top of page

რას გულისხმობენ კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ანუ კლიმატის ცვლილების #ABC

Updated: Dec 20, 2022

რა არის კლიმატის ცვლილება?

კლიმატის ცვლილება არის[1] ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ძირითადად ათწლეულების, ან დროის უფრო ვრცელ მონაკვეთში) იდენტიფიცირებადი ცვლილება, მათ შორის, სტატისტიკური ნიშნულების ცვალებადობა. კლიმატის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი შიდა პროცესების, ასევე, გარე ზემოქმედებების შედეგად. მაგ. ვულკანური ამოფრქვევებით, მზის ციკლის სიძლიერის მოდულაციებით, ატმოსფეროს შემადგენლობისა თუ მიწათსარგებლობის ხანგრძლივი ანთროპოგენური (ანუ ადამიანის მოქმედების შედეგად შექმნილი - ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა და რესურსების ინტენსიურად მოხმარება) ზემოქმედებითა და ცვლილებით. დღეს აქტუალურ ტერმინში "კლიმატის ცვლილება" სწორედ ანთროპოგენური კლიმატის ცვლილება იგულისხმება.

რაც შეეხება თავად კლიმატს,[2] ვიწრო გაგებით, კლიმატი (ანუ ჰავა) ნიშნავს „საშუალო ამინდს“/“გასაშუალოვებულ ამინდს“, უფრო კონკრეტულად კი, სათანადო სიდიდეების (მაგ. დედამიწის ზედაპირზე ცვლადი ელემენტები როგორიცაა ტემპერატურა, ნალექები, ქარი) საშუალო მდგომარეობისა და ცვალებადობის სტატისტიკური აღწერა დროის გარკვეულ პერიოდში (შეიძლება იყოს თვეები, წლები, საუკუნეები და ა.შ.). მაგალითისთვის, ამინდი თუ არის კონკრეტულ დროსა და ადგილზე ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა, ქარი და სხვა ატმოსფერული მოვლენების იმწუთიერი მაჩვენებელი. კლიმატი არის შედარებით გრძელვადიან პერიოდში ამ ელემენტების საშუალო მონაცემები. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განსაზღვრების თანახმად, კლასიკური პერიოდი შეადგენს 30 წელს. რაც შეეხება ფართო გაგებას, კლიმატი (ანუ ჰავა) ნიშნავს კლიმატური სისტემის მდგომარეობას მისი სტატისტიკური აღწერილობის ჩათვლით.

გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მუხლი 1 (2) კლიმატის ცვლილებას განმარტავს,[3] როგორც „კლიმატის შეცვლას“, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ განპირობებულია ატმოსფეროს გლობალური შემადგენლობის ცვლილების გამომწვევი ადამიანის საქმიანობით და რომელიც აძლიერებს დროის შედარებადი პერიოდების განმავლობაში დაკვირვებულ კლიმატის ბუნებრივ ცვალობადობას. ამრიგად, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია გარკვეულად ასხვავებს “კლიმატის ცვლილებას” “კლიმატის ცვალებადობისგან”, რომელთაგან პირველი დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობის შედეგად შეცვლილ ატმოსფეროს შემადგენლობასთან, ხოლო მეორე გამოწვეულია ბუნებრივი მიზეზებით.

რაც შეეხება კლიმატურ სისტემას,[4] იგი წარმოადგენს მეტად რთულ კომპლექსურ სისტემას, რომელიც შეიცავს 5 ძირითად კომპონენტს: ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, კრიოსფეროს, ხმელეთის ზედაპირსა და ბიოსფეროს, აგრეთვე მათ შორის ურთიერთქმედებას. კლიმატური სისტემა ვითარდება დროში თავისი შიდა დინამიკის გავლენით და გარე ძალების ზემოქმედებით, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები, მზის გამოსხივების ვარიაციები და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ზეწოლა, რაც დაკავშირებულია ატმოსფეროს შემადგენლობის შეცვლასთან.


რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?

კლიმატის ცვლილებას იწვევს სათბურის აირების გაფრქვევა (ემისიები) და, შესაბამისად, სათბურის აირების კონცენტრაციების ზრდა ატმოსფეროში, რაც ხელს უშლის დედამიწის ზედაპირიდან სითბოს არეკვლას და აძლიერებს „სათბურის ეფექტს“. ზოგადად, სწორედ სათბურის ეფექტის დამსახურებაა დედამიწაზე სიცოცხლის ამ ფორმითა და ხანგრძლივობით არსებობა. მაგალითისთვის, არასაკმარისი სათბურის ეფექტი არის პლანეტა მარსზე, რომელსაც აქვს ძალიან თხელი ატმოსფერო, თითქმის მთლიანად CO2-ის შემადგენლობით. შესაბამისად, მარსს აქვს, ძირითადად, ყინულოვანი ზედაპირი და სიცოცხლის ნიშნის გარეშე. მარსისგან განსხვავებული შემთხვევაა ვენერაზე, სადაც ატმოსფერო არის დედამიწის ატმოსფეროზე გაცილებით სქელი, ასევე, 154,000-ჯერ მეტი CO2-ით, შესაბამისად, ვენერაზე არის ძალიან ცხელი ზედაპირი და, ზოგადად, უმართავი სათბურის ეფექტი.[5]

ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული ადამიანის საქმიანობის შედეგად უპრეცენდენტო რაოდენობის სათბურის აირების გაფრქვევა ხდება ატმოსფეროში, შესაბამისად, იზრდება მათი კონცენტრაცია, იცვლება ატმოსფეროს შემადგენლობა და ძლიერდება „სათბურის ეფექტი“ (იხ. NASA-ს გრაფიკი ათასწლეულების განმავლობაში ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობას შესახებ).

წყარო[6]

რა არის სათბურის ეფექტი?

სათბურის ეფექტი არის პროცესი,[7] რომლითაც ხდება ატმოსფეროში სათბურის აირების მიერ, დედამიწიდან არეკლილი მზის ინფრაწითელი რადიაციის (გამოსხივების) ნაწილის შთანთქმა/დაჭერა, მათი კვლავ გამოსხივება, დედამიწის ზედაპირის გათბობა და სითბოს შენარჩუნება. ამრიგად, სათბურის აირები აკავებენ სითბოს “დედამიწის ზედაპირი-ტროპოსფერო” სისტემაში. სათბურის ეფექტზე ადამიანის ზემოქმედების გამო ლიტერატურაში განასხვავებენ „ბუნებრივ სათბურის ეფექტს“ და „გაძლიერებულ სათბურის ეფექტს“.


რომლები არიან სათბურის აირები?

ძირითადი სათბურის აირები არიან[8] წყლის ორთქლი (H2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ოზონი (O3), ასევე, მნიშვნელოვანი ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის/შთანთქმის უნარი აქვთ მეთანს (CH4), აზოტის ქვეჟანგს (N2O), ფტორირებულ აირებს (ქლორფტორნახშირწყალბადები (CFCs, HCFCs), ფტორნახშირწყალბადები (HFCs, PFCs), გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF6), აზოტის ტრიფტორიდი (NF3)).

სათბურის აირები, რომელთაც გაფრქვევაც ხდება ადამიანის საქმიანობის შედეგად, აძლიერებენ „სათბურის ეფექტს“ და დარეგულირებულია კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმით: ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ქვეჟანგი (N2O), ფტორნახშირწყალბადები (HFCs, PFCs), გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF6), აზოტის ტრიფტორიდი (NF3).[9]

სათბურის აირები სხვადასხვა სიძლიერის არიან და, ასევე, სხვადასხვა დროით რჩებიან ატმოსფეროში, ანუ სხვადასხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საკმარისად დიდი ხანი იმისთვის, რომ მოხდეს მათი შერევა. სწორედ ამიტომ სათბურის აირები ასე თუ ისე თანაბარია ყველგან მათი გაფრქვევის ადგილის მიუხედავად.

სათბურის აირების სიძლიერე გლობალური დათბობის პოტენციალით (ინგ. Global Warming Potential - GWP) დაითვლება. ეს არის სიდიდე, რომელიც ახასიათებს ცალკეული სათბურის აირის ეფექტიანობას სათბურის ეფექტის გამოწვევის თვალსაზრისით. ამ სიდიდის ერთეულად პირობითად მიღებულია ნახშირორჟანგის GWP 100 წლიანი პერიოდისათვის. მაგალითისთვის, IPCC-ის 2014 წლის მე-5 შეფასების ანგარიშის მიხედვით, თუ ნახშიროჟანგის არის 1, სხვა აირებისათვის იგი იცვლება ძალიან დიდ დიაპაზონში და შეადგენს, მაგალითად, მეთანისთვის 21, აზოტის ოქსიდისთვის 310. HFC ჯგუფის ჰიდროფტორკარბონატებისთვის იგი იცვლება 140-დან 11700-მდე, ხოლო გოგირდის ჰექსაფტორიდისთვის (SF6) აღწევს 23900.[10] სწორედ, GWP-ით კონვერტირდება სხვა აირები CO2-ის ეკვივალენტში.


რომელი საქმიანობიდან და სექტორებიდან ხდება სათბურის აირების გაფრქვევა?

- ენერგეტიკა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ენერგიის წარმოების და გადაცემის სექტორს, არამედ ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარებასაც. ასევე, კომერციული და საცხოვრებელი შენობების მიერ ენერგიის მოხმარებას, ბოლო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარებას და ა.შ.

- ინდუსტრიული (სამრეწველო) პროცესები, რომელიც მოიცავს მინერალური პროდუქტებს, ქიმიური მრეწველობას, ლითონის წარმოებას და ა.შ.

- ნარჩენების მართვა, რომელიც მოიცავს მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსებას, ნარჩენების წვას, ჩამდინარე წყლების (კანალიზაცია/წყალანირება) გაწმენდას და ა.შ.

- სოფლის მეურნეობა, რომელიც მოიცავს, ძირითადად, ნაწლავურ ფერმენტაციას მცოხნავი ან/და მსხვილფეხა ცხოველებიდან, ნაკელის მართვას, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებს, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის ველად წვას და ა.შ.

- სატყეო და მიწათსარგებლობა, მოიცავს როგორც ტყის ბიომასად გარდაქმნას და ტერიტორიების სტატუსის ცვლილებას (მაგ. სატყეო ტერიტორიის გადაკეთება საძოვრად), ასევე, აქვს CO2 შთანთქმის უნარი.



აქვე აღსანიშნავია, ამჟამინდელ გლობალურ ემისიებში სექტორების გადანაწილება და ქვეყნების წილი.

წყარო[11]


რა არის კლიმატის ცვლილების ძირითადი ნეგატიური ეფექტები?

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ჩვენი დროის განმსაზღვრელი კრიზისია. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, უკვე ხილული და გარდაუვალი ნეგატიური ეფექტები მიანიშნებენ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, გახშირებული ანომალიური და არაპროგნოზირებადი მოვლენები. 2011 წლიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილება მუდმივად სახელდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გლობალურ საფრთხეთა მთავარ ხუთეულში და თან „მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად მწვავდება“.[12] კლიმატის ცვლილების პირდაპირი ზეგავლენა აქვს ადამიანსა და ეკოსისტემაზე, როგორც ეს კლიმატის ცვლილების შესახებ მთავრობათშორისი პანელის (IPCC) არაერთ ანგარიშშია ხაზგასმით აღნიშნული. რაც შეეხება საქართველოს, კლიმატის ცვლილების ნეგატიური ეფექტები საქართველოში უკვე ხილულად ფიქსირდება, ასევე, შეიმჩნევა ტენდენცია რიგ შედეგებთან მიმართებაში. ეს ასევე აღნიშნულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში. (იხ. სტატია ნეგატიურ ეფექტებზე).



მითითებული წყაროები: [1] კლიმატის ცვლილების განმარტება აღებულია IPCC-ის 2018 წლის 1.5 გრადუსიანი გლობალური დათბობის სპეციალური ანგარიშის ლექსიკონიდან. ხელმისაწვდომია: https://www.ipcc.ch/sr15/chapter/glossary/ [2] კლიმატის განმარტება აღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტოს 2004 წლის კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონიდან. ხელიმსაწვდომია: http://www.ecohydmet.ge/IHM%20109-Tomi.pdf [3] განმარტება აღებულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციიდან. ხელმისაწვდომია: https://www.climatebasics.info/ბიბლიოთეკა [4] კლიმატური სისტემის განმარტება აღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული კლიმატის ცვლილების ეროვნული სააგენტოს 2004 წლის კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონიდან. ხელმისაწვდომია: http://www.ecohydmet.ge/IHM%20109-Tomi.pdf [5] კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია აღებულია ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) ვებგვერდიდან. ხელმისაწვდომია: https://climate.nasa.gov/causes/ [6] https://climate.nasa.gov/climate_resources/24/graphic-the-relentless-rise-of-carbon-dioxide/ [7] სათბურის ეფექტის განმარტება აღებულია ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) ვებგვერდიდან. ხელმისაწვდომია: https://climate.nasa.gov/faq/19/what-is-the-greenhouse-effect/ [8]სათბურის აირების შესახებ ინფორმაცია აღებულია ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) ვებგვერდიდან. ხელმისაწვდომია: https://climate.nasa.gov/causes/ [9] კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმით დარეგულირებული სათბურის აირების შესახებ ინფორმაცია აღებულია კიოტოს ოქმის დანართი „ა“-დან და IPCC-ის 2006 წლის ეროვნული სათბურის აირების ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის შესავალიდან. ხელმისაწვდომია: https://www.climatebasics.info/ბიბლიოთეკა და https://www.ipcc-nggip.iges.or.jp/public/2006gl/vol1.html [10] განმარტება აღებულია IPCC-ის 2014 წლის მე-5 შეფასების სინთეზური ანგარიშიდან. ხელმისაწვდომია: https://www.ipcc.ch/report/ar5/syr/ [11] მონაცემები აღებულია მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის (WRI) ვებგვერდიდან. ხელმისაწვდომია: https://www.wri.org/insights/interactive-chart-shows-changes-worlds-top-10-emitters [12] World Economic Forum, “The Global Risks Report 2020, ხელმისაწდომია: https://www.weforum. org/reports/the-global-risks-report-2020

3,274 views0 comments
bottom of page