ძირითადი კითხვები და პასუხები
2022 წლის ნოემბერში, კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე (COP27), რომელიც ეგვიპტეში მიმდინარეობდა, მსოფლიოს ქვეყნები შეთანხმდნენ „ზარალისა და ზიანის“ მსოფლიო ფონდის შექმნის თაობაზე. ფონდის მიზანი ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერაა, რომელთა მოსახლეობაც კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს უკვე გრძნობს.
დღეს, დედამიწის ტემპერატურა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე 1,1°C-ით მაღალია. ამ ცვლილების შედეგებიც უკვე სახეზეა: მომატებული სითბური ტალღები, გვალვები, ზღვის დონის მატება, არაპროგნოზირები ნალექიანობა, წყალდიდობები და სხვა. ალბათ გახსოვთ, წლევანდელი წყალდიდობები პაკისტანში, რომლის შედეგადაც ქვეყნის მესამედი დაიტბორა, რამაც 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზარალი მიაყენა.
იმისათვის, რომ ანთროპოგენული კლიმატის ცვლილება შევაჩეროთ, აუცილებელია ამ ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების (ემისიების) შერბილება - მიტიგაცია. ხოლო, კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგებისგან თავის დასაცავად და მოსალოდნელ მოვლენებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია წინაწარ შევემზადოთ - ვადაპტირდეთ. თუმცა, დღეს უკვე ცხადია, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად, მიტიგაციისა და ადაპტაციისკენ (შეგუებისკენ) მიმართული ძალისხმევა საკმარისი აღარაა. კლიმატის ცვლილების უარყოყითი გავლენა უკვე იგრძნობა და გარკვეული სახის დანაკარგები, საზოგადოებაზე თუ ეკოსისტემაზე მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი გარდაუვალია. ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს საერთაშორისო საზოგადოება ამ ზიანსა და ზარალს, გაეროს კლიმატის წლევანდელი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო.
აქ მოკლედ წაიკითხავთ პასუხებს ძირითად კითხვებზე, რაც უნდა იცოდეთ კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალისა და ზიანის“ შესახებ.
რა არის კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალი და ზიანი“?
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ის სამი ძირითადი მიმართულება, რაც კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად აუცილებელია:
კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიების შერბილება (მიტიგაცია)
კლიმატის ცვლილების უარყოფითშედეგებთან შეგუება (ადაპტაცია)
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალისა და ზიანის საპასუხო ქმედებები
გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებში, „ზარალსა და ზიანს“ უწოდებენ ხარჯს ან სხვა სახის ზიანს, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად მიადგება საზოგადოებას. აქამდე, საერთაშორისო მოლაპარაკებები ძირითადად კონცენტრირდებოდა გლობალური დათბობის შერბილების მცდელობაზე, ან კლიმატის ცვილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციაზე. „ზარალისა და ზიანზე“ ყურადღების გამახვილებით, ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ზარალზე, რომელსაც ქვეყნები ვერც აირიდებენ, ან მასთან ვერც ადაპტირდებიან.
მაგალითად, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზიანია ზღვის დონის მატების გამო დაკარგული (ჩაძირული) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან წყალდიდობის დროს დატბორილი სახნავ-სათესი მიწები.
რა ითვლება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ „ზარალად და ზიანად“?
„ზარალი და ზიანი“ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალურმა ამინდმა, როგორიცაა გვალვა, სითბური ტალღები, ჭარბი ნალექიანობა, ქარიშხალი, ისევე, როგორც ზღვის დონის მატებამ, მყინვარების დნობამ, მიწის დეგრადაციამ, ბიომრავალფეროვნების კარგვამ და სხვამ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ზიანი სამუდამოა, მაგალითად, ზღვის დონის მატების შედეგად იტბორება კუნძულ-სახელმწიფოები.
კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს მოაქვთ, როგორც ეკონომიკური ზარალი, ასევე არაეკონომიკური ზიანიც. მაგალითად, არაპროგნოზირებადი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობით სოფლის მეურნეობის სექტორს და მასში დასაქმებულ მოსახლეობას მიადგება ეკონომიკური ზარალი. ეს, თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და იძულებულს ხდის საზღვარგარეთიდან იმპროტის გაძლიერებას, რათა შეავსოს ბაზრის დეფიციტი.
არაეკონომიკური ზიანი გულისხმობს, ისეთი სახის დანაკარგს, რაც რთულია დავითვალოთ. მაგალითად, ადამიანის სიცოცხლე, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებების გაქრობა გარემოს ცვლილებასთან ერთად, სტიქიის დროს საზოგადოებაზე მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვა.
ვინ არის ყველაზე დაუცველი კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალისა და ზიანის“ პირისპირ?
კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული „ზარალი და ზიანი“ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების უკვე დაუცველ თემებს. მსოფლიოს ყველაზე ღარიბ მოსახლეობას, ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის კლიმატის ცვლილების გამოწვევაში, თუმცა ისინი ყველაზე დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის წინაშე. შესაბამისად, „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსება, კლიმატ-სამართლიანობის საკითხია.
მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ქვეყნები წლებია ითხოვენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ისტორიულად დიდი წვლილი მიუღძვით კლიმატის ცვლილების გამოწვევაში, უნდა გადაიხადონ „ზარალისა და ზიანის“ ხარჯი. „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსება, შესაბამისად, გულისხმობს, ადამიანების დახმარებას, მას შემდეგ, რაც ისინი კლიმატთან დაკავშირებულ უარყოფით ზემოქმედებას განიცდიან. ეს ჰგავს ერთგვარ კომპენსაციას ან და კლიმატ-რეპარაციას იმ ზარალისთვის, რაც მდიდარი ქვეყნების მოქმედებების შედეგად მოადგათ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს.
რამდენიმე ქვეყანამ „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსების მცირე, სიმბოლური ვალდებულება უკვე აიღო. მათ შორის არიან დანია, ბელგია, გერმანია და შოტლანდია, ასევე ევროკავშირი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი საქართველოსთვის?
კვლევებია ჩასატარებელი, იმისათვის რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობა და ზიანი და ზარალი შეფასდეს. ასევე, გამოვთვალოთ ამ მოწყვლადობის ზეგავლენა ეკონომიკის შესაბამის სექტორებზე.
მაგალითისთვის, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მაღალმთიანი რეგიონების და მყინვარული ტერიტორიების არსებობიდან გამომდინარე საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. გლაციოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მყინვარების დნობა კავკასიონზე 2000-2020 წლებში ოთხჯერ უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ვიდრე ეს 1911-1960 წლებში იყო. მომატებული დნობის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია ზაფხულის ტემპერატურების მატება და ზამთრის ნალექების კლება. ასევე, საჰარის უდაბნოს მტვერი რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე არაერთხელ დაილექა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ექვივალენტია. ეს პროცესები ბევრ თანმდევ პრობლემას განაპირობებს, როგორიცაა არა მარტო ბუნებრივი კატასტროფები, არამედ მაგალითად ლანდშაპტების ცვლილება და წყლის რესურსების შემცირება. იმ რესურსების კლება, რაზეც ქვეყანა ისტორიულად არის დამოკიდებული.
რა წერია კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე (COP27-ზე) მიღებულ შეთანხმებაში?
“ზარალი და ზიანის” ანაზღაურების მექანიზმების შექმნაზე მსჯელობა არ არის ახალი საკითხი. განვითარებადი ქვეყნები და პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები ამ ტიპის მექანიზმებს და ფინანსებს მობილიზებას 1991 წლიდან ითხოვენ.
2022 წლის კლიმატის 27-ე მსოფლიო კონფერენციაზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ
შეიქმნას „ზარალისა და ზიანის მსოფლიო ფონდი“. ფონდის მიზანი იქნება კოორდინაცია გაუწიოს საჭირო თანხის მობილიზებას და მიმართვას იმ ღარიბი ქვეყნებისკენ, რომლებიც „განსაკუთრებით მოწყვლადები“ არიან კლიმატის ცვლილების წინაშე. შეთანხმება შეფასდა, როგორც „ისტორიული“ მნიშვნელობის, „წინ გადადგმული ნაბიჯი კლიმატ-სამართლიანობისკენ“. პაკისტანის კლიმატის მინისტრმა შერი რეჰმანმა, შეთანხმებას უწოდა „ავანსი კლიმატ-სამართლიანობისთვის.“
შეთანხებაში ასევე ნათქვამია, რომ თანხის მოზიდვა უნდა მოხდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან, და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებიდან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოვიდა იდეით, რომ თანხა ასევე უნდა შეგროვდეს წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიები მოგების დაბეგვრის გზით. დაფინანსება შეიძლება მიემართოს, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ან ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევასთვის, ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
თუმცა, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. აღწერილი ღონისძიებების დეტალები და ფონდის სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ჯერ კიდევ არაა ცნობილი და განსაზღვრული ფონდის მოქმედების და მართვის, ასევე მობილიზებული ფინანსების გადანაწილების მექანიზმები. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მომავალ წელს უნდა ველოდეთ.
შეთანხებაში ასევე ნათქვამია, რომ თანხის მოზიდვა უნდა მოხდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან, და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებიდან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოვიდა იდეით, რომ თანხა ასევე უნდა შეგროვდეს წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიები მოგების დაბეგვრის გზით. დაფინანსება შეიძლება მიემართოს, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ან ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევასთვის, ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
თუმცა, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. აღწერილი ღონისძიებების დეტალები და ფონდის სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ჯერ კიდევ არაა ცნობილი და განსაზღვრული ფონდის მოქმედების და მართვის, ასევე მობილიზებული ფინანსების გადანაწილების მექანიზმები. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მომავალ წელს უნდა ველოდეთ.
_________________________________
ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
コメント