top of page

როგორ ჩავერთოთ სკოლის მოსწავლეების კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში?


გამარჯობა, მე მქვია თათია და ვარ 15 წლის, ვცხოვრობ ქალაქ გორში და ვარ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სკოლის მოსწავლე. ჩემი ჰობისა და სხვა საქმიანობების გარდა დაინტერესებული ვარ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხებით. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგიყვეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ახალგაზრდებმა საქართველოში, იმისათვის, რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ პრობლემაზე.


შეიძლება გაგვიგია სიტყვა გლობალური დათბობა ან კლიმატის ცვლილება, და ვიცით, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. მეტიც, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მსოფლიო ლიდერები ერთობლივი ძალებით ცდილობენ. კლიმატის ცვლილება საკმაოდ სერიოზული საკითხია, რასაც ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენგანი, ეს არაა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პრობლემა - არამედ ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება. კლიმატის ცვლილებამ მრავალი ახალი დაბრკოლება წარმოშვა, მაგალითად გვალვები, წყალდიდობა, ღვარცოფი, მოუსავლიანობა, ცხოველების სახეობების გადაშენება და რაც მთავარია საფრთხე შეუქმნა ადამიანს, მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.


ჩემს ქალაქ გორში არის ძლიერი ქარები, იმდენად ძლიერი, რომ შენობებს სახურავს ხდის, აზიანებს ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ადამიანებს. თუმცა, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში.

რა შეიძლება გავაკეთოთ სკოლის მოსწავლეებმა დღეს საქართველოში?

პირველად გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხებით გეოგრაფიის გაკვეთილზე დავინტერესდი და მის შემდეგ ვცდილობ ვიპოვო შესაფერისი პროექტები, სადაც მონაწილეობას მივიღებ, ავიმაღლებ ცოდნას და რაც მთავარია ვისწავლი, თუ როგორ შეიძლება საინტერესო პროექტი მეც შევქნა. მიფიქრია, მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ გავავრცელო ინფორმაცია იმ დიდი საშიშროების შესახებ რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და რა გვჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ბოლო პერიოდში, უფრო მეტად გავაქტიურდი ამ მხრივ.


2022 წლის ზაფხულში, გაეროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში სახელად „კლიმატის ელჩები“ მივიღე მონაწილება. იქ, 10 დღე დავყავი და უამრავი ახალი რამ გავიგე გარემოსა თუ მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ჩემს ჯგუფელებთან ერთად შევქმენი პროექტი CDD- Climate Driven Disasters, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ვატარებთ კლიმატით გამოწვეულ კატასტროფებსა და მდგრად განვითარებაზე.


ამის შემდეგ UNDP Georgia-სთან ერთად ჩავწერე მოკლე ვიდეო, ქარის ენერგიაზე , რომელიც აიტვირთა პლათფორმაზე „Dear World Leaders“ კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე #COP27-ზე მსოფლიო ლიდერებს წარედგინა. თავიდან არ მეგონა, რომ ბანაკი რაიმე დიდს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ აღვმოჩნდი სწორი. თუ დაინტერესებული ხართ კლიმატის საკითხებით, გირჩევთ თვალი ადევნოთ: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, Climate Basics • ქლაიმათ ბეიზიქს, UNDP Georgia, CENN, CDD-Climate Driven Disasters, მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ და სხვა ორგანიზაციებს.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის დავუკვირდეთ და დავფიქრდეთ, რა გავლენა აქვს ჩვენს საქციელს, რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ, რამდენად ხშირად ვმზავრობთ მანქანით, ნაგავს სად დავყრით, წყალს როგორ და სად დავაბინძურებთ, სად და რომელ პერიოდში ვინადირებთ. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ დედამიწა, უბრალოდ უნდა დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს და ვიზრუნოთ გარემოზე.




96 views0 comments
bottom of page