top of page

ნანგრევებიდან მდგრადი უკრაინის აღდგენის მწვანე ოცნება

Updated: Oct 18, 2022

ომით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევა იძლევა ერის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც უფრო მდგრად საძირკველს დაეფუძნება. ასეთი გეგმები უკვე ისახება.


თავდაპირველი სტატია „The Green Dream to Rebuild a Sustainable Ukraine from the Rubble of War“ გამოქვეყნდა პოლიტიკური ჟურნალისტიკის გაზეთში „POLITICO“ 2022 წლის 11 სექტემბერს

ტექსტის ავტორი: სებასტიენ მალო, კლიმატის რეპორტიორი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის „Knight Science Journalism-ის“ მეცნიერ-თანამშრომელი. Reuters-ში ის აშუქებდა გარემოსდაცვით, კლიმატის და ენერგეტიკული სამართალწარმოების საკითხებს.

თარგმანის ავტორები: თაკო კაპანაძე, ნიკოლოზ ამირეჯიბი, გვანცა გვერდწითელი, „ქლაიმათ ბეიზიქსი“

მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. / ილუსტრაცია: Marcin Wolski


ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსულმა ჯარმა საზღვარი გადაკვეთა და დაბომბვით ემუქრებოდა უკრაინის დედაქალაქს, ალექსანდერ შევჩენკო თავის შავ მინი კუპერში ჩაჯდა და მშობლიური ქალაქი დატოვა.


მაგრამ შევჩენკოს, ურბანულ დამგეგმავს, რომელიც საკუთარ სააგენტოს მართავს კიევში, თვალი მომავალზეც ეჭირა. 1 მარტს, ომის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, 31 წლის ახალგაზრდამ Facebook-ზე შემდეგი შეტყობინება გამოაქვეყნა:

„რადგან ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ არმიას ფინანსურად, ჩვენი „Zvidsy Agency“ ხსნის დამატებით (ფრონტს)... - მზადება ჩვენი ქვეყნის აღსადგენად... დამიკავშირდით... თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მხარი დაუჭიროთ ჩვენს იდეას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს.”


არაკომერციული ორგანიზაცია, „ReStart Ukraine“, რომელიც შევჩენკომ დააარსა, არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებს შორის, სადაც მწვანე იდეების მხარდამჭერი უკრაინელები გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე ფოკუსირებულ რეკონსტრუქციის გეგმებს აყალიბებენ. მის მოწოდებას ასობით ადამიანი გამოეხმაურა. Facebook-ის შეტყობინების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე, დაახლოებით 300-მა ადამიანმა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან გამოთქვა სურვილი გამხდარიყვნენ მოხალისეები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პროექტში. ახლახანს გამოქვეყნებული რეკონსტრუქციის სამთავრობო ხედვა წარმოგვიდგენს ქვეყანას, რომელიც ფერფლიდან ხელახლა იბადება და გადადის მწვანე ეკონომიკაზე. მოცემული გეგმა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაბალ-ნახშირბადიანი რეკონსტრუქციის პირველი მცდელობაა მსოფლიოში.


აღსადგენი კი ძალიან ბევრია.

დროებითი მოდულური შენობების პროექტირება ქალაქ ჰოსტომელში. / საავტორო ეგზემპლარი: „Aranchii Architects“/RecreateUA.com


ომის დაწყებიდან გასულია ექვსი თვე. ამ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საომარმა მოქმედებებმა დააზიანა და გაანადგურა დაახლოებით 131,000 საცხოვრებელი კორპუსი, 25,000 კილომეტრი გზა და დაახლოებით 2,000 მაღაზია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო თებერვალში, თითქმის 14 მილიონმა ადამიანმა (უკრაინის მოსახლეობის მესამედმა) დატოვა ქვეყანა. სექტემბრის დასაწყისში 600,000-ზე მეტ მომხმარებელს შეეზღუდა წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 235,000 სახლი ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე დარჩა.


მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. ომამდე უკრაინა სტაბილურ ნაბიჯებს დგამდა მწვანე ენერგო ტრანზიციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ეკონომიკა დიდწილად ემყარებოდა დამაბინძურებელ ინდუსტრიებს, რკინისა და ფოლადის წარმოებას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიების წილი გაიზარდა და ქვეყნის ენერგიის მოხმარების 8,1% შეადგენს, თუმცა ეს მონაცემები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. მართალია, ომმა შეაფერხა უკრაინის ენერგოსექტორის გარდაქმნა, მაგრამ ომის ნგრევამ ბევრს უბიძგა დაეწყოთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ მაქსიმალურად გამოიყენოს მომავალი რეკონსტრუქცია, რომელიც აუცილებელი იქნება, და გადადგას ნაბიჯები უფრო მდგრადი ეკონომიკისკენ.


უკრაინაში ომის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას შესაძლოა ასტრონომიული თანხები დასჭირდეს, მაგრამ ამ პროცესს სარგებელიც შესაბამისი ექნება, როგორც თვითონ უკრაინისთვის, ასევე, ევროკავშირისთვის, რომელმაც ომისშემდგომი ქვეყნის კავშირში მიღების პერსპექტივას მხარი დაუჭირა. დღესდღეისობით კი, ომით განადგურებული ქალაქების მზარდი რიცხვის შესაბამისად, რეკონსტრუქციის გეგმებიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უკვე დაიწყეს მინიმუმ სამი ქალაქის დაგეგმარება, და ეს ყველაფერი უკრაინის მთავრობის გეგმების გარეშე.


ომამდე შევჩენკოს „Zvidsy Agency“ აპროექტებდა სხვადასხვა საჯარო სივრცეებსა და აწყობდა სამუშაო შეხვედრებს ურბანისტებისთვის, სადაც მასავით მოტივირებული ახალგაზრდები რეკრეაციული ზონების დაპროექტებაზე აზრებს ცვლიდნენ. საომარი მოქმედებების დაწყებისას, სააგენტო ყველაზე დიდი პროექტის განხორციელებას ასრულებდა: სივრცითი განვითარების გეგმა მელიტოპოლისთვის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ომმა ეს პროექტი ჩაშალა, მაგრამ გარკვეულწილად, გაიხსნა შესაძლებლობების უფრო დიდი ფანჯარა. „POLITICO-სთან“ ვიდეო შეხვედრისას, შევჩენკო, რომელიც დღეს უკრაინის დასაველთით მდებარე ქალაქ ლვივში ცხოვრობს, სიმშვიდეს ასხივებდა. ის მსჯელობდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე: „როგორ უნდა შეიქმნას ქალაქის მწვანე სტრუქტურა ისე, რომ იყოს სტაბილური და მისი ეკოლოგიური მხარეები ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ დეგრადირდეს?“ „რა შეიძლება იყოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები?“

ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიჰივში, რუსული ოკუპაციის დროს დაღუპულთათვის მასობრივი საფლავები მოაწყვეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაო მიცვალებულებს ვეღარ იტევდა. ომმა საკუთარი სახლი დაატოვებინა თითქმის 14 მილიონ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის მესამედი / ფოტო: Ryhor Bruyeu/Alamy Stock Photo; Valeria Ferraro/SOPA Image


„ReStart Ukraine-ის“ ყველაზე გაბედული პროექტი არის გენერალური გეგმა, რომელიც ამ თვეში გამოქვეყნდება და ჩრდილოეთ უკრაინული ქალაქის, ჩერნიჰივის, მწვანე პიონერად ქცევას ისახავს მიზნად. ერთსაუკუნოვანი ქალაქის ომამდელი ქუჩის ფოტოგრაფია აღბეჭდავს ბავშვებს ფერად-ფერადი სკეიტბორდებით, საყიდლებზე გამოსულ ქალებსა და კაცებს ქალაქის ძველ უბანში, ქვაფენილებზე არეკლილ ოქროსფერ მზის სხივებს. ბოლო პერიოდის ფოტოები კი დანტეს ჯოჯოხეთს მოგვაგონებს. ბავშვი, გაქვავებული სახით ნანგრევებში დგას და ხის თოფი უჭირავს. უკრაინელი ჯარისკაცი ხალისიანად იღიმება და მტრის დატყვევებული ტანკის წინ ფოტოსთვის პოზირებს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი რუსულმა ტანკებმა და ჯარისკაცებმა აპრილში დატოვეს, რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებენ ჩერნიჰივის რეგიონის დაბომბვას. ეს სწორედ ის ტილოა, რომელზეც შევჩენკო და მისი თანამოაზრეები მუშაობენ, რომელიც მოიცავს საბჭოთა ბრუტალისტურ არქიტექტურას და იმ პერიოდის ურბანულ ბადეებს, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ სსრკ-ს ნაწილი იყო.


როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, ომმა ჩერნიჰივში საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 20% განაადგურა ან დააზიანა. მათ შესაკეთებლად და აღსადგენად „ReStart Ukraine“ განიხილავს რეკონსტრუქციის ისეთ გზას, რომელიც გამოიყენებს მწვანე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული მასიური ხე - მზიდი კედლები, დამზადებული ხის პანელებითა და წებოთი ან ლურსმნებით შეკრული. ეს მასალა ბეტონის ალტერნატივად მიიჩნევა, რომელიც ცემენტს შეიცავს და მსოფლიოში ნახშირბადის გაფრქვევის 7% სწორედ მის წარმოებაზე მოდის.


„ReStart Ukraine-ის“ გეგმა ასევე განილიხავს დაბომბილი შენობებიდან დარჩენილი ნარჩენების, ხე-ტყის, პლასტმასის და ბეტონის ნამსხვრევების ხელახალი გამოყენების გზებს. ბეტონის ნაწილი დაფშვნის შედეგად შეიძლება ხელახლა იქნას გამოყენებული, როგორც შემავსებელი მასალა ახალ ბეტონში. ამავდროულად, პლასტმასი და ხე შეიძლება პირველად მასალად იქცეს ფასადების დასაფარად გარე პანელების დასამზადებლად. როგორც შევჩენკო ამბობს, ომის შემდგომ ჩერნიჰივში შესაძლებელია მდინარე დესნას ნაპირების გამოყენება ფეხით მოსიარულეებისთვის და ბორნებით გადასაადგილებლად, რათა შემცირდეს ხიდზე მანქანების მოძრაობა.


ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ომის შედეგებსა და უკრაინის ბედზეა დამოკიდებული.

უფრო მწვანე უკრაინის მშენებლობა ის პროექტია, რომელიც ევროპის უმაღლესი დონის პირების ყურადღებას იქცევს. ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულს.“ / ფოტო: Michael Buholzer/AFP via Getty Images


უფრო მწვანე უკრაინის აშენება არ არის მხოლოდ რამდენიმე უკრაინელის ოცნება. ეს არის პროექტი, რომელმაც უკვე მიიპყრო ევროპის უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ყურადღება.


ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის აღდგენისთვის გამართულ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე ლუგანოში, შვეიცარიაში, გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება უკრაინელ ერს გადარჩენაში და გაუძღვება მას მწვანე ჰორიზონტისკენ. ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულის.“ მოგვიანებით, იმავე დღეს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმაც იგივე იდეა გააჟღერა.


ლამაზად მორგებულ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილმა შმიჰალმა, მსოფლიო ლიდერებს წარუდგინა უკრაინის აღდგენის გეგმის პირველი პროექტი. გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის „გრძელვადიან ტრანსფორმაციას“, რომელიც მოიცავს „მწვანე გარდაქმნას“, რათა „ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და უკრაინის ეკონომიკური სასწაული რეალობად იქცეს.“ მან განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო იქნება 750 მილიარდი დოლარი. ეს ფასი მსგავსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმისა, რომელიც პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის მოდელი გახდა.


სწორედ 13 მილიარდიანმა მარშალის გეგმამ განაპირობა დასავლეთ ევროპის ეკონომიკური აღორძინება, მათ შორის, განადგურებული ერისა, რომელმაც წამოიწყო კიდეც ომი. ყოფილი მტრის რეაბილიტაციის ცნება 180 გრადუსიანი შემობრუნება იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდის დოქტრინიდან, რომლის დასრულებისას ომში გამარჯვებულებმა გერმანიას რეპარაციები დააკისრეს, რამაც ქვეყანა ეკონომიკურად დაასუსტა და გამოიწვია კიდეც საბოლოოდ ჰიტლერის აღზევება. მარშალის გეგმის მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ მტრული ქვეყნის აღდგენას შეუძლია გააძლიეროს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რაც დანგრეულ ქვეყანას სწრაფი წინსვლის საშუალებას აძლევს, ამტკიცებს ენდრიუ უილიამსი, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, რომელმაც 2005 წელს გამოსცა წიგნი „ლიბერალიზმი და ომი“.


აპრილის დასაწყისში, ომიდან თვენახევარში, გავლენიანი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის - ლონდონში დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე ფოკუსირდება - წამყვანმა ეკონომისტმა უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ დებატები მტკიცედ დაუკავშირა ნაცნობ მარშალის გეგმას. თავის ორმოც გვერდიან “სწრაფი პასუხი” პროექტი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, პროფესიის კორიფეებმა, მათ შორის, უკრაინელმა ტიმოფი მილოვანოვმა, ბეატრის ვედერ დი მაურომ და ბარი აიხენგრინმა, ბევრჯერ ახსენეს 1948 წლის აღდგენის გეგმა. რამდენიმე დღეში აიხენგრინმა გამოაქვეყნა მიმომხილველი სტატია სათაურით „უკრაინისთვის მარშალის გეგმის ფორმირება“, სადაც გადაჭრით დააფიქსირა კავშირი.

უკრაინელ ჯარისკაცებს კიევთან ახლოს, ირპინში, დანგრეულ ხიდზე რუსი ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გადააქვთ. 31 მარტი, 2022. / ფოტო: Efrem Lukatsky/AP Photo


ომის შემდგომ, ევროპასა და უკრაინას შორის ბევრი პარალელი გაივლება. როგორც იმ დროინდელ ევროპას, უკრაინასაც დასჭირდება ცოცხალი ძალა და დამატებითი სახსრები ჩამოშლილი ეკონომიკის რეკონსტრუქციისთვის, ამბობს უილიამსი. უკრაინის არქიტექტორთა ეროვნულმა კავშირმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პოლონეთში, ივნისის შეკრებაზე განუცხადა, რომ არქიტექტორები შეადგენენ უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეძლოს აღდგენა. უკრაინას დასჭირდება დამატებითი ცოცხალი ძალა. მაგალითად, ომამდე არქიტექტორები უკრაინის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს შეადგენდნენ (შედარებისთვის, ევროკავშირში ეს რიცხი 0,25 პროცენტთია), რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ხელებით შეძლოს აღადგენა, განუცხადა უკრაინის არქიტექტორთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელმა ლიდია ჩიჯევსიმ უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პანელს ივნისის შეკრებაზე პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში. და როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, არსებულმა გეოპოლიტიკამ გააღვიძა რუსეთის „გაღიზიანების“ და „გარიცხვის“ სურვილი, თქვა უილიამსმა.


მაგრამ, იმ ეპოქისგან განსხვავებით, არსებული რეკონსტრუქციის გეგმის იდეები დიდწილად ემყარება ევროკავშირის „ამჟამინდელ აკვიატებებს“ და არა შეერთებული შტატებისა, დასძინა უილიამსმა. „ეს შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ არსებობს სურვილი უკრაინის ევროპულ მომავალთან ინტეგრაციისა“, - თქვა მან. ეს აკვიატება მოიცავს ევროპის მწვანე შეთანხმებას, პოლიტიკის წინადადებების ერთობლიობას, რომლის მიზანია ბლოკის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის, დასძინა პროფესორმა.


ოლენა პავლენკო, კიევის ანალიტიკური ორგანიზაციის „DiXi Group-ის“ პრეზიდენტი, ომამდელი უკრაინის დამოკიდებულებას რუსულ საწვავზე ადარებს უკრაინულ გამონათქვამს „სიცოცხლე ან საფულე“ - კითხვას, რომელსაც ქურდები „ბნელ ქუჩებში“ სვამენ.


ამ პრობლემური ურთიერთობებიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნება უკრაინის მიერ 2030 წლისთვის ევროპის მწვანე შეთანხმების შემოთავაზების მიხედვით განახლებადი ენერგიის 32%-მდე აყვანა - ამბობს ანრიან პროკიპი მომავლის უკრაინული ინსტიტუტიდან (the Ukrainian Institute for the Future), ერთ-ერთი უკრაინული ანალიტიკური ცენტრიდან.


მაისში ვიდეო ინტერვიუში, ირინა სტავჩუკი, მაშინდელი უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ამტკიცებდა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხელს შეუწყობდა არამხოლოდ გარემოსა და უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, არამედ ელექტორენერგიის წყაროების დეცენტრალიზაციას, რაც თავის მხრივ, გააძლიერებდა სისტემის უსაფრთხოებას იმ შემთხვევისთვის „თუ რამე მოხდება“. როდესაც მას სთხოვეს დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, სტავჩუკმა ღიმილით უპასუხა: „უბრალოდ არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი შეიძლება ისევ დაგვესხას თავს“. (სტავჩუკმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ დატოვა.) პროკიპი უფრო პირდაპირ საუბრობდა ომის დროს რუსეთის მიერ უკრაინის განახლებადი და არაგანახლებადი ენერგოსადგურებისადმი მიყენებულ ზიანზე: „რაკეტებით განახლებადი ელექტროსადგურების განადგურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროსადგურების“. ეს სწორედ იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის სადგურები, ბევრად უფრო მიმოფანტულია დიდ მასშტაბებზე, ვიდრე თბოელექტრო და ატომური ელექტროსადგურები.


სტავჩუკი მიიჩნევდა, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი გარკვეულწილად განაპირობებდა უკრაინის მიერ დაბალნახშირბადიანი პრაქტიკების შემოღებას. 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის კლიმატის პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებს უახლოვდებოდა, სწორედ ამ წელს დაიდო უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება, რითიც უკრაინამ პირველი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაერთიანებისკენ, განაცხადა ტიბორ შაფჰაუზერმა, უნგრული კლიმატის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის „მწვანე პოლიტიკის ცენტრის“ დამაარსებელმა. შეთანხმების თანახმად, ასოცირებული სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სხვადასხვა ფრონტზე დანერგოს ევროკავშირის მსგავსი პრაქტიკები, მათ შორის, კლიმატისა და ენერგიის პოლიტიკის სფეროში, რაც წარმოადგენს წინაპირობას მათი კანდიდატურის წინსვლისთვის. უკვე ომამდე, უკრაინა ამას აკეთებდა საკმაოდ გულმოდგინედ და გარკვეულწილად უფრო სწრაფად, ვიდრე მოლდოვა და საქართველო, ორი ქვეყანა, რომლებიც ასევე ფლობენ ევროკავშირის წევრობის ამბიციებს, თქვა შაფჰაუზერმა.


2019 წელს უკრაინაში აიკრძალა ფთორნახშირწყალბადები, რომელიც ფართოდ გამოიყენება მაცივრებში და ატმოსფეროში მოხვედრისას აქვს სათბურის აირის ეფექტი. იმავე წელს, ქვეყანამ მიიღო კანონმდებლობა სათბურის აირების ემისიების გასაზომად, რომელიც ცნობილია როგორც მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემა. ეს ნაბიჯი საჭიროა ეროვნული ლიმიტის და ვაჭრობის (cap and trade) სისტემების შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში უკრაინას საშუალებას მისცემს შეუერთდეს ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკის საყრდენს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ომის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჩქარა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მიმართა ბლოკს, რუსეთის შემოჭრის ფონზე ქვეყნისთვის „დაუყოვნებლივ“ მიენიჭებინათ წევრობის სტატუსი. ოთხი თვის შემდეგ ევროკავშირი დიდწილად დათანხმდა კიდეც და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.


ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც სიმბოლური ნაბიჯი. თუმცა, მარი-ევა ბელანჟერი, შვეიცარიის უნივერსიტეტის „ETH Zurich-ის“ უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს დაფინანსება, რასაც ევროკავშირი უკრაინას კანდიდატის სტატუსის ფარგებში გამოუყოფს. ბელანჯერის შეფასებით, უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ქვეყანას შეუძლია ყოველწლიურად 696 მილიონ დოლარზე მეტი მიიღოს. შედარებისთვის, გასულ წელს უკრაინამ მიიღო 140 მილიონი დოლარი ევროკავშირისგან, ეს იმ თანხის ნაწილია, რასაც ევროკავშირი მეზობელი სახელმწიფოებისთვის გამოყოფს. ამგვარად ევროკავშირს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინის „მწვანე“ აღდგენას. რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ სახსრებთან ერთად, დაფინანსების ეს წყარო წარმოადგენს დამატებით თანხას, რომლის მეშვეობითაც ბლოკს შეუძლია უკრაინაში კლიმატ-მეგობრული რეკონსტრუქცია წაახალისოს, წინასწარი პირობით, რომ დაფინანსება დაბალნახშირბადიანი პოლიტიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს, თქვა მან.


შეძლებს თუ არა უკრაინა დაპირებების შესრულებას, ჯერ გასარკვევია. უკრაინის აღდგენის სამთავრობო გეგმის პროექტის მიმართ ისმის გარემოსდამცველების კრიტიკაც, რომლებიც გეგმას უწოდებენ „მიმოფანტულს“ ან „ანტიეკოლოგიურს“, რადგან ის მოიაზრებს პროექტებს, რომლებიც, მაგალითად, ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოპოვებას . კრიტიკა ასევე ეხება დაჩქარებულ პროცესს, რომელიც გულისხმობს სწრაფ მოკვლევას, მაშინ როდესაც მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვეულებრივ მოითხოვს დაგეგმილი სამრეწველო ობიექტების გარემოზე ზემოქმედების სიღრმისეულ შეფასებას.


ანდრეი ანდრუსევიჩი, ლვოვში დაარსებული „რესურსებისა და ანალიზის ცენტრის“ უფროსი ექსპერტი საზოგადოებისა და გარემოს საკითხების მიმართულებით, მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ სადავოა, შეძლებს თუ არა ეს გეგმა ზელენსკის პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას, რაც გულისხმობს არსებული მომენტის გამოყენებას ქვეყნის ევროკავშირთან და მის დაბალ ნახშირბადიან პოლიტიკასთან დაახლოებას. ომის შედეგებისგან უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭო, პრეზიდენტის მიერ შექმნილი ორგანო, ჯერ კიდევ მუშაობს გეგმის საბოლოო ვარიანტზე.


მოცემული გეგმა ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და დაბალნახშირბადიანი ფოლადის წარმოებას, და ამ უკანასკნელის საწარმოებლად მოიაზრებს სუფთა წყალბადს და არა წიაღისეულ საწვავს, ამბობს ანდრუსევიჩი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი საშუალოვადიანი მიზნები მხოლოდ „დეკლარაციული“ ხასიათისაა და აკლია ეკონომიკური მოდელირება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფუჭ სიტყვებად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან „რეფორმების სწრაფი განხორციელების პოლიტიკური ნება ძლიერია, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკრაინას დააკმაყოფილოს ევროკავშირის ტექნიკური მოთხოვნები, რათა საბოლოოდ გაწევრიანდეს კავშირში“, განაცხადა მან.


ერთი რამე ცხადია: „თუ რეკონსტრუქციის გეგმა არ არის მწვანე, მაშინ გარემოსდაცვითი რეფორმები იქნება ბოლო, რაც განხორციელდება. ხოლო, თუ ეს რეკონსტრუქციის გეგმა არის მწვანე, მაშინ გარემოსდაცვითი რეფორმები დღის წესრიგში უფრო მაღლა დადგება“ - განაცხადა მან.

ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მოქმედებებისას დაზიანდა ან განადგურდა დაახლოებით 131,000 საცხოვრებელი კორპუსი, 25,000 კილომეტრი გზა და დაახლოებით 2,000 მაღაზია. / ფოტო: Anatoliy Zhdanov/Sipa via AP Images


შევჩენკო, ურბანული დიზაინის ათეულობით პროფესიონალისგან შემდგარი მისი გუნდი და 300 მოხალისე არ არიან ერთადერთნი, ვინც უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქალაქების გამწვანებას გეგმავს.


აღმოსავლეთ უკრაინის განადგურებული ქალაქი მარიუპოლი, მწვანე და დაბალნახშირბადიანი მომავლისა და რეკონსტრუქციის პროექტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. პროექტს სახელად „Re: Mariupol“ ჰქვია. მარიუპოლი ომამდელი უკრაინის საკვანძო სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც ქარხნის საკვამურები ურბანული პეიზაჟის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ოთხთვიანი ალყის შემდეგ, რომელმაც მისი საცხოვრებელი სახლების 95% დააზიანა, ქალაქი მყარადაა რუსეთის ხელში.


ქალაქი თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით „ძალიან უცნაურად განვითარდა“, თქვა „Re: Mariupol-ის“ წარმომადგენელმა სერგი როდიონოვმა. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრ სხვა ქალაქში, 1930-იან წლებში მარიუპოლის უშუალო გარეუბანში აშენდა ფოლადის ქარხანა, რომელიც დღეს დაზიანებულია ბრძოლის შედეგად. ქალაქის მეტასტაზურმა ცენტრმა სწრაფად შთანთქა ტერიტორია. საცხოვრებლისა და დამაბინძურებელი ინდუსტრიების ასეთი სიახლოვის გამო, ურბანულმა დამგეგმავებმა მარიუპოლის ცენტრი საბოლოოდ ქალაქის დასავლეთით გადაიტანეს. თეატრები და ბიბლიოთეკები იქ 1960-იან და 1970-იან წლებში გამოჩნდა, მაგრამ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა დისჰარმონიული ანსამბლი შექმნა, თქვა მან.

აღმოსავლეთ უკრაინის განადგურებული ქალაქი მარიუპოლი მწვანე და დაბალნახშირბადიანი მომავლისა და რეკონსტრუქციის პროექტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. პროექტს სახელად „Re: Mariupol“ ჰქვია. / საავტორო ეგზემპლარი: RE:MARIUPOL


ასე რომ, მარტის შუა რიცხვებში, როდიონოვმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს რეკონსტრუქციის მანიფესტი, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარ წყვეტას წარსულის მარიუპოლთან და ქალაქის არასრულყოფილი ქსელის გადაკეთებას. „როდესაც ვგლოვობთ, ამავდროულად უნდა წარმოვიდგინოთ“, - ნათქვამია მანიფესტში. „ჩვენ წარმოვიდგენთ მეტალურგიას, ინჟინერიას და ნავსადგურს: მეტი მაღალტექნოლოგიური წარმოებით, წიაღისეულ საწვავზე ნაკლები დამოკიდებულებით, ნახშირბადის ნაკლები კვალით“. დოკუმენტი გვიხატავს უკეთესი ტრანსპორტითა და საზოგადოებრივი სივრცეებით ხელახლა დაბადებულ ქალაქს.


რა თქმა უნდა, ეს გეგმები ჯერჯერობით „სპეკულაციურია“, - თქვა როდიონოვმა. ბოლოს და ბოლოს, ქალაქის ხელისუფლება დევნილობაშია უკრაინის სხვადასხვა კუთხეებში. რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ბოლო უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ 400 000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქს, მაგრამ მარიუპოლის მუნიციპალური ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას და სთხოვს პროფესიონალთა სხვა ჯგუფებს, მათ შორის, პოლიტოლოგებს, დამატებითი წინადადებებით გამოვიდნენ, ამბობს სერგეი ორლოვი, ქალაქის მერის მოადგილე. ორლოვს სჯერა, რომ მარიუპოლი წლის ბოლომდე გათავისუფლდება. ასეა თუ ისე, როდიონოვი თვლის, რომ ეს მცდელობა შექმნის პოსტსაბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების ხელახალი დიზაინის ერთგვარ ეტალონს.


ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქმა ხარკოვმა, რომელიც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, ქალაქის ახალი გენერალური გეგმის შესადგენად მიიწვია არქიტექტორი ნორმან ფოსტერი, ინგლისელი ლორდი, რომლის არქიტექტურული წარმატებების სიაშია „Apple-ის“ ნეოფუტურისტული რგოლის ფორმის შტაბ-ბინა და გერმანული რაიხსტაგის თავზე აღდგენილი შუშის გუმბათი. თავდასხმებმა ხარკოვი ომის პირველივე დღეებში მუხლებზე დააჩოქა. ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი იუწყებოდა, რომ ივნისისთვის რუსულ ძალებს ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების და სახლების თითქმის მესამედი განადგურებული ჰქონდა. ფოსტერმა, ისევე როგორც როდიონოვმა, ხარკივის პროექტი რეკონსტრუქციის მანიფესტის გამოქვეყნებით დაიწყო. ის გვპირდება, ცოტა არ იყოს ბუნდოვნად, „ინფრასტრუქტურისა და შენობების ყველაზე მწვანე ელემენტებს“. ეს რეკონსტრუქციის გეგმა, ისევე როგორც მარიუპოლისა, „მოსალოდნელია, რომ გახდეს რეკონსტრუქციის მაგალითი უკრაინის სხვა ქალაქებისთვის“, ნათქვამია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პრესრელიზში, რომელიც მხარს უჭერს ფოსტერის პროექტს.


ამ ახლახანს წამოწყებულ გეგმებს უკვე გამოუჩნდა რამდენიმე მოწინააღმდეგე. ხარკოვის არქიტექტურის სკოლის (the Kharkiv School of Architecture) თანადამფუძნებელი ოლეგ დროზდოვი, აკრიტიკებდა ხარკოვის გადაბარებას გარეშე პირზე. აპრილში გამართული ვებინარის დროს მან უკმაყოფილება გამოთქვა ბრიტანელების ჩართულობის გამო და ისინი „ინტელექტუალურ კოლონიზაციაში“ დაადანაშაულა. დროზდოვმა უკრაინული უმრავლესობით შემდგარი 50 ექსპერტის კოალიცია შექმნა, სახელწოდებით „ro3kvit“, რომლის მიზანიცაა ქალაქების სამომავლო გეგმების გადახედვა და ომის შემდგომი უკრაინის უკეთ აღდგენა. მოგვიანებით მან მითხრა, რომ რეკონსტრუქციას მიიჩნევს შანსად, როდესაც „უკრაინელ ექსპერტებს შეეძლებათ საქმე ისწავლონ კეთებით“. დამოუკიდებლობის შემდგომ უკრაინას დამოუკიდებლად არასოდეს აუშენებია მთელი ქალაქი, თქვა მან. ”ეს არის კარგი შანსი გადავიდეთ ნედლი ინდუსტრიიდან, უფრო მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე”, - დასძინა მან.

მაშინ როდესაც ბომბები აზიანებენ ქალაქებს, შესაძლებლობების ფანჯრები იხსნება რადიკალური რეკონსტრუქციისთვის. მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი საჰაერო დაბომბვების შემდგომ, ინგლისურმა ქალაქმა ქოვენტრიმ ფეხით მოსიარულეებს გამოუყო სივრცე, რათა უსაფრთხოდ ესეირნათ სავაჭრო ზონებში, ააშენა ახალი ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის ცენტრის გარეთ და იკვეხნიდა მაშინდელი პერიოდის უახლესი ტექნოლოგიით აშენებული სატრანსპორტო რგოლით. | ფოტოები საათის ისრის მიმართულებით ზემოდან მარცხნივ: Eddie Worth/AP Photo;Mirrorpix via Getty Images; AP Photo


შესაძლებლობების ფანჯრები, ქალაქების დაბომბვის შედეგად ნამვილად იხსნება, 25 წლიანი კვლევის შემდეგ ამის აღიარება უწევს პიტერ ლარხამს, დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის საქალაქო უნივერსიტეტის (UK’s Birmingham City University) პროფესორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ლუფტვაფეს მიერ დაზიანებული ბრიტანეთის ქალაქების ისტორიას შეისწავლის. მაგალითად, 1940 წლის ნოემბერში განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ ძლიერ დააზიანა ქალაქ ქოვენტრის ცენტრი, რის შედეგადაც დაიღუპა თითქმის 600 ადამიანი. თუმცა, ამავდროულად, ნგრევის გამო მოიხსნა ის პოლიტიკური ბლოკი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა სახლებით, ქარხნებითა და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით გადაჭედილი ქალაქის გადაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ახალი დიზაინისთვის ნახაზები უკვე არსებობდა, დასძინა ლარხამმა. ”ასე რომ, როდესაც ქალაქი დაიბომბა, რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა ერთგვარ შესაძლებლობას”, - თქვა მან.


მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი საჰაერო დაბომბვების შემდგომ, ინგლისურმა ქალაქმა ქოვენტრიმ, ფეხით მოსიარულეებს გამოუყო სივრცე, რათა უსაფრთხოდ ესეირნათ სავაჭრო ზონებში, ააშენა ახალი, ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის ცენტრის გარეთ და ამაყობდა მაშინდელი პერიოდის უახლესი ტექნოლოგიით აშენებული სატრანსპორტო რგოლით. ლარხამი ამტკიცებს, რომ უკრაინაც იგივე გზას გაჰყვება. როგორც ეს ხდება ხოლმე, კოვენტრი არის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ერთ-ერთი იმ ათეულობით მაგალითიდან, რომელსაც უკრაინის არქიტექტორთა ეროვნული კავშირისა და კიევში დაფუძნებული სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის „PRO PM სკოლის“ არქიტექტორები განიხილავენ, რათა შეისწავლონ წარსულის შეცდომები და წარმატებები, თქვა „PRO PM-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატაშა პრისუხინამ.

სამშაბათს, 2022 წლის 29 მარტს, უკრაინის ქალაქ მიკოლაივის საცხოვრებელ უბანში, წინა ღამით რუსული თავდასხმის შემდეგ დაზიანებული მანქანის წინა მინიდან ჩანს მამაკაცი. / ფოტო: Petros Giannakouris/AP Photo


მოსალოდნელი ზამთარი და მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ომის შემდგომი რეკონსტრუქცია, იქნება ეს მწვანე თუ არა, გრძელვადიანი ხედვაა და დღევანდელ დღეს რამდენიმე თავით არის დაშორებული.


ომის შემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, ოლეკსანდრ სიენკევიჩმა, მდინარისპირა ქალაქ მიკოლაივის მერმა, გარკვევით ისაუბრა: მის ქალაქში 10,000 ჩატეხილი ფანჯარა ნიშნავს, რომ სათანადო რეკონსტრუქციის გეგმები ცოტა ხნით გვერდით უნდა გადაიდოს. ომამდე ქალაქში ფიქრობდნენ გათბობის სისტემის დეცენტრალიზაციაზე, ენერგიის დაზოგვის მიზნით. დღეს ეს შეუძლებელია.


„რთულია“ - თქვა სიენკევიჩმა, - „ქალაქის განვითარებაზე ფიქრი მაშინ, როცა გბომბავენ“.


bottom of page