top of page

ძიების შედეგები

37 items found for ""

  • ცვლილების მოთხოვნით აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდების ხმები ერთიანდება

    აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომელიც ომს, კლიმატის ცვლილების შედეგებსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს ერთდროულად ებრძვის, ახალგაზრდების ხმა და ძალისხმევა იმედის შუქურად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ასეთ შთამაგონებელ ღონისძიებად შეგვიძლია ჩავთვალოთ აღმოსავლეთ ევროპის პირველი რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია (RCOY-EE), რომელიც 22-24 სექტემბერს ვარშავაში ჩატარდა. კონფერენცია ჩატარდა YOUNGO-ს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ბავშვებისა და ახალგაზრდების კონსტიტუციის, ყოველწლიური ახალგაზრდების კონფერენციების (გლობალური (COY), რეგიონული (RCOY) და ადგილობრივი (LCOY)) ციკლის ფარგლებში. აღნიშნული კონფერენციების მიზანია ჩართოს ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კლიმატის პოლიტიკის შექმნის პროცესებში, რომელთა ეპიცენტრიც ყოველწლიური COP მოლაპარაკებების ხდება. რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა 70-მდე ახალგაზრდამ მოიყარა თავი, კლიმატის კრიზისთან ბრძოლისათვის საჭირო რეგიონული და ლოკალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ. ამ დინამიური დისკუსიების შედეგად კი რეგიონული ახალგაზრდების განცხადება (RYS) შეიქმნა. ეს არის რეგიონის ახალგაზრდების კოლექტიური კლიმატ ამბიციური მისწრაფებების კრებული. RYS დოკუმენტი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდების მისწრაფებებსა და მოთხოვნებს, ეხმიანება მათ საზრუნავს და იმედებს მოახლოებული მხარეთა 28-ე კონფერენციისა (COP28) და მათი ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებების მიმართ. RYS-EE მთავარი მოწოდებები 1. ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკასა და მმართველობაში: a. მხარეებმა უზრუნველყონ ახალგაზრდების მონაწილეობა კლიმატის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. b. მხარეებმა წაახალისონ კლიმატის ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადგილობრივი მოძრაობებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება. 2. საგანმანათლებლო ინიციატივები და ცნობიერების ამაღლების გაძლიერება: a. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატისგანათლების ინტეგრირება ეროვნულ გეგმებში. b. მხარეებმა უზრუნველყონ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პედაგოგების კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის მულტიპლიკატორებად გამოყენება. 3. უსაფრთხო და ინკლუზიური აქტივიზმი: a. მხარეებმა შეუწყონ ხელი უსაფრთხო და ინკლუზიური აქტივიზმის უფლებებს, მშვიდობიანი მანიფესტაციის კანონის რეფორმის პარალელურად, რათა არ დაირღვეს აქტიურ მწვანე პოლიტიკის მხარდამჭერი მოქალაქეების უფლებები. b. მხარეებმა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო აქტივიზმისთვის, ადამიანის უფლებების დაცვით. 4. ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: a. მხარეებმა უზრუნველყონ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ადაპტაციის გეგმებში, ყურადღება გამახვილდეს კლიმატთან დაკავშირებულ შფოთვაზე. b. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატის ცვლილებით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებული სერვისების მობილიზება. 5. მდგრადი სოფლისმეურნეობა და სურსათის უსაფრთხოება: a. განხორციელდეს წყლის მართვის ერთიანი, რეგიონული, სტრატეგიების შემუშავება და ინფორმაციის მიმოცვლა. b. მხარეებმა უზრუნველყონ სურსათის ხარისხის რეგულაციების სტანდარტიზაცია და ადგილობრივი, ჯანსაღი კვების სისტემების პოპულარიზაცია. c. მხარეებმა ხელი შეუწყონ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მდგრადობის პრაქტიკის დანერგვას. 6. ინტეგრაცია სხვა სექტორებთან: a. სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირება სატყეო, ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორებთან მდგრადი განვითარებისთვის. 7. განახლებად ენერგიაზე გადასვლა: a. მხარეებმა უზრუნველყონ ენერგიისწყაროების დივერსიფიკაცია, განახლებადი ენერგიის პრიორიტიზირება და წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ამოღება. b. ენერგო ეფექტური პრაქტიკების ხელშეწყობა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება. c. მხარეებმა ხელი შეუწყონ წიაღისეულის მოპოვების სექტორში დასაქმებული მუშაკებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი ხელახალი დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას. 8. ომის შემდგომი აღდგენა და მედეგობის განვითარება: a. მხარეებმა უზრუნველყონ ომის შემდგომი აღდგენის გამჭვირვალე ფინანსური ჩარჩოების ჩამოყალიბება. b. მხარეებმა აღიარონ ე.წ. ეკოციდი, როგორც დანაშაული და მხარი დაუჭირონ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესების დაუყოვნებლივ გატარებას კონფლიქტურ ზონებში. c. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატ-გონივრული აღდგენა კლიმატ მდგრადი სტანდარტების დაცვა. 9. კლიმატი, მშვიდობა და უსაფრთხოება: a. მხარეებმა დაუჭირონ მხარი უკრაინის სამშვიდობო ფორმულარს რეგიონული სტაბილურობისთვის. b. მხარეებმა უზრუნველყონ განახლებად ენერგიაზე გადასვლა რეგიონული დამოუკიდებლობისა და მშვიდობისთვის. c. მხარეებმა დააკისრონ ანგარიშვალდებულება შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდეგ გარემოსდაცვითი დეგრადაციისთვის ბრალდებულ მხარეს. 10. პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება: a. მხარეებმა გამოიყენონ „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი სექტორების ფართე არეალში, მათ შორის კონფლიქტების დროს. მთავარი მოწოდებების ვრცელი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმული მოწოდებების მხარდასაჭერად შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგი ფორმა, რომელიც დაინტერესებული მხარეების გაცნობასა და მათი მოსაზრებების მიღებაში დაგვეხმარება. მომავალი ნაბიჯები და მოქმედებისკენ მოწოდება თითოეული რეგიონის RCOY შედეგების შემდეგი გაჩერება არის გლობალური ახალგაზრდების კონფერენცია (COY18), რომელიც დუბაიში 26-28 ნოემბერს გაიმართება. ამ ღონისძიების დროს შეიქმნება გლობალური ახალგაზრდული მანიფესტი, რომელიც მხარეთა 28-ე კონფერენციის ერთ-ერთ განხილვის საკითხად გადაიქცევა. რატომ არის მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მოპოვება და აღნიშნული მანიფესტების შექმნა? აღნიშნული აქტივობები საზოგადოებას აჩვენებს რომ ახალგაზრდებს შესწევთ ძალა მართონ გლობალური პროცესები და მოახდინონ გავლენა ცვლილებებზე. აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდებისთვის ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავეა, რადგან სოციალურ-პოლიტიკური გარემო აღნიშნულ რეგიონში უფრო ძლიერ ადვოკატირებასა და აქტივიზმს მოითხოვს. RYS– ში მითითებული მოთხოვნები არ არის მხოლოდ მოთხოვნები არამედ აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდობის პოტენციალის აღიარების მოწოდებაა.

  • კლიმატის კრიზისის წინაშე გეგმის გარეშე

    როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც სულ უფრო მეტია ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების მიზეზით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები. მყინვარების დნობა, უხვი ნალექი და წყალდიდობები, გაუსაძლისი სიცხე, თოვლის გარეშე დარჩენილი ზამთრის კურორტები, ტყის ხანძრები და სეტყვით განადგურებული მოსავალი, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, შესაბამისად ბევრ სხვადასხვა ტიპის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებს წარმოშობენ. დაზიანებული ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური ზარალის გარდა, სამწუხაროდ სულ უფრო იზრდება დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვიც. ექსტრემალური ამინდები და ბუნებრივი კატასტროფები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთელობაზე. როგორ გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს? იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირება შევძლოთ, საჭიროა შესაბამისი ეროვნული გეგმა, რომელსაც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნულ გეგმას უწოდებენ. გეგმის მთავარიმიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების პრევენცია და შემცირება. მიტიგაცია(შერბილება) vs ადაპტაცია(შეგუება) მიტიგაცია - კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება. ადაპტაცია - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირება/პრევენცია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უკვე აქვს მსგავსი გეგმები. მაგალითისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ათეული წლებია მუშაობენ რათა მომზადებული დახვდნენ გახშირებულ ექსტრემალურ ამინდებს. ბევრ ქვეყანას უკვე აქვს, როგორც ეროვნული, ასევე მუნიციპალური კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის განახლებული სტრატეგიები და გეგმები. 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მსოფლიო კონფერენციაზე (COP 16) განიხილეს ადაპტაციის ეროვნული გეგმების (NAP) შემუშავების აუცილებლობა. დარგის ექსპერტებმა ქვეყნებს მოუწოდეს დაეწყოთ მუშაობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. კონფერენციამ ჩამოაყალიბა კანკუნის ადაპტაციის ჩარჩო, ასევე ადაპტაციის კომიტეტი და მოუწოდა მხარეებს გაეძლიერებინათ და საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ რეგიონული ადაპტაციის ცენტრები და ქსელები. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, 2022 წელს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC), რომელიც 1300-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს, მეექვსე შეფასების ანგარიში აღნიშნულია, რომ საგანგაშოა კლიმატის საფრთხეებსა და რეაგირების მექანიზმებს შორის არსებული არაპროპორციულობა. რატომ არ აქვს საქართველოს კლიმატის ცვილებასთან ადაპტაციის გეგმა? ჩვენი მთავრობა წლებია ელოდება, თუ როდის მიიღებს სხვა (დონორი) ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას, იმისათვის რომ საქართველოს კლიმატის ცვილებასთან ადაპტაციის გეგმა განავითაროს. სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტში არ მოიძებნა თანხა ამ მნიშვნელოვანი გეგმის მოსამზადებლად, გეგმის რომლის მიზანია ჩვენი მოქალაქეების კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვა. მსგავსი დამოკიდებულება იმაზეც მეტყველებს, რომ ქვეყანაში კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები არ არის პრიორიტეტული. ამჟამად ქვეყნის მთავარი კლიმატის პოლიტიკის დოკუმენტია - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (2021)“. დოკუმენტის მე-5 თავში ვკითხულობთ ადაპტაციაზეც. ყველა წინანადადება იწყება სიტყვებით „საქართველო გეგმავს ...“, მომავალში გეგმავს: საქართველო გეგმავს შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი [...]. ასევე, გეგმავს შეისწავლოს კლიმატის ცვლილების გავლენა მყინვარებზე, მთიანი და სანაპირო ზონის რეგიონების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. საქართველო გეგმავს, განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები ზამთრისა და ზაფხულის მოწყვლადი კურორტებისთვი. საქართველო გეგმავს შეაფასოს და განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისთვის. საქართველო გეგმავს შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე. საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს ენდემური, წითელი ნუსხით დაცული საეობების და სურრსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი აბორიგენული ჯიშების კონსერვაციას. საქართველო გეგმავს, შეისწავლოს შერჩეული ტერიტორიებზე ტყის საფარის მოწყვლადობა. საქართველო გეგმავს, შეაფასოს ადამიანის ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების ეფექტი. საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალისა და ზიანის შემცირება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ეროვნული ადაპტაციის გეგმის განვითარება. როგორი უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა? საინტერესოა ევროკავშირის გამოცდილება. ევროკომისიის დოკუმენტში „მითითებები წევრი ქვეყნებისთვის ადაპტაციის სტრატეგიებისა და გეგმების განსავითარებლად“ დასახელებულია შემდეგი ძირითადი ნაბიჯები: ინსტიტუციური ჩარჩო და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ქვეყანაში რისკის და მოწყვლადობის შეფასება ადაპტაციის ღონისძიებების პრიორიტიზება სამოქმედო გეგმა და განხორციელება მონიტორინგი და შეფასება ამ ნაბიჯების წარმატებით შესასრულებლად, საჭიროა როგორც ფინანსების, ასევე ადამიანური რესუსრსის მობილიზება. რაც მთავარია პრიორიტეტების განსაზღვრა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ეხება მთელ საზოგადოებას და, შესაბამისად, მოითხოვს მმართველობის ყველა დონის და საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობას. ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე უნდა გამოიკვეთოს ადაპტაციის ძირითადი გამოწვევები და ბარიერები. შემდგომ კი, მოხდეს ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება. სამართლიანი მედეგობა (just resilience) ბოლო წლებში „სამართლიანობა“ გახდა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტაციასთან მიმართებაშიც. ეს შედეგია იმ მზარდი მტკიცებულებების, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენენ, თუ როგორ არაპროპორციულად არიან ყველაზე დაუცველი ინდივიდები და თემები კლიმატის ცვლილების რისკის ქვეშ. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გააუარესოს ან შექმნას ახალი უთანასწორობები. IPCC-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად (Synthesis Report 2023, Summary for policymakers): „მოწყვლადობას კიდევ უფრო ამძაფრებს უთანასწორობა და მარგინალიზაცია, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, გენდერთან, ეთნიკურობასთან, დაბალ შემოსავლებთან, შეზღუდულ შესაძლებლობებთან, ასაკთან, ისტორიულ (მაგალითად კოლონიალიზმი) და ამჟამინდელ უთანასწორობის ფორმებთან.“ ცნობილი ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს სხვადასხვა გავლენა აქვთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე. ხშირად ეს გამოწვევები, კიდევ უფრო აღრმავებენ არსებულ უთანასწორობას. არსებობს კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების მიმართ ბიოლოგიურად უფრო მაღალი დაუცველობა, მაგალითად ორსული ქალების, ბავშვების, მოხუცების და ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების. თუმცა, სოციალური რისკ-ფაქტორებიც თანაბრად მნიშვნელოვანია. სოციალურად დაუცველი, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები და თემები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, მათ აქვთ ადაპტაციის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ისარგებლონ ადაპტაციის ქმედებებით. ფინასური შესაძლებლობები (სიმდიდრე) შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტ რესურსს ადაპტირებისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ სიღარიბეში მყოფი ქალების რაოდენობა ჯერ კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე სიღარიბეში მყოფი მამაკაცების რაოდენობა და არსებობს ძლიერი კორელაცია ქალთა სიღარიბესა და ბავშვთა სიღარიბეს შორის. სამართლიანი მედეგობის პრინციპი არის ძირითადი ელემენტი ევროკავშირის რამდენიმე ბოლოდროინდელ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების ადაპტაციასთან, მათ შორის „ევროკავშირის კლიმატის ადაპტაციის სტრატეგია“, „ევროპის მწვანე შეთანხმებისა“ და „ევროკავშირის მისია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესახებ“. ადაპტაციაში შეიძლება გამოიყოს სამართლიანობის სამ ძირითადი განზომილება (SEI, 2023): დისტრიბუციული სამართლიანობა (ვინ არის დაზარალებული და ვინ სარგებლობს) პროცედურული სამართლიანობა (გადაწყვეტილების მიღების პროცესის სამართლიანობის და ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა) აღიარების სამართლიანობა (მრავალფეროვანი ღირებულებების, კულტურისა და მსოფლმხედველობის აღიარება). დამატებით, შეიძლება გათვალისწინებული იყოს თაობათაშორისი სამართლიანობა, ინტერსექციულობა, ასევე ბევრი სხვა ტიპის სამართლიანობა თუ ღირებულებითი მიდგომა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია შეფასებებში და სამოქმედო გეგმაში არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების ფიზიკური ზემოქმედების, არამედ ასევე, სოციალური ფაქტორების, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება. შესაბამისად უმნიშვნელოვანესი იქნება ადაპტაციის გეგმის მომზადების პროცესის გამჭვირვალობა და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა. წყარო: ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC, 2021) Climate Adapt, European Environment Agency (EEA), Towards ‘just resilience’: leaving no one behind when adapting to climate change (2022) European Commission, Guidelines on MS Adaptation Strategies and Plans (2023) IPCC Sixth Assessment Report (2021) IPCC Synthesis Report (2023), Summary for Policymakers SEI publication, Just resilience for Europe: towards measuring justice in climate change adaptation (2023)

  • შეიარაღებული კონფლიქტიდა კლიმატი - რა უნდა ვიცოდეთ

    უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, კონფლიქტის გავლენა მსოფლიოზე კი მალევე გახდა შესამჩნევი. მაგალითად, ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად მოიმატა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებმა, რამაც სრულიად შეცვალა გლობალური ენერგომომარაგების სისტემა. მილიონობით ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი ადგილი, განადგურდა გარემო და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის საკითხი მსოფლიოს ნაწილისთვის ისევ მეორეხარისხოვანი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგომიმწოდებელს წარმოადგენს, მასზე სანქციების დაწესებამ მსოფლიოში ენერგიის კრიზისი გამოიწვია. კრიზისს სახელმწიფოების ნაწილი განახლებადი ენერგიით პასუხობს, ნაწილი კი უბრალოდ ალტერნატიულ ტრადიციულ ენერგიის წყაროებს ეძებს, რომლებიც კიდევ უფრო მაღალი ემისიებით ხასიათდებიან. ასეთია ქვანახშირი. გერმანიის მაგალითმა დაგვანახა, რომ წიაღისეული საწვავიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის მსოფლიო დიდი ხანია მზადაა, უბრალოდ, რუსეთისნაირი აგრესორი ქვეყნებისგან საწვავის ყიდვა უფრო მარტივ და იაფ გზად ესახებათ. ევროპა რუსეთს წიაღისეული საწვავის სანაცვლოდ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა და ამით რუსეთის საომარ საქმიანობას ირიბად აფინანსებდა. მიუხედევად იმისა, რომ ომის შემდეგ სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს და ევროკავშირმა ქვეყნიდან ენერგიის იმპორტი გასული წლის 10 აგვისტოს აკრძალა, დარჩენილი რესურსები ინდოეთმა და ჩინეთმა გაინაწილეს. შედეგად, ახლა რუსეთს იმაზე მეტი ნავთობი გააქვს ექსპორტზე, ვიდრე აქამდე. თუმცა, რიგ ქვეყნებს რუსეთმა თვითონვე შეუწყვიტა ენერგიის მიწოდება, რადგან მათ რუბლით გადახდაზე თქვეს უარი. ბოლო წლების მზარდი ნარატივის მიხედვით, კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და საჭიროებს სამხედრო ინვესტიციებს. თუმცა, არამხოლოდ კლიმატის კრიზისი ქმნის კონფლიქტის საფრთხეს, არამედ კონფლიქტიც აუარესებს კლიმატის მდგომარეობას. თავის მხრივ, ომი გლობალური წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას აძლიერებს, რასაც ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე წვდომის შეზღუდვით ახერხებს. რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად ხანძარი ელექტროსადგურზე. კიევი, 10.10.2022. ფოტო: Serhii Mykhalchuk/Global Images Ukraine ბოლო 60 წლის განმავლობაში შიდა კონფლიქტების 40% მაინც ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით ხდება, იქნება ეს ხე-ტყე, ალმასები, ოქრო, ნავთობი თუ მწირი რესურსები, როგორიცაა ნაყოფიერი მიწა ან წყალი. აღსანიშნავია, რომ რესურსებთან დაკავშირებულ კონფლიქტებში რეციდივის რისკი დანარჩენებთან შედარებით 2-ჯერ მაღალია. გარემოს ომის ჩუმ მსხვერპლს უწოდებენ. შეიარაღებული კონფლიქტები ხშირად იწვევს გარემოს დეგრადაციას, აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რომელსაც შედეგად მოსახლეობის მოწყვლადობის ზრდა მოსდევს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საერთაშორისო სამართლის კანონები, რომლებიც ბუნებრივი გარემოს დაცვას ისახავს მიზნად, ისტორია გვიჩვენებს, რომ ომს არც გარემოს, არც ადამიანების თუ ცხოველების და არც რაიმე სხვის დაცვის კანონები აქვს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაზიანების იარაღად გამოყენება მოიაზრებს ტყის გამიზნულ განადგურებას, გარემოში ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას, ნავთობის საბადოების დაწვას და ა.შ. ომის გავლენა გარემოსა და ადამიანებზე აშკარაა, თუმცა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ზემოქმედება აქვს მას კლიმატზე. მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღები, საფრენი აპარატები, ტანკები და სატვირთო მანქანები, რომლებსაც მხარეები კონფლიქტში უპირატესობის მოსაპოვებლად და მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იყენებენ, უამრავ სათბურის აირებს გამოყოფენ. ომთან დაკავშირებული ემისიების დათვლა კი კონფლიქტის პირობებში საკმაოდ რთულია. მეტიც, ეს ემისიები საერთოდ არაა გათვალისწინებული პარიზის შეთანხმების სამიზნე მაჩვენებლებში, რომლებმაც ტემპერატურული ნამატის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. სანამ კონკრეტულად ომზე გადავალთ, იქამდე იმაზე უნდა გესაუბროთ, თუ რად უჯდება მსოფლიოს სამხედრო ძალების უბრალოდ არსებობა და მათი აღჭურვილობის წარმოება. Guardian-ის მიხედვით, მსოფლიოში სამხედრო ძალები გლობალური ემისიების 6%-ზე არიან პასუხისმგებელნი. ეს რიცხვი თუ თვალში გეპატარავებათ, გეტყვით რომ ბევრი სახელმწიფო საერთოდ არც აღრიცხავს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებულ ემისიებს. მათ შორის არიან რუსეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ისრაელი. ევროკავშირი, რომელსაც ერთად აღებულს ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავს, მხოლოდ ემისიების ნაწილს აღრიცხავს, ისიც ეროვნული უსაფრთხოების მიზნით . სამხედრო მოქმედებები მოიცავს როგორც ავიაციას, ასევე მილიტარისტულ ტექ ინდუსტრიას, საიდუმლო სამხედრო ბაზებს და ა.შ. მშვიდობის დროსაც კი, სამხედროები უდიდესი რაოდენობით წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ. მაგალითად, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში, სამთავრობო უწყებებს შორის, სამხედრო განყოფილება ყველაზე მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს იყენებს. აღნიშნულის მოხმარება იზრდება სახელმწიფოებში სამხედრო უწყებების დაფინანსების ზრდის პარალელურად იმის მიუხედავად, არის თუ არა სახელმწიფო ჩართული კონფლიქტში. სამხედრო ძალების უბრალოდ შენარჩუნებაც კი უკვე აუარესებს კლიმატის მდგომარეობას, აქტიური საომარი მოქმედებები კი მაქსიმალურად ზრდის მისი ზიანის პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ემისიებმა, შესაძლოა, წელიწადში ასობით მილიონ ტონა ნახშირორჟანგს მიაღწიოს. ეს რიცხვები რომ კარგად აღიქვათ, გეტყვით, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები რომ ქვეყანა ყოფილიყო, ემისიების რეიტინგში 50-ე ადგილს დაიკავებდა. ამ რეიტინგში საქართველო 105-ე ადგილზეა. სამხედრო ძალები განახლებად ენერგიაზე გადასვლის საქმეში პიონერები არიან, განსაკუთრებით ისეთ საბრძოლო ზონებში, როგორიც ავღანეთია. ამის მიზეზი ენერგიის ისეთ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება იყო, რომლებიც, ტრანსპორტირებისას, ადვილად შეიძლება მტრის სამიზნე აღმოჩნდეს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედროები განახლებად ენერგიაზე გადავლენ და საომარ მოქმედებებს გააგრძელებენ, პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩება. Salon-ის თანახმად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გასული ოცი წლის განმავლობაში, სხვა ქვეყნებში, 337 000 ბომბზე მეტი ააფეთქეს. თვითმფრინავები, რომელთა საშუალებითაც აღნიშნული იარაღები გადაიტანეს, 1 კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს წვავს. 2021 წლის კონფლიქტისა და გარემოს დაცვის ობსერვატორიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ს სამხედრო ემისიები არც მეტი არც ნაკლები 23.5 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი იყო. გაერთიანებულ სამეფოში კი სამხედრო ემისიები 2018 წლის მაჩვენებელს - 11 მლნ ტონა ნახშირორჟანგს ახლა სულ მცირე სამჯერ აღემატება. ბრაუნის უნივერსიტეტის შეფასებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა 2001 წლიდან 2018 წლამდე, საომარი მოქმედებებით ატმოსფეროში 1.3 მილიარდი ტონა სათბურის აირების ემისია გამოიწვია. მდგომარეობა არც ახლაა დამაიმედებელი. აშშ-ს 2022 წლის ბიუჯეტი ახალი ბენზინზე მომუშავე მფრინავი აპარატებისა და საომარი მოწყობილობების შეძენაზე იყო გათვლილი. ეს იარაღები შეიძლება ომში საკმაოდ ეფექტიანი იყოს, მაგრამ ენერგიის ხარჯვაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მაგალითად, ახალი F35 რეაქტიული თვითმფრინავი 1 საათიანი ფრენისთვის 6 000 ლიტრ საწვავს საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ახალი აღჭურვილობაც წიაღისეულ საწვავზე მუშაობს, სამხედროების დეკარბონიზაციას ჯერ არ უნდა ველოდოთ. COP27-ზე უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან მხარეთა კონფერენციამდე ქვეყანაში 33 მლნ ტონა სათბურის აირი გაიფრქვა, აქ მხოლოდ ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანძრებისა და ნავთობის მარაგების დაწვის შედეგად გაფრქვეული ემისიებია გათვალისწინებული. ომის მიმდინარეობის ერთ წელში კი ემისიების მაჩვენებელი 120 მლნ ტონას გაუტოლდა. სტრილეცის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენა კიდევ უფრო მეტი ემისიების - 49 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაშვებას გამოიწვევს. შეიარაღებული კონფლიქტისა და კლიმატის ცვლილებას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი 1991 წლის სპარსეთის ყურის მეორე ომია. ერაყის სამხედრო ძალებმა უკან დახევის დროს ნავთობის 727 ჭას წაუკიდეს ცეცხლი. შედეგად გაფრქვეულმა აირებმა კი იმ წელს გლობალური ემისიების 2-3% შეადგინა. ერაყის სამხედრო ძალებმა უკან დახევის დროს ნავთობის 727 ჭას წაუკიდეს ცეცხლი., ფოტო: picture-alliance/Photoshot/J. Jordan აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტი 2 ტრილიონი დოლარია, რაც დაახლოებით 12-ჯერ აღემატება კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ყოველწლიურ ბიუჯეტს . Global Responsibility-ს მეცნიერისა და სამხედრო ემისიების ექსპერტის, სტიუარტ პარკინსონის თქმით, ნებისმიერი ომის დანახარჯები წიაღისეულ საწვავთანაა დაკავშირებული. სამხედრო ხარჯების ზრდა კი, შესაბამისად, მეტ ემისიებს უკავშირდება. აქვე უნდა აღვნიშნო ნახშირორჟანგის "მარაგის" — ტყის განადგურება. დეფორესტაციის დროს, ბიომრავალფეროვნების კარგვასთან ერთად, ატმოსფეროში მთელი რიგი ტოქსიკური აირები თავისუფლდება, ამიტომ ხანძრები ხშირად გამოიყენება მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ხანდახან ეს პროცესი გამიზნულად არ მიმდინარეობს და შეიძლება კონფლიქტის პარალელულად განვითარდეს. მაგალითად, კოლუმბიის ათწლიანი კონფლიქტის დროს ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორია უმართავი დარჩა და, შედეგად, დეფორესტაციის მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. ემისიები გაიფრქვევა არამხოლოდ თავდასხმისას, არამედ თავდასხმის შემდგომ აღდგენითი ღონისძიებების დროსაც. მაგალითად, სირიაში, ომის შედეგად დანგრეული ქალაქების აღდგენის დროს, სავარაუდოდ, იმავე რაოდენობის სათბურის აირები გაიფრქვევა, რა რაოდენობის ემისიაც შვეიცარიაში ყოველწლიურად ხდება. კარგი ამბავი ისაა, რომ NATO თავის წევრებს ავალდებულებს, 2050 წლისთვის ნულოვან ჯამურ ემისიებს მიაღწიონ. ამ მიზნის შესასრულებლად განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიების რეგულარულ და გამჭვირვალე აღრიცხვას მიექცევა, რაც საკმაოდ დამაიმედებლად ჟღერს. იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო ემისიების სავალდებულო აღრიცხვა ქვეყნის კლიმატის მიზნების შესრულებას აფერხებს, ამან, შესაძლოა, ქვეყნებს შორის კონფლიქტზე შემაკავებელი გავლენა იქონიოს. ნულოვანი ემისიების მისაღწევად განახლებად ენერგიაზე სრული გადასვლა გახდება საჭირო. შესაბამისად, მდიდარი სახელმწიფოების შემოსავალი, რასაც ისინი წიაღისეული საწვავის ექსპორტით იღებენ, თანდათან შემცირდება და მათ კონფლიქტისა და შეიარაღების დასაფინანსებლად ადრინდელივით დიდი რესურსები აღარ ექნებათ. თუმცა, NATO-ს კლიმატის მიზნები შედეგს არ გამოიღებს, თუ სახელმწიფოები, პარიზის შეთანხმების მსგავსად, ამ უკანასკნელის დაპირებებსაც უგულებელყოფენ. გარდა ამისა, არსებობს უფრო დისტოპიური მომავლის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიხედვითაც ქვეყნები ერთმანეთს აღნიშნული მიზნების შესრულებაში გამიზნულად შეუშლიან ხელს. ასევე, IPCC - ის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარშემო არსებულმა საერთო დაძაბულობამ, შესაძლოა, კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე გლობალურ თანამშრომლობას ძირი გამოუთხაროს. სცენარი სავაჭრო ომებს წინასწარმეტყველებს, რასაც ნაციონალიზმის გაძლიერება მოსდევს, შედეგად კი მსოფლიოში ტემპერატურული ნამატი 4 გრადუსს სცდება.

  • მდგრადი საჯარო შესყიდვები და რეგულირების რეფორმა საქართველოში

    საქართველოში, 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება 5,754,188,526 ლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.[1] ამასთან, საჯარო შესყიდვები ქმნის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მშპ-ს დაახლოებით 25-30%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მდგრადი საჯარო შესყიდვა სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას მოიაზრებს, ყოველი საჯარო შესყიდვა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და მისი წახალისების პოტენციურ შესაძლებლობას იძლევა. მდგრადი საჯარო შესყიდვები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი (მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა), რომელიც წარმოადგენს ენერგოეფექტურობის, მდგრადი ინფრასტრუქტურის, რესურსეფექტურობის, ღირსეულ სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მიზნების 12.7 ამოცანა ითვალისწინებს მდგრადობაზე ორიენტირებული საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას, ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად. ხაზგასასმელია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტების გათვალისწინებასაც გულისხმობს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის, აგრეთვე, სხვა სოციალური და შრომითი უფლებების გათვალისწინება საჯარო შესყიდვის განხორციელებისას. ამდენად, მდგრადი საჯარო შესყიდვები პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთანაც და მისი დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება და ხაზი გაუსვა ვაჭრობასთან დაკავშირებული შრომითი და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები მოიცავს, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის საჯარო შესყიდვების სფეროს დაახლოებას ევროდირექტივების მოთხოვნებთან და მდგრადი და ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების მიდგომების დანერგვას ეროვნულ დონეზე. საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, შემუშავებულ იქნა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი [2], რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. ხაზგასასმელია, რომ ახალი კანონპროექტი სრულად უჭერს მხარს საჯარო შესყიდვების განხორციელებისას მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებას და მოიცავს არაერთ დებულებას მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკული იმპლემენტაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება — ენერგოეფექტური შესყიდვების მიდგომა უკვე იმპლემენტირებულია ეროვნულ დონეზე [3]. რა არის მდგრადი საჯარო შესყიდვები? მდგრადი საჯარო შესყიდვა განმარტებულია როგორც პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზაციები საკუთარ მოთხოვნილებებს საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოსა და კომუნალურ მომსახურებაზე იკმაყოფილებენ ისე, რომ მიღწეულ იქნეს ხარჯეფექტურობა მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, იმგვარად, რომ სარგებელი მიიღოს არამხოლოდ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, არამედ საზოგადოებამ და ეკონომიკამ, გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით [4]. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და მის დანახარჯზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებულ ხარჯებს, მათ შორის, ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია: · სარგებლობასთან; · ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან; · მოვლასთან; · გადამუშავებასთან. მდგრადი საჯარო შესყიდვა მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ საყრდენს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს შორის. მდგრადი საჯარო შესყიდვების ეკონომიკური ასპექტი უკავშირდება შესყიდვის ობიექტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებას და მოიაზრებს შესყიდვის ეფექტიანობასა და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადების მიღებას. მდგრადი საჯარო შესყიდვების სოციალური ასპექტი მოიცავს სოციალური თანასწორობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დაცულობას, ადამიანის უფლებებისა და შრომის სამართლის პრინციპების დაცვას. მდგრადი საჯარო შესყიდვების გარემოსდაცვითი ასპექტი მოიცავს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მდგრად მართვას, კლიმატზე გავლენის შემცირებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას, პროდუქტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადობის მოთხოვნების ინტეგრირებით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით, მდგრადი საჯარო შესყიდვები მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამასთან, ეკონომიკური თვალსაზრისით, მდგრად საჯარო შესყიდვებს გააჩნია ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პოტენციალი, რამდენადაც მისი განხორციელებისას გათვალისწინებულია სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომა, რაც უფრო მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტის (რომელიც თავის მხრივ, უფრო ხანგრძლივად ფუნქციონირებს) შესყიდვის საშუალებას უზრუნველყოფს. ამავე დროს, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების დანერგვის შემდგომ გაიზრდება შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნა მდგრად, გარემოსადმი მეგობრულ და ენერგოეფექტურ პროდუქტებზე. შესაბამისად, მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია გახდება ბაზარზე მდგრადი საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების გავრცელების რეალური ინდიკატორი, ისევე როგორც, მწვანე ინოვაციის მამოძრავებელი ძალა. მითითებული და გამოყენებული წყაროები: [1] წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია: http://procurement.gov.ge/files/showfiles?id=753badc3-0ada-4fe4-9639-481664f946ec [2] ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/24292 [3] დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს N411 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები“, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5536747?publication=0 [4] წყარო: Procuring the Future – the report of the UK Sustainable Procurement Task Force, ივნისი, 2006. დეფინიცია შემუშავებულია Marrakech Task Force-ისა და One Planet Network-ის მდგრადი საჯარო შესყიდვების პროგრამის მიერ.

  • როგორ ჩავერთოთ სკოლის მოსწავლეების კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში?

    გამარჯობა, მე მქვია თათია და ვარ 15 წლის, ვცხოვრობ ქალაქ გორში და ვარ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სკოლის მოსწავლე. ჩემი ჰობისა და სხვა საქმიანობების გარდა დაინტერესებული ვარ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხებით. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგიყვეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ახალგაზრდებმა საქართველოში, იმისათვის, რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ პრობლემაზე. შეიძლება გაგვიგია სიტყვა გლობალური დათბობა ან კლიმატის ცვლილება, და ვიცით, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. მეტიც, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მსოფლიო ლიდერები ერთობლივი ძალებით ცდილობენ. კლიმატის ცვლილება საკმაოდ სერიოზული საკითხია, რასაც ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენგანი, ეს არაა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პრობლემა - არამედ ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება. კლიმატის ცვლილებამ მრავალი ახალი დაბრკოლება წარმოშვა, მაგალითად გვალვები, წყალდიდობა, ღვარცოფი, მოუსავლიანობა, ცხოველების სახეობების გადაშენება და რაც მთავარია საფრთხე შეუქმნა ადამიანს, მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩემს ქალაქ გორში არის ძლიერი ქარები, იმდენად ძლიერი, რომ შენობებს სახურავს ხდის, აზიანებს ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ადამიანებს. თუმცა, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში. რა შეიძლება გავაკეთოთ სკოლის მოსწავლეებმა დღეს საქართველოში? პირველად გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხებით გეოგრაფიის გაკვეთილზე დავინტერესდი და მის შემდეგ ვცდილობ ვიპოვო შესაფერისი პროექტები, სადაც მონაწილეობას მივიღებ, ავიმაღლებ ცოდნას და რაც მთავარია ვისწავლი, თუ როგორ შეიძლება საინტერესო პროექტი მეც შევქნა. მიფიქრია, მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ გავავრცელო ინფორმაცია იმ დიდი საშიშროების შესახებ რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და რა გვჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ბოლო პერიოდში, უფრო მეტად გავაქტიურდი ამ მხრივ. 2022 წლის ზაფხულში, გაეროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში სახელად „კლიმატის ელჩები“ მივიღე მონაწილება. იქ, 10 დღე დავყავი და უამრავი ახალი რამ გავიგე გარემოსა თუ მოსალოდნელ საფრთხეებზე. ჩემს ჯგუფელებთან ერთად შევქმენი პროექტი CDD- Climate Driven Disasters, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ვატარებთ კლიმატით გამოწვეულ კატასტროფებსა და მდგრად განვითარებაზე. ამის შემდეგ UNDP Georgia-სთან ერთად ჩავწერე მოკლე ვიდეო, ქარის ენერგიაზე , რომელიც აიტვირთა პლათფორმაზე „Dear World Leaders“ კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე #COP27-ზე მსოფლიო ლიდერებს წარედგინა. თავიდან არ მეგონა, რომ ბანაკი რაიმე დიდს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ აღვმოჩნდი სწორი. თუ დაინტერესებული ხართ კლიმატის საკითხებით, გირჩევთ თვალი ადევნოთ: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, Climate Basics • ქლაიმათ ბეიზიქს, UNDP Georgia, CENN, CDD-Climate Driven Disasters, მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ და სხვა ორგანიზაციებს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის დავუკვირდეთ და დავფიქრდეთ, რა გავლენა აქვს ჩვენს საქციელს, რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ, რამდენად ხშირად ვმზავრობთ მანქანით, ნაგავს სად დავყრით, წყალს როგორ და სად დავაბინძურებთ, სად და რომელ პერიოდში ვინადირებთ. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ დედამიწა, უბრალოდ უნდა დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს და ვიზრუნოთ გარემოზე.

  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული „ზარალის და ზიანის“ შეთანხმება

    ძირითადი კითხვები და პასუხები გვანცა გვერდწითელი, ნინო ჯანაშია 2022 წლის ნოემბერში, კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე (COP27), რომელიც ეგვიპტეში მიმდინარეობდა, მსოფლიოს ქვეყნები შეთანხმდნენ „ზარალისა და ზიანის“ მსოფლიო ფონდის შექმნის თაობაზე. ფონდის მიზანი ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერაა, რომელთა მოსახლეობაც კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს უკვე გრძნობს. დღეს, დედამიწის ტემპერატურა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე 1,1°C-ით მაღალია. ამ ცვლილების შედეგებიც უკვე სახეზეა: მომატებული სითბური ტალღები, გვალვები, ზღვის დონის მატება, არაპროგნოზირები ნალექიანობა, წყალდიდობები და სხვა. ალბათ გახსოვთ, წლევანდელი წყალდიდობები პაკისტანში, რომლის შედეგადაც ქვეყნის მესამედი დაიტბორა, რამაც 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზარალი მიაყენა. იმისათვის, რომ ანთროპოგენული კლიმატის ცვლილება შევაჩეროთ, აუცილებელია ამ ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების (ემისიების) შერბილება - მიტიგაცია. ხოლო, კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგებისგან თავის დასაცავად და მოსალოდნელ მოვლენებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია წინაწარ შევემზადოთ - ვადაპტირდეთ. თუმცა, დღეს უკვე ცხადია, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად, მიტიგაციისა და ადაპტაციისკენ (შეგუებისკენ) მიმართული ძალისხმევა საკმარისი აღარაა. კლიმატის ცვლილების უარყოყითი გავლენა უკვე იგრძნობა და გარკვეული სახის დანაკარგები, საზოგადოებაზე თუ ეკოსისტემაზე მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი გარდაუვალია. ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს საერთაშორისო საზოგადოება ამ ზიანსა და ზარალს, გაეროს კლიმატის წლევანდელი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო. აქ მოკლედ წაიკითხავთ პასუხებს ძირითად კითხვებზე, რაც უნდა იცოდეთ კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალისა და ზიანის“ შესახებ. რა არის კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალი და ზიანი“? ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ის სამი ძირითადი მიმართულება, რაც კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად აუცილებელია: კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიების შერბილება (მიტიგაცია) კლიმატის ცვლილების უარყოფითშედეგებთან შეგუება (ადაპტაცია) კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალისა და ზიანის საპასუხო ქმედებები გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებში, „ზარალსა და ზიანს“ უწოდებენ ხარჯს ან სხვა სახის ზიანს, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად მიადგება საზოგადოებას. აქამდე, საერთაშორისო მოლაპარაკებები ძირითადად კონცენტრირდებოდა გლობალური დათბობის შერბილების მცდელობაზე, ან კლიმატის ცვილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციაზე. „ზარალისა და ზიანზე“ ყურადღების გამახვილებით, ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ზარალზე, რომელსაც ქვეყნები ვერც აირიდებენ, ან მასთან ვერც ადაპტირდებიან. მაგალითად, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზიანია ზღვის დონის მატების გამო დაკარგული (ჩაძირული) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან წყალდიდობის დროს დატბორილი სახნავ-სათესი მიწები. რა ითვლება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ „ზარალად და ზიანად“? „ზარალი და ზიანი“ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალურმა ამინდმა, როგორიცაა გვალვა, სითბური ტალღები, ჭარბი ნალექიანობა, ქარიშხალი, ისევე, როგორც ზღვის დონის მატებამ, მყინვარების დნობამ, მიწის დეგრადაციამ, ბიომრავალფეროვნების კარგვამ და სხვამ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ზიანი სამუდამოა, მაგალითად, ზღვის დონის მატების შედეგად იტბორება კუნძულ-სახელმწიფოები. კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს მოაქვთ, როგორც ეკონომიკური ზარალი, ასევე არაეკონომიკური ზიანიც. მაგალითად, არაპროგნოზირებადი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობით სოფლის მეურნეობის სექტორს და მასში დასაქმებულ მოსახლეობას მიადგება ეკონომიკური ზარალი. ეს, თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და იძულებულს ხდის საზღვარგარეთიდან იმპროტის გაძლიერებას, რათა შეავსოს ბაზრის დეფიციტი. არაეკონომიკური ზიანი გულისხმობს, ისეთი სახის დანაკარგს, რაც რთულია დავითვალოთ. მაგალითად, ადამიანის სიცოცხლე, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებების გაქრობა გარემოს ცვლილებასთან ერთად, სტიქიის დროს საზოგადოებაზე მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვა. ვინ არის ყველაზე დაუცველი კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალისა და ზიანის“ პირისპირ? კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალი და ზიანი“ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების უკვე დაუცველ თემებს. მსოფლიოს ყველაზე ღარიბ მოსახლეობას, ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის კლიმატის ცვლილების გამოწვევაში, თუმცა ისინი ყველაზე დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის წინაშე. შესაბამისად, „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსება, კლიმატ-სამართლიანობის საკითხია. მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ქვეყნები წლებია ითხოვენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ისტორიულად დიდი წვლილი მიუღძვით კლიმატის ცვლილების გამოწვევაში, უნდა გადაიხადონ „ზარალისა და ზიანის“ ხარჯი. „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსება, შესაბამისად, გულისხმობს, ადამიანების დახმარებას, მას შემდეგ, რაც ისინი კლიმატთან დაკავშირებულ უარყოფით ზემოქმედებას განიცდიან. ეს ჰგავს ერთგვარ კომპენსაციას ან და კლიმატ-რეპარაციას იმ ზარალისთვის, რაც მდიდარი ქვეყნების მოქმედებების შედეგად მოადგათ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. რამდენიმე ქვეყანამ „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსების მცირე, სიმბოლური ვალდებულება უკვე აიღო. მათ შორის არიან დანია, ბელგია, გერმანია და შოტლანდია, ასევე ევროკავშირი. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი საქართველოსთვის? კვლევებია ჩასატარებელი, იმისათვის რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობა და ზიანი და ზარალი შეფასდეს. ასევე, გამოვთვალოთ ამ მოწყვლადობის ზეგავლენა ეკონომიკის შესაბამის სექტორებზე. მაგალითისთვის, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მაღალმთიანი რეგიონების და მყინვარული ტერიტორიების არსებობიდან გამომდინარე საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. გლაციოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მყინვარების დნობა კავკასიონზე 2000-2020 წლებში ოთხჯერ უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ვიდრე ეს 1911-1960 წლებში იყო. მომატებული დნობის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია ზაფხულის ტემპერატურების მატება და ზამთრის ნალექების კლება. ასევე, საჰარის უდაბნოს მტვერი რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე არაერთხელ დაილექა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ექვივალენტია. ეს პროცესები ბევრ თანმდევ პრობლემას განაპირობებს, როგორიცაა არა მარტო ბუნებრივი კატასტროფები, არამედ მაგალითად ლანდშაპტების ცვლილება და წყლის რესურსების შემცირება. იმ რესურსების კლება, რაზეც ქვეყანა ისტორიულად არის დამოკიდებული. რა წერია კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე (COP27-ზე) მიღებულ შეთანხმებაში? “ზარალი და ზიანის” ანაზღაურების მექანიზმების შექმნაზე მსჯელობა არ არის ახალი საკითხი. განვითარებადი ქვეყნები და პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები ამ ტიპის მექანიზმებს და ფინანსებს მობილიზებას 1991 წლიდან ითხოვენ. 2022 წლის კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას „ზარალისა და ზიანის მსოფლიო ფონდი“. ფონდის მიზანი იქნება კოორდინაცია გაუწიოს საჭირო თანხის მობილიზებას და მიმართვას იმ ღარიბი ქვეყნებისკენ, რომლებიც „განსაკუთრებით მოწყვლადები“ არიან კლიმატის ცვლილების წინაშე. შეთანხმება შეფასდა, როგორც „ისტორიული“ მნიშვნელობის, „წინ გადადგმული ნაბიჯი კლიმატ-სამართლიანობისკენ“. პაკისტანის კლიმატის მინისტრმა შერი რეჰმანმა, შეთანხმებას უწოდა „ავანსი კლიმატ-სამართლიანობისთვის.“ შეთანხებაში ასევე ნათქვამია, რომ თანხის მოზიდვა უნდა მოხდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან, და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებიდან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოვიდა იდეით, რომ თანხა ასევე უნდა შეგროვდეს წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიები მოგების დაბეგვრის გზით. დაფინანსება შეიძლება მიემართოს, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ან ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევასთვის, ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის. თუმცა, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. აღწერილი ღონისძიებების დეტალები და ფონდის სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ჯერ კიდევ არაა ცნობილი და განსაზღვრული ფონდის მოქმედების და მართვის, ასევე მობილიზებული ფინანსების გადანაწილების მექანიზმები. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მომავალ წელს უნდა ველოდეთ. შეთანხებაში ასევე ნათქვამია, რომ თანხის მოზიდვა უნდა მოხდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან, და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებიდან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოვიდა იდეით, რომ თანხა ასევე უნდა შეგროვდეს წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიები მოგების დაბეგვრის გზით. დაფინანსება შეიძლება მიემართოს, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ან ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევასთვის, ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის. თუმცა, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. აღწერილი ღონისძიებების დეტალები და ფონდის სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ჯერ კიდევ არაა ცნობილი და განსაზღვრული ფონდის მოქმედების და მართვის, ასევე მობილიზებული ფინანსების გადანაწილების მექანიზმები. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მომავალ წელს უნდა ველოდეთ. _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • მხარეთა 27-ე კონფერენცია (COP27) - გამოწვევები და შედეგები

    ყველა მხარეთა კონფერენცია თავისებურია, განსხვავებული და განსაკუთრებული პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი. ბუნებრივია, არც ეს მხარეთა კონფერენცია იყო ამ მხრივ გამონაკლისი. ბოლოსდაბოლოს, ეს აფრიკული COP-ი იყო, შესაბამისად, მოლოდინიც მეტი, რომ აფრიკის ქვეყნებს, და მათი გაერთიანებებით შექმნილ ჯგუფებს, როგორიც არის G77+ჩინეთი, უდიდესი გავლენა ექნებოდა მოლაპარაკების პროცესზე. COP-ის ჩატარების ადგილი დაახლოებით ორი წლით ადრე განისაზღვრება-ხოლმე. ის დამყარებულია გაეროს რეგიონულ პრინციპზე და, სწორად ამ 5 რეგიონის ირგვლივ მონაცვლეობს. რომელ რეგიონსაც უწევს როტაცია, იმ რეგიონის ქვეყნები აკეთებენ-ხოლმე განაცხადს და მონაწილეობენ შესაბამის კენჭისყრაში. მაგალითად, საინტერესოა ის, რომ 2024 წელს როტაციის პრინციპით COP უნდა ჩატარდეს აღმოსავლეთ ევროპაში, ამ ეტაპზე საგულისხმოა, რომ ინტერესი გამოხატა ბელარუსმა, ბულგარეთმა და სომხეთმა. COP-ზე მისასვლელად, შეგვეძლო გამოგვეყენებინა სპეციალური მარშრუტებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 40 წუთიდან საათ ნახევრამდე საჭიროებდა დანიშნულების ადგილზე მისვლას, გააჩნია, რომელ სასტუმროში განვთავსდებოდით. რადგან უსაფრთხოების ზომები ძალიან გამკაცრებული იყო, ამდენი ხალხის მობილიზებას და ორგანიზებას დიდი რესურსი და ენერგია სჭირდებოდა, ამიტომ ავტობუსის მარშრუტებიც და გაჩერებებიც შეიცვალა და გადაადგილების განსაკუთრებულ წესებს ემორჩილებოდა. მხარეთა კონფერენციის ჩასვლის დღიდან, მთავარი იარაღი არის საკონფერენციო სივრცის კარგად შესწავლა, რადგან თუ არ იცი, სად არის შენი მომდევნო შეხვედრა, ძებნაში შეიძლება საათები დაკარგო, საათები კი კოპის დროს, ძალიან ძვირფასია. რა იყო განსხვავებული ამჯერად? უზარმაზარ სივრცეზე გაშლილი პავილიონები და შეხვედრის ოთახები. როგორც წესი, მოლაპარაკებების ოთახები ყველაზე უკან არის განთავსებული, ხოლო მანამდე ე.წ. “Side Event”-ების პავილიონები უნდა გაიარო. ეს პავილიონები ერთმანეთზე ლამაზი და შთამბეჭდავია, რომ მეტი დამსწრე მიიზიდონ. ზოგიერთ პავილიონს ამავე მიზნით უფასო ყავა აქვს დროის გარკვეულ მონაკვეთში. დილის 08:00 საათია, საქართველოს დელეგაციის ოფისში შეხვედრაა. დღის წესრიგი უნდა გავიაროთ და დავსახოთ დღის სტრატეგია. ამის შემდეგ, 9-ზე Environmental Integrity Group (EIG)-ის საკოორდინაციო შეხვედრაა, რომელსაც საქართველო 2017 წელს ოფიციალურად შეუერთდა. ხოლო, როგორც წესი, 10-ზე უკვე მოლაპარაკებები იწყება და ყველა თავისი დღის წესრიგის მიხედვით გარბის შესაბამისი ოთახის მოსაძებნად. აფრიკული კოპის მთავარი მოლოდინი, ზიანისა და ზარალის მექანიზმია, ეს დამატებითი მექანიზმია, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციას დაემატება. ანუ ასახავს იმ ზარალსა და ზიანს, რომელიც განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს უკვე მიადგათ ამინდის/კლიმატის პირობების გაუარესების გამო. ასევე ნიშანდობლივია, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორია და საკვები სისტემების უსაფრთხოებას უშლის ხელს. რაღა თქმა უნდა, დავის საგანია, ადაპტაციისთვის გაორმაგებული ფინანსური სახსრების მობილიზება, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები კი წიაღისეული საწვავის სუბსიდირების აღმოფხვრისთვის იღვწიან. ცალკე ინტერესი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და ე.წ. ქოლგის ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა და სხვები. მათ უნდათ გადაწყვეტილების ტექსტში ასახონ, რომ პირველ რიგში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნება, მათი გადმოსახედით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, სულ მადევრის როლში ვიქნებით და, შესაბამისად, ფინანსური რესურსებიც უფრო არამიზნობრივად დაიხარჯება. სხვადასხვა ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ეგვიპტის, ანუ მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობას და კოპის არჩეულ პრეზიდენტს, ევალებათ ლავირება, დამატებითი დროის გამოყოფა, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების ჩანიშვნა, კულისებს მიღმა მოლაპარაკებების წარმოება და ვაჭრობა. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი აქვს არასამთავრობო სექტორს, რომლებიც „დამკვირვებლად“ არიან წარმოდგენილები. თუმცა, ეს მხარეთა კონფერენცია ამ მხრივ არ გამოირჩეოდა პოზიტიური შეფასებებით. მოლაპარაკებების ოთახები არ იყო საკმარისად დიდი იმისთვის, რომ გაზრდილი ინტერესი დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, ხშირად, ქვეყნის 1 წარმომადგენლისთვისაც კი არ ჰქონდა მაგიდასთან ადგილი. ხოლო მაგიდის უკან ფეხზე დგომა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აკრძალული იყო. ამის გამო ძალიან ბევრი დამკვირვებელი ორგანიზაცია, და მხარე ქვეყანა, ხშირად გარეთ რჩებოდა, რაც, რა თქმა უნდა ხაზს უსვამდა იმას, რომ მოლაპარკებები არ იყო ინკლუზიური, არამედ უსამართლო. პირველმა კვირამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა, ცხადი იყო, მტკივნეული საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა ტექნიკურ კვირეულში და გადავიდოდა მომდევნო კვირას, როდესაც თავიდან ჩამოვიდოდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ ნამუშევარ ტექსტებს უკვე პოლიტიკური განხილვის რანგში აიყვანდნენ. ზოგადად, ეს მოლაპარკებისთვის დამახასიათებელია, თუმცა, არაფერი ჯობია, როდესაც წლები პროცესში ჩართულ ადამიანებთან ერთად, ოთახში შეთანხმებას მიაღწევ, ტაშს დაუკრავ და გეცოდინება, შენი წილი სიტყვა ამ ტექსტში ასახულია, რომ ის შედარებით დაბალანსებულია და მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებას ბევრად უფრო მძლავრი ბერკეტები სჭირდება, მცირე აგური მაინც დადებულია. ეგვიპტის კოპზე, ასეთი ბედნიერი წუთები შედარებით ნაკლები იყო, სოფლის მეურნეობის მოლაპარაკების ჯგუფში, როდესაც მოლოდინი იყო რომ ტექსტზე შევთანხმდით და ყველაფერი დასრულდა, ინდოეთმა გააპროტესტა და ტექსტს აღარ დაეთანხმა. ევროკავშირი მორიგ დათმობაზე აღარ წავიდა და პროცესი შეჩერდა. ეს სევდიანი მომენტი იყო, რომელიც არ დასრულდა ტაშით და ერთმანეთის მილოცვით, 26 საათიანი მოლაპარაკების, ღამის თენებისა და უდიდესი მოთმინების უნარის გამოჩენის მიუხედავად. განხეთქილების მთავარი მიზეზი მიტიგაციის (კლიმატის ცვლილების შერბილების) საკითხი იყო სოფლის მეურნეობის სექტორში. კორონივია, ასე ჰქვია სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეხვედრებს მართავს სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით, მხარეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და რაც მთავარია, მოწვეული ჰყავთ UNFCCC გარეთ არსებული სხვა ორგანიზაციები. კორონივიას ფარგლებში პირველი სამწლიანი პროგრამა დასრულდა, ახლა ჯგუფს უნდა მიეღო ანგარიში და დაესახა სამომავლო გეგმები. G77+ჩინეთს-ს სურდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ახალი ჯგუფის შექმნა, რასაც ევროკავშირი, EIG და ქოლგის ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა, რადგან ამდენი სამუშაო ჯგუფი ართულებს მუშაობას და ფინანსური სახსრების უდიდეს ნაწილს სწორედ ეს ბიუროკრატია ჭამს. ჯგუფის შემდეგ გადაწყდა რომ შეიქმნება პორტალი, რომელიც მიძღვნილი იქნება სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხების დაახლოებაზე. თუმცა, სამომავლო გეგმებში ინდოეთს არ სურდა სოფლის მეურნეობაში გაჩენილიყო ნიშა მიტიგაციისთვის, მათ სწამთ, რომ სოფლის მეურნეობა მხოლოდ საადაპტაციო ღონისძიებებს უნდა მოიცავდეს. მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ზიანისა და ზარალის ფონდთან დაკავშირებით. ამისთვის უამრავი ორმხრივი შეხვედრებიც ჩაინიშნა, სადაც მხარეებს ცალ-ცალკე ესაუბრებოდნენ გამოსავლის ძიებაში. განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ ფონდის მოწინააღმდეგე იყო, რადგან თვლიდნენ რომ მწვანე კლიმატის ფონდი და გლობალურ გარემოსდაცვითი ფონდი, რომელიც კონვენციის ფარგლებში შეიქმნა, აღმოჩნდა საშინლად ბიუროკრატიული და არა მოქნილი და დამატებითი ორგანოს შექმნა, გაართულებდა ზიანისა და ზარალის მექანიზმისთვის სწრაფად ფინანსური სახსრების გამოყოფის შესაძლებლობას. ამიტომ, მათი მთავარი არგუმენტი იყო არსებული მექანიზმების გამოყენება, ასევე ურჩევდნენ მხარეებს რომ კონვენციის ფარგლებში არსებულ ჯგუფებს ჯერ შეესწავლათ კარგად, რა ტიპის ფინანსური მექანიზმი იქნებოდა ოპტიმალური. განვითარებად ქვეყნებს კი დაცდა არ სურდათ, რადგან მათი აზრით, ახლა იყო მომენტი, როდესაც ზიანისა და ზარალის მექანიზმზე რეალური მუშაობა უნდა დაწყებულიყო. მათი აზრით, ზიანისა და ზარალის არსებული აღმასრულებელი მექანიზმი არაეფექტურია. ამიტომ ასევე დაარსდა ახალი ქსელი, სანტიაგოს ქსელი, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს დაეხმარება ზიანისა და ზარალის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებასა და განხორციელებაში. საქართველოსთვის, ყოველთვის რთულია ახალი ჯგუფების/ორგანოების მხარდაჭერა. საქართველო გეოგრაფიულად მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის დანართ ერთში არშესულ მხარეთა ჯგუფს, რომელიც მხარეთა კონფერენციის მოლაპარაკებების ეტაპზე, სათანადო დელეგატებისა და აქტიური ჩართულობის არ არსებობის გამო, მმართველობითი ორგანოების მიღმა დარჩა. საქართველოს და სხვა ამავე რეგიონის ქვეყნებს, ფაქტიურად წვდომა არ აქვთ კონვენციის ფარგლებში შექმნილ ორგანოებში. ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავარ მისიას მოლაპარაკებებში წარმოადგენს თანასწორი გეოგრაფიული პრინციპის დანერგვა და ამ პოლიტიკას ატარებს მოლაპარაკების ყველა ოთახში. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და მთელი ადამიანური რესურსის მობილიზებას საჭიროებს, რადგან უამრავი მოლაპარაკების ოთახია და რომელიმეს კონკრეტულ მომენტში თუ არ დაესწრები, რაღაც ტექსტი გაიპარება და მერე იმას ვეღარ გაპაროტესტებ თავიდან. ამ მიმართულებით საქართველომ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და იბრძვის არა მარტო თავისი ადგილისთვის, არამედ სხვა 12 ქვეყნისთვის, რომელსაც ეს ადგილი არ აქვს. წელს ჩვენ აქტიურობას სომხეთი შემოუერთდა. საქართველომ გლაზგოში დააყენა საკითხი, რომ წელს მოლაპარაკებების პროცესში შეხვედრები კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ ჩანიშნულიყო, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, მხარეთა კონფერენციის პრეზიტენტის მონაწილეობით. წელს მოხერხდა ის, რომ სანტიაგოს ქსელში სულ ბოლო წუთამდე გაიმართა ბრძოლა თანაბარი გეოგრაფიული ნიშნით მის დაკომპლექტებაზე, რასაც წარმატებით გაართვა დელეგაციამ თავი და აქ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, შვეიცარიის დიდი მხარდაჭერა. შეიცვალა ტექნოლოგიების გადაცემის კომიტეტი იგივე პრინციპით. ფინანსების ზემდგომი კომიტეტის დამოუკიდებელი შეფასება დაიწყო, სადაც ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება გეოგრაფიული განაწილების პრინციპი. დელეგაციამ ყველა მოლაპარაკებების ოთახში გააჟღერა, რომ არ შეიძლება გეოგრაფიული ნიშნით ქვეყნების გამოყოფა, რასაც მაგალითად აფრიკის ქვეყნები ითხოვენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ და ეს ცალსახად უნდა აისახოს გადაწყვეტილებების ტექსტებში. განსაკუთრებული კვალიფიკაცია ისედაც აქვთ მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს და ყველაზე დაბალგანვითარებული სტატუსის მქონე სახელმწიფოებს, შესაბამისად, კონტინენტებით ამ კვალიფიკაციის მინიჭება არასამართლიანია. ბევრი მიმართულებით ბრძოლა კიდევ წინ არის, რაც უფრო აქტიურია ქვეყნის ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში, მით უფრო მეტია გამოწვევაც და სურვილიც, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად აისახოს საბოლოო გადაწყვეტილებებში. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილებების პრეამბულაში გეოპოლიტიკური გამოწვევებიც ავსახეთ, რათა ხაზი გაგვესვა, რომ მაგალითად ომი, ამძაფრებს იმ სირთულეებს, რასაც ისედაც აწყდებიან ქვეყნები განსაკუთრებით საკვებთან ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე ავსახეთ ის, რომ მუშაობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა იყოს ორიენტირებული ქალებზე, ბავშვებზე, მოწყვლად ჯგუფებზე და მიზნად ისახავდეს შიმშილის აღმოფხვრას. მნიშვნელოვან ეკოსისტემებში, ოკეანეებს დავუმატეთ კრიოსფერო, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების და გაღრმავების საწინდარია. ყველას აინტერესებს, იყო თუ არა მხარეთა კონფერენცია წარმატებული, ლეგიტიმური იყო თუ არა ეგვიპტის მთავრობის მიერ დახარჯული მილიონები, რამდენად ნორმალურია, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრაზე პოლიტიკოსები კერძო თვითმფრინავებით ჩადიან, რამდენად საჭიროა ამდენი გვერდითი ღონისძიება და ამხელა პავილიონები, რამდენად გენდერულად თანასწორია საპირფარეშოები, რამდენად მართებული იყო პროცესის კოკა-კოლის მიერ დაფინანსება და სხვა. ეს თანმდევი პროცესია, ვისურვებდი მხარეთა კონფერენცია მსოფლიო ჩემპიონატს და სანახაობას არ დაემსგავსოს. მეტი კონცენტრაციის საშუალება მოგვეცეს მომავალ წელს მოლაპარაკებებზე. ის ლიდერები, რომლებიც კერძო თვითმფრინავით ჩამოდიან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ესე იგი ჯერ ვერ მივიტანეთ სწორად მათთვის სათქმელი, ისევე როგორც ის კერძო თუ საჯარო კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც კოპზე მხოლოდ თავისი ბრენდის რეკლამისთვის ხედავენ შესაძლებლობას. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, ბევრია სწორი კომუნიკაციების კუთხით გასაკეთებელი, ბევრია სასწავლი და საზრუნავი. რაც მთავარია, შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო დაბალანსებულად და გარემოსთან ჰარმონიულად ვიცხოვროთ. მაგალითი კი გადამდებია. წყაროები: Decision -/CMA.4, Sharm el-Sheikh Implementation Plan, UNFCCC,2022 https://unfccc.int/documents/624441 Decision -/CP.27 Joint work on implementation of climate action on agriculture and food security, UNFCCC, 2022 https://unfccc.int/documents/624317 Decision -/CMA.4 Matters relating to the work programme for urgently scaling up mitigation ambition and implementation referred to in paragraph 27 of decision 1/CMA.3, UNFCCC,2022 https://unfccc.int/documents/624428 Decision -/CP.27 -/CMA.4 Funding arrangements for responding to loss and damage associated with the adverse effects of climate change, including a focus on addressing loss and damage, UNFCCC, 2022 https://unfccc.int/documents/624440 Decision -/CMA.4 Santiago network for averting, minimizing and addressing loss and damage under the Warsaw International Mechanism for Loss and Damage associated with Climate Change Impacts, UNFCCC, 2022 https://unfccc.int/documents/624375 Decision -/CMA.4 Report of the Executive Committee of the Warsaw International Mechanism for Loss and Damage associated with Climate Change Impacts, UNFCCC, 2022 https://unfccc.int/documents/624438 Draft decision -/CMA.4 Matters relating to the Standing Committee on Finance, UNFCCC, 2022 https://unfccc.int/documents/624423 _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • როგორ მივადევნოთ თვალი COP27-ს?

    COP27 იწყება! 6 ნოემბერს, საერთაშორისო საზოგადოება შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში შეიკრიბება, რათა დაესწროს რიგით 27-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას, ე.წ. Conference of Parties (COP). ეგვიპტე 6-დან 18 ნოემბერის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. ზოგადად, კლიმატის კონფერენციების მთავარი მიზანია ქვეყნებმა წარმოადგინონ სათბური აირების შემცირებისა და გლობალური დათბობის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის სულ უფრო ამბიციური გეგმები და შესაბამისად, წლევანდელი COP-იც ამ მიზანს ემსახურება. თუმცა, მხარეთა ეს კონფერენცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს უკვე არსებული ზიანის აღმოფხვრასა და წარსული დაპირებების შესრულებაზე. მდიდარი ქვეყნები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არის, რომ საბოლოოდ უზრუნველყონ ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის კლიმატის დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, და კიდევ უფრო მეტი თანხები გასცენ „ზიანისა და ზარალის“ დაფინანსებისთვის (ერთგვარი კლიმატის რეპარაციები). COP27 თავს მოუყრის ქვეყნების ლიდერებს და ეროვნულ დელეგაციებს, ბიზნესის, კვლევითი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ დელეგაციასაც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენი გუნდი აქტიურად მოგაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მიმდინარეობისას. საინფორმაციოა კამპანიის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: მიტიგაცია: შეიქმნას მომენტი 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირების დაპირებებისა და ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, გლაზგოს პაქტის იმპლემენტაციის შესაბამისად, განხორციელდეს უფრო ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების წარდგენა და კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ამბიციური პროგრამის შექმნა. ადაპტაცია: უზრუნველყოფილ იქნას საჭირო პროგრესის მიღწევა მოწყვლადი თემების ადაპტაციის და მედეგობის გასაძლიერებლად. დაფინანსება: ქვეყნებმა მეტი სიცხადე შეიტანონ შესაბამისი ფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებულ არსებულ ვალდებულებებსა და დაპირებებში. ფოკუსში იქნება „ზიანისა და ზარალის“ საკითხი. თანამშრომლობა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მოლაპარაკებებში შეთანხმების გაღრმავებისა და ხელშეწყობის მიზნით, რათა მიიღწეს ხელშესახები შედეგები დაბალანსებული გზით. როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP27-ში? შარმ ელ-შეიხში, COP27-ზე დასწრება შეუძლიათ კონვენციის მონაწილე მხარეებსა და დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, პრესისა და მედიის წევრებს, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, გაეროს სისტემისა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს, დაშვებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს), და საზოგადოების წევრებს. კლიმატის სამიტი გაიხსნება ოფიციალური ცერემონიით 7 და 8 ნოემბერს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური მოლაპარაკებების სესიის პარალელულად, ასევე ჩატარდება არაერთი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, მოეწყობა პავილიონები. ოფიციალური ღონისძიებების ნაწილი საჯაროდ გადმოიცემა UNFCCC-ის მიერ და განთავსდება სოციალური მედიის პლატფორმებზე. ამასთანავე, დამსწრე ორგანიზაციები და ინსტიტუტები ინდივიდუალურად გადმოსცემენ საკუთარ ღონისძიებებს და ანალიზსს. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, შესაძლებლობა გვექნება ონლაინ ფორმატში შევუერთდეთ ჩვენთვის საინტერესო ღონისძიებებს და თვალი ვადევნოთ ჩვენთვის საინტერესო ორგანიზაციების საქმიანობას კლიმატის სამიტზე. მხარეთა კონფერენციები, როგორც წესი, დაყოფილია ორ ნაწილად - ლურჯ და მწვანე ზონებად. ლურჯი ზონა განკუთვნილია საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. ამ ზონაში მხოლოდ აკრედიტირებული სახელმწიფო დელეგატები და ორგანიზაციები დაიშვებიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ქვეყნების წარმომადგენლებს. აღასანიშნავია, რომ დამკვირვებლის სტატუსით დასწრება შეუძლიათ სხვადასხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა, შესაძლებელია შეხვედრა დაიხუროს. მწვანე ზონა, კი არის უფრო მეტად საჯარო პლატფორმა, სადაც ბიზნეს საზოგადოებას, ახალგაზრდებს, სამოქალაქო და მკვიდრ თემებს, აკადემიას, სახელოვანებო და მოდის სამყაროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მწვანე ზონის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგს, ცნობიერების ამაღლებას და განათლებას ღონისძიებების, გამოფენების, სემინარების, კულტურული სპექტაკლებისა და მოლაპარაკებების საშუალებით. თუ სურვილი გაქვს, რომ თვალყური ადევნო კლიმატის სამიტს დისტანციურად, შემდეგი ინფორმაცია დაგაინტერესებთ: მიმდინარე მოლაპარაკებებზე სიახლეები მუდმივად განთავსდება UNFCCC-ის (UNFCCC) ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე. აქ თქვენ იპოვით (Press and media | UNFCCC) პრეს რელიზების, ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლის სიტყვებს და ჩანაწერებს. გახსნითი და დახურვითი შეხვედრების ყურება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი UN Climate Change-ის YouTube გვერდზე (UN Climate Change - YouTube). მოგვიანებით, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერები. უშუალოდ მოლაპარკებების პროცესი არ გადაიცემა. COP 27-ის გვერდითი ღონისძიების ყურება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში ოფიციალურ სამდივნოს მიერ მართულ YouTube არხზე (UN Climate Change - Events - YouTube). გვერდითი ღონისძიებების დღის წესირგი გამოქვეყნებულია UNFCCC-ის საიტზე (SEORS | Side events list (unfccc.int)). COP27-ზე, მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება პავილიონებში. თითოეული პავილიონის ნახვა შესაძლებელია აქ (COP 27 pavilions | UNFCCC). წლევანდელი ღონისძიებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ფინანსირება, ახალგარდები, დეკარბონიზაცია, სოფლის მეურნეობა, გენდერი, ენერგეტიკა, ბიომრავალფეროვნება და სხვა. გაეროს კლიმატის ცვლილების პავილიონი, რომელიც ლურჯ ზონაში მდებარეობს, უმასპინძლებს იმ პარტნიორთა ღონისძიებებს, რომელთა ძირითადი ღირებულებები შეესაბამება და წარმოაჩენს პარიზის შეთანხმების მიზნებს. პავილიონის ყველა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა YouTube-ზე (COP27 UN Climate Change Pavilion Events - YouTube). ინდივიდუალური ღონისძიების ჩანაწერები ასევე ხელმისაწვდიმო იქნება აქ (UN Climate Change Pavilion at COP 27 | UNFCCC). კლიმატის მოქმედების ცენტრის პავილიონი წელს უმასპინძლებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას, მათ შორის, თოქ-შოუებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა შეძლოს აუდიტორიის ხმა მიაწვდინოს კლიმატის სამიტის მონაწილეებს. თითოეულ დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი და მათი დღის წესრიგის, ისევე, როგორც ჩანაწერების ნახვა შესაძლებელი იქნება აქ (Action Hub Events at COP 27 | UNFCCC). გაეროს კლიმატის ცვლილების გლობალური ინოვაციის ცენტრი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, წელს მართავს პავილიონს, რომლის მიზანიცაა იდეების გაზიარება კლიმატისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესაქმნელად კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით. ღონისძიებების პროგრამა და პირდაპირი გადმოცემის ლინკები განთავსებულია ცენტრის Trello-ს პლატფორმაზე (UN Climate Change Global Innovation HUB | Trello). მხარეთა 27-ე კონფერენციის სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმებია: Facebook - COP27 | Facebook Instagram - COP27 (@cop27_egypt) • Instagram photos and videos LinkedIn - COP27: Overview | LinkedIn გამოიყენეთ ჰეშთეგი #COP27, იმისათვის, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია პირდაპირ დელეგატებისგან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC) სოციალური მედიის პლატფორმებია: · Twitter - UN Climate Change (@UNFCCC) / Twitter · Facebook - UN Climate Change | Facebook · LinkedIn - UN Climate Change: Overview | LinkedIn · Instagram - UN Climate Change (@unclimatechange) • Instagram photos and videos · Flickr - UNclimatechange | Flickr · YouTube - UN Climate Change - YouTube _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • რა არის COP27? #ABC

    შეგიძლიათ მანამდე გადაიკითხოთ COP26-ის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატიები: 1. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია, ე.წ. გაეროს კლიმატის კონფერენცია #ABC 2. რა არის მხარეთა 26-ე კონფერენცია (COP26)? #ABC 3. ერთი დღე COP-ზე - „მოლაპარაკებები“ 4. საბოლოოდ რა მოხდა გლაზგოში, ან რომელი მხარის შეფასებებს შეიძლება ვენდოთ? 5. კლიმატის აქტივიზმი COP26-ის პარალელურად შესავალი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე კონფერენცია (COP27), ე.წ. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, წელს, 6-18 ნოემბერს, შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში[1] გაიმართება. 1995 წლიდან მოყოლებული, ეს ყოველწლიური ორ კვირიანი კონფერენცია არის გლობალურ დონეზე კლიმატის კრიზისზე დისკუსიის მნიშვნელოვანი სივრცე მსოფლიო ლიდერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოწყვლადი თემების წარმომადგენლებისთვის. COP27-ის ფარგლებში, 7-8 ნოემბერს მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება, სადაც გლაზგოსგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ლიდერთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისის ეროვნულ პოლიტიკურ დღის წესრიგებსა და პროგრამებში ადგილის გარანტირებისთვის. ეგვიპტის COP27-ის მიზანია ააჩქაროს გლობალური მოქმედება კლიმატისთვის როგორც სათბურის აირების შემცირების გზით, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ძალისხმევის და მოქმედებისათვის საჭირო ფინანსური ნაკადების გაზრდით. ეგვიპტის აღნიშვნით, „სამართლიანი ტრანზიცია“, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებული ქვეყნებისათვის პრიორიტეტად რჩება. ეს არის პირველი საერთაშორისო შეხვედრა გლაზგოს შემდეგ, სადაც მოხდა გლაზგოს პაქტი მიღება (პაქტის ერთ-ერთი საკითხია ქვანახშირის ეტაპობრივი შემცირება) და აქტიურად გადაიხედება პაქტის იმპლემენტაცია. ასევე, ეს პირველი COP-ია კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მე-6 ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისად, ანგარიშის შედეგებს გარკვეული როლი ექნება მოლაპარაკებებისას. მართალია, გაეროს მოლაპარაკებები არის კონსესუსზე დაფუძნებული, შესაბამისად, რთულია შეთანხმება ამდენი განსხვავებული ქვეყნის, მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების, განვითარების დონისა თუ მისწრაფებების ფონზე. თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რომ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასპინძელ ქვეყანას, რომელიც ამავდროულად COP-ის თავმჯდომარეა, მის დიპლომატიურ ოსტატობას და პრიორიტეტიზირებული თემების პროგრამას. წელს ეგვიპტე იმპლემენტაციაზე ფოკუსირდება და თემატური დღეებიც ამის მიხედვით აქვს განსაზღვრული: ფინანსები, მეცნიერება, ახალგაზრდები და მომავალი თაობები, დეკარბონიზაცია, ადაპტაცია და სოფლის მეურნეობა, გენდერი, წყალი, სამოქალაქო საზოგადოება, ენერგია, ბიომრავალფეროვნება და გადაწყვეტები. COP27-ის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია. სრული აქცენტი არის დაპირებების და ვალდებულებების იმპლემენტაციაზე. ინტენსიური მოლაპარაკებები არის მოსალოდნელი თითქმის ყველა მიმართულებით: ზიანი და ზარალი (loss and damage), ადაპტაციის გლობალური მიზანი, 2023 წლის გლობალური შედეგების შეჯამება, კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამა, პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლი და სხვა. ამ ბლოგს აქვს საინფორმაციო ხასიათი. კრიტიკის, აქტივიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა თემების შესახებ, ცალკე ბლოგს გამოვაქვეყნებთ. REUTERS/Sayed Sheasha COP27-ის ოფიციალური ხედვა და მიზნები კლიმატის ცვლილების შერბილება (Climate Mitigation)[2] პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანი, პრე-ინდუსტრიული დონიდან ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შენარჩუნება და 1,5°C-მდე შენარჩუნების მცდელობა, მოითხოვს გაბედულ და გადაუდებელ ღონისძიებებს და ყველა სახელმწიფოს მიერ კლიმატის ცვლილების ძალისხმევის ამბიციის ზრდას. განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ სამაგალითო ლიდერები ამ მიმართულებით. COP27 მოუწოდებს ქვეყნებს საკუთარი დაპირებებისა და ვალდებულებების შესრულებისაკენ. ასევე, ამბიციის გაზრდისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამის მიღებისაკენ. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია (Climate Adaptation)[3] გლაზგოში, COP26-ზე, მსოფლიო ლიდერები, მთავრობები და, ზოგადად, კონვენციის მხარეები გლობალურ მოქმედებას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ადაპტაციის გლობალური მიზნის მიმართულებით გლობალური სვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრემალური ამინდების, თბური ტალღების, წყალდიდობების, ტყის ხანძრების ფონზე. COP27 აქტიურად მოუწოდებს მხარეებს საჭირო პროგრესისა და პოლიტიკური ნების დემონსტრირებისაკენ, რათა გაიზარდოს კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ მედეგობა და ყველაზე მოწყვლადი თემების და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. კლიმატის დაფინანსება (Climate Finance) COP27-ზე აქტიურად განიხილება კლიმატის დაფინანსების პროგრესი, ვინაიდან პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა მეტწილად კლიმატის დაფინანსების ადეკვატურობაზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით კი აფრიკის, ნაკლებად განვითარებული (LDC) და პატარა კუნძული სახელმწიფოების (SIDS) ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. კლიმატის დაფინანსების არსებული ვალდებულებები და დაპირებები საჭიროებს გამჭვირვალობას, რათა დადგინდეს რა მდგომარეობაა ახლა ამ მიმართულებით და რა არის დამატებით საჭირო. წელიწადში 100 მლრდ ფინანსური ნაკადების მობილიზება და ამ განვითარებული ქვეყნების მიერ ამ დაპირების შესრულება, გაზრდის ნდობას განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ესეც COP27-ის მნიშვნელოვანი თემაა. თანამშრომლობა (Collaboration) თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მიზნების შესრულებისა და იმის გარანტიისთვის, რომ მსოფლიო ისეთ უფრო მედეგ და მდგრად ეკონომიკურ მოდელების ავითარებს, სადაც ცენტრალური ადგილი და გათვალისწინება ადამიანებს აქვთ. თავმჯომარე ქვეყნის განცხადებით, ისინი დაუღალავად მუშაობენ, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს COP27-ში მონაწილეობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი აფრიკის რეგიონში კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად თემებს და წარმომადგენლებს. მათივე განცხადებით, კლიმატის საუბრებში ადამიანის ცენტრალური ადგილი არის იმპერატიული. თანამშროლობის გაძლიერება იმასაც მოიაზრებს, რომ მთავრობებმა, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაონ ტანდემში, რათა მოხდეს იმ გზების ტრანსფორმაცია, რითიც ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს პლანეტასთან. შესაბამისად, COP27 შეეცდება ახლებური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების საკითხის დასმას, რაც დაეხმარება კლიმატის ცვლილებების საზიანო შედეგების თავიდან არიდებაში. განსაკუთრებით კი კლიმატ-მეგობრული გადაწყვეტების განვითარებად ქვეყნებში რეპლიკაცია და გაცნობა. მოლოდინი საკმაოდ მაღალია საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი COP27-ის მიმართ. „წინ კოლოსალური სამუშაოა. ისეთივე კოლოსალური, როგორც კლიმატის ზემოქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. [...] COP27 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დიდი გზა გვაქვს წინ გასავლელად“ - განაცხადა ანტონიო გუტიერესმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა. „იმედია, რომ COP27 იქნება გარდამტეხი წერტილი, სადაც მსოფლიო გაერთიანდა და გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება კლიმატის გამოწვევის საპასუხოდ შეთანხმებული, თანამშრომლობითი და ეფექტიანი მოქმედებებით, სადაც შეთანხმებები და დაპირებები გადაითარგმნა პროექტებსა და პროგრამებში, […] და აღარ განირჩევა „ჩვენ და ისინი“, არამედ გამოიკვეთება ერთი მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც საერთო პლანეტის და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის მუშაობს.“ - აღნიშნულია ეგვიპტის განცხადებაში „ევროკავშირი მოელის, რომ შარმ ელ-შეიხში, მსოფლიო ლიდერები და მინისტრები მოახდენენ თავიანთი მოვალეობის დემონსტრირებას გაზრდილი ამბიციების განხორციელებაში. კლიმატის მოქმედების დაჩქარება აუცილებელია პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანთან შესაბამისობისთვის. [...] მიუხედავად COP26-ზე გაკეთებული განცხადებებისა ამ წლის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ემისიების სხვაობის ანგარიშიც ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შორდება პარიზის შეთანხმებით დასახულ მიზანს, განსაკუთრებით კი 1.5°C-ს. არსებული პოლიტიკებით, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას ამ საუკუნის ბოლომდე 2.8°C-მდე უნდა ველოდოთ, ხოლო ამჟამინდელი დაპირებების განხორციელების შემთხევაში - 2.4-2.6°C-მდე. ამიტომ აუცილებელია COP27-ზე პოლიტიკური ზეწოლისა და ბიძგის შენარჩუნება და მსოფლიოს უმსხვილესი სათბურის აირების გამფრქვევების დარწმუნება მიიღონ გადაუდებელი ზომები სათბურის აირების ემისიების უფრო სწრაფად შესამცირებლად.” - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. საქართველო და COP27 საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 7-8 ნოემბერს ლიდერების სამიტში და სიტყვითაც წარსდგება. ამის გარდა, საქართველოს დელეგაცია, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და DLA Piper პრო-ბონო თანამშრომლებით, აქტიურად მიჰყვებიან მოლაპარაკებებს. წელს, მსგავსად გასული წლისა, საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგის ნაწილი კონვენციის სხვადასხვა ორგანოში სამართლიანი წარმომადგენლობა იქნება. _________________________________ [1] COP-ის ადგილი მონაცვლეობს გაეროს ხუთ ჯგუფს შორის: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, და დასავლეთ ევროპა და სხვა. სწორე ამიტომ მოიხსენიებენ ეგვიპტის COP-ს, როგორც აფრიკის COP-ს. [2] კლიმატის ცვლილების შერბილება (mitigation) - ძალისხმევა რომელიც სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას და მათი შთანთქმების გაზრდას/გაძლიერებას გულისხმობს. [3] კლიმატის ცვლილებით უკვე გამოწვეული ან მომავალი ზემოქმედებებიდან მომდინარე რისკების შემცირება ან განეიტრალება. _________________________________ ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • 2022 წლის ზაფხულის შეჯამება

    შესავალი შედარებით გრძელვადიან პერიოდში, გლობალური ცვლილებების განსხვავებული ციკლი დედამიწის ბუნებრივი მდგომარეობაა და, როგორ მკაცრადაც არ უნდა გვესახებოდეს ეს პროცესი ჩვენ, ადამიანებს, ის პლანეტის და მისი ბინადრების შენარჩუნების მთავარი მექანიზმია. გლობალური დათბობაც და გამყინვარებაც პლანეტის ბუნებრივი ციკლის ნაწილია, რომელიც ერთბაშად არასოდეს არ ხდება და სასიცოცხლო ჯაჭვს საკმარისი დრო აქვს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის. საქმე იმაშია, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ახალი აღმოჩენების პარალელურად ინდუსტრიულმა ერამ „იფეთქა“, ადამიანის ჩარევით, ტემპერატურის ცვლილებამ არაბუნებრივად და სწრაფად დაიწყო ზრდა და კლიმატის ცვლილების სახიფათო შედეგებიც უფრო და უფრო რეალური გახდა. საფთხე, კი სწორედ ცვლილების არაბუნებრივ სისწრაფესა და ეკოსისტემების ჯაჭვის სეგმენტების ადაპტირების შეუსაბამობაშია. ავტორიტეტული სამეცნიერო საზოგადოებების მომავლის პროგნოზებით, საფრთხის წინაშეა მრავალი სახეობის არსებობის საკითხი, მათ შორის, ადამიანის. თუმცა, ჩვენზეა დამოკიდებული ისიც, თუ რამდენად სწრაფად მოვახდენთ კლიმატის ცვლილების გამომწვევ არაბუნებრივ ფაქტორებზე რეაგირებას და პროგნოზირებული სავალალო შედეგების შერბილებას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ჩარევით გამოწყვეული კლიმატის ცვლილების შედეგად, ბოლო დროს გახშირდა და გაძლიერდა ბუნებრივი კატასტროფები ექსტრემალურ პირობებთან ერთად. ახლა კი, რაც შეეხება დღევანდელ რეალობას: 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით უამრავი კატასტროფული ტყის ხანძარი, მომაკვდინებელი თბური ტალღები და დედამიწის სხვადასხვა წერტილში ახალი მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდა. ბოლო 143 წლის მონაცემებში, ივლისის და აგვისტოს თვეებმა მეექვსე ყველაზე ცხელი თვეების სტატუსი დაიმკვიდრეს, ხოლო სექტემბერი -მეხუთე ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა, ამერიკის ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრების მიხედვით. ბოლო სამი თვის მონაცემებით ხმელეთისა და ოკეანის ტემპერატურამ მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.87°C-ით მოიმატა ივლისში, 0.89°C-ით აგვისტოში და 0.88°C-ით სექტემბერში. არსებობს 99%-ზე მეტი შანსი იმისა, რომ 2022 წელი, ბოლო 143 წლის მონაცემებში, 10 ყველაზე ცხელ წელსს შორის მოხვდება. ასევე, ხუთი ყველაზე ცხელი ივლისი და აგვისტო 2015 წლის შემდეგ არის დაფიქსირებული. როგორ აისახა კლიმატის ცვლილება კონტინენტებზე 2022 წელის ივლისის თვეში, ბოლო 143 წლის მონაცემებით (აღრიცხული მონაცემების სიაში): აზია - მესამე ყველაზე ცხელი ივლისი; ჩრდილოეთ ამერიკა - მეორე ყველაზე ცხელი ივლისი; სამხრეთ ამერიკა - რიგით მეოთხე ყველაზე ცხელი ივლისი; აფრიკა - მეცამეტე ყველაზე ცხელი ივლისი; ევროპა - მეექვსე ყველაზე ცხელი ივლისი; ავსტრალია - 1961-1990 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით 0.6°C-ით უფრო ცივი ივლისი, ტემპერატურული რეკორდით -6°C; თბური ტალღები თბური ტალღების შესაბამისი ტემპერატურა აფრიკის ტერიტორიიდან მაისიდან გავრცელდა ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ივლისის თვეში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპამდე მიაღწია. შედეგებმა ასობით მილიონი ადამიანი დააზარალა, გავლენა აისახა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სოფლის მეურნეობასა და სურსათის მარაგზე, ენერგიის ფასებსა და მოთხოვნაზე, ბუნებრივ ეკოსისტემებსა და მდინარეებზე, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე. წლევანდელმა თბურმა ტალღებმა ტემპერატურული ზრდით ბევრი რეკორდული მაჩვენებელი ჩაანაცვლა. ახალი მაქსიმალური და ექტრემალური ტემპერატურები ევროპის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე საშუალო ტემპერატურამ 40-43ºC-ს მიაღწია. კონკრეტული ქვეყნების ტემპერატურის ექტრემალური მონაცემები ასე გამოიყურება: ბრიტანეთში ტემპერატურამ აქამდე დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს 1.6-ით გადააჭარბა და 19 ივლისს 40.3ºC-ს მიაღწია; გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 40ºC-ს; ჩინეთში გამოცხადდა ე.წ “წითელი განგაში” ტემპერატურის 40ºC მაჩვენებლის გამო. აღსანიშნავია, რომ 1873 წლის შემდეგ სულ 17-ჯერაა “წითელი განგაში” გამოცხადებული; პაკისტანში დამღუპველმა ხანძრებმა „10 მილიარდი ხე ცუნამის პროექტის“ 140 ჰექტარი დააზიანა; ევროკავშირის ქვეყნებში ივლისის მონაცემებით, 16%-ით მეტი სიკდილიანობა დაფიქსირდა, მას შედეგ რაც ექსტრემალურმა თბურმა ტალღამ გადაიარა კონტინენტზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში უკიდურეს სიცხეს წელიწადში საშუალოდ 700-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ეწირება. აშშ-ში სიცხე მიიჩნევა ამინდთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად, და იწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქარიშხალი, ტორნადო, წყალდიდობა ან უკიდურესი სიცივე. (იხ. Extreme heat kills 700 Americans every year) გლობალურად, 2022 წლის აგვისტო 1991-2020 წლების განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი აგვისტო იყო, ტემპერატურა გაიზარდა 0,30°C-ით (იხ. OBSERVER: A wrap-up of Europe’s summer 2022 heatwave) ტყის ხანძრები ტყის ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად ზემოთ ხსენებული თბური ტალღების შედეგად მიწის გამოფიტვა და ნალექების ნაკლებობა სახელდება, რაც, ასევე, ხელს უწობს ხანძრების სწრაფ და მარტივ გავრცელებას. ევროპაში 2022 წელს ტყის ხანძრების შედეგად მიწის რეკორდული განადგურება დაფიქსირდა. კონტინენტზე ზაფხულის მწვავე სიცხის და გვალვის პერიოდმა გადაიარა, რაც, მეცნიერების თქმით, ადამიანის აქტივობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. 1 იანვრიდან 13 აგვისტოს ჩათვლით ხანძრებმა ევროპაში თითქმის 660 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა, ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემების მიხედვით. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ 2022 წელი მიჰყვება 2017 წლის ანალოგიურ ტრაექტორიას, ევროპაში განადგურდება მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, წლევანდელი განადგურების მასშტაბები, კი 2006 წლის ჩანაწერების შემდეგ, მეორე ყველაზე კატასტროფული იყო. ტყის ხანძრები და კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგი (CO2). ხეების მიერ შთანთქმული და დასაწყობებული ნახშიროჟანგი წვის შედეგად გამოთავისუფლდება და კვლავ ატმოსფეროში გაიფრქვევა. ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ყველაზე გავცელებული სათბურის აირია. სათბური აირების რაოდენობის ზრთით, კი იზრდება ატმოსფეროში მზის ენერგიის შთანთქმისა და შეკავების პოტენციალი, შესაბამისად, ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს, მიწა იფიტება და ხანძრების გაჩენის წრიული პროცედურა გრძელდება. CAMS გლობალური ხანძრის ასიმილაციის სისტემის (GFAS) მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ტყის ხანძრის საერთო ემისია შეფასებულია 6,4 მეგატონა ნახშირბადად, რაც ყველაზე მაღალი დონეა 2007 წლის შემდეგ. 2022 წლის ტყის ხანძრების შედეგები საფრანგეთში, ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან 3 სექტემბრამდე გაანადგურა 62 000 ჰექტარი, რაც ექვსჯერ აღემატება 2006-2021 წლების საშუალო წლიურ მონაცემს ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INPE) აგვისტოში დააფიქსირა 31,513 ხანძრის გაფრთხილება ამაზონში, რაც 2010 წლის შედეგების ფონზე აგვისტოს გაუარესებული შედეგია პორტუგალიის ხელისუფლებამ 11-17 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სიცხის დროს ტყის ხანძრების უკიდურესი საფრთხის გამო ივლისის შუა რიცხვებში სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს სამხრეთით გაჩენილმა ორმა დიდმა ხანძარმა რეგიონში 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია წლევანდელი ზაფხულის შედეგები წინათქმაა იმისა, რასაც მეცნიერები პროგნოზირებენ მომავალზე. ჩვენ მომსწრენი ვართ ადამიანის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი კლიმატის ცვლილების შედეგების დასაწყისისა. კარგია ის, რომ გვაქვს შედეგების კონკრეტული რიცხობრივი პროგნოზები და დაწყებულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის პრაქტიკაში დანერგვა. გვაკლია საზოგადოების ინფორმირება კლიმატის ცვლილების პროცესზე, როლების შეფასება და პასუხისმგებლობის გაცნობიერება. სტატიის წერისას გამოყენებული წყაროები: https://www.carbonbrief.org/state-of-the-climate-2022-on-track-for-a-summer-of-extreme-heat/ https://www.ncei.noaa.gov/access/monitoring/monthly-report/global/202207 https://www.copernicus.eu/en/news/news/observer-wrap-europes-summer-2022-heatwave https://atmosphere.copernicus.eu/europes-summer-wildfire-emissions-highest-15-years

  • ნანგრევებიდან მდგრადი უკრაინის აღდგენის მწვანე ოცნება

    ომით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევა იძლევა ერის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც უფრო მდგრად საძირკველს დაეფუძნება. ასეთი გეგმები უკვე ისახება. თავდაპირველი სტატია „The Green Dream to Rebuild a Sustainable Ukraine from the Rubble of War“ გამოქვეყნდა პოლიტიკური ჟურნალისტიკის გაზეთში „POLITICO“ 2022 წლის 11 სექტემბერს ტექსტის ავტორი: სებასტიენ მალო, კლიმატის რეპორტიორი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის „Knight Science Journalism-ის“ მეცნიერ-თანამშრომელი. Reuters-ში ის აშუქებდა გარემოსდაცვით, კლიმატის და ენერგეტიკული სამართალწარმოების საკითხებს. თარგმანის ავტორები: თაკო კაპანაძე, ნიკოლოზ ამირეჯიბი, გვანცა გვერდწითელი, „ქლაიმათ ბეიზიქსი“ მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. / ილუსტრაცია: Marcin Wolski ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსულმა ჯარმა საზღვარი გადაკვეთა და დაბომბვით ემუქრებოდა უკრაინის დედაქალაქს, ალექსანდერ შევჩენკო თავის შავ მინი კუპერში ჩაჯდა და მშობლიური ქალაქი დატოვა. მაგრამ შევჩენკოს, ურბანულ დამგეგმავს, რომელიც საკუთარ სააგენტოს მართავს კიევში, თვალი მომავალზეც ეჭირა. 1 მარტს, ომის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, 31 წლის ახალგაზრდამ Facebook-ზე შემდეგი შეტყობინება გამოაქვეყნა: „რადგან ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ არმიას ფინანსურად, ჩვენი „Zvidsy Agency“ ხსნის დამატებით (ფრონტს)... - მზადება ჩვენი ქვეყნის აღსადგენად... დამიკავშირდით... თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მხარი დაუჭიროთ ჩვენს იდეას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს.” არაკომერციული ორგანიზაცია, „ReStart Ukraine“, რომელიც შევჩენკომ დააარსა, არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებს შორის, სადაც მწვანე იდეების მხარდამჭერი უკრაინელები გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე ფოკუსირებულ რეკონსტრუქციის გეგმებს აყალიბებენ. მის მოწოდებას ასობით ადამიანი გამოეხმაურა. Facebook-ის შეტყობინების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე, დაახლოებით 300-მა ადამიანმა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან გამოთქვა სურვილი გამხდარიყვნენ მოხალისეები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პროექტში. ახლახანს გამოქვეყნებული რეკონსტრუქციის სამთავრობო ხედვა წარმოგვიდგენს ქვეყანას, რომელიც ფერფლიდან ხელახლა იბადება და გადადის მწვანე ეკონომიკაზე. მოცემული გეგმა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაბალ-ნახშირბადიანი რეკონსტრუქციის პირველი მცდელობაა მსოფლიოში. აღსადგენი კი ძალიან ბევრია. დროებითი მოდულური შენობების პროექტირება ქალაქ ჰოსტომელში. / საავტორო ეგზემპლარი: „Aranchii Architects“/RecreateUA.com ომის დაწყებიდან გასულია ექვსი თვე. ამ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საომარმა მოქმედებებმა დააზიანა და გაანადგურა დაახლოებით 131,000 საცხოვრებელი კორპუსი, 25,000 კილომეტრი გზა და დაახლოებით 2,000 მაღაზია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო თებერვალში, თითქმის 14 მილიონმა ადამიანმა (უკრაინის მოსახლეობის მესამედმა) დატოვა ქვეყანა. სექტემბრის დასაწყისში 600,000-ზე მეტ მომხმარებელს შეეზღუდა წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 235,000 სახლი ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე დარჩა. მიუხედავად საშინელი განადგურებისა, უკრაინის ომი ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას ქვეყნის ხელახლა ასაშენებლად ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მოძველებული, საბჭოური ურბანული დიზაინის პრობლემების გამოსწორება და სათბურის აირების ემისიების შემცირება. ომამდე უკრაინა სტაბილურ ნაბიჯებს დგამდა მწვანე ენერგო ტრანზიციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ეკონომიკა დიდწილად ემყარებოდა დამაბინძურებელ ინდუსტრიებს, რკინისა და ფოლადის წარმოებას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიების წილი გაიზარდა და ქვეყნის ენერგიის მოხმარების 8,1% შეადგენს, თუმცა ეს მონაცემები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია. მართალია, ომმა შეაფერხა უკრაინის ენერგოსექტორის გარდაქმნა, მაგრამ ომის ნგრევამ ბევრს უბიძგა დაეწყოთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ მაქსიმალურად გამოიყენოს მომავალი რეკონსტრუქცია, რომელიც აუცილებელი იქნება, და გადადგას ნაბიჯები უფრო მდგრადი ეკონომიკისკენ. უკრაინაში ომის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას შესაძლოა ასტრონომიული თანხები დასჭირდეს, მაგრამ ამ პროცესს სარგებელიც შესაბამისი ექნება, როგორც თვითონ უკრაინისთვის, ასევე, ევროკავშირისთვის, რომელმაც ომისშემდგომი ქვეყნის კავშირში მიღების პერსპექტივას მხარი დაუჭირა. დღესდღეისობით კი, ომით განადგურებული ქალაქების მზარდი რიცხვის შესაბამისად, რეკონსტრუქციის გეგმებიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უკვე დაიწყეს მინიმუმ სამი ქალაქის დაგეგმარება, და ეს ყველაფერი უკრაინის მთავრობის გეგმების გარეშე. ომამდე შევჩენკოს „Zvidsy Agency“ აპროექტებდა სხვადასხვა საჯარო სივრცეებსა და აწყობდა სამუშაო შეხვედრებს ურბანისტებისთვის, სადაც მასავით მოტივირებული ახალგაზრდები რეკრეაციული ზონების დაპროექტებაზე აზრებს ცვლიდნენ. საომარი მოქმედებების დაწყებისას, სააგენტო ყველაზე დიდი პროექტის განხორციელებას ასრულებდა: სივრცითი განვითარების გეგმა მელიტოპოლისთვის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ომმა ეს პროექტი ჩაშალა, მაგრამ გარკვეულწილად, გაიხსნა შესაძლებლობების უფრო დიდი ფანჯარა. „POLITICO-სთან“ ვიდეო შეხვედრისას, შევჩენკო, რომელიც დღეს უკრაინის დასაველთით მდებარე ქალაქ ლვივში ცხოვრობს, სიმშვიდეს ასხივებდა. ის მსჯელობდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე: „როგორ უნდა შეიქმნას ქალაქის მწვანე სტრუქტურა ისე, რომ იყოს სტაბილური და მისი ეკოლოგიური მხარეები ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ დეგრადირდეს?“ „რა შეიძლება იყოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები?“ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიჰივში, რუსული ოკუპაციის დროს დაღუპულთათვის მასობრივი საფლავები მოაწყვეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაო მიცვალებულებს ვეღარ იტევდა. ომმა საკუთარი სახლი დაატოვებინა თითქმის 14 მილიონ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის მესამედი / ფოტო: Ryhor Bruyeu/Alamy Stock Photo; Valeria Ferraro/SOPA Image „ReStart Ukraine-ის“ ყველაზე გაბედული პროექტი არის გენერალური გეგმა, რომელიც ამ თვეში გამოქვეყნდება და ჩრდილოეთ უკრაინული ქალაქის, ჩერნიჰივის, მწვანე პიონერად ქცევას ისახავს მიზნად. ერთსაუკუნოვანი ქალაქის ომამდელი ქუჩის ფოტოგრაფია აღბეჭდავს ბავშვებს ფერად-ფერადი სკეიტბორდებით, საყიდლებზე გამოსულ ქალებსა და კაცებს ქალაქის ძველ უბანში, ქვაფენილებზე არეკლილ ოქროსფერ მზის სხივებს. ბოლო პერიოდის ფოტოები კი დანტეს ჯოჯოხეთს მოგვაგონებს. ბავშვი, გაქვავებული სახით ნანგრევებში დგას და ხის თოფი უჭირავს. უკრაინელი ჯარისკაცი ხალისიანად იღიმება და მტრის დატყვევებული ტანკის წინ ფოტოსთვის პოზირებს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი რუსულმა ტანკებმა და ჯარისკაცებმა აპრილში დატოვეს, რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებენ ჩერნიჰივის რეგიონის დაბომბვას. ეს სწორედ ის ტილოა, რომელზეც შევჩენკო და მისი თანამოაზრეები მუშაობენ, რომელიც მოიცავს საბჭოთა ბრუტალისტურ არქიტექტურას და იმ პერიოდის ურბანულ ბადეებს, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ სსრკ-ს ნაწილი იყო. როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, ომმა ჩერნიჰივში საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 20% განაადგურა ან დააზიანა. მათ შესაკეთებლად და აღსადგენად „ReStart Ukraine“ განიხილავს რეკონსტრუქციის ისეთ გზას, რომელიც გამოიყენებს მწვანე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული მასიური ხე - მზიდი კედლები, დამზადებული ხის პანელებითა და წებოთი ან ლურსმნებით შეკრული. ეს მასალა ბეტონის ალტერნატივად მიიჩნევა, რომელიც ცემენტს შეიცავს და მსოფლიოში ნახშირბადის გაფრქვევის 7% სწორედ მის წარმოებაზე მოდის. „ReStart Ukraine-ის“ გეგმა ასევე განილიხავს დაბომბილი შენობებიდან დარჩენილი ნარჩენების, ხე-ტყის, პლასტმასის და ბეტონის ნამსხვრევების ხელახალი გამოყენების გზებს. ბეტონის ნაწილი დაფშვნის შედეგად შეიძლება ხელახლა იქნას გამოყენებული, როგორც შემავსებელი მასალა ახალ ბეტონში. ამავდროულად, პლასტმასი და ხე შეიძლება პირველად მასალად იქცეს ფასადების დასაფარად გარე პანელების დასამზადებლად. როგორც შევჩენკო ამბობს, ომის შემდგომ ჩერნიჰივში შესაძლებელია მდინარე დესნას ნაპირების გამოყენება ფეხით მოსიარულეებისთვის და ბორნებით გადასაადგილებლად, რათა შემცირდეს ხიდზე მანქანების მოძრაობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ომის შედეგებსა და უკრაინის ბედზეა დამოკიდებული. უფრო მწვანე უკრაინის მშენებლობა ის პროექტია, რომელიც ევროპის უმაღლესი დონის პირების ყურადღებას იქცევს. ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულს.“ / ფოტო: Michael Buholzer/AFP via Getty Images უფრო მწვანე უკრაინის აშენება არ არის მხოლოდ რამდენიმე უკრაინელის ოცნება. ეს არის პროექტი, რომელმაც უკვე მიიპყრო ევროპის უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ყურადღება. ივლისში, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის აღდგენისთვის გამართულ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე ლუგანოში, შვეიცარიაში, გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება უკრაინელ ერს გადარჩენაში და გაუძღვება მას მწვანე ჰორიზონტისკენ. ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ომმა ცხადყო უფრო ფართო მიზანი, რომ „ოცნება ახალ უკრაინაზე, მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის იდეას, არამედ ასევე მწვანესა და აყვავებულის.“ მოგვიანებით, იმავე დღეს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმაც იგივე იდეა გააჟღერა. ლამაზად მორგებულ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილმა შმიჰალმა, მსოფლიო ლიდერებს წარუდგინა უკრაინის აღდგენის გეგმის პირველი პროექტი. გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის „გრძელვადიან ტრანსფორმაციას“, რომელიც მოიცავს „მწვანე გარდაქმნას“, რათა „ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და უკრაინის ეკონომიკური სასწაული რეალობად იქცეს.“ მან განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო იქნება 750 მილიარდი დოლარი. ეს ფასი მსგავსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმისა, რომელიც პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის მოდელი გახდა. სწორედ 13 მილიარდიანმა მარშალის გეგმამ განაპირობა დასავლეთ ევროპის ეკონომიკური აღორძინება, მათ შორის, განადგურებული ერისა, რომელმაც წამოიწყო კიდეც ომი. ყოფილი მტრის რეაბილიტაციის ცნება 180 გრადუსიანი შემობრუნება იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდის დოქტრინიდან, რომლის დასრულებისას ომში გამარჯვებულებმა გერმანიას რეპარაციები დააკისრეს, რამაც ქვეყანა ეკონომიკურად დაასუსტა და გამოიწვია კიდეც საბოლოოდ ჰიტლერის აღზევება. მარშალის გეგმის მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ მტრული ქვეყნის აღდგენას შეუძლია გააძლიეროს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რაც დანგრეულ ქვეყანას სწრაფი წინსვლის საშუალებას აძლევს, ამტკიცებს ენდრიუ უილიამსი, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, რომელმაც 2005 წელს გამოსცა წიგნი „ლიბერალიზმი და ომი“. აპრილის დასაწყისში, ომიდან თვენახევარში, გავლენიანი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის - ლონდონში დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე ფოკუსირდება - წამყვანმა ეკონომისტმა უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ დებატები მტკიცედ დაუკავშირა ნაცნობ მარშალის გეგმას. თავის ორმოც გვერდიან “სწრაფი პასუხი” პროექტი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, პროფესიის კორიფეებმა, მათ შორის, უკრაინელმა ტიმოფი მილოვანოვმა, ბეატრის ვედერ დი მაურომ და ბარი აიხენგრინმა, ბევრჯერ ახსენეს 1948 წლის აღდგენის გეგმა. რამდენიმე დღეში აიხენგრინმა გამოაქვეყნა მიმომხილველი სტატია სათაურით „უკრაინისთვის მარშალის გეგმის ფორმირება“, სადაც გადაჭრით დააფიქსირა კავშირი. უკრაინელ ჯარისკაცებს კიევთან ახლოს, ირპინში, დანგრეულ ხიდზე რუსი ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გადააქვთ. 31 მარტი, 2022. / ფოტო: Efrem Lukatsky/AP Photo ომის შემდგომ, ევროპასა და უკრაინას შორის ბევრი პარალელი გაივლება. როგორც იმ დროინდელ ევროპას, უკრაინასაც დასჭირდება ცოცხალი ძალა და დამატებითი სახსრები ჩამოშლილი ეკონომიკის რეკონსტრუქციისთვის, ამბობს უილიამსი. უკრაინის არქიტექტორთა ეროვნულმა კავშირმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პოლონეთში, ივნისის შეკრებაზე განუცხადა, რომ არქიტექტორები შეადგენენ უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეძლოს აღდგენა. უკრაინას დასჭირდება დამატებითი ცოცხალი ძალა. მაგალითად, ომამდე არქიტექტორები უკრაინის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,08 პროცენტს შეადგენდნენ (შედარებისთვის, ევროკავშირში ეს რიცხი 0,25 პროცენტთია), რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ხელებით შეძლოს აღადგენა, განუცხადა უკრაინის არქიტექტორთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელმა ლიდია ჩიჯევსიმ უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პანელს ივნისის შეკრებაზე პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში. და როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, არსებულმა გეოპოლიტიკამ გააღვიძა რუსეთის „გაღიზიანების“ და „გარიცხვის“ სურვილი, თქვა უილიამსმა. მაგრამ, იმ ეპოქისგან განსხვავებით, არსებული რეკონსტრუქციის გეგმის იდეები დიდწილად ემყარება ევროკავშირის „ამჟამინდელ აკვიატებებს“ და არა შეერთებული შტატებისა, დასძინა უილიამსმა. „ეს შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ არსებობს სურვილი უკრაინის ევროპულ მომავალთან ინტეგრაციისა“, - თქვა მან. ეს აკვიატება მოიცავს ევროპის მწვანე შეთანხმებას, პოლიტიკის წინადადებების ერთობლიობას, რომლის მიზანია ბლოკის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის, დასძინა პროფესორმა. ოლენა პავლენკო, კიევის ანალიტიკური ორგანიზაციის „DiXi Group-ის“ პრეზიდენტი, ომამდელი უკრაინის დამოკიდებულებას რუსულ საწვავზე ადარებს უკრაინულ გამონათქვამს „სიცოცხლე ან საფულე“ - კითხვას, რომელსაც ქურდები „ბნელ ქუჩებში“ სვამენ. ამ პრობლემური ურთიერთობებიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნება უკრაინის მიერ 2030 წლისთვის ევროპის მწვანე შეთანხმების შემოთავაზების მიხედვით განახლებადი ენერგიის 32%-მდე აყვანა - ამბობს ანრიან პროკიპი მომავლის უკრაინული ინსტიტუტიდან (the Ukrainian Institute for the Future), ერთ-ერთი უკრაინული ანალიტიკური ცენტრიდან. მაისში ვიდეო ინტერვიუში, ირინა სტავჩუკი, მაშინდელი უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ამტკიცებდა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხელს შეუწყობდა არამხოლოდ გარემოსა და უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, არამედ ელექტორენერგიის წყაროების დეცენტრალიზაციას, რაც თავის მხრივ, გააძლიერებდა სისტემის უსაფრთხოებას იმ შემთხვევისთვის „თუ რამე მოხდება“. როდესაც მას სთხოვეს დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, სტავჩუკმა ღიმილით უპასუხა: „უბრალოდ არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი შეიძლება ისევ დაგვესხას თავს“. (სტავჩუკმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ დატოვა.) პროკიპი უფრო პირდაპირ საუბრობდა ომის დროს რუსეთის მიერ უკრაინის განახლებადი და არაგანახლებადი ენერგოსადგურებისადმი მიყენებულ ზიანზე: „რაკეტებით განახლებადი ელექტროსადგურების განადგურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროსადგურების“. ეს სწორედ იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის სადგურები, ბევრად უფრო მიმოფანტულია დიდ მასშტაბებზე, ვიდრე თბოელექტრო და ატომური ელექტროსადგურები. სტავჩუკი მიიჩნევდა, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი გარკვეულწილად