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსულმა ჯარმა საზღვარი გადაკვეთა და დაბომბვით ემუქრებოდა უკრაინის დედაქალაქს, ალექსანდერ შევჩენკო თავის შავ მინი კუპერში ჩაჯდა და მშობლიური ქალაქი დატოვა. მაგრამ შევჩენკოს, ურბანულ დამგეგმავს, რომელიც საკუთარ სააგენტოს მართავს კიევში, თვალი მომავალზეც ეჭირა. 1 მარტს, ომის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, 31 წლის ახალგაზრდამ Facebook-ზე შემდეგი შეტყობინება გამოაქვეყნა: „რადგან ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ არმიას ფინანსურად, ჩვენი „Zvidsy Agency“ ხსნის დამატებით (ფრონტს)... - მზადება ჩვენი ქვეყნის აღსადგენად... დამიკავშირდით... თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მხარი დაუჭიროთ ჩვენს იდეას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს.” არაკომერციული ორგანიზაცია, „ReStart Ukraine“, რომელიც შევჩენკომ დააარსა, არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებს შორის, სადაც მწვანე იდეების მხარდამჭერი უკრაინელები გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე ფოკუსირებულ რეკონსტრუქციის გეგმებს აყალიბებენ. მის მოწოდებას ასობით ადამიანი გამოეხმაურა. Facebook-ის შეტყობინების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე, დაახლოებით 300-მა ადამიანმა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან გამოთქვა სურვილი გამხდარიყვნენ მოხალისეები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პროექტში. ახლახანს გამოქვეყნებული რეკონსტრუქციის სამთავრობო ხედვა წარმოგვიდგენს ქვეყანას, რომელიც ფერფლიდან ხელახლა იბადება და გადადის მწვანე ეკონომიკაზე. მოცემული გეგმა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაბალ-ნახშირბადიანი რეკონსტრუქციის პირველი მცდელობაა მსოფლიოში. აღსადგენი კი ძალიან ბევრია. დროებითი მოდულური შენობების პროექტირება ქალაქ ჰოსტომელში. / საავტორო ეგზემპლარი: „Aranchii Architects“/RecreateUA.com ომის დაწყებიდან გასულია ექვსი თვე. ამ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საომარმა მოქმედებებმა დააზიანა და გაანადგურა დაახლოებით 131,000 საცხოვრებელი კორპუსი, 25,000 კილომეტრი გზა და დაახლოებით 2,000 მაღაზია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო თებერვალში, თითქმის 14 მილიონმა ადამიანმა (უკრაინის მოსახლეობის მესამედმა) დატოვა ქვეყანა. სექტემბრის დასაწყისში 600,000-ზე მეტ მომხმარებელს შეეზღუდა წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 235,000 სახლი ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე დარჩა. მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. ომამდე უკრაინა სტაბილურ ნაბიჯებს დგამდა მწვანე ენერგო ტრანზიციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ეკონომიკა დიდწილად ემყარებოდა დამაბინძურებელ ინდუსტრიებს, რკინისა და ფოლადის წარმოებას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიების წილი გაიზარდა და ქვეყნის ენერგიის მოხმარების 8,1% შეადგენს, თუმცა ეს მონაცემები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. მართალია, ომმა შეაფერხა უკრაინის ენერგოსექტორის გარდაქმნა, მაგრამ ომის ნგრევამ ბევრს უბიძგა დაეწყოთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ მაქსიმალურად გამოიყენოს მომავალი რეკონსტრუქცია, რომელიც აუცილებელი იქნება, და გადადგას ნაბიჯები უფრო მდგრადი ეკონომიკისკენ. უკრაინაში ომის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას შესაძლოა ასტრონომიული თანხები დასჭირდეს, მაგრამ ამ პროცესს სარგებელიც შესაბამისი ექნება, როგორც თვითონ უკრაინისთვის, ასევე, ევროკავშირისთვის, რომელმაც ომისშემდგომი ქვეყნის კავშირში მიღების პერსპექტივას მხარი დაუჭირა. დღესდღეისობით კი, ომით განადგურებული ქალაქების მზარდი რიცხვის შესაბამისად, რეკონსტრუქციის გეგმებიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უკვე დაიწყეს მინიმუმ სამი ქალაქის დაგეგმარება, და ეს ყველაფერი უკრაინის მთავრობის გეგმების გარეშე. ომამდე შევჩენკოს „Zvidsy Agency“ აპროექტებდა სხვადასხვა საჯარო სივრცეებსა და აწყობდა სამუშაო შეხვედრებს ურბანისტებისთვის, სადაც მასავით მოტივირებული ახალგაზრდები რეკრეაციული ზონების დაპროექტებაზე აზრებს ცვლიდნენ. საომარი მოქმედებების დაწყებისას, სააგენტო ყველაზე დიდი პროექტის განხორციელებას ასრულებდა: სივრცითი განვითარების გეგმა მელიტოპოლისთვის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ომმა ეს პროექტი ჩაშალა, მაგრამ გარკვეულწილად, გაიხსნა შესაძლებლობების უფრო დიდი ფანჯარა. „POLITICO-სთან“ ვიდეო შეხვედრისას, შევჩენკო, რომელიც დღეს უკრაინის დასაველთით მდებარე ქალაქ ლვივში ცხოვრობს, სიმშვიდეს ასხივებდა. ის მსჯელობდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე: „როგორ უნდა შეიქმნას ქალაქის მწვანე სტრუქტურა ისე, რომ იყოს სტაბილური და მისი ეკოლოგიური მხარეები ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ დეგრადირდეს?“ „რა შეიძლება იყოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები?“ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიჰივში, რუსული ოკუპაციის დროს დაღუპულთათვის მასობრივი საფლავები მოაწყვეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაო მიცვალებულებს ვეღარ იტევდა. ომმა საკუთარი სახლი დაატოვებინა თითქმის 14 მილიონ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის მესამედი / ფოტო: Ryhor Bruyeu/Alamy Stock Photo; Valeria Ferraro/SOPA Image „ReStart Ukraine-ის“ ყველაზე გაბედული პროექტი არის გენერალური გეგმა, რომელიც ამ თვეში გამოქვეყნდება და ჩრდილოეთ უკრაინული ქალაქის, ჩერნიჰივის, მწვანე პიონერად ქცევას ისახავს მიზნად. ერთსაუკუნოვანი ქალაქის ომამდელი ქუჩის ფოტოგრაფია აღბეჭდავს ბავშვებს ფერად-ფერადი სკეიტბორდებით, საყიდლებზე გამოსულ ქალებსა და კაცებს ქალაქის ძველ უბანში, ქვაფენილებზე არეკლილ ოქროსფერ მზის სხივებს. ბოლო პერიოდის ფოტოები კი დანტეს ჯოჯოხეთს მოგვაგონებს. ბავშვი, გაქვავებული სახით ნანგრევებში დგას და ხის თოფი უჭირავს. უკრაინელი ჯარისკაცი ხალისიანად იღიმება და მტრის დატყვევებული ტანკის წინ ფოტოსთვის პოზირებს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი რუსულმა ტანკებმა და ჯარისკაცებმა აპრილში დატოვეს, რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებენ ჩერნიჰივის რეგიონის დაბომბვას. ეს სწორედ ის ტილოა, რომელზეც შევჩენკო და მისი თანამოაზრეები მუშაობენ, რომელიც მოიცავს საბჭოთა ბრუტალისტურ არქიტექტურას და იმ პერიოდის ურბანულ ბადეებს, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ სსრკ-ს ნაწილი იყო. როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, ომმა ჩერნიჰივში საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 20% განაადგურა ან დააზიანა. მათ შესაკეთებლად და აღსადგენად „ReStart Ukraine“ განიხილავს რეკონსტრუქციის ისეთ გზას, რომელიც გამოიყენებს მწვანე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული მასიური ხე - მზიდი კედლები, დამზადებული ხის პანელებითა და წებოთი ან ლურსმნებით შეკრული. ეს მასალა ბეტონის ალტერნატივად მიიჩნევა, რომელიც ცემენტს შეიცავს და მსოფლიოში ნახშირბადის გაფრქვევის 7% სწორედ მის წარმოებაზე მოდის. „ReStart Ukraine-ის“ გეგმა ასევე განილიხავს დაბომბილი შენობებიდან დარჩენილი ნარჩენების, ხე-ტყის, პლასტმასის და ბეტონის ნამსხვრევების ხელახალი გამოყენების გზებს. ბეტონის ნაწილი დაფშვნის შედეგად შეიძლება ხელახლა იქნას გამოყენებული, როგორც შემავსებელი მასალა ახალ ბეტონში. ამავდროულად, პლასტმასი და ხე შეიძლება პირველად მასალად იქცეს ფასადების დასაფარად გარე პანელების დასამზადებლად. როგორც შევჩენკო ამბობს, ომის შემდგომ ჩერნიჰივში შესაძლებელია მდინარე დესნას ნაპირების გამოყენება ფეხით მოსიარულეებისთვის და ბორნებით გადასაადგილებლად, რათა შემცირდეს ხიდზე მანქანების მოძრაობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ომის შედეგებსა და უკრაინის ბედზეა დამოკიდებული. უფრო მწვანე უკრაინის მშენებლობა ის პროექტია, რომელიც ევროპის უმაღლესი დონის პირების ყურადღებას იქცევს. ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულს.“ / ფოტო: Michael Buholzer/AFP via Getty Images უფრო მწვანე უკრაინის აშენება არ არის მხოლოდ რამდენიმე უკრაინელის ოცნება. ეს არის პროექტი, რომელმაც უკვე მიიპყრო ევროპის უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ყურადღება. ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის აღდგენისთვის გამართულ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე ლუგანოში, შვეიცარიაში, გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება უკრაინელ ერს გადარჩენაში და გაუძღვება მას მწვანე ჰორიზონტისკენ. ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულის.“ მოგვიანებით, იმავე დღეს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმაც იგივე იდეა გააჟღერა. ლამაზად მორგებულ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილმა შმიჰალმა, მსოფლიო ლიდერებს წარუდგინა უკრაინის აღდგენის გეგმის პირველი პროექტი. გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის „გრძელვადიან ტრანსფორმაციას“, რომელიც მოიცავს „მწვანე გარდაქმნას“, რათა „ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და უკრაინის ეკონომიკური სასწაული რეალობად იქცეს.“ მან განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო იქნება 750 მილიარდი დოლარი. ეს ფასი მსგავსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმისა, რომელიც პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის მოდელი გახდა. სწორედ 13 მილიარდიანმა მარშალის გეგმამ განაპირობა დასავლეთ ევროპის ეკონომიკური აღორძინება, მათ შორის, განადგურებული ერისა, რომელმაც წამოიწყო კიდეც ომი. ყოფილი მტრის რეაბილიტაციის ცნება 180 გრადუსიანი შემობრუნება იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდის დოქტრინიდან, რომლის დასრულებისას ომში გამარჯვებულებმა გერმანიას რეპარაციები დააკისრეს, რამაც ქვეყანა ეკონომიკურად დაასუსტა და გამოიწვია კიდეც საბოლოოდ ჰიტლერის აღზევება. მარშალის გეგმის მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ მტრული ქვეყნის აღდგენას შეუძლია გააძლიეროს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რაც დანგრეულ ქვეყანას სწრაფი წინსვლის საშუალებას აძლევს, ამტკიცებს ენდრიუ უილიამსი, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, რომელმაც 2005 წელს გამოსცა წიგნი „ლიბერალიზმი და ომი“. აპრილის დასაწყისში, ომიდან თვენახევარში, გავლენიანი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის - ლონდონში დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე ფოკუსირდება - წამყვანმა ეკონომისტმა უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ დებატები მტკიცედ დაუკავშირა ნაცნობ მარშალის გეგმას. თავის ორმოც გვერდიან “სწრაფი პასუხი” პროექტი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, პროფესიის კორიფეებმა, მათ შორის, უკრაინელმა ტიმოფი მილოვანოვმა, ბეატრის ვედერ დი მაურომ და ბარი აიხენგრინმა, ბევრჯერ ახსენეს 1948 წლის აღდგენის გეგმა. რამდენიმე დღეში აიხენგრინმა გამოაქვეყნა მიმომხილველი სტატია სათაურით „უკრაინისთვის მარშალის გეგმის ფორმირება“, სადაც გადაჭრით დააფიქსირა კავშირი. უკრაინელ ჯარისკაცებს კიევთან ახლოს, ირპინში, დანგრეულ ხიდზე რუსი ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გადააქვთ. 31 მარტი, 2022. / ფოტო: Efrem Lukatsky/AP Photo ომის შემდგომ, ევროპასა და უკრაინას შორის ბევრი პარალელი გაივლება. როგორც იმ დროინდელ ევროპას, უკრაინასაც დასჭირდება ცოცხალი ძალა და დამატებითი სახსრები ჩამოშლილი ეკონომიკის რეკონსტრუქციისთვის, ამბობს უილიამსი. უკრაინის არქიტექტორთა ეროვნულმა კავშირმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პოლონეთში, ივნისის შეკრებაზე განუცხადა, რომ არქიტექტორები შეადგენენ უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეძლოს აღდგენა. უკრაინას დასჭირდება დამატებითი ცოცხალი ძალა. მაგალითად, ომამდე არქიტექტორები უკრაინის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს შეადგენდნენ (შედარებისთვის, ევროკავშირში ეს რიცხი 0,25 პროცენტთია), რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ხელებით შეძლოს აღადგენა, განუცხადა უკრაინის არქიტექტორთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელმა ლიდია ჩიჯევსიმ უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პანელს ივნისის შეკრებაზე პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში. და როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, არსებულმა გეოპოლიტიკამ გააღვიძა რუსეთის „გაღიზიანების“ და „გარიცხვის“ სურვილი, თქვა უილიამსმა. მაგრამ, იმ ეპოქისგან განსხვავებით, არსებული რეკონსტრუქციის გეგმის იდეები დიდწილად ემყარება ევროკავშირის „ამჟამინდელ აკვიატებებს“ და არა შეერთებული შტატებისა, დასძინა უილიამსმა. „ეს შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ არსებობს სურვილი უკრაინის ევროპულ მომავალთან ინტეგრაციისა“, - თქვა მან. ეს აკვიატება მოიცავს ევროპის მწვანე შეთანხმებას, პოლიტიკის წინადადებების ერთობლიობას, რომლის მიზანია ბლოკის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის, დასძინა პროფესორმა. ოლენა პავლენკო, კიევის ანალიტიკური ორგანიზაციის „DiXi Group-ის“ პრეზიდენტი, ომამდელი უკრაინის დამოკიდებულებას რუსულ საწვავზე ადარებს უკრაინულ გამონათქვამს „სიცოცხლე ან საფულე“ - კითხვას, რომელსაც ქურდები „ბნელ ქუჩებში“ სვამენ. ამ პრობლემური ურთიერთობებიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნება უკრაინის მიერ 2030 წლისთვის ევროპის მწვანე შეთანხმების შემოთავაზების მიხედვით განახლებადი ენერგიის 32%-მდე აყვანა - ამბობს ანრიან პროკიპი მომავლის უკრაინული ინსტიტუტიდან (the Ukrainian Institute for the Future), ერთ-ერთი უკრაინული ანალიტიკური ცენტრიდან. მაისში ვიდეო ინტერვიუში, ირინა სტავჩუკი, მაშინდელი უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ამტკიცებდა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხელს შეუწყობდა არამხოლოდ გარემოსა და უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, არამედ ელექტორენერგიის წყაროების დეცენტრალიზაციას, რაც თავის მხრივ, გააძლიერებდა სისტემის უსაფრთხოებას იმ შემთხვევისთვის „თუ რამე მოხდება“. როდესაც მას სთხოვეს დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, სტავჩუკმა ღიმილით უპასუხა: „უბრალოდ არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი შეიძლება ისევ დაგვესხას თავს“. (სტავჩუკმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ დატოვა.) პროკიპი უფრო პირდაპირ საუბრობდა ომის დროს რუსეთის მიერ უკრაინის განახლებადი და არაგანახლებადი ენერგოსადგურებისადმი მიყენებულ ზიანზე: „რაკეტებით განახლებადი ელექტროსადგურების განადგურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროსადგურების“. ეს სწორედ იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის სადგურები, ბევრად უფრო მიმოფანტულია დიდ მასშტაბებზე, ვიდრე თბოელექტრო და ატომური ელექტროსადგურები. სტავჩუკი მიიჩნევდა, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი გარკვეულწილად განაპირობებდა უკრაინის მიერ დაბალნახშირბადიანი პრაქტიკების შემოღებას. 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის კლიმატის პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებს უახლოვდებოდა, სწორედ ამ წელს დაიდო უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება, რითიც უკრაინამ პირველი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაერთიანებისკენ, განაცხადა ტიბორ შაფჰაუზერმა, უნგრული კლიმატის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის „მწვანე პოლიტიკის ცენტრის“ დამაარსებელმა. შეთანხმების თანახმად, ასოცირებული სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სხვადასხვა ფრონტზე დანერგოს ევროკავშირის მსგავსი პრაქტიკები, მათ შორის, კლიმატისა და ენერგიის პოლიტიკის სფეროში, რაც წარმოადგენს წინაპირობას მათი კანდიდატურის წინსვლისთვის. უკვე ომამდე, უკრაინა ამას აკეთებდა საკმაოდ გულმოდგინედ და გარკვეულწილად უფრო სწრაფად, ვიდრე მოლდოვა და საქართველო, ორი ქვეყანა, რომლებიც ასევე ფლობენ ევროკავშირის წევრობის ამბიციებს, თქვა შაფჰაუზერმა. 2019 წელს უკრაინაში აიკრძალა ფთორნახშირწყალბადები, რომელიც ფართოდ გამოიყენება მაცივრებში და ატმოსფეროში მოხვედრისას აქვს სათბურის აირის ეფექტი. იმავე წელს, ქვეყანამ მიიღო კანონმდებლობა სათბურის აირების ემისიების გასაზომად, რომელიც ცნობილია როგორც მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემა. ეს ნაბიჯი საჭიროა ეროვნული ლიმიტის და ვაჭრობის (cap and trade) სისტემების შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში უკრაინას საშუალებას მისცემს შეუერთდეს ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკის საყრდენს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ომის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჩქარა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მიმართა ბლოკს, რუსეთის შემოჭრის ფონზე ქვეყნისთვის „დაუყოვნებლივ“ მიენიჭებინათ წევრობის სტატუსი. ოთხი თვის შემდეგ ევროკავშირი დიდწილად დათანხმდა კიდეც და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც სიმბოლური ნაბიჯი. თუმცა, მარი-ევა ბელანჟერი, შვეიცარიის უნივერსიტეტის „ETH Zurich-ის“ უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს დაფინანსება, რასაც ევროკავშირი უკრაინას კანდიდატის სტატუსის ფარგებში გამოუყოფს. ბელანჯერის შეფასებით, უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ქვეყანას შეუძლია ყოველწლიურად 696 მილიონ დოლარზე მეტი მიიღოს. შედარებისთვის, გასულ წელს უკრაინამ მიიღო 140 მილიონი დოლარი ევროკავშირისგან, ეს იმ თანხის ნაწილია, რასაც ევროკავშირი მეზობელი სახელმწიფოებისთვის გამოყოფს. ამგვარად ევროკავშირს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინის „მწვანე“ აღდგენას. რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ სახსრებთან ერთად, დაფინანსების ეს წყარო წარმოადგენს დამატებით თანხას, რომლის მეშვეობითაც ბლოკს შეუძლია უკრაინაში კლიმატ-მეგობრული რეკონსტრუქცია წაახალისოს, წინასწარი პირობით, რომ დაფინანსება დაბალნახშირბადიანი პოლიტიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს, თქვა მან. შეძლებს თუ არა უკრაინა დაპირებების შესრულებას, ჯერ გასარკვევია. უკრაინის აღდგენის სამთავრობო გეგმის პროექტის მიმართ ისმის გარემოსდამცველების კრიტიკაც, რომლებიც გეგმას უწოდებენ „მიმოფანტულს“ ან „ანტიეკოლოგიურს“, რადგან ის მოიაზრებს პროექტებს, რომლებიც, მაგალითად, ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოპოვებას . კრიტიკა ასევე ეხება დაჩქარებულ პროცესს, რომელიც გულისხმობს სწრაფ მოკვლევას, მაშინ როდესაც მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვეულებრივ მოითხოვს დაგეგმილი სამრეწველო ობიექტების გარემოზე ზემოქმედების სიღრმისეულ შეფასებას. ანდრეი ანდრუსევიჩი, ლვოვში დაარსებული „რესურსებისა და ანალიზის ცენტრის“ უფროსი ექსპერტი საზოგადოებისა და გარემოს საკითხების მიმართულებით, მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ სადავოა, შეძლებს თუ არა ეს გეგმა ზელენსკის პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას, რაც გულისხმობს არსებული მომენტის გამოყენებას ქვეყნის ევროკავშირთან და მის დაბალ ნახშირბადიან პოლიტიკასთან დაახლოებას. ომის შედეგებისგან უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭო, პრეზიდენტის მიერ შექმნილი ორგანო, ჯერ კიდევ მუშაობს გეგმის საბოლოო ვარიანტზე. მოცემული გეგმა ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და დაბალნახშირბადიანი ფოლადის წარმოებას, და ამ უკანასკნელის საწარმოებლად მოიაზრებს სუფთა წყალბადს და არა წიაღისეულ საწვავს, ამბობს ანდრუსევიჩი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი საშუალოვადიანი მიზნები მხოლოდ „დეკლარაციული“ ხასიათისაა და აკლია ეკონომიკური მოდელირება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფუჭ სიტყვებად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან „რეფორმების სწრაფი განხორციელების პოლიტიკური ნება ძლიერია, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკრაინას დააკმაყოფილოს ევროკავშირის ტექნიკური მოთხოვნები, რათა საბოლოოდ გაწევრიანდეს კავშირში“, განაცხადა მან. ერთი რამე ცხადია: „თუ რეკონსტრუქციის გეგმა არ არის მწვანე, მაშინ გარემოსდაცვითი რეფორმები იქნება ბოლო, რაც განხორციელდება. ხოლო, თუ ეს რეკონსტრუქციის გეგმა არის მწვანე, მაშინ გარემოსდაცვითი რეფორმები დღის წესრიგში უფრო მაღლა დადგება“ - განაცხადა მან. ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მოქმედებებისას დაზიანდა ან განადგურდა დაახლოებით 131,000 საცხოვრებელი კორპუსი, 25,000 კილომეტრი გზა და დაახლოებით 2,000 მაღაზია. / ფოტო: Anatoliy Zhdanov/Sipa via AP Images შევჩენკო, ურბანული დიზაინის ათეულობით პროფესიონალისგან შემდგარი მისი გუნდი და 300 მოხალისე არ არიან ერთადერთნი, ვინც უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქალაქების გამწვანებას გეგმავს. აღმოსავლეთ უკრაინის განადგურებული ქალაქი მარიუპოლი, მწვანე და დაბალნახშირბადიანი მომავლისა და რეკონსტრუქციის პროექტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. პროექტს სახელად „Re: Mariupol“ ჰქვია. მარიუპოლი ომამდელი უკრაინის საკვანძო სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც ქარხნის საკვამურები ურბანული პეიზაჟის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ოთხთვიანი ალყის შემდეგ, რომელმაც მისი საცხოვრებელი სახლების 95% დააზიანა, ქალაქი მყარადაა რუსეთის ხელში. ქალაქი თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით „ძალიან უცნაურად განვითარდა“, თქვა „Re: Mariupol-ის“ წარმომადგენელმა სერგი როდიონოვმა. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრ სხვა ქალაქში, 1930-იან წლებში მარიუპოლის უშუალო გარეუბანში აშენდა ფოლადის ქარხანა, რომელიც დღეს დაზიანებულია ბრძოლის შედეგად. ქალაქის მეტასტაზურმა ცენტრმა სწრაფად შთანთქა ტერიტორია. საცხოვრებლისა და დამაბინძურებელი ინდუსტრიების ასეთი სიახლოვის გამო, ურბანულმა დამგეგმავებმა მარიუპოლის ცენტრი საბოლოოდ ქალაქის დასავლეთით გადაიტანეს. თეატრები და ბიბლიოთეკები იქ 1960-იან და 1970-იან წლებში გამოჩნდა, მაგრამ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა დისჰარმონიული ანსამბლი შექმნა, თქვა მან. აღმოსავლეთ უკრაინის განადგურებული ქალაქი მარიუპოლი მწვანე და დაბალნახშირბადიანი მომავლისა და რეკონსტრუქციის პროექტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. პროექტს სახელად „Re: Mariupol“ ჰქვია. / საავტორო ეგზემპლარი: RE:MARIUPOL ასე რომ, მარტის შუა რიცხვებში, როდიონოვმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს რეკონსტრუქციის მანიფესტი, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარ წყვეტას წარსულის მარიუპოლთან და ქალაქის არასრულყოფილი ქსელის გადაკეთებას. „როდესაც ვგლოვობთ, ამავდროულად უნდა წარმოვიდგინოთ“, - ნათქვამია მანიფესტში. „ჩვენ წარმოვიდგენთ მეტალურგიას, ინჟინერიას და ნავსადგურს: მეტი მაღალტექნოლოგიური წარმოებით, წიაღისეულ საწვავზე ნაკლები დამოკიდებულებით, ნახშირბადის ნაკლები კვალით“. დოკუმენტი გვიხატავს უკეთესი ტრანსპორტითა და საზოგადოებრივი სივრცეებით ხელახლა დაბადებულ ქალაქს. რა თქმა უნდა, ეს გეგმები ჯერჯერობით „სპეკულაციურია“, - თქვა როდიონოვმა. ბოლოს და ბოლოს, ქალაქის ხელისუფლება დევნილობაშია უკრაინის სხვადასხვა კუთხეებში. რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ბოლო უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ 400 000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქს, მაგრამ მარიუპოლის მუნიციპალური ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას და სთხოვს პროფესიონალთა სხვა ჯგუფებს, მათ შორის, პოლიტოლოგებს, დამატებითი წინადადებებით გამოვიდნენ, ამბობს სერგეი ორლოვი, ქალაქის მერის მოადგილე. ორლოვს სჯერა, რომ მარიუპოლი წლის ბოლომდე გათავისუფლდება. ასეა თუ ისე, როდიონოვი თვლის, რომ ეს მცდელობა შექმნის პოსტსაბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების ხელახალი დიზაინის ერთგვარ ეტალონს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქმა ხარკოვმა, რომელიც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, ქალაქის ახალი გენერალური გეგმის შესადგენად მიიწვია არქიტექტორი ნორმან ფოსტერი, ინგლისელი ლორდი, რომლის არქიტექტურული წარმატებების სიაშია „Apple-ის“ ნეოფუტურისტული რგოლის ფორმის შტაბ-ბინა და გერმანული რაიხსტაგის თავზე აღდგენილი შუშის გუმბათი. თავდასხმებმა ხარკოვი ომის პირველივე დღეებში მუხლებზე დააჩოქა. ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი იუწყებოდა, რომ ივნისისთვის რუსულ ძალებს ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების და სახლების თითქმის მესამედი განადგურებული ჰქონდა. ფოსტერმა, ისევე როგორც როდიონოვმა, ხარკივის პროექტი რეკონსტრუქციის მანიფესტის გამოქვეყნებით დაიწყო. ის გვპირდება, ცოტა არ იყოს ბუნდოვნად, „ინფრასტრუქტურისა და შენობების ყველაზე მწვანე ელემენტებს“. ეს რეკონსტრუქციის გეგმა, ისევე როგორც მარიუპოლისა, „მოსალოდნელია, რომ გახდეს რეკონსტრუქციის მაგალითი უკრაინის სხვა ქალაქებისთვის“, ნათქვამია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პრესრელიზში, რომელიც მხარს უჭერს ფოსტერის პროექტს. ამ ახლახანს წამოწყებულ გეგმებს უკვე გამოუჩნდა რამდენიმე მოწინააღმდეგე. ხარკოვის არქიტექტურის სკოლის (the Kharkiv School of Architecture) თანადამფუძნებელი ოლეგ დროზდოვი, აკრიტიკებდა ხარკოვის გადაბარებას გარეშე პირზე. აპრილში გამართული ვებინარის დროს მან უკმაყოფილება გამოთქვა ბრიტანელების ჩართულობის გამო და ისინი „ინტელექტუალურ კოლონიზაციაში“ დაადანაშაულა. დროზდოვმა უკრაინული უმრავლესობით შემდგარი 50 ექსპერტის კოალიცია შექმნა, სახელწოდებით „ro3kvit“, რომლის მიზანიცაა ქალაქების სამომავლო გეგმების გადახედვა და ომის შემდგომი უკრაინის უკეთ აღდგენა. მოგვიანებით მან მითხრა, რომ რეკონსტრუქციას მიიჩნევს შანსად, როდესაც „უკრაინელ ექსპერტებს შეეძლებათ საქმე ისწავლონ კეთებით“. დამოუკიდებლობის შემდგომ უკრაინას დამოუკიდებლად არასოდეს აუშენებია მთელი ქალაქი, თქვა მან. ”ეს არის კარგი შანსი გადავიდეთ ნედლი ინდუსტრიიდან, უფრო მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე”, - დასძინა მან. მაშინ როდესაც ბომბები აზიანებენ ქალაქებს, შესაძლებლობების ფანჯრები იხსნება რადიკალური რეკონსტრუქციისთვის. მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი საჰაერო დაბომბვების შემდგომ, ინგლისურმა ქალაქმა ქოვენტრიმ ფეხით მოსიარულეებს გამოუყო სივრცე, რათა უსაფრთხოდ ესეირნათ სავაჭრო ზონებში, ააშენა ახალი ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის ცენტრის გარეთ და იკვეხნიდა მაშინდელი პერიოდის უახლესი ტექნოლოგიით აშენებული სატრანსპორტო რგოლით. | ფოტოები საათის ისრის მიმართულებით ზემოდან მარცხნივ: Eddie Worth/AP Photo;Mirrorpix via Getty Images; AP Photo შესაძლებლობების ფანჯრები, ქალაქების დაბომბვის შედეგად ნამვილად იხსნება, 25 წლიანი კვლევის შემდეგ ამის აღიარება უწევს პიტერ ლარხამს, დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის საქალაქო უნივერსიტეტის (UK’s Birmingham City University) პროფესორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ლუფტვაფეს მიერ დაზიანებული ბრიტანეთის ქალაქების ისტორიას შეისწავლის. მაგალითად, 1940 წლის ნოემბერში განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ ძლიერ დააზიანა ქალაქ ქოვენტრის ცენტრი, რის შედეგადაც დაიღუპა თითქმის 600 ადამიანი. თუმცა, ამავდროულად, ნგრევის გამო მოიხსნა ის პოლიტიკური ბლოკი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა სახლებით, ქარხნებითა და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით გადაჭედილი ქალაქის გადაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ახალი დიზაინისთვის ნახაზები უკვე არსებობდა, დასძინა ლარხამმა. ”ასე რომ, როდესაც ქალაქი დაიბომბა, რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა ერთგვარ შესაძლებლობას”, - თქვა მან. მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი საჰაერო დაბომბვების შემდგომ, ინგლისურმა ქალაქმა ქოვენტრიმ, ფეხით მოსიარულეებს გამოუყო სივრცე, რათა უსაფრთხოდ ესეირნათ სავაჭრო ზონებში, ააშენა ახალი, ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის ცენტრის გარეთ და ამაყობდა მაშინდელი პერიოდის უახლესი ტექნოლოგიით აშენებული სატრანსპორტო რგოლით. ლარხამი ამტკიცებს, რომ უკრაინაც იგივე გზას გაჰყვება. როგორც ეს ხდება ხოლმე, კოვენტრი არის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ერთ-ერთი იმ ათეულობით მაგალითიდან, რომელსაც უკრაინის არქიტექტორთა ეროვნული კავშირისა და კიევში დაფუძნებული სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის „PRO PM სკოლის“ არქიტექტორები განიხილავენ, რათა შეისწავლონ წარსულის შეცდომები და წარმატებები, თქვა „PRO PM-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატაშა პრისუხინამ. სამშაბათს, 2022 წლის 29 მარტს, უკრაინის ქალაქ მიკოლაივის საცხოვრებელ უბანში, წინა ღამით რუსული თავდასხმის შემდეგ დაზიანებული მანქანის წინა მინიდან ჩანს მამაკაცი. / ფოტო: Petros Giannakouris/AP Photo მოსალოდნელი ზამთარი და მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ომის შემდგომი რეკონსტრუქცია, იქნება ეს მწვანე თუ არა, გრძელვადიანი ხედვაა და დღევანდელ დღეს რამდენიმე თავით არის დაშორებული. ომის შემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, ოლეკსანდრ სიენკევიჩმა, მდინარისპირა ქალაქ მიკოლაივის მერმა, გარკვევით ისაუბრა: მის ქალაქში 10,000 ჩატეხილი ფანჯარა ნიშნავს, რომ სათანადო რეკონსტრუქციის გეგმები ცოტა ხნით გვერდით უნდა გადაიდოს. ომამდე ქალაქში ფიქრობდნენ გათბობის სისტემის დეცენტრალიზაციაზე, ენერგიის დაზოგვის მიზნით. დღეს ეს შეუძლებელია. „რთულია“ - თქვა სიენკევიჩმა, - „ქალაქის განვითარებაზე ფიქრი მაშინ, როცა გბომბავენ“.
- სასურსათო კრიზისი მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი შედეგია
სურსათის გლობალური სისტემის კრიზისი რუსული აგრესიის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც უსაფრთხოების კრიზისსა და ჰუმანიტარულ კატასტროფასთან ერთად რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს მოჰყვა. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის, სიმინდის და საზეთე თესლის, ასევე სასუქებისა და საწვავის ძირითადი მწარმოებლები არიან (FAO, Pörtner et al., 2022). თუმცა, ომის გამო შავი ზღვის რეგიონიდან პროდუქციის ექსპორტი სერიოზულად ფერხდება, რაც მსოფლიოში სურსათის ფასების მატებას იწვევს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) სურსათის ფასების ყოველთვიური ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მარტში ზეთის, მარცვეულისა და ხორცის ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიეს (FAO, 04.2022), რაც იმას გულისხმობს, რომ საკვების ფასები გასულ წელთან შედარებით 1/3-ით გაძვირდა (Guardian, 2022). ბუნებრივია, ფასების ზრდა ყველაზე მეტად მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებზე მოქმედებს, რომლებიც უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე და სასუქზე არიან დამოკიდებულნი (FAO, 03.2022). FAO-ს მონაცემებით, საქართველო რუსულ ხორბალსა და სასუქზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანაა მსოფლიოში. 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის დაახლოებით 95%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა. ასევე, ქვეყანაში იმპორტირებული სასუქის დაახლოებით 45% რუსეთიდან შემოდიოდა (FAO, 2022). შესაბამისად, ბოლო პერიოდში ხორბლისა და ფქვილის ფასებმა საქართველოშიც მოიმატა, რაც სპეციალისტების თანახმად, ქვეყანაში პურის თვითღირებულებაზეც იმოქმედებს (Netgazeti, 2022). ომი უკრაინაში ევროკავშირის მდგრადი სოფლის მეურნეობის გეგმებს შეაფერხებს რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული სურსათის მიწოდების კრიზისი პრობლემას უქმნის ევროკავშირის მდგრადი სოფლის მეურნეობის პოლიტიკას. როიტერსის ცნობით, ევროკომისიას 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში უნდა წარედგინა წინადადება ევროკავშირის მდგრადი მეურნეობისა და ბუნების კონსერვაციის მიზნების შესახებ, თუმცა არსებული კრიზისი გამო ეს პროცესი შეფერხდა. როგორც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, სასურსათო კრიზისი არ იძლევა სათანადო „პოლიტიკურ სივრცეს“ განხილულ იქნას წინადადება მდგრადი პესტიციდების კანონის შესახებ (Reuters, 2022). ასევე, ხორბლისა და ქერის ფასების ზრდისა და დეფიციტის შიშის გამო გადაიდო განხილვა სოფლის მეურნეობის იმ პრაქტიკისა, რომელიც თესვის ციკლებს შორის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ეკოსისტემის აღდგენას უწყობს ხელს. ევროკომისიაში მიმდინარე დისკუსიას 400 მეცნიერისა და კვების სექტორის ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი გამოეხმაურა, რომელთა აზრითაც მდგრადი მეურნეობის პოლიტიკის მიტოვება კონტრაპროდუქტიული იქნება და ხელს შეუშლის სამომავლოდ საიმედო სურსათის სისტემის შექმნას (Pörtner et al. 2022). განცხადების თანახმად, დღეს არსებული კრიზისის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება მიექცეს სურსათის გლობალურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, კერძოდ მსოფლიოში საკვების არასწორ გადანაწილებასა და სასურსათო-საკვები პროდუქციის მაღალ დანაკარგს (food waste). საკვების ამჟამინდელი წარმოება საკმარისია მსოფლიო მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს გლობალურად იმაზე მეტი საკვები იწარმოება, რაც საჭიროა მსოფლიო მოსახლეობის გამოსაკვებად (Pörtner et al, 2022). თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მარცვლეული პირდაპირ მიეწოდებოდეს მოსახლეობის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ნაწილს, სურსათი ან საქონლის საკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება, ან კი, სრულიად იკარგება. სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ჩვენთვის საკვებად უვარგის ბალახს გარდაქმნიან რძედ. რძის პროდუქტები კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ ნაწილის გამოსაკვებად, რომელთაც სხვა მხრივ მრავალფეროვან საკვებზე არ აქვთ წვდომა. თუმცა, ხორცისა და რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ ისეთ მარცვლეულს, რომელიც ადამიანისთვისაც ვარგისია (მაგ. სიმინდი, სოია) და, რაც მთავარია, რომელსაც ადამიანითვის იმაზე მეტი კვებითი ღირებულების მოტანა შეუძლია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტს. მაგალითად, ეს მარცვლეული შეიცავს უფრო მეტ ცილას, რკინას და ცინკს, ვიდრე ცხოველური პროდუქტი (Berners-Lee et al., 2018). დღეს ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების 34% სწორედ ადამიანისთვის საჭმელად ვარგის მარცვლეულზე მოდის (Berners-Lee et al., 2018) დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, ევროპაში ნაკლები ცხოველური პროდუქციის წარმოებამ და მეტი მცენარუელი საკვების მოხმარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს არსებული ზეწოლა მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია ინდუსტრიულ წარმოებაში ცხოველების მარცვლეულით გამოკვება შემცირდეს და, ამასთანავე, აღმოიფხვრას ვარგისი სურსათის დანაკარგი და ჭარბი ოდენობით მოხმარების პრაქტიკა. საკვები პროდუქციის დანაკარგის შემცირება ხელს უწყობს სურსათის უსაფრთხოებასა და გარემოს მდგრადობის გასაუმჯობესებას საკვების დანაკარგისა და ნარჩენების შემცირება მნიშვნელოვანია როგორც წარმოების ხარჯების შემცირებისა და კვების სისტემის ეფექტურობის გაზრდისთვის, ასევე მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობისთვის (FAO, Willett et al., 2019). სურსათის დეფიციტი კვლავაც დიდ პრობლემად რჩება მსოფლიოს არაერთ რეგიონში. მსოფლიოში წარმოებული საკვების თითქმის 1/3 იკარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის, სარწყავი წლისა და სასუქის დაახლოებით 1/4 გამოიყენება იმ პროდუქციის საწარმოებლად, რომელიც საბოლოოდ არც კი მოიხმარება (Shafiee-Jood, Cai, 2016). კვლევების მიხედვით (Bräutigam, 2014), დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში საკვები ძირითადად წარმოების ეტაპზე იკარგება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოსავლის აღების, შენახვისა და გაგრილებისთვის საჭირო ტექნიკის არასებობით, არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, ასევე ინფრასტრუქტურისა და გადამუშავების, შეფუთვისა და მარკეტინგის სისტემების გაუმართავობით. საშუალო და მაღალი შემოსავლის ქვეყნებში კი, საკვების დანაკარგი უმეტესად კოორდინაციის პრობლემასა და მომხმარებლის ქცევას უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნებში მოსახლეობას უბრალოდ აქვს იმისი ფინანსური საშუალება, რომ ნაყიდი საკვები არ მოიხმაროს და გადაყაროს. იმის გათვალისწინებით, რომ მილინობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო არ აქვს სრულფასოვანად კვების საშუალება (FAO, 2019), საკვების გადაყრა ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული ეთიკური პრობლემაცაა. სურსათის დანაკარგის შემცირება, დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია დანაკარგი შემცირდეს როგორც საცალო ვაჭრობიდან, ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან, რაც გარკვეულწილად შეამსუბუქებს არსებულ ზეწოლას გლობალურ ბაზარზე (Pörtner et al, 2022). მდგრადი და ჯანსაღი დიეტა შეამსუბუქებს არსებულ ზეწოლას მარცვლეულზე კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC-ის) უკანასკნელი შეფასების ანგარიშის მიხედვით, მდგრადი და ჯანსაღი დიეტა ეწოდება დიეტას, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და, ამასთანავე, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ გარემოზე (IPCC, 2022). დაბალანსებული დიეტა შეიცავს როგორც მცენარეულ (მარცვლეული, პარკოსნები, ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული), ასევე ცხოველური წარმოშობის საკვებს. შესაბამისად, დაბალანსებულ, მდგრად, ჯანსაღ დიეტაზე გადასვლითა და საკვების დანაკარგის შემცირებით შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ გლობალური სათბური აირების (GHG) გაფრქვევის შემცირებაში, არამედ მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრაშიც, ხოლო, სოფლის მეურნების მდგრად წარმოებაზე გადასვლით და ნაკლები პესტიციდების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ეკოსისტემის აღდგენის პროცესს. ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს პესტიციდებზე და ანტიმიკრობულ საშუალებებზე დამოკიდებულების შემცირებას, ჭარბი სასუქის მოხმარების შემცირებას, ორგანული მეურნეობის გაზრდას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას (European Commission, 2020). რუსეთი მსოფლიოში სასუქებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ხოლო ევროპული სოფლის მეურნეობა დღეს დიდწილად დამოკიდებულია აზოტოვან სასუქებზე, რომელთა მიწოდებაც ომის გამო გართულდა (Pörtner et al., 2022). დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნია ევროკავშირმა არსებითი ნაბიჯები გადადგას რუსულ სასუქის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც ასევე ხელს შეუწყობს კლიმატის სტრატეგიის სისრულეში მოყვანას. გამოყენებული ლიტერატურა Abnett, Kate, and Philip Blenkinsop. “Ukraine War Set to Delay EU Sustainable Farming Plans.” Reuters, March 21, 2022, sec. Europe Ahmed, Kaamil. “Global Food Prices Rise to Highest Ever Levels after Russian Invasion.” The Guardian, April 8, 2022, sec. Global development Berners-Lee, M., C. Kennelly, R. Watson, and C. N. Hewitt. “Current Global Food Production Is Sufficient to Meet Human Nutritional Needs in 2050 Provided There Is Radical Societal Adaptation.” Edited by Anne R. Kapuscinski, Kim A. Locke, and Christian J. Peters. Elementa: Science of the Anthropocene 6 (January 1, 2018): 52. Bräutigam, Klaus-Rainer, Juliane Jörissen, and Carmen Priefer. “The Extent of Food Waste Generation across EU-27: Different Calculation Methods and the Reliability of Their Results.” Waste Management & Research: The Journal for a Sustainable Circular Economy 32, no. 8 (August 2014): 683–94. European Commission. “Farm to Fork Strategy - For a Fair, Healthy and Environmentally-Friendly Food System,” 2020. FAO. “FAO Food Price Index | World Food Situation | Food and Agriculture Organization of the United Nations,” April 8, 2022. “Information Note: The Importance of Ukraine and the Russian Federation for Global Agricultural Markets and the Risks Associated with the Current Conflict,” March 2022. ed. Safeguarding against Economic Slowdowns and Downturns. The State of Food Security and Nutrition in the World 2019. Rome: FAO, 2019. ed. The State of Food and Agriculture: Moving Forward on Food Loss and Waste Reduction. The State of Food and Agriculture 2019. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, 2019. IPCC. “Climate Change 2022: Mitigation of Climate Change - Summary for Policymakers.” IPCC, 2022. Pörtner, Lisa M., Nathalie Lambrecht, Marco Springmann, Benjamin Leon Bodirsky, Franziska Gaupp, Florian Freund, Hermann Lotze-Campen, and Sabine Gabrysch. “We Need a Food System Transformation – in the Face of the Ukraine War, Now More than Ever, March 28, 2022. Shafiee-Jood, Majid, and Ximing Cai. “Reducing Food Loss and Waste to Enhance Food Security and Environmental Sustainability.” Environmental Science & Technology 50, no. 16 (August 16, 2016): 8432–43. Willett, Walter, Johan Rockström, Brent Loken, Marco Springmann, Tim Lang, Sonja Vermeulen, Tara Garnett, et al. “Food in the Anthropocene: The EAT–Lancet Commission on Healthy Diets from Sustainable Food Systems.” The Lancet 393, no. 10170 (February 2019): 447–92. პერტაია ლუკა. “ხორბალი და ფქვილი გაძვირდა – რა ელის პურის ფასს?” NETGAZETI.ge, March 24, 2022.
- კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა რესპირატორული ალერგიული დაავადებების მიმდინარეობაზე #ABC
ალერგიული დაავადებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად განიხილება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასთმისა და სხვა რესპირატორული ალერგიული დაავადებების გავრცელება, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. კვლევები ადასტურებს, რომ გლობალური დათბობის და გარემოს დაბინძურების პირობებში, გახანგრძლივებულია მცენარეთა ყვავილობის პერიოდი და გაზრდილია გარემოში მცენარეთა მტვრის გამოყოფის ინტენსივობა. აერობიოლოგიური პროცესები ასოცირებულია წვიმის, ქარისა და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორების ცვლილებებთან. გარდა ამისა, გარემოში ტემპერატურისა და ატმოსფერული აირების მატება იწვევს მცენარეთა ალერგენული თვისებების ზრდას და რადგან მცენარეთა მტვერი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ალერგენს, ხოლო დაბინძურებული ჰაერი განიხილება, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი ალერგიული დაავადებების განვითარებისთვის, სწორედ ზემოთ აღნიშნული განაპირობებს ასთმის, ფილტვის ობსტრუქციული დაავადების, რინიტის გავრცელების მატებას და მათი მიმდინარეობის სიმძიმეს, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახება სეზონური ალერგიული პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაცული იყოთ გარემოს არასასურველი გავლენისგან, მნიშვნელოვანია გქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან და გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: აკონტროლეთ ჰაერში მცენარეთა მტვრის შემცველობა სპეციალური კალენდრის მიხედვით; მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას დილის საათებში, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია; იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში; დაკეტეთ ფანჯრები, ჩართეთ კონდიციონერი; გამოიყენეთ შენობაში ჰაერის გამწმენდი ფილტრები; სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, ჩამოირეცხეთ დალექილი მტვერი; მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს. იმისთვის, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს პრობლემა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მასთან ბრძოლაში: დარგეთ ხე და მიიღეთ მონაწილეობა გარემოს გამწვანებაში; უპირატესობა მიანიჭეთ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას; დანერგეთ ნარჩენების მართვის პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში; ჩაერთეთ გარემოს დაცვით აქტივობებში პოლიტიკის შემქმნელებთან, ჯანმრთელობის დაცვის მესვეურებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად. აუცილებელია, ერთად ვიზრუნოთ გარემოსა და კლიმატზე, რაც საშუალებას მოგვცემს ავირიდოთ მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. გამოყენებული წყაროები: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/climate-change-and-health https://www.cdc.gov/climateandhealth/effects/allergen.htm https://www.aafa.org/extreme-allergies-and-climate-change/ https://theconversation.com/pollen-season-is-getting-longer-and-more-intense-with-climate-change-heres-what-allergy-sufferers-can-expect-in-the-future-179158 https://www.aaaai.org/tools-for-the-public/conditions-library/allergies/does-climate-change-impact-allergic-disease https://www.hsph.harvard.edu/c-change/subtopics/climate-change-and-allergies/ https://www.un.org/climatechange?gclid=CjwKCAjw0a-SBhBkEiwApljU0l97KkfaYe6xX4DRwW2IQOCKxYdcynB5u58RSildZcMSjxLn9JH8xxoCNdAQAvD_BwE https://acaai.org/allergies/allergic-conditions/skin-allergy/
- ეკოსოფელი - სოციალური ინოვაცია ბუნებრივი გარემოს რეგენერაციისთვის
შესავალი თანამედროვე სოციალური და კლიმატური ტრანსფორმაციების კვალდაკვალ, მსოფლიოში ვხვდებით ისეთ ტენდენციებს, რომლებიც მიმართულია მდგრადობასა და სტაბილიზაციისკენ. მათ შორის, იკვეთება ეკო-დასახლებების, მიზანმიმართული მდგრადი სამეზობლოების და ეკოსოფლების მზარდი რიცხვი. მსგავსი, ხშირ შემთხვევაში, თვითორგანიზებული ჯგუფები, შეიძლება ჩაითვალოს ცვლილების ერთ-ერთ აგენტებად, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ უფრო მდგრად გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარადიგმაზე გადასვლას. დამძიმებული ეკოლოგიური და სოციალური კრიზისების ფონზე, რომლებიც კაპიტალიზმთან და კლიმატის ცვლილებასთან ასოცირდება, გახშირდა მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები ქართულ საზოგადოებრივ და პირად დისკუსიებშიც. ამჟამინდელი განხილვები და პრაქტიკები მდგრადობასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზეა და შორს არის საერთო საზოგადოებრივი თანხმობისგან. ამის ერთ-ერთ ხელის შემწყობ ფაქტორად ისევ ცნება „მდგრადი განვითარება“ გვევლინება, რომელიც მასიურად გამოიყენება კაპიტალისტური მოდელების მიერ, და პრაქტიკაში, სრულდება უდავოდ, ეკონომიკური ზრდის მომხრეთა სასარგებლოდ, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის საზიანოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოძრაობების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო თუ სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, ქართულ საზოგადოებრივ და აკადემიურ სივრცეებში ფაქტობრივად არ ან ძალიან მწირად გვხვდება ისეთი ნაშრომები, რომლებიც ამ საკითხის გარშემო თეორიულ ანალიზს შემოგვთავაზებდა ან ამ საკითხს აღწერდა, განმარტავდა და მიმოიხილავდა. წინამდებარე ტექსტი შეეცდება წარმოაჩინოს და მიმოიხილოს: „ეკოსოფლების“ კონცეფციის საერთაშორისო განმარტებები ერთ-ერთი პირველი პროექტი „Findhorn“ შოტლანდიაში GEN (Global Ecovillage Network) – გლობალური ეკოსოფლების ქსელი რამდენად აუცილებელია ჩვენს რეალობაში მსგავსი ურბანული თუ სოფლის სივრცული მოდელების არსებობა, მათზე ცოდნის მოგროვება და გაანალიზება რა სოციალურ რეალობასა და ურთიერთობის ახლებურ ფორმებს ქმნის მსგავსი სამეზობლოები რას წარმოადგენს ეკოსოფლები? ჯონათან დაუსონის (2015) მიხედვით, ეკოსოფლები იმდენად არაერთგვაროვანი მოვლენაა, რომ შეუძლებელია მათი აღწერა ერთი მოდელით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა სხვა ეკოსოფლის მახასიათებელს. ეს დაშვება გამომდინარეობს მათი მრავალფეროვანი წარმომავლობისგან. შესაბამისი ეკონომიკური, სოციალური თუ ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში შეიძლება განსხვავებული ფორმა, შინაარსი და ადგილობრივი მახასიათებლები ჰქონდეს, ხოლო ეს ნიშნები კონკრეტული ტიპის დასახლების განსაზღვრისას ზოგჯერ ერთმანეთთან იკვეთება. რამდენიმე ძირითადი მოძრაობა, რომელიც თვითკმარობის და სულიერების გამორკვევის იდეის რეალიზაციისთვის იღწვოდა, გვხვდება მონასტრებში, აშრამებში, განდიანურ მოძრაობებში, გარემოსდამცველებში, პაციფისტებში, ფემინისტებში, და 1960-1970 წლის ალტერნატიული განათლების მოძრაობებში. მდიდარ ქვეყნებში ეს მოძრაობები „back to the land” (დავუბრუნდეთ მიწას) სახელით გვხვდება და ხშირად ისინი „დახურულ სამეზობლოებს“ წარმოადგენენ. განვითარებად ქვეყნებში კი, მონაწილეობითი ჩართულობის სახეს იძენს. ტერმინის „ეკოსოფელი“ ფართოდ გამოყენება დაიწყო 1991 წლიდან. აქტივისტებმა რობერტ და ნაიან გილმანებმა დაიწყეს ისეთი დასახლებების აღწერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც შეიძლებოდა შთაგონების წყარო გამხდარიყო საზოგადოებებისთვის, რომლებსაც სურდათ მდგრადი სამეზობლოები შეექმნათ. შემდეგში ეს სამეზობლოები იწოდებოდა, როგორც ეკოსოფლები. მას შემდეგ, მსგავსი დასახლების მოდელები მომრავლდა როგორც გლობალურ ჩრდილოეთში, ისე გლობალურ სამხრეთში. ამ მოვლენების პარალელურად, უკვე არსებული საზოგადოებრივი თემები იწყებენ თვითიდენტიფიცირებას და საკუთარ კომუნებს ეკოსოფლებს უწოდებენ. მსგავსი მაგალითი გვხვდება შოტლანდიაში (Findhorn) - ცნობილი როგორც “ეკოსოფლების დედა” (Litfin, 2014). თავდაპირველად, ეს მიზანმიმართული საზოგადოება (Intentional Community) ფოკუსირებული იყო სულიერ განვითარებაზე (Forster, Wilhelmus, 2005) 1990-იანი წლების შემდეგ კონცეფციის მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია მოხდა. ახალ განმარტებას (ივნ. 2007) GEN (გლობალური ეკოსოფლების ქსელი) ვებგვერდიდან ასეთი ფორმულირება აქვს: „ეკოსოფელი არის მიზანმიმართული, ტრადიციული ან ურბანული საზოგადოება, რომელიც იყენებს ლოკალური მონაწილეობის პროცესებს, რათა ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებების ინტეგრირება მოახდინოს მდგრადი სოციალური და ბუნებრივი გარემოს რეგენერაციისთვის.”(GEN, 2017) მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეფციის ფართო ფორმულირება საშუალებას იძლევა მოიცვას ბევრი ფენომენი, რაც აისახება მოძრაობის არაერთგვაროვნებაზე. თუმცა, ეკოსოფლების უმრავლესობა მაინც შეგვიძლია მოვხაზოთ საზიარო კონტურებში, ისინი აშკარა მიზანმიმართულობით ცდილობენ ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლას მსოფლიოსთან, ამ საზოგადოებებს განსაკუთრებით სურთ გავლენა იქონიონ მეინსტრიმული ცხოვრების წესზე. საკუთარი მოქმედებით ისინი პოზიციონირდებიან, როგორც „მოდელები“, „ცოცხალი მაგალითები“, „მდგრადობის ლაბორატორიები“, „სადემონსტაციო სივცრეები“ (Ergas, 2010; Meijering, 2012; Boyer, 2015; Bossy, 2014; Liftin, 2014; Lockyer, 2010). 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ UN (მდგრადი განვითარების მიზნების თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში - Ecovillage Initiative for Achieving the SDGs) მოიწვია მთავრობები, გაეროს სააგენტოები, კერძო ბიზნესები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა გაერთიანებულიყვნენ ეკოსოფლების განვითარების გამოყენების გზით სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ბუნებრივი გარემოს აღსადგენად და თითოეული ადამიანისთვის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად. მათი განმარტებით „ეკოსოფლები“ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი საზოგადოებებია, ისინი იყენებენ ადგილობრივი წარმოების მასალებს, ქმნიან „მწვანე“ შენობებს, ასობით ეკოსოფელში აღინიშნება ნახშირბადის საერთო ნეგატიური ნაკვალევი (negative carbon footprint), იყენებენ მდგრად ინფრასტრუქტურას შესაბამისი ტექნოლოგიებით, აქცენტირებენ ბუნებრივი გარემოს აღდგენასა და დაცვაზე, მიირთმევენ ორგანულ, ძირითადად არაცხოველურ საკვებს, ერთმანეთს უზიარებენ ტექნიკასა და აღჭურვილობას. ეკოსოფლები და საქართველო ადგილობრივ, ქართულ დისკურსში, ეკოსოფლების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა 2017 წელს (https://www.facebook.com/EcovillageGeorgia), რომლის მიზანია მდგრადი თემური ცხოვრების დანერგვა/პრაქტიკა, როგორც საქართველოს სოფლების აღორძინების საშუალება. თემის წევრები აქტიურად ეძებენ ადგილს ეკოსოფლის მოწყობისა და დასახლებისათვის, თუმცა უკვე მისდევენ მდგრად, ჯანსაღ, ბედნიერ და დაბალანსებული ცხოვრების წესს ერთმანეთთან და ბუნებასთან ჰარმონიაში, ხელს უწყობენ კულტურულ და ბიო მრავლაფეროვნებას, იცავენ ბუნებრივ რესურსებსა და კლიმატს. ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიც დაფუძნებულია „ეკოსოფელი საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის ხედვაზე და მის მოდელებს გულისხმობს. გამოყოფენ მდგრადი განვითარების სამ მოდელს: 1. სოციალური მდგრადი განვითარება: ჩვენ არ მივმართავთ ძალადობის ან აგრესიის ფორმებს და პატივს ვცემთ ერთმანეთს; ნარკოტიკების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია, ასევე, მოწევა შენობაში და ბავშვების გარემოცვაში; პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად ვილტვით მათი ინტეგრაციისკენ ჩვენს ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში; თითოეულ წევრს შეაქვს წვლილი თემში მისი უნარების შესაბამისად და აქტიურ როლს თამაშობს თემის ცხოვრებაში (მაგალითად, უნდა იყოს ერთი ან მეტი სამუშაო წრის აქტიური წევრი); ყველა წევრს აქვს უფლება დაიცვას სულიერი და რელიგიური წესები როგორც პირადად, ასევე, ჯგუფურად, მაგრამ სხვებისგან არ უნდა მოითხოვოს იგივე; ხელოვნება და კულტურა თავისუფლად გამოიხატება და წახალისდება; ვითვალისწინებთ მოხალისეებს, რომლებიც მუშაობენ საკვების და დაბინავების სანაცვლოდ. 2. გარემოს მდგრადი განვითარება: მიწაზე ვმუშაობთ პერმანენტული კულტურის და ორგანული აგრიკულტურის პრინციპების მიხედვით, რომლებიც იდენტიფიცირებულია ორგანული აგრიკულტურის მოძრაობების საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ პესტიციდებს, ქიმიურ გამანაყოფიერებლებს ან სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს მიწაზე, სახლში ან სხვა საქმიანობებში; ვსარგებლობთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტით ეკოსოფლის მიდამოებში და შეძლებისდაგვარად მის გარეთაც; ჩვენს ნახარჯ და გამოყენებულ წყალს ვექცევით მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით; შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებთ პლასტმასის გამოყენებას და სათანადოდ განვათავსებთ ჩვენს ნარჩენებს მახლობელ ქალაქში. ორგანული ნარჩენების კომპოსტირებას ვახდენთ ადგილზე; ჩვენი შენობები აგებულია ბუნებრივიან გამოყენებული მასალებით, როგორიცაა ხე, ქვა, თიხა, თივა, საბურავები და ცარცი (კირი); უსარგებლოდ არ ვხარჯავთ წყალს, ენერგიას ან საკვებს; ჩვენი შენობები ენერგო-ეფექტურია და შეძლებისდაგვარად მოიხმარს განახლებად ენერგიას; ცხოველები საოჯახო მეურნეობის ან ფერმების ნაწილია, მაგრამ მათ უნდა მოვექცეთ პატივისცემით, არ მივაყენოთ ტანჯვა და მივცეთ საშუალება, თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებების შესაფერისად იცხოვრონ. 3. ეკონომიკური მდგრადი განვითარება: მცხოვრებლები პასუხისმგებლები არიან, ეკოსოფლის მშენებლობის ეტაპზე, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარი საჭიროებებისათვის; ბიზნესმა წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების ერთი ან მეტი მიზნის მიღწევაში; სათემო შენობებზე და ბაღებზე ზრუნავენ მაცხოვრებლები და მოხალისეები; გათვალისწინებულია სოციალური ბიზნესი და კოოპერაციული საზოგადოებები, რომლებიც მხარს უჭერს საკუთარ აქტიურ წევრებს, თემს და პროექტებს. წახალისებულია ალტერნატიული ეკონომიკური სისტემებით ექსპერიმენტირება; ურთიერთმხარდაჭერა; კეთილგონივრული გაცვლითი ვაჭრობა სოფლის შიგნით. გამოყენებული ლიტერატურა: https://ecovillage.org/projects/ https://sustainabledevelopment.un.org/partnership/?p=11943 http://www.transitsocialinnovation.eu/blog/ecovillages-isolated-islands-or-multipliers-of-social-innovations https://www.facebook.com/EcovillageGeorgia LITFIN, K. Ecovillages: Lessons for Sustainable Community. Cambridge: Polity Press, 2014. 224 p. DAWSON, J. Ecovillages: New Frontiers for Sustainability. Green Books, 2015. 12. 96 p. MEIJERING, L. Ideals and Practices of European Ecovillages. In: ANDREAS, M.; WAGNER, F. (Ed.). Realizing Utopia - Ecovillage Endeavors and Academic Approaches. Munich: Rachel Carson Center - Perspectives, 2012. p. 31-41.
- ეს წიაღისეული საწვავის ომია!
მოუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება დღეს ნაკლებადაა მიმართული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისაკენ, კლიმატის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობა ასეთი აშკარა არასოდეს ყოფილა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ბრუტალურმა ომმა ცხადყო, რომ დროა კლიმატის კრიზისი და ის ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს აკონტროლებენ, ერთი პრობლემის ორ გამოვლინებად აღვიქვათ. მსოფლიოს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ყოველთვის ხელს აძლევდა რუსეთს ომების წარმოებაში. ეს ცხადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი რესურსდამოკიდებული სახელმწიფოა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა[1],[2]. თუმცა რესურსდამოკიდებულებად, ასევე, შეიძლება ჩაითვალონ ის ქვეყნებიც, რომლებიც დამოკიდებულნი არიან, მაგალითად, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი ენერგოინტენსიური წარმოება[3]. ვლადიმერ პუტინი კი, როგორც ნიუ-იორკ ტაიმზის კოლუმნისტი ფარჰად მანჯუ აღნიშნავს[4], მხოლოდ ერთ-ერთია იმ არასასიამოვნო პერსონაჟთა სიიდან, რომლებთანაც ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნები თანამშრომლობენ, „რადგან მათ აქვთ ის, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ“. ის, რომ აქამდე ვერ ხერხდება ამ მანკიერი დამოკიდებულების გაწყვეტა, სწორედ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. დღეს უფრო და უფრო ცხადად იკვეთება პარალელები კლიმატის ცვლილებასა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის. „ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წვა იწვევს დათბობას და ისეთ ზემოქმედებას, რომელთანაც ადაპტაცია გვჭირდება. და რუსეთი ამ რესურსებს ყიდის და ფულს იარაღის შესაძენად იყენებს. სხვა ქვეყნები დამოკიდებულნი არიან ამ წიაღისეულ საწვავზე, ისინი არ ცდილობენ საკუთარი თავის მათგან გათავისუფლებას. ეს არის წიაღისეული საწვავის ომი. ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრების ამ გზით გაგრძელება, ეს ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებს ”. სვიტლანა კრაკოვსკა, უკრაინის წამყვანი კლიმატოლოგი, გარდიანთან მიცემულ ინტერვიუში[5] კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებმა აქტიურად შეუწყონ ხელი ენერგეტიკის სექტორის რადიკალურ გარდაქმნას, რაც ენერგომომარაგებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდასა და ენერგეტიკის სექტორიდან სათბური აირების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. თუმცა ენერგეტიკის სფეროს გარდაქმნას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. დღევანდელმა ენერგოკრიზისმა კარგად აჩვენა, რომ განახლებადი ენერგიის ადგილობრივი მოწოდება უზრულველყოფს რეგულარულ ენერგომომარაგებისა და სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებას. ამის საპირწონედ, იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების ზრდა ქვეყანას უფრო და უფრო დაუცველს ხდის ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ, რომლებიც ხშირად წიაღისეულ რესურსებს აკონტროლებენ. სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 27 თებერვალს ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა, როდესაც განახლებად ენერგიებს „თავისუფლების ენერგიები“ (გერ. „Freiheitsenergien“) უწოდა[6]. დღეს ევროპის წამყვანი ექსპერტები ღიად აღნიშნავენ, რომ პუტინი ენერგორესურსებს იყენებს როგორც იარაღს და ევროპას რუსული გაზის შესყიდვის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებენ (მაგ. იხილეთ ინტერვიუ ოტმარ ედენჰოფერთან, პოტსდამის კლიმატზე ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის (PIK-ის) დირექტორთან[7]). თუმცა რუსეთის მიერ გაზის მიწოდების, როგორც იარაღის გამოყენება აქამდეც არაერთხელ იყო ცხადი. მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთი იმუქრებოდა, რომ 2019 წლიდან სრულიად შეაჩერებდა გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით და გააძლიერებდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს, რითაც ის უკრაინის ეკონომიკას დაასუსტებდა[8]. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ ცალსახად უჭერდნენ მხარს უკრაინას, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერება იმ პერიოდში ვერ მოხერხდა. არაერთი ექსპერტის აზრით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა თავიდანვე სრულიად გაუმართლებელი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც[9]. პირველ რიგში, პროექტი იწვევდა რუსეთზე არსებული დამოკიდებულების კიდევ უფრო ზრდას. გარდა ამისა, გაზისა და ნავთობის იმპორტზე ევროკავშირში არსებული მოთხოვნა სამომავლო პროექციებით და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის გათვალისწინებით უნდა შემცირებულიყო (იხ. ევროპის მწვანე შეთანხმება), რაც გაურკვეველს ხდიდა რეალურად რამდენად საჭირო იყო ახალი გაზსადენის მშენებლობა[10]. ©Liz Cookman ბოლო ათი წლის მანძილზე იმის ნაცვლად, რომ ევროპული ქვეყნების მთელი ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სახით ხშირად ყურადღება ექცეოდა არსებული სისტემის გაძლიერებას. დღეს ცხადია, რომ მსგავსი ენერგოპოლიტიკის წარმოება შეცდომა იყო. ასევე, ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთიდან წიაღისეულის საწვავის ალტერნატიულ მომწოდებელზე გადასვლა „სხვა არაფერია, თუ არა ვლადიმერ პუტინის მსგავსი ფაშისტების გაძლიერება მომავალი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ჯამალ რაადმა, Evergreen Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გარდიანთან ინტერვიუში[11], რადგან „სანამ ჩვენი ეკონომიკა წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, ჩვენ დავრჩებით ნავთობ-დიქტატორების წყალობაზე, რომლებიც თავიანთ გავლენას ენერგეტიკის გლობალურ ფასებზე იარაღად იყენებენ“. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია გადაიდგას რეალური ნაბიჯები ენერგოუსაფრთოებისა და განახლებადი ენერგიის განვითარებისკენ, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის კრიზისთან ბრძოლას და ამასთანავე შეასუსტებს იმ ავტოკრატიული რეჟიმების პოზიციას, რომლებიც მსოფლიოს ენერგოსისტემის სტატუს-კვოთი სარგებლოგენ. მითითებული წყაროები: [1] Belgin San-Akca, S. Duygu Sever, and Suhnaz Yilmaz, “Does Natural Gas Fuel Civil War? Rethinking Energy Security, International Relations, and Fossil-Fuel Conflict,” Energy Research & Social Science 70 (December 2020): 101690, https://doi.org/10.1016/j.erss.2020.101690. [2] Christian Dreger et al., “Between the Hammer and the Anvil: The Impact of Economic Sanctions and Oil Prices on Russia’s Ruble,” Journal of Comparative Economics 44, no. 2 (May 2016): 295–308, https://doi.org/10.1016/j.jce.2015.12.010. [3] San-Akca, Sever, and Yilmaz, “Does Natural Gas Fuel Civil War?” [4] Farhad Manjoo, “We’re in a Fossil Fuel War. Biden Should Say So,” The New York Times, March 24, 2022, sec. Opinion, https://www.nytimes.com/2022/03/24/opinion/ukraine-democrats-fossil-fuel-climate-change.html. [5] Krakovska in Oliver Milman, “‘This Is a Fossil Fuel War’: Ukraine’s Top Climate Scientist Speaks out,” The Guardian, March 9, 2022, sec. Environment, https://www.theguardian.com/environment/2022/mar/09/ukraine-climate-scientist-russia-invasion-fossil-fuels. [6] Bundesfinanzministerium, “Rede von Christian Lindner während der Sondersitzung des Bundestags zum Krieg in der Ukraine - Presse,” Bundesministerium der Finanzen, February 28, 2022, https://www.bundesfinanzministerium.de/Content/DE/Reden/2022/2022-02-27-bundestagsrede-lindner-ukraine.html. [7] Silke Kersting and Klaus Stratmann, “Interview: Klimaökonom Edenhofer fordert Rückgriff auf Braunkohle: „Ab Winter wird die Lage schwierig“,” Handelsblatt, March 4, 2022, https://www.handelsblatt.com/politik/deutschland/interview-klimaoekonom-edenhofer-fordert-rueckgriff-auf-braunkohle-ab-winter-wird-die-lage-schwierig/28127044.html. [8] Anne Neumann et al., “Erdgasversorgung: Weitere Ostsee-Pipeline Ist Überflüssig,” DIW Wochenbericht, 2018, https://doi.org/10.18723/DIW_WB:2018-27-1. [9] Neumann et al. [10] Claudia Kemfert, “Green Deal for Europe: More Climate Protection and Fewer Fossil Fuel Wars,” Intereconomics 54, no. 6 (November 2019): 353–58, https://doi.org/10.1007/s10272-019-0853-9; Neumann et al., “Erdgasversorgung.” [11] Raad in Milman, “‘This Is a Fossil Fuel War.’” გამოყენებული მასალა Bundesfinanzministerium. “Rede von Christian Lindner während der Sondersitzung des Bundestags zum Krieg in der Ukraine - Presse.” Bundesministerium der Finanzen, February 28, 2022. https://www.bundesfinanzministerium.de/Content/DE/Reden/2022/2022-02-27-bundestagsrede-lindner-ukraine.html. Dreger, Christian, Konstantin A. Kholodilin, Dirk Ulbricht, and Jarko Fidrmuc. “Between the Hammer and the Anvil: The Impact of Economic Sanctions and Oil Prices on Russia’s Ruble.” Journal of Comparative Economics 44, no. 2 (May 2016): 295–308. https://doi.org/10.1016/j.jce.2015.12.010. Kemfert, Claudia. “Green Deal for Europe: More Climate Protection and Fewer Fossil Fuel Wars.” Intereconomics 54, no. 6 (November 2019): 353–58. https://doi.org/10.1007/s10272-019-0853-9. Kersting, Silke, and Klaus Stratmann. “Interview: Klimaökonom Edenhofer fordert Rückgriff auf Braunkohle: „Ab Winter wird die Lage schwierig“.” Handelsblatt. March 4, 2022. https://www.handelsblatt.com/politik/deutschland/interview-klimaoekonom-edenhofer-fordert-rueckgriff-auf-braunkohle-ab-winter-wird-die-lage-schwierig/28127044.html. Manjoo, Farhad. “We’re in a Fossil Fuel War. Biden Should Say So.” The New York Times, March 24, 2022, sec. Opinion. https://www.nytimes.com/2022/03/24/opinion/ukraine-democrats-fossil-fuel-climate-change.html. Milman, Oliver. “‘This Is a Fossil Fuel War’: Ukraine’s Top Climate Scientist Speaks out.” The Guardian, March 9, 2022, sec. Environment. https://www.theguardian.com/environment/2022/mar/09/ukraine-climate-scientist-russia-invasion-fossil-fuels. Neumann, Anne, Leonard Göke, Franziska Holz, Claudia Kemfert, and Christian Von Hirschhausen. “Erdgasversorgung: Weitere Ostsee-Pipeline Ist Überflüssig.” DIW Wochenbericht, 2018. https://doi.org/10.18723/DIW_WB:2018-27-1. San-Akca, Belgin, S. Duygu Sever, and Suhnaz Yilmaz. “Does Natural Gas Fuel Civil War? Rethinking Energy Security, International Relations, and Fossil-Fuel Conflict.” Energy Research & Social Science 70 (December 2020): 101690. https://doi.org/10.1016/j.erss.2020.101690.
- კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა
2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობამ „პარიზის შეთანხმების“ დაამტკიცა, რითაც შეუერთდა მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის მზაობას გაატაროს პოლიტიკა გლობალური კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. პარიზის შეთანხმების მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით 2˚C-მდე შეზღუდვა, საუკეთესო შემთხვევაში კი - 1.5 °C-მდე შეზღუდვა[1]. კლიმატის ცვლილების პროცესი საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული და შესაბამისი უარყოფით ეფექტებიც იგრძნობა. მეოთხე ეროვნული შეტყობინების მიხედვით, 1986-2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მომატებულია 0.470C-ით. დასავლეთ საქართველოში ნალექების წლიური რაოდენობა გაზრდილია, ხოლო აღმოსავლეთის რიგ რაიონებში - შემცირებული. კლიმატის ცვლილების ფონზე შეინიშნება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (წყალდიდობა-წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი, ძლიერი ქარი, გვალვა და სხვ.) სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რაოდენობა და სიმძაფრე. ინტენსიურად დნება საქართველოს მყინვარები[2]. ივარაუდება, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიური ეფექტები საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებასთან ერთად, ქვეყანამ კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაზე იფიქროს და შესაბამისი ღონისძიებები შეიმუშაოს. საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნები მოცემულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების მიმართ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებულ დოკუმენტში“[3], ხოლო მიზნის მიღწევის გზები განსაზღვრულია საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში[4]. NDC-ს მიხედვით: საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ (≈45 მტ CO2 ეკვ.) დონესთან შედარებით. აღნიშნული მიზანი არ მოიცავს მიწათსარგებლობის, მიწათსარგებლობის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) სექტორს. ეს ნიშნავს, რომ 2030 წელს ეროვნულ დონეზე გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი, LULUCF-ის გამოკლებით, არ უნდა აღემატებოდეს 29.25 მტ CO2 ეკვ.-ს. საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველო იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის, 50-57%-ით (22.5-19.35 მტ CO2 ეკვ.-მდე) შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუ გლობალური გაფრქვევების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2˚C ან 1.5˚C-მდე შეზღუდვის სცენარს[5]. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების მაჩვენებელი 17.8 მილიონ ტონა (მტ) CO2 ეკვივალენტს შეადგენდა. სათბურის აირების გაფრქვევები, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელის (IPCC)-ის საერთაშორისო მეთოდოლოგიით, ხუთ ძირითად სექტორში იანგარიშება: ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და სატყეო მეურნეობა და ნარჩენების მართვა. როგორც უმეტეს ქვეყნებში, საქართველოშიც სათბურის აირების გაფრქვევების ძირითადი წყარო ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული, რომელიც მოიცავს წიაღისეული საწვავის ენერგეტიკული მოხმარების შედეგად გაფრქვევებს სხვადასხვა სექტორში. 2017 წელს სათბურის აირების გაფრქვევები ენერგეტიკის სექტორიდან 10.7 მტ CO2 ეკვ. იყო, რაც ეროვნული წლიური გაფრქვევების დაახლოებით 60%-ს შეადგენდა[6]. წყარო: UNESCO ენერგეტიკის სექტორიდან გაფრქვევების შემცირება და მწვანე ეკონომიკის განვითარება, მთელ მსოფლიოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში საქართველოს გაწევრიანების ოქმით არის განსაზღვრული. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზა ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანით იქმნება. 2021 წლის 30 ნოემბერს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ მიიღო. საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელებას დაიწყებს, კერძოდ: დირექტივა 2018/2001 განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ - რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. დირექტივის მიხედვით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება სათბური გაზების ემისიის შემცირების და პარიზის შეთანხმების შესრულების ერთერთი მთავარი პირობაა. დირექტივა ახალ სამიზნე მაჩვენებლებს განსაზღვრავს ევროკავშირის დონეზე - განახლებადი ენერგიების წილი 2030 წლისთვის 32% უნდა იყოს და ამისათვის სხვადასხვა სექტორში მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. დირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განახლებადი ენერგიების განვითარებაში მოქალაქეების როლის გაძლიერებას. ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიების თანამეგობრობების (Renewable Energy Communities) ჩამოყალიბებას და ენერგიის განახლებადი წყაროების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენების წახალისებას[7]. დირექტივა 2018/2002 ენერგოეფექტიანობის შესახებ - ევროკომისია ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად პრიორიტეტულია ენერგოეფექტიანობა. ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება ენერგიის მთლიანი ციკლის განმავლობაში (გენერაცია, გადაცემა, განაწილება, საბოლოო მოხმარება) დადებითად აისახება გარემოზე, გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხსა და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევებს, გააუმჯობესებს ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგომარეობას, რადგან ევროკავშირი ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე, შეამცირებს ენერგიაზე დანახარჯებს ოჯახებისა და ბიზნესებისთვის, დაეხმარება ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებას და შექმნის უფრო კონკურენტუნარიან გარემოს, მეტ სამუშაო ადგილსა და უკეთეს საცხოვრებელ პირობებს მოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი კი გამომდინარეობს პარიზის შეთანხმების დაცვის და მიღწევის მიზნებიდან. განახლებული დირექტივა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას[8]. მმართველობის რეგულაცია 2018/1999 – ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთიან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP). ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 - შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალი, მოქნილი დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, იყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონ, მოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია. გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938 - რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, ასევე, მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურება, ამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური აირების გაფრქვევების შემცირება 55%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის. საქართველო უკვე მუშაობს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაზე (NECP). NECP მიზანია ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების კუთხით არსებული მიზნებისა და ღონისძიებების ერთან ჭრილში თავმოყრა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრესის მონიტორინგი. NECP-ს წარდგენის ვალდებულება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს. მათ ასევე მოეთხოვებათ ევროკომისიისთვის პროგრეს ანგარიშების წარდგენა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. პროგრეს ანგარიშების საფუძველზე, ევროკომისია მონიტორინგს უწევს კლიმატის ცვლილების შერბილების ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელის მიღწევას (სათბური აირების გაფრქვევების სულ მცირე 55% ით შემცირება 2030 წლისთვის 1990 წლის დონესთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევა)[9]. NECP მოიცავს შემდეგ 5 ძირითად მიმართულებას მიმართულება 1: დეკარბონიზაცია მიმართულება 2: ენერგოეფექტურობა მიმართულება 3: ენერგეტიკული უსაფრთხოება მიმართულება 4: შიდა ენერგეტიკული ბაზრები მიმართულება 5: კვლევები, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა NECP სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, სათბური აირების გაფრქვევების შემცირების მიზნით, გეგმავს გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ენერგიის საბოლოო მოხმარებაში და გაზარდოს ეკონომიკის სექტორების ენერგოეფექტიანობა. კლიმატის ცვლილების შერბილებაში თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, დაწესებული რეგულაციების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე, ამიტომ აუცილებელია, რომ ტრანზიცია იყოს სამართლიანი და ითვალისწინებდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, როგორც ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების კუთხით, ისე სხვა სექტორული მიმართულებებითაც. მითითებული წყაროები: [1] „პარიზის შეთანხმება“ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge) / „პარიზის შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge) [2] საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი | UNDP საქართველო [3] „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“(matsne.gov.ge) [4] https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29290 [5] https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29290 [6] საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიში 1990-2017 | UNDP საქართველო [7] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:OJ.L_.2018.328.01.0082.01.ENG&toc=OJ:L:2018:328:TOC [8] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv%3AOJ.L_.2018.328.01.0210.01.ENG [9] https://ec.europa.eu/clima/eu-action/european-green-deal/2030-climate-target-plan_en [10] WEG, http://weg.ge/sites/default/files/energy_poverty_web_ii_4.pdf
- უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებით
10 ნაბიჯი ენერგიის სექტორში პუტინის რეჟიმის დასამხობად თარიღი: 10 მარტი 2022 ორიგინალი ვერსია იხილეთ ქვემოთ ენერგიის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადი სექტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, ძლიერად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების გაყიდვაზე, მეორე მხრივ კი, რუსული გაზის მარაგების ბაზარზე შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს, რითიც მოგებული რუსეთი რჩება. უკრაინელი ექსპერტერები აქტიურად მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას, დროულად დაეწყოთ ენერგო მომარაგების წყაროების რეალური დივერსიფიკაცია. რაც არ განხორციელდა. ახლა კი რთული გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო, რათა საბოლოოდ და ეფექტურად მოხდეს რუსეთის მიერ უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ენერგიის, როგორც იარაღის, გამოყენების ხელის შეშლა და აკრძალვა. ამჟამად არსებობს შესაძლებლობა რუსეთს ინფრასტრუქტურაზე, ფონდებზე, ენერგეტიკაში ახალ პოტენციურ ხელშეკრულებებზე წვდომა შეეზღუდოს, ასევე, შესაძლებელია ამ საკითხების და ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და ლობირება. ამაზე დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ. იმპორტიორმა ქვეყნებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ რუსული წარმოშობის ენერგიის შესყიდვა. „OPEC“-ის [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] წევრმა ქვეყნებმა,[1] ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ უნდა გაზარდონ ნავთობის წარმოება რუსული ნავთობის ბაზრიდან თანდათანობით ამოღებისათვის. ამ გარდამავალ პერიოდში, რუსეთთან ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს „საკვები ნავთობის სანაცვლოდ“ პოლიტიკის დანერგვა. 1. ნავთობისა და გაზის გიგანტებმა უნდა განაგრძონ რუსული პროექტებიდან გამოსვლა, რათა არ მოხდეს რუსეთისათვის ბუნებრივი რესურსების განვითარების ახალი ტექნოლოგიების გაზიარება. რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის, „BP“, „Equinor“, „Exxon“ უკვე დატოვა რუსული ბიზნესი. მნიშვნელოვანია, რომ სხვა დიდმა კომპანიებმაც იგივე გააკეთონ. განსაკუთრებით იმ კომპანიებმა, რომლებიც არ ჩქარობენ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტას ან ინვესტიციების გაყინვას, მაგალითად, „Total“, „Wintershall“, „Trafigura“ და სხვები. პარალელურად უნდა გაძლიერდეს ზეწოლა იმ არადასავლურ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ აქციები რუსულ პროექტებში. მაგალითად, ინდური „ONGC Videsh“, იაპონური „SODECO“, „JOGMEC“, „NEXI“, „Mitsui“ და „Mitsubishi“. 2. ევროკავშირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული იმ გაზის შემნახავი საცავების მართვა, რომელიც ამჟამად გაზპრომის ხელშია. ეს ნაბიჯი დაეხმარება ევროპას, რომ არ განმეორდეს ამ ზამთრის შემთხევა გაზის არასაკმარის შევსებასთან დაკავშირებით. 2021 წელს გაზპრომმა არ შეავსო შემნახავი საცავები, რაც გახდა ევროპაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სიტუაცია 2022 წლის თებერვალშიც კრიტიკული დარჩა. რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ იმუქრებიან, რომ ევროკავშირისათვის გაზრდიან ბუნებრივი აირის მიწოდების ფასს. აუცილებელია უკრაინის ევროკავშირთან გაზის ტრანსპორტირების სისტემის ზოგადი მართვის უზრუნველყოფა და მისი ევროპისათვის, როგორც სარეზერვო საცავის გამოყენება. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება უკრაინული გაზის საბადოების აღმოჩენა და განვითარება (რეზერვების მიხედვით ევროპაში მეორე) და რუსეთის ევროკავშირის ბაზრიდან გაძევების პრიორიტიზირება. 3. ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რუსული ენერგო კომპანიების აქტივების კონფისკაცია ან დროებით მართვაში გადაცემა. კერძოდ, გაზსადენები („OPAL“, „Nord Stream“, „Yamal-Europe“-ის ნაწილი), ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ელექტროენერგიის წარმოება, ნავთობის გამწმენდი ქარხნები. რუსული კომპანიების წილები კომპანიების ევროპულ შუამავლებთანაც უნდა გაიყინოს. მოლდოვას მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მარტივად მანიპულირებს რუსეთი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე უცხოური აქტივებით. 4. ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა „Rosatom“-თან და მის შვილობილ კომპანიებთან. ბირთვულ ენერგიაზე რუსეთზე დამოკიდებულება ზუსტად იგივეა, რაც დამოკიდებულება გაზის სექტორში. სლოვაკეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ თანამშრომლობაზე უარი თქვა და მნიშვნელოვანია მას სხვა ქვეყნებიც აყვნენ. საჭიროა ურანის რუსული მარაგების სანქცირება და რუსული საწვავის ჩასანაცვლებლად ბირთვული საწვავის სადგურის განთავსება უკრაინაში. 5. საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ცნობილმა სააგენტოებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგო კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც არის გაზპრომი. ევროპაში „Nord Stream 2“ მილსადენის მშენებლობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენ ფულს ხარჯავენ რუსეთის ოფიციალური პირები პროპაგანდისთვის და როგორ იყენებენ ენერგო კომპანიებს ამ მიმართულებით. მანიპულაციების გავრცელების ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. 6. ევროკავშირმა უნდა აიძულოს რუსეთი მოახდინოს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია და მისცეს ევროკავშირს ცენტრალური აზიის ქვეყნებიში გაზის მარაგებზე წვდომა. ევროპის კომისიამ უნდა განავითაროს ენერგო მარაგების შაბლონური ხელშეკრულებები ენერგო გაერთიანების [Energy Union] ფარგლებში. ეს მას შესაძლებლობას მისცემს თავიდან აიცილოს გაზპრომის მიერ ქვეყნების მანიპულირება. შაბლონში უნდა ჩაიწეროს მოთხოვნა, რომ რუსეთმა იმუშაოს ევროპული კანონმდებლობით. თუ მსგავსი ნორმები სინქრონულად იქნება მოთხოვნილი ევროკავშირში დაფუძნებული ყველა მყიდველის მიერ, რუსეთს არ ექნება სხვა გზა გარდა თანხმობისა. დამატებითი ფაქტორი იქნება ევროკომისიის მიერ ანტიმონოპოლიური გამოკვლევის განახლება ევროპის გაზის ფასებზე 2021-2022 წლებში რუსული გავლენის დასადგენად. 7. ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ უნდა მოითხოვონ რუსული ენერგო კომპანიებისგან მეტად გამჭვირვალე ანგარიშგება. მათ ოპერაციებში გამჭვირვალობის ნაკლებობა და ასევე “ESG” [Environmental, Social and Governance/ გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვა] სტანდარტების უგულებელყოფა შესაძლებლობას აძლევთ დაზოგონ მილიონები, რათა მოემზადონ ომისთვის, გაამდიდრონ ხელისუფლებაში მყოფი პირები, ხელი შეუწყონ კორუფციას, არაკანონიერად დაიკავონ სხვა ქვეყნის ტერიტორიები. თითოეული ლიცენზიის საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშები, მაგალითად, „EITI“ [Extractive Industries Transparency Initative - მომპოვებელი ინდუსტრიების გამჭვირვალობის ინიციატივა] სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელი მოთხოვნა უნდა გახდეს ენერგო კომპანიებთან ნებისმიერი დიალოგისას. ეს არ უნდა იყოს რუსეთის არჩევანის საგანი, არამედ სავალდებულო პირობა. 8. ქვეყნებმა, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური პირობები ბიზნესის კეთებისთვის (იგ. ოფშორული ზონები) უნდა დახურონ ყველა ოფშორული კომპანია საბოლოოდ რუსეთის ბენეფიციარებით. ოფშორები ხელს უწყობს რუსული ფულის დამალვას საჯარო კონტროლის სფეროდან „შავი ფულის“ ზონაში. შედეგად კი ეხმარება კორუფციას, არაკანონიერ გამდიდრებას, ომს სხვა ქვეყნებთან. რუსული ოფშორების დესტრუქცია იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი სხვა ავტორიტარული მთავრობებისათვის. 9. იმპორტიორმა ქვეყნებმა ნულამდე უნდა დაიყვანოს რუსული ენერგიის შესყიდვა. ყველა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე, თუმცა თითოეულ ქვეყანას შეუძლია ენერგიის შესყიდვის დროს რუსეთი სიის ბოლოში დააყენოს. ასევე, რეალური საფრთხეა ნავთობისა და გაზის გადახდების დაგვიანება. განსაკუთრებით ფინანსური სანქციების ფონზე, უფრო და უფრო მეტი დასავლური ბანკი ამბობს უარს რუსეთში გადარიცხვებზე. მართალია, ეს არ იქნება დამატებითი წნეხი ბაზარზე, მაგრამ რუსეთს შესაძლებლობა არ მიეცემა სრულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიოში ნავთობისა და გაზის გაყიდვებში, და ასევე, ვერ მიიღებს შემოსავლებს აგრესიული ომის საწარმოებლად. 10. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა უნდა აკრძალონ ბანკების მიერ სესხების გაცემა რუსეთში ენერგეტიკული პროექტებისათვის ან პროექტებზე, რომელთანაც რუსული კომპანიები თანამშრომლობენ. ასევე, აკრძალონ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტი. უნდა დაიბლოკოს ნებისმიერი ახალი ინიციატივა ან ტექნოლოგია, რისი იმპლემენტაციაც რუსეთს სურს, რათა არ შეიქმნას რუსეთის მიერ მანიპულაციისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ შეიქმნას უნივერსალური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის უცხოელ პოლიტიკოსებს მიიღონ რუსული დაფინანსება ან ეკავოთ თანამდებობა რუსულ კომპანიებში. ორგანიზაციები: Аналітичний центр DiXi Group Громадянська мережа ОПОРА Асоціація енергоефективних міст України Всеукраїнська агенція інвестицій та сталого розвитку Інститут соціально-економічної трансформації Економічна експертна платформа Інститут фінансів та права Центр економічної стратегії Трансперенсі Інтернешнл Україна Центр соціально-економічних досліджень CASE-Ukraine Співзасновник Українського інституту майбутнього Анатолій Амелін Екоклуб Громадська організація “Центр екологічних ініціатив “Екодія” [1] ამჟამინდელი წევრები: ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, კუვეიტი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა საემიროები და ვენესუელა. 10 steps to knock down the putinist regime in energy sector Energy is one of the hardest sectors to sanction. On one hand, Russia is heavily dependent on selling its energy resources, and on the other hand, the decrease of Russian gas supplies will cause the price surge, letting Russia win. Ukrainian experts were calling for years especially on Germany to start a real diversification of sources of energy supply. This was not done. Now the complicated decisions are needed to effectively ban Russia from further use of energy as a weapon against both Ukraine and the EU countries. There is a possibility to limit Russian access to infrastructure, funds, potential new contracts in energy, as well as to the opportunities to continue its propaganda. Below is a detailed explanation. Importing countries should minimize purchases of energy of Russian origin. OPEC countries, the United States, and Canada must increase oil production in order to eliminate Russian oil on the world market over time. Oil in exchange for food policy has to be introduced to ensure trade with Russia during the transition period. 1. Oil&gas majors have to continue exiting from Russian projects not to share with Russia new technologies of natural resource development. First companies, including ВР, Equinor, Exxon, have already started to exit their business with Russia. It is important that other large companies do that. Especially those that currently do not rush into cancelling cooperation or declare mere freeze of investments – such companies as Total, Wintershall, Trafigura and other. It is important to execute pressure also on non-Western companies that own shares in Russian projects – such companies as the Indian ONGC Videsh, the Japanese SODECO, JOGMEC, NEXI, Mitsui, and Mitsubishi. 2. The EU has to take over the management of gas storages in the EU that are currently controlled by Gazprom. This will help not to repeat the situation with their insufficient filling last winter. Gazprom did not fill its storages in 2021 that became one of the reasons for increasing prices in Europe. The situation remains to be critical as of this February, and Russian officials threaten of even higher gas prices for the EU.It is necessary to ensure the general management of Ukraine’s gas transportation system with the EU, its usage as a backup storage for Europe. It is also necessary to ensure priority in exploration and development of Ukrainian gas fields (2nd place in Europe in terms of reserves) and ousting Russia from the European market. 3. The EU has to confiscate the assets that belong Russian energy companies, or to transfer them into temporally management by the national concerns. This includes gas pipelines (OPAL, Nord Stream, part of Yamal-Europe), chemical industry facilities, electricity generation, oil refineries. Shares of the Russian companies in their European intermediaries have to be frozen. The example of Moldova shows how Russia easily manipulates its foreign assets to create pressure on public officials in a country. 4. Countries all over the world have to stop cooperation with Rosatom and its subsidiaries. The dependency on Russia in nuclear energy is absolutely the same as the dependency in gas sector. Slovakia started refusing from such cooperation, and it is important for other countries to follow this example. The supplies of Russian uranium also have to be sanctioned. To replace Russian fuel a nuclear fuel plant is to be set up in Ukraine. 5. Renowned international PR agencies have to stop cooperation with Russian energy companies, such as Gazprom. Promotion of the Nord Stream 2 construction in Europe is a vivid example of how much money was put by Russian officials into the propaganda, using their energy companies. Support to spreading manipulations has to be stopped. 6. The EU has to make Russia implement the European legislation and grant an access to gas supplies from Central Asian countries. The European Commission has to develop a template contract for energy supplies from Russia in the framework of the Energy Union. That would help it not let Gazprom manipulate each country. Such a template has to include requirement to Russia to work under the European legislation. If such norms will be simultaneously demanded from all EU-based buyers, Russia will have no other option but to agree. The additional factor can be resumption of the antitrust probe by the European Commission into Russian impact on the European gas prices in 2021-2022. 7. The EU member states and the U.S. have to demand more transparent reporting of the Russian energy companies. It is lack of transparency in their operation, as well as ignoring of the ESG (environmental, social, governance) standards, that enabled to pump out millions to prepare war, enrich people in power, spread corruption, unlawfully seize territories of other countries. Public reporting of each license, e.g. based on the EITI standards, has to become an absolute requirement for any dialogue with energy companies. It is not a Russian choice, but rather a mandatory condition. 8. Countries with special conditions of doing business (offshore zones) have to close all offshore companies with Russian final beneficiaries. It is offshores that are a way of hiding Russian money from public control in the “black cash” zone that further supports corruption, unlawful enrichment, as well as wars in other countries. Destruction of Russian offshores will become a signal for other authoritarian countries. 9. Importer countries have to decrease to a zero the priority of buying Russian energy. Not all countries can afford to fully refuse from Russian oil or gas right now. However, all countries can put Russia the last in the list of producers to buy energy from. Payments for oil and gas can be delayed. Considering financial sanctions, even more Western banks refuse to transfer payments. This will not put an additional pressure on the market, but will not let Russia to be fully included into selling oil and gas in the world, as well as receive revenues for the needs of aggressive war. 10. The U.S., the EU, Japan and other countries have to ban banks from providing loans for energy projects in Russia or together with Russian companies, as well as to ban modern technology exports. Any new initiatives or technologies that Russia wants to implement have to be blocked not to create opportunities for Russia to manipulate and bypass sanctions. A separate focus of work is the creation of universal mechanisms to prevent foreign politicians from receiving Russian funds and holding posts in Russian companies. Аналітичний центр DiXi Group Громадянська мережа ОПОРА Асоціація енергоефективних міст України Всеукраїнська агенція інвестицій та сталого розвитку Інститут соціально-економічної трансформації Економічна експертна платформа Інститут фінансів та права Центр економічної стратегії Трансперенсі Інтернешнл Україна Центр соціально-економічних досліджень CASE-Ukraine Співзасновник Українського інституту майбутнього Анатолій Амелін Екоклуб Громадська організація “Центр екологічних ініціатив “Екодія”
- გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობის დამოკიდებულება ბუნების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1960-1970-იან წლებში მსოფლიოში უამრავი ადამიანი ჩაერთო სხვადასხვა გარემოსდაცვით მოძრაობებში. გარემოს დაცვა კი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა, როგორც განვითარებულ, ასე განვითარებად ქვეყნებში. ამისი მაგალითად ისიც კმარა, რომ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბდა გარემოს დაცვის სამინისტროები თუ სააგენტოები. საერთაშორისო დონეზე კი, არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა. დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა უცნაურადაც კი მოგვეჩვენოს, რომ მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობას მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქმის არ გააჩნდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გამონაბოლქვი განსაკუთრებულად აწუხებდათ დიდ ქალაქებში, მაგალითად, ლონდონსა და ლოს ანჯელესში, 1970-იან წლებამდე თითქმის არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც ასეთ ელემენტარულ საკითხებს დაარეგულირებდა. ასევე არ არსებობდა რეგულაციები წყლის დაბინძურებასა და ნარჩენების (ნაგვის) მართვის შესახებ.[1] ამ მხრივ დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ყოველდღიურობის ნაწილია.[2] რა თქმა უნდა, ამჟამინდელი სახელმწიფო კანონმდებლობა შეიძლება სულაც არაა სრულყოფილი. თუმცა, აშკარაა, რომ სულ რაღაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და მდგრადი განვითარება, მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებად იქცა. საინტერესოა, როგორ მოვედით აქამდე? გზა მდგრად განვითარებამდე მდგრადი განვითარების ცნება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა პოლიტიკური, ეკოლოგიური და ინტელექტუალური დებატებისა და ბრძოლების შედეგად გაჩნდა. 1960-იან და 1970-იან წლებში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება ინდუსტრიალიზაციის, უსაზღვრო ეკონომიკური ზრდისა და კონსუმერიზმის დედამიწის ეკოლოგიაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ამ პერიოდში არაერთი მწერალი, ინტელექტუალი, მეცნიერი, და პოლიტიკოსი ღიად აკრიტიკებდა ადამიანის მომხმარებულურ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ, და ცდილობდა საზოგადოების ყურადღება გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე მიეპყრო.[3] შედეგად, მსოფლიო საზოგადოებისთვის ცხადი ხდებოდა, რომ კაცობრიობის ეკონომიკური კეთილდღეობა ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაზე იდგა (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი და სხვა), რაც ეკოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებდა. ეს ასევე გავლენას ახდენდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, წყლის სისუფთავეზე, და სხვა. ამ მოვლენების შედეგად „მდგრადი განვითარება“ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო დღის წესრიგშიც აღმოჩნდა.[4] უკვე 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მათ შორის იყვნენ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) და ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF). ამ ორგანიზაციებმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საერთაშორისო არენაზეც დაიწყეს. ამავე პერიოდში, ასევე, შეიქმნა არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აკრიტიკებდნენ კონსიუმერიზმის უარყოფით გავლენას ბუნებაზე და ადამიანებს შორის სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე. არაერთი ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც 1970-იან წლებში დაარსდა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და ფასეულობების ცვლილებას. 1960-1970-იანი წლების პერიოდის საზოგადო შეშფოთებასა და დარდს კარგად გამოხატავს ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ზრდის ზღვარი“ (“The Limits to Growth”). ნაშრომი მსოფლიო ორგანიზაცია „რომის კლუბმა“ („The Club of Rome“) გამოსცა. ნაშრომში ნათქვამი იყო, რომ თუ იმჟამინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდებოდა, მსოფლიო სავალალო ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს მიიღებდა. კვლევის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ შეუძლებელი იყო ეკონომიკური წარმოების უსასრულო ზრდა - არსებობდა ზრდის ზღვარი. ხოლო თუ ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნდებოდა, კვლევის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ზღვარს 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწევდა.[5] ამის მიზეზი კი მზარდი ინდუსტრიალიზაცია, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, მსოფლიოში არსებული საკვების უკმარისობა, ბუნებრივი არა-განახლებადი რესურსების ამოწურვა, და გარემოს დაბინძურება იქნებოდა. ერთად აღებული, ამ მოვლენებმა ბიძგი მისცა საერთაშორისო პროცესს, რომელიც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არაერთ კონფერენციას, კომისიასა და შეთანხმებას მოიცავდა. მათ შორის, პირველი 1972 წლის სტოკჰოლმში გამართული კონფერენცია იყო, სადაც პირველად გაცხადდა გარემოს დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან პრობლემად. სტოკჰოლმის კონფერენციაზე საერთაშორისო დონეზე ერთ ჩარჩოში პირველად მოექცა ეკონომიკური ზრდა, ჰაერის, წყლისა და ოკეანეების დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.[6] ბრუნთლენის კომისია - „ჩვენი საერთო მომავალი“ რას გულისხმობს მდგრადი განვითარება? მდგრადი განვითარების ცნების პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ბრუნთლენის კომისიამ (Brundtland Commission), რომელიც 1987 წელს გაიმართა გაერთიანებული ერების (გაეროს) ორგანიზაციის გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის ორგანიზებით. კომისიის მიზანი იყო ხელი შეეწყო ერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ახალი გლობალური დღის წესრიგი წარედგინა.[7] კომისიის შემადგენლობაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი ძირითადი მიზანი იყო, რომ გარემოსდაცვით თემატიკას არ დაეჩრდილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც იყო ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა.[8] ბრუნთლენის კომისიამ საფუძვლიანად მიმოიხილა მსოფლიოს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემები და გამოაქვეყნა ანგარიში სახელად „ჩვენი საერთო მომავალი“. ანგარიშში ხაზი გაესვა ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას. კომისიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელი იყო გარემოს დაცვაზე ზრუნვა, ისევე, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამას გულისხმობს „მდგრადი განვითარება“. ანგარიშში წერია: „კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს მდგრადად, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღევანდელი მოთხოვნილებები, ისე, რომ არ დაეკარგოს მომავალ თაობებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.“[9] შესაბამისაც, „ჩვენი საერთო მომავალი“ აყენებს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ეხება საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებასა და დედამიწის ბუნებრივი რესურსების ათვისებას ისე, რომ დაცული იქნას ოქროს შუალედი ეკოლოგიასთან. ანგარიშის მიხედვით, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალი ტექნოლოგიური განვითარება ხელს შეუწყობდა ამ წონასწორობის მიღწევას. შეიძლება ითქვას, რომ მდგრადი განვითარება როგორც თაობათა შიდა, ასევე თაობათა შორის სამართლიანობის პრინციპს ემყარება და ამავდროულად ეყრდნობა სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხს: ეკოლოგიას, ეკონომიკასა და საზოგადოებას.[10] თავად მდგრადი განვითარების პროცესი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები მუდმივად ითვალისწინებდნენ ამ სამი საკითხის ურთიერთდამოკიდებულებას. ამას დამატებული, აფასებდნენ როგორც მათ თანხვედრას (complementarities), ასევე მათ შორის შესაძლო დათმობების საჭიროებას (trade-offs). ამ ურთიერთდამოკიდებულების მუდმივი ანალიზი მნიშვნელოვანია კაცობრიობის განვითარების ხელშეწყობისთვის საერთაშორისო, ეროვნულ, საზოგადოებრივ თუ ინდივიდუალურ დონეზე.[11] კრიტიკა მდგრადი განვითარების ის განმარტება, რომელიც ბრუნთლენის კომისიამ დაამკვიდრა დღესაც ხშირად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ეხვეოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. პირველ რიგში ეს კრიტიკა ეხებოდა მდგრადი განვითარების ცნების ბუნდოვან და გაურკვეველ განმარტებას, რომელიც მიხედვითაც რთულია ნათელი მიზნის ან მიზნის მიღწევის კონკრეტული გზების დასახვა.[12] შედეგად ვიღებთ, რომ მდგრადი განვითარების ბრუნთლენის კომისიისეული განმარტება საშუალებას იძლევა ცნების პრაქტიკაში გადმოტანისას, ის კონკრეტულ მიზანზე მორგებით განისაზღვროს. ეს პრობლემურია და ხშირად გაურკვევლობას იწვევს. მეორე მნიშვნელოვანი კრიტიკა ეხება სიღარიბის არასრულფასოვან დახასიათებას. კერძოდ, ბრუნთლენის ანგარიშში სიღარიბის მთავარ გამომწვევ მიზეზებად არასაკმარისი ტექნიკური ცოდნა (know-how) და რესურსების მართვის შესაძლებლობების ნაკლებობა (lack of capacities) იყო დასახელებული. შესაბამისად, სიღარიბიდან დაძლევისთვის აუცილებლად, სწორედ ცოდნის გაღრმავება, სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარება, და რესურსების სწორი შეფასება/მართვა იყო მიჩნეული.[13] ამასობაში, სრულიად უგულვებელყოფილი იყო ისეთი ღრმა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობა, როგორიცაა მაგალითად მიწის რეფორმები, ან კულტურული ღირებულებების ცვლილების საჭიროება (მაგალითად დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ზედმეტად მომხმარებლური ცხოვრების სტილი).[14] მიუხედავად ამისა, ბრუნთლენის ანგარიშმა დიდი როლი ითამაშა მდგრადი განვითარების საკითხის წამოწევაში და შეძლო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინა მნიშვნელოვან დილემაზე: თუ განვითარება ეფუძნება არამდგრად ეკონომიკურ ზრდას, ის აუცილებლად მიგვიყვანს ეკოლოგიურ კატასტროფამდე. რა მდგომარეობაა დღეს? 2000-იანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო დონეზე განვითარების ახალი, განახლებული ხედვა გაჩნდა. კერძოდ, ეს ცვლილება უკავშირდება გაეროს ათწლეულის განვითარების მიზნებს (Millennium Development Goals - MDGs), სადაც სიღარიბისა და შიმშილის დაძლევასთან ერთად ხაზი გაესვა საერთაშორისო განვითარებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და გენდერული თანასწორობა.[15] 2015 წელს კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა ახალი „მდგრადი განვითარების მიზნები“ (Sustainable Development Goals - SDGs), რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას, პლანეტის დაცვას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ყველასთვის.[16] მდგრადი განვითრების 17 მიზანი ბევრად უფრო ფართო და ამბიციურია, ვიდრე მანამდე არსებული ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი. მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე თანაბრად ვრცელდება. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, სიღარიბის დაძლევას, ჯანდაცვასა და განათლებას დაემატა არაერთი მიზანი, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს. მე-13 მიზანის ჩამოყალიბებაზე (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) დიდი გავლენა იქონია იმ პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებებმა პარიზის შეთანხმების შესახებ და მიზნის ქვეშ არსებული აქტივობებიც შესაბამისად განისაზღვრა.[17] ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 2015 წლის შემდგომი საერთაშორისო განვითარების დღის წესრიგი მკვეთრად ორიენტირებულია როგორც ადამიანებზე, ასევე პლანეტაზე, საზოგადო კეთილდღეობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მითითებული წყაროები: [1] Richard N. L. Andrews, Managing the Environment, Managing Ourselves: A History of American Environmental Policy, 2nd ed (New Haven: Yale University Press, 2006). [2] Ann Hironaka, Greening the Globe: World Society and Environmental Change (Cambridge: Cambridge University Press, 2014), https://doi.org/10.1017/CBO9781139381833. [3] მათ შორის იყვნენ ალდო ლეოპოლდი, რეიჩელ კარსონი, ჩარლს რაიხი, ე.ფ. შუმახერი, რეიჩელ ვარდი, ლინ უაითი, ვანდანა შივა, და ა.შ. [4] M. R. Redclift and Delyse Springett, eds., Routledge International Handbook of Sustainable Development, Routledge International Handbooks (London ; New York, NY: Routledge, Taylor & Francis Group, 2015). [5] John Blewitt, “1. Towards Sustainable Development,” in Understanding Sustainable Development, Third edition (London ; New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2018), 7–40. [6] United Nations, “United Nations Conference on the Environment, Stockholm 1972,” United Nations (United Nations), accessed April 26, 2021, https://www.un.org/en/conferences/environment/stockholm1972. [7] Ksenia Gerasimova, Our Common Future, 2017, https://public.ebookcentral.proquest.com/choice/publicfullrecord.aspx?p=4906227. [8] Blewitt, “1. Towards Sustainable Development.” [9] WCED, “Report of the World Commission on Environment and Development: Our Common Future,” 1987. [10] Justice Mensah, “Sustainable Development: Meaning, History, Principles, Pillars, and Implications for Human Action: Literature Review,” ed. Sandra Ricart Casadevall, Cogent Social Sciences 5, no. 1 (January 1, 2019): 1653531, https://doi.org/10.1080/23311886.2019.1653531. [11] Mensah. [12] Renu Agarwal and Dr. Anu Bharti, “Key Issues Relating to the Concepts of Development, Sustainability and Sustainable Development,” Cosmos - An International Journal of Management 9, no. 1 (September 30, 2019): 15–19. [13] Sharachchandra M. Lélé, “Sustainable Development: A Critical Review,” World Development 19, no. 6 (June 1991): 607–21, https://doi.org/10.1016/0305-750X(91)90197-P. [14] Lélé. [15] United Nations General Assembly, “55/2. United Nations Millennium Declaration” (New York, 2000). [16] United Nations General Assembly, “70/1. Transforming Our World: The 2030 Agenda for Sustainable Development” (New York, 2015). [17] Diana M Liverman, “Geographic Perspectives on Development Goals: Constructive Engagements and Critical Perspectives on the MDGs and the SDGs,” Dialogues in Human Geography 8, no. 2 (July 2018): 168–85, https://doi.org/10.1177/2043820618780787.











