top of page

"Don’t Look Up" - ფილმი კლიმატის კრიზისზე

Updated: Jan 10, 2022

„ფილმი შეიქმნა კლიმატის კრიზისის შესახებ ჩემი მზარდი აღელვების, განსაცდელის მოახლოების შიშის და იმ ფაქტის შედეგად, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც მედია ამ პრობლემას მეოთხე ან მეხუთე ამბად აშუქებს და ზოგ შემთხევაში საერთოდ უარყოფს რომ პრობლემა არსებობს [...] ვერ ვიჯერებ, რომ კლიმატის კრიზისი მედიაში არ შუქდება როგორც ყველაზე მთავარი ამბავი […] ეს ყველაფერი ჰგავს კომეტას, რომელიც დედამიწისკენ მოემართება, ის ყველას გაგვანადგურებს, მაგრამ არავის აინტერესებს“

ადამ მაკკეი, ფილმის რეჟისორი, Entertainment Weekly, 16.12.2021

რეჟისორ ადამ მაკკეისა და მწერალ დევიდ სიროტას ფილმში „არ აიხედო“ დოქტორანტი კეიტ დიბიასკი (ჯენიფერ ლოურენსი) და მისი ხელმძღვანელი, პროფესორი რენდალ მინდი (ლეონარდო დიკაპრიო) "პლანეტის მკვლელ" კომეტას აღმოაჩენენ. მათი გამოთვლით, 99.7% სიზუსტით, დედამიწას 6 თვეში კომეტა დაეჯახება და მისი მასშტაბიდან გამომდინარე მთელს პლანეტაზე სიცოცხლეს გაანადგურებს. მეცნიერები დაუღალავად ცდილობენ გააფრთხილონ და დაარწმუნონ პოლიტიკოსი ლიდერები და დანარჩენი მსოფლიო, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ გატარება. თუმცა, ამ პროცესში მალევე მიხვდებიან, რამდენადაც დაუჯერებელი და აბსურდული არ უნდა იყოს, მათი აღმოჩენა ბევრისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია.

ფილმში მეცნიერების წარუმატებელი მცდელობა ანალოგიაა იმისა რასაც დღესდღეობით ბევრი კლიმატოლოგი განიცდის, როდესაც ადამიანის არამდგრადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გაფრქვეული სათბურის აირების გაზრდილი კონცენტრაციით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე და გადაუდებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე დაუღალავად გვესაუბრებიან. ფილმში კომეტა სულ რაღაც 6 თვეში დაეჯახა დედამიწას და შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს, "პლანეტის მკვლელი" კომეტისგან განსხვავებით, კლიმატის ცვლილება შორეული მომავლის პრობლემაა, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. მეცნიერების პროგნოზით დაახლოებით სულ რაღაც ხუთი წელია დარჩენილი, სანამ კაცობრიობა დახარჯავს „ნახშირბადის ბიუჯეტს“, იქამდე სანამ კიდევ რჩება რეალისტური შანსები შენარჩუნებულ იქნეს გლობალური ტემპერატურის მატება 1.5 C -ის ქვემოთ, ასევე, შეიძლება მხოლოდ ხუთი წელია დარჩენილი, სანამ ამაზონის ტროპიკული ტყე და ანტარქტიდის დიდი ყინულის ფენა გარდამტეხ ზღვარს, ე.წ. გარდამტეხ წერტილებს (tipping points) გადასცდება.

ფილმში „არ აიხედო“ განვითარებული მოვლენების სიზუსტე და რეალურ სიტუაციასთან მსგავსება მართლაც შემაშფოთებელია. რეჟისორმა და სცენარის ავტორებმა ჩვენი დროის, კულტურის და საზოგადოების უამრავი პრობლემა გამოკვეთეს, შესაბამისად, ყველაფერს ამ ბლოგში ვერ განვიხილავთ. ძირითადი სურათის დასანახად შეიძლება რამოდენმე ეპიზოდი გამოვყოთ და დავუკავშიროთ რეალურ ცხოვრებას:


მეცნიერები და პოლიტიკოსები

ფილმი: მაშინ როდესაც დედამიწას „პლანეტის მკვლელი“ მასიური კომეტა უახლოვდება და მთელს კაცობრიობას განადგურებას უქადის, პოლიტიკოსებს, მათივე შეფასებით, ბევრი უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე აქვთ მოსაგვარებელი, როგორიცაა, მაგალითად, მოახლოებული არჩევნების მოგება, ძალაუფლების განმტკიცება, მოსამართლეების დანიშვნა და სხვა.

რეალობა: მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანის არამდგრადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად კლიმატის კრიზისი ყოველდღიურად უარესდება. პარალელურად პოლიტიკოსები, ვერც ეროვნულ და ვერც საერთაშორისო დონეზე, ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან საჭირო და გადაუდებელი ქმედებების გატარებაზე. მაგალითისთვის მთავრობები კვლავ წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის მასიურ სუბსიდიებს გასცემენ, არავის სურს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. 2021 წლის გლაზგოს კლიმატის კონფერენციაზე (CoP26-ზე) ყველაზე დიდი დელეგაციით სწორედ წიაღისეული საწვავის ინდუსტრია იყო წარმოდგენილი, სადაც მართალია გავლენიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს რომ კლიმატის ცვლილება არის "ეგზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის", მაგრამ ამ განცხადებების მიუხედავად, ქვეყნები ისევ აფართოვებენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ წიაღისეული საწვავის მოპოვებას, წარმოებას და მოხმარებას.

მეცნიერები და ტელე-სოც მედია

ფილმი: პოლიტიკური კლასისგან უყურადღებოდ დატოვებული და სასოწარკვეთილი მეცნიერები მიდიან მაღალი რეიტინგის მქონე გადაცემებში, მაგრამ იქაც ტელეწამყვანები (ქეით ბლანშეტი და ტაილერ პერი) ღიმილით და ჩვეული ფორმატით მათი განცხადების შელამაზებას და შემსუბუქებას ცდილობენ, რათა მაყურებელი არ დასტრესონ ცუდი ამბებით. პარალელურად, მაყურებელს დიდად არც აინტერესებს მეცნიერების მოსმენა და მოუთმენლად ელის რაილი ბინას (არიანა გრანდე), პოპულარული საერთაშორისო ვარსკვლავის გამოსვლას. მედიის დამოკიდებულების შემხედვარე აღელვებული კეიტ დიბიასკი პირდაპირ ეთერში საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: Are we not being clear? We’re all 100% for sure gonna fucking die! რაც, შედეგს გამოიღებს, ოღონდ შედეგი ისაა, რომ დიბიასკი ცნობილი MEME გახდება. სოციალურ ქსელებში საკითხის გარშემო უამრავი არასაგნობრივი განხილვები იწყება, სხვადასხვა ჯგუფები ავითარებენ შეთქმულების თეორიებს, რასაც მეცნიერულ ფაქტებთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

რეალობა: იგივე კომუნიკაციის პრობლემებს ვაწყდებით რეალობაშიც. ერთის მხრივ, მედია ნაკლებად ინტერესდება კლიმატის კრიზისის თემით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბები ხშირად სპორტის და ცნობილი ადამიანების ამბებით იჩრდილება. მეორე მხრივ კი, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ეთერი კლიმატის მეცნიერებს ან კლიმატი პოლიტიკაში ჩართულ ექსპერტებს ეთმობათ, ისინი იძულებული არიან პრობლემაზე ფართო საზოგადოებისთვის „გასაგებ“ და „მისაღებ“ ენაზე ილაპარაკონ, პრობლემის სიმწვავე და ნეგატიური პროგნოზები მაქსიმალურად შეალამაზონ. ფილმის რეჟისორის ადამ მაკკეის განცხადებით ჩვენი კულტურა ამჟამად გაჭედილია ე.წ. „პროფესიულ ფორმატში“, რომელიც 70 - 90-იანი წლებიდან მოგვყვება და ჩვენს დროს აღარ შეესაბამება, განსაკუთრებით „everything is OK, everything goes in cycles“ ფორმატი.

მეცნიერები და ცნობილი ადამიანები

ფილმი: პოლიტიკური კლასის და მედიის წამომადგენლების მიერ იგნორირებული მეცნიერები, იმისათვის რომ საზოგადოებას დააჯერონ მოახლოვებული უზარმაზარი საფრთხე მართლაც არსებობს და მისი თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების უმალ განხორცილება, აორგანიზებენ კონცერტს რაილი ბინას მონაწილეობით. თუმცა კონცერტზე მისული ხალხი მომღერალს გულშემატკივრობს, მისთვის მივიდნენ და მთავარი თემით ზედაპირულად ან საერთოდ არ ინტერესდება.

რეალობა: არაერთი ცნობილი ვარსკვლავი გვინახავს როგორც კლიმატის საერთაშორისო კონფერენციებზე, ასევე, სხვადასხვა კლიმატის ცვლილებაზე გადაღებულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში, გადაცემებში და კლიპებში. ფილმის მსგავსად, ცნობილი ადამიანების ჩართულობით მათი მაყურებელი პრობლემაზე მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას იღებს და ძირითადად მთელი ყურადღება მაინც ცნობილ ადამიანებზეა ფოკუსირებული და არა თავად პრობლემაზე.

მეცნიერები და მილიარდერი ბიზნესმენები

ფილმი: ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში როდესაც პრეზიდენტი (მერილ სტრიპი) იძულებულია ყურადღება მიაქციოს მეცნიერების აღმოჩენას და იწყებს მისიას კომეტის გასანადგურებლად, მას მისი დამფინანსებელი დონორი, ცნობილი მილიარდერი ბიზნესმენი პიტერ იშერველი (მარკ რაილანსი) აჩერებს. მილიარდერის პროექტის თანახმად შესაძლოა მოახლოვებული საფრთხე მისი კომპანიის BASH-ის ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებლობად გარდავქმნათ და შედეგად ახალი სამუშაო ადგილებიც შევქმნათ, მას მერე რაც კომეტაზე არსებული ძვირფასი ლითონები იქნება მოპოვებული.

რეალობა: მდგრად, დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას არავინ ჩქარობს, შესაბამისად პოლიტიკოსები და ბიზნეს სექტორი ფრიად სარისკო მომავლის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებების იმედად გვტოვებენ. ტექნოლოგიების, რომლებიც ან ჯერ საერთოდ არც გვაქვს, ან უკეთეს შემთხვევაში საწყის საპილოტე ეტაპზე იმყოფებიან.

პერსონაჟები - პარალელი რეალობასთან

შეიძლება ითქვას, რომ ფილმის თითოეული პერსონაჟიც შთაგონებულია რეალური ადამიანებით. მათ შორის ბევრი საჯარო ფიგურაა, მაგალითისთვის ყველაზე ცხადი მსგავსება იკვეთება შემდეგ პერსონაჟებს შორის:


ქეით დიბიასკი - გრეტა ტუნბერგი

დიბიასკის პერსონაჟი არ არის ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტის სრულყოფილი სარკე, მაგრამ ამ ორს შორის ბევრი პარალელი არსებობს. დიბიასკი როგორც გრეტა ძალიან განიცდის და ღელავს მოახლოებული საფრთხის გამო და მას არ ეშინია ამის ჩვენება. როდესაც ქეითი ბრაზდება და ცდილობს აიძულოს მისი გარემოცვა და საზოგადოება სერიოზულად მოეკიდოს მოახლოებულ საფრთხეს, საზოგადოება მას ე.წ. „მყვირალა ქალბატონს“ უგულებელყოფს და MEME-ად აქცევს. როდესაც 2018 წელს გრეტა ტუნბერგმა გამოსვლის დროს მისი ბრაზი და აღშფოთება ღიად დაანახა საზოგადოებას, მის გამოსვლასაც მსგავსი რეაქცია მოჰყვა. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება ფოკუსირებულიყო გრეტას მიერ წარმოდგენილ მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებულ ტექსტის შინაარსზე, მას დასცინოდნენ, კაცობრიობის ბედით და გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური კლასის უმოქმედობით შეწუხებულს, ემოციების გამოხატვის გამო.

ზოგადად დიბიასკის პერსონაჟი საზოგადოების ქალების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს. ქეითი მისი პირდაპირობის და ემოციების ღიად ჩვენების გამო, თავიდანვე ყველას თავდასხმის ობიექტია და მალევე ჩამოშორებულ იქნება საქმეს.


პრეზიდენტი ჯენი ორლეანი - დონალდ ტრამპი

პრეზიდენტი ჯენი ორლეანი (მერილ სტრიპი) ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აშკარა კარიკატურაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ზოგიერთი მინიშნება ჰილარი კლინტონზეც გვხვდება, პრეზიდენტი ორლეანი აშკარად დონალდ ტრამპის სატირული სარკისებური გამოსახულებაა. მას ახასიათებს ყველა ტრამპისთვის დამახასიათებელი თვისება და ქცევა, ნარცისიზმიდან ნეპოტიზმამდე. როდესაც დოქტორი მინდი და ქეით დიბიასკი პრეზიდენტ ორლეანს „დიბიასკის კომეტის“ შესახებ აცნობებენ, პრეზიდენტი ადვილად უარყოფს და მანიპულირებს მეცნიერული ფაქტებით, რათა ყველაფერი მოარგოს საკუთარ დღის წესრიგს. მაშინაც კი, როდესაც კომეტის შესახებ აშკარა მტკიცებულება არსებობს, პრეზიდენტი მასობრივ კამპანიას "ნუ ახედავ მაღლა" იწყებს, სადაც ის ტრამპის სტილში ბეისბოლის კეპით და თითების იქით-აქეთ გაშვერით ხალხს ე.წ. ალტერნატიულ ფაქტებს სთავაზობს.


ჯეისონ ორლეანი - ტრამპის ოჯახი

თუ პრეზიდენტი ჯენი ორლეანი დონალდ ტრამპის პაროდიაა, ჯეისონ ორლეანი (ჯონა ჰილი) არის ტრამპის შვილების - ივანკა, დონალდ, ერიკ ტრამპების და ასევე, მისი სიძე, ჯარედ კუშნერის პაროდია. ოთხივემ ისარგებლა დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის პოზიციით, ისინი დაინიშნენ ისეთ თანამდებობებზე, სადაც ისინი მხოლოდ ნეპოტიზმით თუ მოხვდებოდნენ, რადგანაც სხვაგვარად არ იყვნენ კვალიფიცირებული.


პიტერ იშერველი - ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი ...

პიტერ იშერველი (მარკ რაილანსი), BASH Cellular-ის აღმასრულებელი დირექტორი, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მილიარდერი ტექ-მაგნატების, როგორიცაა ელონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, ჯეფ ბეზოსი და სხვა კარიკატურა. იშერველი, ისევე როგორც ბევრი ტექ-მაგნატი რეალურ სამყაროში, გატაცებულია კოსმოსით და კოსმოსში მოგზაურობით, აქვს ამბიციური ტექ-პროექტები, ბავშვები აღფრთოვანებული არიან მისი გენიით, ამასთანავე პერსონაჟი თავს არა მეწარმედ, არამედ მსოფლიო მასშტაბის გენიოს გამომგონებლად თვლის. პიტერ იშერველს სურს მთელი კაცობრიობა მისი კომპანიის მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს იყენებდეს, ის აგროვებს მონაცემებს მის მომხმარებელზე და ადამიანების ემოციურ პროფაილებს ადგენს, პროგნოზებს აკეთებს. გადამწყვეტ მომენტში, იშერველი ძვირფასი ლითონების მოპოვებას ანიჭებს უპირატესობას, მილიარდერს უნდა კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მოხვეჭა და ამისათვის უზარმაზარ რისკზე მიდის.


ფილმში ბევრი სხვა საყურადღებო თემაა წამოწეული. საინტერესო და არასტანდარტული იყო აპოკალიპტური ფილმის გმირის გარეშე დატოვება. ჰოლივუდის აპოკალიპტურ ფილმებში შეგვაჩვიეს, რომ როდესაც დედამიწა საფრთხეშია გმირები და საზოგადოება მობილიზდება და ერთობლივი ძალებით იმარჯვებს. თუმცა „არ აიხედო“-ში გაგვიჭირდება ერთი გმირის პოვნაც კი. არმაგედონის (1998) მსგავსად, კომეტის ასაფეთქებლად შერჩეული „გმირი” პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მიმღები, პოლკოვნიკი ბენედიქტ დრასკი (რონ პერლმანი) თვითმკვლელობის მისიისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისიის დისტანციური მართვა და საერთოდ არაა საჭირო ადამიანის სოცოცხლის მსხვეპლად გაღება. თანამედროვე ბრიუს უილისი, პენსიონერი ჯარისკაცი „სხვა თაობას“ წარმოადგენს და თავი მხოლოდ ყვირილით, არაკომპეტენტურობით და დისკრიმინაციული ფრაზებით დაგვამახსოვრა.

კინომცოდნეების კრიტიკა, მეცნიერების მოწონება

ფილმმა ბევრი კინოკრიტიკოსის ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა, ამის საპირისპიროდ კლიმატის მეცნიერებაში და პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, ასევე კლიმატის აქტივისტები ფილმს ძალიან დადებითად აფასებენ.

კრიტიკა ძირითადად დაკავშირებულია ორ თემასთან. ერთის მხრივ, კრიტიკა დაიმსახურა კომედიის ჟანრის ფილმის „დისკომფორტის“ ეფექტმა. კინოკრიტიკოსების აზრით, რეჟისორმა ადამ მაკკეიმ, „უბრალოდ არ იცის როგორ მისცეს ხალხს საშუალება დატკბეს რაღაცით, თუნდაც ეს მათივე განადგურება იყოს“ (Forbes, Dec 30, 2021). კლიმატის კრიზისის შესახებ კომედიური ფილმების გადაღება კარგია იმ შემთხვევაში, თუ ეს გაკეთდება ისე, რომ მაყურებელს დავამშვიდებთ და გავართობთ, აცხადებს ზოგიერთი კინოკრიტიკოსი (Simran Hans, The Observer). მეორე თემა რაც კინოკრიტიკოსებმა წამოწიეს უკავშირდება საზოგადოების სხვადასხვა მხარეების დამცირებას და დაცინვას. „მაკქეიმ გარდაუვლად ცხადყო, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ (...) ის დარწმუნებულია, რომ შენზე ბევრად ჭკვიანია“, - ამბობს ტიმ ბრეიტონი Alternate Ending-დან. მეთიუ ლუკასი თავის ბლოგზე „Front Row“ წერს: „ეს არ არის მხოლოდ კეთილშობილური მარცხი, ეს არის ცალსახად ცუდი ფილმი, მცდელობა განიხილო ძალიან რეალური პლანეტარული კრიზისი უმარტივესი და ყველაზე მცდარი სიტყვებით“. ზოგიერთი კინოკრიტიკოსის აზრით ფილმს უარყოფითი შედეგებიც ექნება, შეიძლება ის ადამიანებიც კი დააფრთხოს და საწინააღმდეგოდ განაწყოს, ვინც პოტენციურად შესაძლოა კლიმატის კრიზისის პრობლემით დაინტერესებულიყვნენ (Charles Bramesco, The Guardian).

კინოკრიტიკოსებისგან რადიკალურად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ კლიმატის მეცნიერებაში, პოლიტიკაში და აქტივიზმში ჩართულ ადამიანებს. მათი უმრავლესობა თვლის, რომ თუ ფილმის ყურება დისკომფორტს გვიქმნის, ეს იმიტომ ხდება, რომ ფილმი სრულყოფილი სიზუსტით გადმოსცემს კლიმატის კრიზისის იგნორით გამოწვეულ კლიმატის მეცნიერების, ექსპერტების და აქტივისტების ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას. ფაქტია, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პარალელურად არსებობს კომუნიკაციის პრობლემა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება. კლიმატის მეცნიერებისთვის, ექსპერტებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებსაც კარგად ესმით კლიმატის კრიზისის სიმძიმე, სერიოზულობა და აქტუალობა – ის ფაქტი, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია – თითქმის სურეალისტურია როცა ხედავენ, რომ ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას ისე ატარებენ, თითქოს ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია. ფილში კარგად ჩანს სხვადასხვა მხარეებს შორის არსებული დაყოფა და ხშირად კომუნიკაციის შეუძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სცენარი ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დაწყებამდე დაიწერა, მაყურებლის ნაწილმა ფილმის სიუჟეტი კოვიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც დაუკავშირა. მსგავსება მართლაც იკვეთება, გლობალური პრობლემა, რომელიც განურჩევლად ყოველ ჩვენთაგანს ეხება, მეცნიერების მიმართ უნდობლობა, პოლიტიკოსების დაგვიანებული რეაქცია და ხალხით მანიპულირების სხვადახვა მექანიზმების ამოქმედება.

შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობას სჭირდება მეტი ისტორიები და ნარატივები, რომლებიც ცხადად წამოაჩენენ იმ აბსურდულ სიტუაციას, რაც წარმოიქმნება როცა ყველამ ვიცით თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ამისა ვერ ვერთიანდებით საჭირო გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და თავის გადასარჩენად.


გამოყენებული სტატიები

The Guardian ‘It parodies our inaction’: Don’t Look Up, an allegory of the climate crisis, lauded by activists, December 30, 2021

517 views0 comments
bottom of page