კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) აერთიანებს 1300-ზე მეტ მეცნიერს, რომლებიც 21-ე და 22-ე საუკუნების განმავლობაში დედამიწის საშუალო ტემპერატურის 2,5˚C-დან 10˚C-მდე ზრდას პროგნოზირებს.IPCC-ის კვლევებსა და ანგარიშებში გვხვდება მეცნიერული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, მოდელირების შედეგად მიღებული პროგნოზები და გათვლები, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს და მოახდენს ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ეკოსისტემებზე და ამით, უშუალოდ ადამიანზეც.
IPCC-ის „1.5°C გლობალური დათბობის“ სპეციალურ ანგარიშში (IPCC, 2018) ვკითხულობთ, რომ კლიმატის ცვლილების ზეგავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ინტენსივობით გვხვდება და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება ეკოსისტემებზე და ადამიანზე უკვე 1.5˚C ტემპერატურის მატებაზეც ფიქსირდება. მოსალოდნელია, რომ ყველაზე ძლიერი დათბობა მოხდება ცენტრალურ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვის რეგიონში (მათ შორის, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში), დასავლეთ და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. ამასთანავე, კვლევების თანახმად, ეს ნეგატიური ზემოქმედება, პირველ რიგში და ყველაზე მეტად ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას დააზარალებს.
რა ძირითადი რისკები ჩნდება, როდესაც გლობალური ტემპერატურა თუნდაც მცირედით (1°C -დან - 2 °C -მდე) იმატებს?
ექსტრემალური ამინდი - კლიმატის ცვლილების ფონზე, იზრდება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა. ექსტრემალური ამინდის მოვლენების ჩამონათვალში შედის ძლიერი ქარიშხლები, წყალდიდობები, მეწყერი, გვალვა და გახშირებული ტყის ხანძრები, ექსტრემალური და რეკორდული სიცხე და ყინვა, დიდთოვლობა და ა.შ.;
მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული პროცესები - კლიმატის ცვლილების ფონზე, იზრდება მასშტაბები და რაოდენობრივი მაჩვენებლები;
მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში - მყინვარებს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასი წლის ყინულის საფარი, რომელზე დაკვირვებითაც მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ როგორ შეიცვალა კლიმატი დროთა განმავლობაში. ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს დნობის დაჩქარებას, თოვლისა და ყინულის მარაგები იკლებს, რაც წყლის მარაგების კლებაზეც აისახება. ახალი კვლევის თანახმად (Kraaijenbrink, et al, 2021), 1979-99 და 1999-2019 წლებში მაღალმთიან აზიაში მდინარეების ე.წ. „snow meltwater supply“ (თოვლის დნობით წყალმომარაგება) საშუალოდ 16% -თ შემცირდა. მაშინაც კი, თუ დათბობა შემოიფარგლება 1.5 °C -თ, საუკუნის ბოლოს დაახლოებით 6% -ანი დანაკარგები იქნება. უკიდურესად მაღალი დათბობის სცენარის მიხედვით, დნობით წყალმომარაგება 40% -თ შემცირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ საკითხის მეცნიერული კვლევები მწირია და/ან სრულიად შეჩერებულია. ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არქტიკის ზღვის ყინულის მთლიანი მოცულობა საგრძნობლად მცირდება. მოსალოდნელია, რომ მალე ზაფხულობით ყინულის საფარი მთლიანად გაქრება, რაც დიდ გავლენას მოახდენს, როგორც ადგილობრივ, ასევე, გლობალურ ეკოსისტემაზე;
წყლის რესურსები და ხარისხი - ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს როგორც წყლის რესურსების შემცირებაზე, ასევე მის ხარისხზე;
ზღვის დონის მატება - ზღვის დონის მატება ხელს უწყობს ზღვის სანაპირო ტერიტორიების დატბორვის, წარეცხვის და კარგვის პროცესების პროგრესირებას;
ტყის დეგრადაცია - თვალსაჩინოა კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა ტყეზე, როგორც არსებული მავნებელ-დაავადებების პროგრესირების, ასევე, ახალი ზიანის მომტანი მწერებისა და დაავადებების გაჩენის მხრივ. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების შედეგად იზრდება ტყის ხანძრების სიხშირე და გავრცელების მასშტაბები.
ნიადაგის ეროზია - გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების დეგრადაციას. რაც მოსახლეობის საკვებით მომარაგების საფრთხეებსაც შექმნის;
თბური ტალღები - ექსტრემალური სიცხე, განსაკუთრებით საშიშია ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ურბანული თბური კუნძულები ხშირად აძლიერებს თბური ტალღების გავლენას და მასთან დაკავშირებულ რისკებს. უჩვეულოდ ცხელი დღეები არღვევს სხეულის ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობებს. კვლევების თანახმად, თბურმა ტალღებმა შეიძლება გაამძაფროს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების და თირკმელების დაავადებები, დიაბეტი და გაზარდოს ინსულტის ალბათობა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად უფრო ხშირია თბური ტალღები წყლებშიც, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საზღვაო ეკოსისტემებსა და ინდუსტრიებზე;
ოკეანეების გამჟავიანება - ოკეანემ შთანთქმა (აბზორბაცია) ანთროპოგენური ნახშირორჟანგის, დაახლოებით, 30%, რის შედეგადაც მოიმატა ოკეანის მჟავიანობამ და შეიცვალა კარბონატული ქიმია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა მინიმუმ ბოლო 65 მილიონი წლის განმავლობაში. შედეგად, გამოვლენილია ზღვის ტაქსონომიური ჯგუფების ფართო სპექტრის (წყალმცენარეები და თევზები), გადარჩენის, კალციფიკაციის, ზრდის და განვითარების რისკები (IPCC, 2018);
ბიომრავალფეროვნება - კლიმატის ცვლილებასთან ერთად ჩნდება ადგილობრივი სახეობების (მწერების, მცენარეების და ხერხემლიანი ცხოველების) დანაკარგების რისკები;
საკვების ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება - კლიმატის სწრაფი ცვლილება, ექსტრემალური მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა, უარყოფით გავლენას მოახდენს საკვების მომარაგების, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების სტაბილურობაზე. ამასთანავე, კლიმატის ცვლილების შედეგად ვხვდებით სულ უფრო მეტ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს (FAO, 2015);
კონფლიქტები - მეცნიერები ზოგადად თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ არ იწვევს შეიარაღებულ კონფლიქტს, პროცესმა შეიძლება ირიბად გაზარდოს კონფლიქტის რისკი არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემო ფაქტორების გამწვავებით. მაგალითად, როდესაც მოსახლეობა იძულებული ხდება მართოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შემცირებული რესურსები, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც არ არის ძლიერი დემოკრატიული მმართველობა და ინკლუზიური ინსტიტუტები (ICRC, 2020);
მიგრაცია - კლიმატის ცვლილების უარყოფითი და მკვეთრი ზემოქმედება სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, გამოიწვევს მასობრივ მიგრაციას. მასობრივი გადაადგილებასთან დაკავშირებული რისკების და საფრთხეების შესახებ მოლაპარაკებები წინ უძღვოდა 2015 წლის პარიზის შეთანხმებას, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილება იქნება საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებიდან მოსახლეობის ევროპაში მიგრაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, ასევე, ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში;
ეკონომიკა - მაღალი რისკია იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატის ცვლილების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად, დათბობის სხვადასხვა ეტაპებზე, იქნებიან ე.წ. „გამარჯვებული“ და „დამარცხებული“ ქვეყნები და რეგიონები, საბოლოოდ, გლობალურად ინტეგრირებული ბაზრების, ფინანსების და ეკონომიკის გათვალისწინებით, ნეგატიური გავლენები შეეხება ყველას. კლიმატის ცვლილება, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე ისეთი ზარალის მიყენებით როგორიცაა ქონების და ინფრასტრუქტურის განადგურება, წარმოების შეფერხება, მასობრივი მიგრაცია და სხვა. მაგალითისთვის, ერთ კვლევაში ვკითხურობთ, რომ 2017 წელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ექსტრემალური ამინდის შედეგად მინიმუმ 100 მილიარდი დოლარი ზარალი დათვალეს (Kramer, Ware, 2019). ამასთანავე, სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი და უღარიბესი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შორის სხვაობა დღეს 25 პროცენტით მეტია, ვიდრე გლობალური დათბობის გარეშე იქნებოდა, რაც უთანასწორობას კიდევ უფრო ამწვავებს (Garthwate, 2019). გლობალურმა დათბობამ უკვე იმოქმედა ტურიზმზე, კლიმატის ცვლილების შედეგად რისკის ზრდა მოსალოდნელია კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებში და სეზონური ტურიზმისთვის, მაგალითად, ზამთრის ტურიზმი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაკლები თოვლი ან/და თოვლის და მყინვარების დნობა. რისკები უფრო დაბალი იქნება ტურისტული ბაზრებისთვის, რომლებიც ნაკლებად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროცესებისა, რომელიც კლიმატის კრიზის თან სდევს. შესაბამისად, IPCC გვაფრთხილებს, რომ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი (ემისიების შემამცირებელი) ღონისძიებები არის გადაუდებელი და აუცილებელი, რათა შეძლებისდაგვარად შეჩერდეს ადამიანის ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების პროცესი და შემცირდეს არსებული რისკები, როგორც გარემოზე, ისე საზოგადოებაზე (IPCC, 2018 წ.). ასევე, ნახეთ NASA-ს ვიზუალური მასალა "Time Machine" ცვლილების უკეთ აღსაქმელად.
კლიმატის გარდამტეხი წერტილები (tipping points)
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა პირველად ორი ათწლეულის წინ დაამკვიდრა ტერნიმი „tipping points“ ანუ გარდამტეხი წერტილები (TAR 2001, AR4 2007). როდესაც კლიმატის მეცნიერები ე.წ. გარდამტეხ წერტილებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგ პროცესი ხდება შეუჩერებელი. თავიდან მეცნიერები თვლიდნენ, რომ გარდამტეხ წერტილებს მივუახლოვდებოდით, თუკი ტემპერატურა წინა ინდუსტრიულ დონესთან შედარებით 5°C - ს გადააჭარბებდა, თუმცა ახალი ანგარიშები (მაგ. 2018 წლის ანგარიშში) ჩანს, რომ გარდატეხის წერტილებს შეიძლება 1°C -დან 2°C– მდე მატების შემთხვევაშიც მივუახლოვდეთ.
ძირითადი გარდამტეხი წერტილებია, მაგალითად, ამაზონის ტროპიკული ტყეების განადგურება, მუდმივი ყინულის (პერმაფროსტი) დნობა და მეთანის ჰიდრატები, მარჯნის რიფების კვდომა, გრენლანდიის ყინულის ფილის დაშლა და სხვა, ზიანი რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი და შედეგები მთელი დედამიწის მასშტაბით საგრძნობი იქნება.
მითითებული წყაროები:
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია (2021), საქართველოს მთავრობა
Carbonbrief (2020), Nine ‘Tipping Points’ That Could Be Triggered by Climate Change, https://www.carbonbrief.org/explainer-nine-tipping-points-that-could-be-triggered-by-climate-change
Garthwate (2019), Climate Change Has Worsened Global Economic Inequality, https://earth.stanford.edu/news/climate-change-has-worsened-global-economic-inequality#gs.5jht1h
IPCC (2018), Special Report Global Warming of 1.5 ºC, https://www.ipcc.ch/sr15/
FAO (2015), Climate Change and Food Security: Risks and Responses, http://www.fao.org/3/i5188e/i5188e.pdf
ICRC (2020), Seven Things You Need to Know About Climate Change and Conflict, https://www.icrc.org/en/document/climate-change-and-conflict
Kraaijenbrink, P. D A. et al (2021), Climate Change Decisive For Asia’s Snow Meltwater Supply, Nature Climate Change, doi: 10.1038/s41558-021-01074-x
Shernibinin, (2020), Climate Impacts as Drivers of Migration, https://www.migrationpolicy.org/article/climate-impacts-drivers-migration
Wade Keith (2016), The Impact of Climate Change on The Global Economy, https://www.schroders.com/de/SysGlobalAssets/digital/us/pdfs/the-impact-of-climate-change.pdf
Comments