top of page

კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა რესპირატორული ალერგიული დაავადებების მიმდინარეობაზე #ABC

ალერგიული დაავადებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად განიხილება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასთმისა და სხვა რესპირატორული ალერგიული დაავადებების გავრცელება, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.

კვლევები ადასტურებს, რომ გლობალური დათბობის და გარემოს დაბინძურების პირობებში, გახანგრძლივებულია მცენარეთა ყვავილობის პერიოდი და გაზრდილია გარემოში მცენარეთა მტვრის გამოყოფის ინტენსივობა. აერობიოლოგიური პროცესები ასოცირებულია წვიმის, ქარისა და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორების ცვლილებებთან. გარდა ამისა, გარემოში ტემპერატურისა და ატმოსფერული აირების მატება იწვევს მცენარეთა ალერგენული თვისებების ზრდას და რადგან მცენარეთა მტვერი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ალერგენს, ხოლო დაბინძურებული ჰაერი განიხილება, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი ალერგიული დაავადებების განვითარებისთვის, სწორედ ზემოთ აღნიშნული განაპირობებს ასთმის, ფილტვის ობსტრუქციული დაავადების, რინიტის გავრცელების მატებას და მათი მიმდინარეობის სიმძიმეს, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახება სეზონური ალერგიული პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე.

იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაცული იყოთ გარემოს არასასურველი გავლენისგან, მნიშვნელოვანია გქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან და გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • აკონტროლეთ ჰაერში მცენარეთა მტვრის შემცველობა სპეციალური კალენდრის მიხედვით;

  • მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას დილის საათებში, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია;

  • იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში;

  • დაკეტეთ ფანჯრები, ჩართეთ კონდიციონერი;

  • გამოიყენეთ შენობაში ჰაერის გამწმენდი ფილტრები;

  • სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, ჩამოირეცხეთ დალექილი მტვერი;

  • მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს.

იმისთვის, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს პრობლემა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მასთან ბრძოლაში:

  • დარგეთ ხე და მიიღეთ მონაწილეობა გარემოს გამწვანებაში;

  • უპირატესობა მიანიჭეთ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას;

  • დანერგეთ ნარჩენების მართვის პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში;

  • ჩაერთეთ გარემოს დაცვით აქტივობებში პოლიტიკის შემქმნელებთან, ჯანმრთელობის დაცვის მესვეურებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად.

აუცილებელია, ერთად ვიზრუნოთ გარემოსა და კლიმატზე, რაც საშუალებას მოგვცემს ავირიდოთ მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.


გამოყენებული წყაროები:






bottom of page