top of page

მხარეთა 27-ე კონფერენცია (COP27) - გამოწვევები და შედეგები

Updated: Dec 3, 2022

ყველა მხარეთა კონფერენცია თავისებურია, განსხვავებული და განსაკუთრებული პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი. ბუნებრივია, არც ეს მხარეთა კონფერენცია იყო ამ მხრივ გამონაკლისი. ბოლოსდაბოლოს, ეს აფრიკული COP-ი იყო, შესაბამისად, მოლოდინიც მეტი, რომ აფრიკის ქვეყნებს, და მათი გაერთიანებებით შექმნილ ჯგუფებს, როგორიც არის G77+ჩინეთი, უდიდესი გავლენა ექნებოდა მოლაპარაკების პროცესზე.

COP-ის ჩატარების ადგილი დაახლოებით ორი წლით ადრე განისაზღვრება-ხოლმე. ის დამყარებულია გაეროს რეგიონულ პრინციპზე და, სწორად ამ 5 რეგიონის ირგვლივ მონაცვლეობს. რომელ რეგიონსაც უწევს როტაცია, იმ რეგიონის ქვეყნები აკეთებენ-ხოლმე განაცხადს და მონაწილეობენ შესაბამის კენჭისყრაში. მაგალითად, საინტერესოა ის, რომ 2024 წელს როტაციის პრინციპით COP უნდა ჩატარდეს აღმოსავლეთ ევროპაში, ამ ეტაპზე საგულისხმოა, რომ ინტერესი გამოხატა ბელარუსმა, ბულგარეთმა და სომხეთმა.

COP-ზე მისასვლელად, შეგვეძლო გამოგვეყენებინა სპეციალური მარშრუტებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 40 წუთიდან საათ ნახევრამდე საჭიროებდა დანიშნულების ადგილზე მისვლას, გააჩნია, რომელ სასტუმროში განვთავსდებოდით. რადგან უსაფრთხოების ზომები ძალიან გამკაცრებული იყო, ამდენი ხალხის მობილიზებას და ორგანიზებას დიდი რესურსი და ენერგია სჭირდებოდა, ამიტომ ავტობუსის მარშრუტებიც და გაჩერებებიც შეიცვალა და გადაადგილების განსაკუთრებულ წესებს ემორჩილებოდა.

მხარეთა კონფერენციის ჩასვლის დღიდან, მთავარი იარაღი არის საკონფერენციო სივრცის კარგად შესწავლა, რადგან თუ არ იცი, სად არის შენი მომდევნო შეხვედრა, ძებნაში შეიძლება საათები დაკარგო, საათები კი კოპის დროს, ძალიან ძვირფასია.

რა იყო განსხვავებული ამჯერად? უზარმაზარ სივრცეზე გაშლილი პავილიონები და შეხვედრის ოთახები. როგორც წესი, მოლაპარაკებების ოთახები ყველაზე უკან არის განთავსებული, ხოლო მანამდე ე.წ. “Side Event”-ების პავილიონები უნდა გაიარო. ეს პავილიონები ერთმანეთზე ლამაზი და შთამბეჭდავია, რომ მეტი დამსწრე მიიზიდონ. ზოგიერთ პავილიონს ამავე მიზნით უფასო ყავა აქვს დროის გარკვეულ მონაკვეთში.

დილის 08:00 საათია, საქართველოს დელეგაციის ოფისში შეხვედრაა. დღის წესრიგი უნდა გავიაროთ და დავსახოთ დღის სტრატეგია. ამის შემდეგ, 9-ზე Environmental Integrity Group (EIG)-ის საკოორდინაციო შეხვედრაა, რომელსაც საქართველო 2017 წელს ოფიციალურად შეუერთდა. ხოლო, როგორც წესი, 10-ზე უკვე მოლაპარაკებები იწყება და ყველა თავისი დღის წესრიგის მიხედვით გარბის შესაბამისი ოთახის მოსაძებნად.

აფრიკული კოპის მთავარი მოლოდინი, ზიანისა და ზარალის მექანიზმია, ეს დამატებითი მექანიზმია, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციას დაემატება. ანუ ასახავს იმ ზარალსა და ზიანს, რომელიც განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს უკვე მიადგათ ამინდის/კლიმატის პირობების გაუარესების გამო. ასევე ნიშანდობლივია, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორია და საკვები სისტემების უსაფრთხოებას უშლის ხელს. რაღა თქმა უნდა, დავის საგანია, ადაპტაციისთვის გაორმაგებული ფინანსური სახსრების მობილიზება, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები კი წიაღისეული საწვავის სუბსიდირების აღმოფხვრისთვის იღვწიან. ცალკე ინტერესი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და ე.წ. ქოლგის ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა და სხვები. მათ უნდათ გადაწყვეტილების ტექსტში ასახონ, რომ პირველ რიგში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნება, მათი გადმოსახედით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, სულ მადევრის როლში ვიქნებით და, შესაბამისად, ფინანსური რესურსებიც უფრო არამიზნობრივად დაიხარჯება. სხვადასხვა ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ეგვიპტის, ანუ მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობას და კოპის არჩეულ პრეზიდენტს, ევალებათ ლავირება, დამატებითი დროის გამოყოფა, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების ჩანიშვნა, კულისებს მიღმა მოლაპარაკებების წარმოება და ვაჭრობა.

რა თქმა უნდა, უდიდესი როლი აქვს არასამთავრობო სექტორს, რომლებიც „დამკვირვებლად“ არიან წარმოდგენილები. თუმცა, ეს მხარეთა კონფერენცია ამ მხრივ არ გამოირჩეოდა პოზიტიური შეფასებებით. მოლაპარაკებების ოთახები არ იყო საკმარისად დიდი იმისთვის, რომ გაზრდილი ინტერესი დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, ხშირად, ქვეყნის 1 წარმომადგენლისთვისაც კი არ ჰქონდა მაგიდასთან ადგილი. ხოლო მაგიდის უკან ფეხზე დგომა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აკრძალული იყო. ამის გამო ძალიან ბევრი დამკვირვებელი ორგანიზაცია, და მხარე ქვეყანა, ხშირად გარეთ რჩებოდა, რაც, რა თქმა უნდა ხაზს უსვამდა იმას, რომ მოლაპარკებები არ იყო ინკლუზიური, არამედ უსამართლო.

პირველმა კვირამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა, ცხადი იყო, მტკივნეული საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა ტექნიკურ კვირეულში და გადავიდოდა მომდევნო კვირას, როდესაც თავიდან ჩამოვიდოდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ ნამუშევარ ტექსტებს უკვე პოლიტიკური განხილვის რანგში აიყვანდნენ. ზოგადად, ეს მოლაპარკებისთვის დამახასიათებელია, თუმცა, არაფერი ჯობია, როდესაც წლები პროცესში ჩართულ ადამიანებთან ერთად, ოთახში შეთანხმებას მიაღწევ, ტაშს დაუკრავ და გეცოდინება, შენი წილი სიტყვა ამ ტექსტში ასახულია, რომ ის შედარებით დაბალანსებულია და მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებას ბევრად უფრო მძლავრი ბერკეტები სჭირდება, მცირე აგური მაინც დადებულია. ეგვიპტის კოპზე, ასეთი ბედნიერი წუთები შედარებით ნაკლები იყო, სოფლის მეურნეობის მოლაპარაკების ჯგუფში, როდესაც მოლოდინი იყო რომ ტექსტზე შევთანხმდით და ყველაფერი დასრულდა, ინდოეთმა გააპროტესტა და ტექსტს აღარ დაეთანხმა. ევროკავშირი მორიგ დათმობაზე აღარ წავიდა და პროცესი შეჩერდა. ეს სევდიანი მომენტი იყო, რომელიც არ დასრულდა ტაშით და ერთმანეთის მილოცვით, 26 საათიანი მოლაპარაკების, ღამის თენებისა და უდიდესი მოთმინების უნარის გამოჩენის მიუხედავად. განხეთქილების მთავარი მიზეზი მიტიგაციის (კლიმატის ცვლილების შერბილების) საკითხი იყო სოფლის მეურნეობის სექტორში. კორონივია, ასე ჰქვია სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეხვედრებს მართავს სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით, მხარეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და რაც მთავარია, მოწვეული ჰყავთ UNFCCC გარეთ არსებული სხვა ორგანიზაციები. კორონივიას ფარგლებში პირველი სამწლიანი პროგრამა დასრულდა, ახლა ჯგუფს უნდა მიეღო ანგარიში და დაესახა სამომავლო გეგმები. G77+ჩინეთს-ს სურდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ახალი ჯგუფის შექმნა, რასაც ევროკავშირი, EIG და ქოლგის ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა, რადგან ამდენი სამუშაო ჯგუფი ართულებს მუშაობას და ფინანსური სახსრების უდიდეს ნაწილს სწორედ ეს ბიუროკრატია ჭამს. ჯგუფის შემდეგ გადაწყდა რომ შეიქმნება პორტალი, რომელიც მიძღვნილი იქნება სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხების დაახლოებაზე. თუმცა, სამომავლო გეგმებში ინდოეთს არ სურდა სოფლის მეურნეობაში გაჩენილიყო ნიშა მიტიგაციისთვის, მათ სწამთ, რომ სოფლის მეურნეობა მხოლოდ საადაპტაციო ღონისძიებებს უნდა მოიცავდეს.

მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ზიანისა და ზარალის ფონდთან დაკავშირებით. ამისთვის უამრავი ორმხრივი შეხვედრებიც ჩაინიშნა, სადაც მხარეებს ცალ-ცალკე ესაუბრებოდნენ გამოსავლის ძიებაში. განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ ფონდის მოწინააღმდეგე იყო, რადგან თვლიდნენ რომ მწვანე კლიმატის ფონდი და გლობალურ გარემოსდაცვითი ფონდი, რომელიც კონვენციის ფარგლებში შეიქმნა, აღმოჩნდა საშინლად ბიუროკრატიული და არა მოქნილი და დამატებითი ორგანოს შექმნა, გაართულებდა ზიანისა და ზარალის მექანიზმისთვის სწრაფად ფინანსური სახსრების გამოყოფის შესაძლებლობას. ამიტომ, მათი მთავარი არგუმენტი იყო არსებული მექანიზმების გამოყენება, ასევე ურჩევდნენ მხარეებს რომ კონვენციის ფარგლებში არსებულ ჯგუფებს ჯერ შეესწავლათ კარგად, რა ტიპის ფინანსური მექანიზმი იქნებოდა ოპტიმალური. განვითარებად ქვეყნებს კი დაცდა არ სურდათ, რადგან მათი აზრით, ახლა იყო მომენტი, როდესაც ზიანისა და ზარალის მექანიზმზე რეალური მუშაობა უნდა დაწყებულიყო. მათი აზრით, ზიანისა და ზარალის არსებული აღმასრულებელი მექანიზმი არაეფექტურია. ამიტომ ასევე დაარსდა ახალი ქსელი, სანტიაგოს ქსელი, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს დაეხმარება ზიანისა და ზარალის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებასა და განხორციელებაში.

საქართველოსთვის, ყოველთვის რთულია ახალი ჯგუფების/ორგანოების მხარდაჭერა. საქართველო გეოგრაფიულად მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის დანართ ერთში არშესულ მხარეთა ჯგუფს, რომელიც მხარეთა კონფერენციის მოლაპარაკებების ეტაპზე, სათანადო დელეგატებისა და აქტიური ჩართულობის არ არსებობის გამო, მმართველობითი ორგანოების მიღმა დარჩა. საქართველოს და სხვა ამავე რეგიონის ქვეყნებს, ფაქტიურად წვდომა არ აქვთ კონვენციის ფარგლებში შექმნილ ორგანოებში. ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავარ მისიას მოლაპარაკებებში წარმოადგენს თანასწორი გეოგრაფიული პრინციპის დანერგვა და ამ პოლიტიკას ატარებს მოლაპარაკების ყველა ოთახში. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და მთელი ადამიანური რესურსის მობილიზებას საჭიროებს, რადგან უამრავი მოლაპარაკების ოთახია და რომელიმეს კონკრეტულ მომენტში თუ არ დაესწრები, რაღაც ტექსტი გაიპარება და მერე იმას ვეღარ გაპაროტესტებ თავიდან.

ამ მიმართულებით საქართველომ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და იბრძვის არა მარტო თავისი ადგილისთვის, არამედ სხვა 12 ქვეყნისთვის, რომელსაც ეს ადგილი არ აქვს. წელს ჩვენ აქტიურობას სომხეთი შემოუერთდა. საქართველომ გლაზგოში დააყენა საკითხი, რომ წელს მოლაპარაკებების პროცესში შეხვედრები კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ ჩანიშნულიყო, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, მხარეთა კონფერენციის პრეზიტენტის მონაწილეობით.

წელს მოხერხდა ის, რომ სანტიაგოს ქსელში სულ ბოლო წუთამდე გაიმართა ბრძოლა თანაბარი გეოგრაფიული ნიშნით მის დაკომპლექტებაზე, რასაც წარმატებით გაართვა დელეგაციამ თავი და აქ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, შვეიცარიის დიდი მხარდაჭერა. შეიცვალა ტექნოლოგიების გადაცემის კომიტეტი იგივე პრინციპით.

ფინანსების ზემდგომი კომიტეტის დამოუკიდებელი შეფასება დაიწყო, სადაც ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება გეოგრაფიული განაწილების პრინციპი.

დელეგაციამ ყველა მოლაპარაკებების ოთახში გააჟღერა, რომ არ შეიძლება გეოგრაფიული ნიშნით ქვეყნების გამოყოფა, რასაც მაგალითად აფრიკის ქვეყნები ითხოვენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ და ეს ცალსახად უნდა აისახოს გადაწყვეტილებების ტექსტებში. განსაკუთრებული კვალიფიკაცია ისედაც აქვთ მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს და ყველაზე დაბალგანვითარებული სტატუსის მქონე სახელმწიფოებს, შესაბამისად, კონტინენტებით ამ კვალიფიკაციის მინიჭება არასამართლიანია.

ბევრი მიმართულებით ბრძოლა კიდევ წინ არის, რაც უფრო აქტიურია ქვეყნის ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში, მით უფრო მეტია გამოწვევაც და სურვილიც, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად აისახოს საბოლოო გადაწყვეტილებებში. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილებების პრეამბულაში გეოპოლიტიკური გამოწვევებიც ავსახეთ, რათა ხაზი გაგვესვა, რომ მაგალითად ომი, ამძაფრებს იმ სირთულეებს, რასაც ისედაც აწყდებიან ქვეყნები განსაკუთრებით საკვებთან ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე ავსახეთ ის, რომ მუშაობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა იყოს ორიენტირებული ქალებზე, ბავშვებზე, მოწყვლად ჯგუფებზე და მიზნად ისახავდეს შიმშილის აღმოფხვრას.

მნიშვნელოვან ეკოსისტემებში, ოკეანეებს დავუმატეთ კრიოსფერო, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების და გაღრმავების საწინდარია.

ყველას აინტერესებს, იყო თუ არა მხარეთა კონფერენცია წარმატებული, ლეგიტიმური იყო თუ არა ეგვიპტის მთავრობის მიერ დახარჯული მილიონები, რამდენად ნორმალურია, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრაზე პოლიტიკოსები კერძო თვითმფრინავებით ჩადიან, რამდენად საჭიროა ამდენი გვერდითი ღონისძიება და ამხელა პავილიონები, რამდენად გენდერულად თანასწორია საპირფარეშოები, რამდენად მართებული იყო პროცესის კოკა-კოლის მიერ დაფინანსება და სხვა.

ეს თანმდევი პროცესია, ვისურვებდი მხარეთა კონფერენცია მსოფლიო ჩემპიონატს და სანახაობას არ დაემსგავსოს. მეტი კონცენტრაციის საშუალება მოგვეცეს მომავალ წელს მოლაპარაკებებზე. ის ლიდერები, რომლებიც კერძო თვითმფრინავით ჩამოდიან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ესე იგი ჯერ ვერ მივიტანეთ სწორად მათთვის სათქმელი, ისევე როგორც ის კერძო თუ საჯარო კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც კოპზე მხოლოდ თავისი ბრენდის რეკლამისთვის ხედავენ შესაძლებლობას. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, ბევრია სწორი კომუნიკაციების კუთხით გასაკეთებელი, ბევრია სასწავლი და საზრუნავი. რაც მთავარია, შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო დაბალანსებულად და გარემოსთან ჰარმონიულად ვიცხოვროთ. მაგალითი კი გადამდებია.


წყაროები:

Decision -/CMA.4, Sharm el-Sheikh Implementation Plan, UNFCCC,2022

Decision -/CP.27 Joint work on implementation of climate action on agriculture and food security, UNFCCC, 2022

Decision -/CMA.4 Matters relating to the work programme for urgently scaling up mitigation ambition and implementation referred to in paragraph 27 of decision 1/CMA.3, UNFCCC,2022

Decision -/CP.27 -/CMA.4 Funding arrangements for responding to loss and damage associated with the adverse effects of climate change, including a focus on addressing loss and damage, UNFCCC, 2022

Decision -/CMA.4 Santiago network for averting, minimizing and addressing loss and damage under the Warsaw International Mechanism for Loss and Damage associated with Climate Change Impacts, UNFCCC, 2022

Decision -/CMA.4 Report of the Executive Committee of the Warsaw International Mechanism for Loss and Damage associated with Climate Change Impacts, UNFCCC, 2022

Draft decision -/CMA.4 Matters relating to the Standing Committee on Finance, UNFCCC, 2022


_________________________________

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.


172 views0 comments
bottom of page