top of page

ეკოსოფელი - სოციალური ინოვაცია ბუნებრივი გარემოს რეგენერაციისთვის

შესავალი

თანამედროვე სოციალური და კლიმატური ტრანსფორმაციების კვალდაკვალ, მსოფლიოში ვხვდებით ისეთ ტენდენციებს, რომლებიც მიმართულია მდგრადობასა და სტაბილიზაციისკენ. მათ შორის, იკვეთება ეკო-დასახლებების, მიზანმიმართული მდგრადი სამეზობლოების და ეკოსოფლების მზარდი რიცხვი. მსგავსი, ხშირ შემთხვევაში, თვითორგანიზებული ჯგუფები, შეიძლება ჩაითვალოს ცვლილების ერთ-ერთ აგენტებად, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ უფრო მდგრად გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარადიგმაზე გადასვლას.

დამძიმებული ეკოლოგიური და სოციალური კრიზისების ფონზე, რომლებიც კაპიტალიზმთან და კლიმატის ცვლილებასთან ასოცირდება, გახშირდა მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები ქართულ საზოგადოებრივ და პირად დისკუსიებშიც. ამჟამინდელი განხილვები და პრაქტიკები მდგრადობასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზეა და შორს არის საერთო საზოგადოებრივი თანხმობისგან.

ამის ერთ-ერთ ხელის შემწყობ ფაქტორად ისევ ცნება „მდგრადი განვითარება“ გვევლინება, რომელიც მასიურად გამოიყენება კაპიტალისტური მოდელების მიერ, და პრაქტიკაში, სრულდება უდავოდ, ეკონომიკური ზრდის მომხრეთა სასარგებლოდ, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის საზიანოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოძრაობების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო თუ სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, ქართულ საზოგადოებრივ და აკადემიურ სივრცეებში ფაქტობრივად არ ან ძალიან მწირად გვხვდება ისეთი ნაშრომები, რომლებიც ამ საკითხის გარშემო თეორიულ ანალიზს შემოგვთავაზებდა ან ამ საკითხს აღწერდა, განმარტავდა და მიმოიხილავდა.

წინამდებარე ტექსტი შეეცდება წარმოაჩინოს და მიმოიხილოს:

  • „ეკოსოფლების“ კონცეფციის საერთაშორისო განმარტებები

  • ერთ-ერთი პირველი პროექტი „Findhorn“ შოტლანდიაში

  • GEN (Global Ecovillage Network) – გლობალური ეკოსოფლების ქსელი

  • რამდენად აუცილებელია ჩვენს რეალობაში მსგავსი ურბანული თუ სოფლის სივრცული მოდელების არსებობა, მათზე ცოდნის მოგროვება და გაანალიზება

  • რა სოციალურ რეალობასა და ურთიერთობის ახლებურ ფორმებს ქმნის მსგავსი სამეზობლოები

რას წარმოადგენს ეკოსოფლები?

ჯონათან დაუსონის (2015) მიხედვით, ეკოსოფლები იმდენად არაერთგვაროვანი მოვლენაა, რომ შეუძლებელია მათი აღწერა ერთი მოდელით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა სხვა ეკოსოფლის მახასიათებელს. ეს დაშვება გამომდინარეობს მათი მრავალფეროვანი წარმომავლობისგან. შესაბამისი ეკონომიკური, სოციალური თუ ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში შეიძლება განსხვავებული ფორმა, შინაარსი და ადგილობრივი მახასიათებლები ჰქონდეს, ხოლო ეს ნიშნები კონკრეტული ტიპის დასახლების განსაზღვრისას ზოგჯერ ერთმანეთთან იკვეთება.

რამდენიმე ძირითადი მოძრაობა, რომელიც თვითკმარობის და სულიერების გამორკვევის იდეის რეალიზაციისთვის იღწვოდა, გვხვდება მონასტრებში, აშრამებში, განდიანურ მოძრაობებში, გარემოსდამცველებში, პაციფისტებში, ფემინისტებში, და 1960-1970 წლის ალტერნატიული განათლების მოძრაობებში. მდიდარ ქვეყნებში ეს მოძრაობები „back to the land” (დავუბრუნდეთ მიწას) სახელით გვხვდება და ხშირად ისინი „დახურულ სამეზობლოებს“ წარმოადგენენ. განვითარებად ქვეყნებში კი, მონაწილეობითი ჩართულობის სახეს იძენს.

ტერმინის „ეკოსოფელი“ ფართოდ გამოყენება დაიწყო 1991 წლიდან. აქტივისტებმა რობერტ და ნაიან გილმანებმა დაიწყეს ისეთი დასახლებების აღწერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც შეიძლებოდა შთაგონების წყარო გამხდარიყო საზოგადოებებისთვის, რომლებსაც სურდათ მდგრადი სამეზობლოები შეექმნათ. შემდეგში ეს სამეზობლოები იწოდებოდა, როგორც ეკოსოფლები. მას შემდეგ, მსგავსი დასახლების მოდელები მომრავლდა როგორც გლობალურ ჩრდილოეთში, ისე გლობალურ სამხრეთში.

ამ მოვლენების პარალელურად, უკვე არსებული საზოგადოებრივი თემები იწყებენ თვითიდენტიფიცირებას და საკუთარ კომუნებს ეკოსოფლებს უწოდებენ. მსგავსი მაგალითი გვხვდება შოტლანდიაში (Findhorn) - ცნობილი როგორც “ეკოსოფლების დედა” (Litfin, 2014). თავდაპირველად, ეს მიზანმიმართული საზოგადოება (Intentional Community) ფოკუსირებული იყო სულიერ განვითარებაზე (Forster, Wilhelmus, 2005)


1990-იანი წლების შემდეგ კონცეფციის მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია მოხდა. ახალ განმარტებას (ივნ. 2007) GEN (გლობალური ეკოსოფლების ქსელი) ვებგვერდიდან ასეთი ფორმულირება აქვს:

„ეკოსოფელი არის მიზანმიმართული, ტრადიციული ან ურბანული საზოგადოება, რომელიც იყენებს ლოკალური მონაწილეობის პროცესებს, რათა ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებების ინტეგრირება მოახდინოს მდგრადი სოციალური და ბუნებრივი გარემოს რეგენერაციისთვის.”(GEN, 2017)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეფციის ფართო ფორმულირება საშუალებას იძლევა მოიცვას ბევრი ფენომენი, რაც აისახება მოძრაობის არაერთგვაროვნებაზე. თუმცა, ეკოსოფლების უმრავლესობა მაინც შეგვიძლია მოვხაზოთ საზიარო კონტურებში, ისინი აშკარა მიზანმიმართულობით ცდილობენ ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლას მსოფლიოსთან, ამ საზოგადოებებს განსაკუთრებით სურთ გავლენა იქონიონ მეინსტრიმული ცხოვრების წესზე. საკუთარი მოქმედებით ისინი პოზიციონირდებიან, როგორც „მოდელები“, „ცოცხალი მაგალითები“, „მდგრადობის ლაბორატორიები“, „სადემონსტაციო სივცრეები“ (Ergas, 2010; Meijering, 2012; Boyer, 2015; Bossy, 2014; Liftin, 2014; Lockyer, 2010).

2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ UN (მდგრადი განვითარების მიზნების თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში - Ecovillage Initiative for Achieving the SDGs) მოიწვია მთავრობები, გაეროს სააგენტოები, კერძო ბიზნესები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა გაერთიანებულიყვნენ ეკოსოფლების განვითარების გამოყენების გზით სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ბუნებრივი გარემოს აღსადგენად და თითოეული ადამიანისთვის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად. მათი განმარტებით „ეკოსოფლები“ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი საზოგადოებებია, ისინი იყენებენ ადგილობრივი წარმოების მასალებს, ქმნიან „მწვანე“ შენობებს, ასობით ეკოსოფელში აღინიშნება ნახშირბადის საერთო ნეგატიური ნაკვალევი (negative carbon footprint), იყენებენ მდგრად ინფრასტრუქტურას შესაბამისი ტექნოლოგიებით, აქცენტირებენ ბუნებრივი გარემოს აღდგენასა და დაცვაზე, მიირთმევენ ორგანულ, ძირითადად არაცხოველურ საკვებს, ერთმანეთს უზიარებენ ტექნიკასა და აღჭურვილობას.

ეკოსოფლები და საქართველო

ადგილობრივ, ქართულ დისკურსში, ეკოსოფლების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა 2017 წელს (https://www.facebook.com/EcovillageGeorgia), რომლის მიზანია მდგრადი თემური ცხოვრების დანერგვა/პრაქტიკა, როგორც საქართველოს სოფლების აღორძინების საშუალება.

თემის წევრები აქტიურად ეძებენ ადგილს ეკოსოფლის მოწყობისა და დასახლებისათვის, თუმცა უკვე მისდევენ მდგრად, ჯანსაღ, ბედნიერ და დაბალანსებული ცხოვრების წესს ერთმანეთთან და ბუნებასთან ჰარმონიაში, ხელს უწყობენ კულტურულ და ბიო მრავლაფეროვნებას, იცავენ ბუნებრივ რესურსებსა და კლიმატს.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიც დაფუძნებულია „ეკოსოფელი საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის ხედვაზე და მის მოდელებს გულისხმობს.

გამოყოფენ მდგრადი განვითარების სამ მოდელს:

1. სოციალური მდგრადი განვითარება:

  • ჩვენ არ მივმართავთ ძალადობის ან აგრესიის ფორმებს და პატივს ვცემთ ერთმანეთს;

  • ნარკოტიკების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია, ასევე, მოწევა შენობაში და ბავშვების გარემოცვაში;

  • პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად ვილტვით მათი ინტეგრაციისკენ ჩვენს ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში;

  • თითოეულ წევრს შეაქვს წვლილი თემში მისი უნარების შესაბამისად და აქტიურ როლს თამაშობს თემის ცხოვრებაში (მაგალითად, უნდა იყოს ერთი ან მეტი სამუშაო წრის აქტიური წევრი);

  • ყველა წევრს აქვს უფლება დაიცვას სულიერი და რელიგიური წესები როგორც პირადად, ასევე, ჯგუფურად, მაგრამ სხვებისგან არ უნდა მოითხოვოს იგივე;

  • ხელოვნება და კულტურა თავისუფლად გამოიხატება და წახალისდება;

  • ვითვალისწინებთ მოხალისეებს, რომლებიც მუშაობენ საკვების და დაბინავების სანაცვლოდ.

2. გარემოს მდგრადი განვითარება:

  • მიწაზე ვმუშაობთ პერმანენტული კულტურის და ორგანული აგრიკულტურის პრინციპების მიხედვით, რომლებიც იდენტიფიცირებულია ორგანული აგრიკულტურის მოძრაობების საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ პესტიციდებს, ქიმიურ გამანაყოფიერებლებს ან სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს მიწაზე, სახლში ან სხვა საქმიანობებში;

  • ვსარგებლობთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტით ეკოსოფლის მიდამოებში და შეძლებისდაგვარად მის გარეთაც;

  • ჩვენს ნახარჯ და გამოყენებულ წყალს ვექცევით მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით;

  • შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებთ პლასტმასის გამოყენებას და სათანადოდ განვათავსებთ ჩვენს ნარჩენებს მახლობელ ქალაქში. ორგანული ნარჩენების კომპოსტირებას ვახდენთ ადგილზე;

  • ჩვენი შენობები აგებულია ბუნებრივიან გამოყენებული მასალებით, როგორიცაა ხე, ქვა, თიხა, თივა, საბურავები და ცარცი (კირი);

  • უსარგებლოდ არ ვხარჯავთ წყალს, ენერგიას ან საკვებს;

  • ჩვენი შენობები ენერგო-ეფექტურია და შეძლებისდაგვარად მოიხმარს განახლებად ენერგიას;

  • ცხოველები საოჯახო მეურნეობის ან ფერმების ნაწილია, მაგრამ მათ უნდა მოვექცეთ პატივისცემით, არ მივაყენოთ ტანჯვა და მივცეთ საშუალება, თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებების შესაფერისად იცხოვრონ.

3. ეკონომიკური მდგრადი განვითარება:

  • მცხოვრებლები პასუხისმგებლები არიან, ეკოსოფლის მშენებლობის ეტაპზე, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარი საჭიროებებისათვის;

  • ბიზნესმა წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების ერთი ან მეტი მიზნის მიღწევაში;

  • სათემო შენობებზე და ბაღებზე ზრუნავენ მაცხოვრებლები და მოხალისეები;

  • გათვალისწინებულია სოციალური ბიზნესი და კოოპერაციული საზოგადოებები, რომლებიც მხარს უჭერს საკუთარ აქტიურ წევრებს, თემს და პროექტებს. წახალისებულია ალტერნატიული ეკონომიკური სისტემებით ექსპერიმენტირება;

  • ურთიერთმხარდაჭერა;

  • კეთილგონივრული გაცვლითი ვაჭრობა სოფლის შიგნით.

გამოყენებული ლიტერატურა:

LITFIN, K. Ecovillages: Lessons for Sustainable Community. Cambridge: Polity Press, 2014. 224 p.

DAWSON, J. Ecovillages: New Frontiers for Sustainability. Green Books, 2015. 12. 96 p.

MEIJERING, L. Ideals and Practices of European Ecovillages. In: ANDREAS, M.; WAGNER, F. (Ed.). Realizing Utopia - Ecovillage Endeavors and Academic Approaches. Munich: Rachel Carson Center - Perspectives, 2012. p. 31-41.

bottom of page