top of page

ახალგაზრდების ხმა COP26-ისკენ მიმავალ გზაზე: კონფერენცია ახალგაზრდები კლიმატისთვის

Updated: Dec 10, 2021

2021 წლის 27-30 სექტემბერს 400-მდე ახალგაზრდა ლიდერი და აქტივისტი მთელი მსოფლიოდან შევიყარეთ მილანში ერთი მიზნისთვის - ‘მივაწვდინოთ ხმა ლიდერებს, რომელთა ხელშიც ჩვენი და დედამიწის მომავალია’.

უაღრესად დატვირთული 3 დღის განმავლობაში, 400-მდე დელეგატი, მსოფლიოს 186 ქვეყნიდან, ვმუშაობდით კონსოლიდირებული დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ასახავს ჩვენს მოსაზრებებს, ძირითად გზავნილებსა და მოთხოვნებს ეროვნულ თუ საერთაშორისო ლიდერებთან, ორგანიზაციებთან, ინსტიტუციურ ორგანოებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც ცვლილების ძალა შესწევთ.

ჩვენს თაობას ხომ კიდევ უფრო გამწვავებული კლიმატის ცვლილების შედეგებთან შებრძოლება მოუწევს თუ ცვლილებები ახლავე არ დავიწყეთ.

მოკლედ კონფერენციის ორგანიზების შესახებ

2019 წლის ივნისში იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლბში, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 26-ე კონფერენციას (COP26) დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა, ხოლო იტალიამ Pre-COP26-სა და და ახალგაზრდულ ღონისძიებას კლიმატის ცვლილებაზე, სახელწოდებით "Youth4Climate: Driving Ambition" (Y4C).

2021 წლის Y4C არის ახლად წამოწყებული ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების ხმების მსხვილმასშტაბიან ფორმატში გაჟღერებას ისახავს მიზნად.

მუშაობის პროცესი

2021 წლის COP26-ისა და Pre-COP მოლაპარაკებების შინაარსობრივ პრიორიტეტებთან თანხვედრის მცდელობაში, კონფერენციისთვის გამოიკვეთა 4 ძირითადი თემატური ბლოკი (შემდგომში მათ მიხედვით დაიყო სამუშაო ჯგუფები), თავისი ქვე-კატეგორიებით, რომელთა მიხედვითაც ორგანიზატორების მიერ შედგენილ კითხვარებზე დელეგატებმა ივნისიდან დავიწყეთ მუშაობა.

კითხვებზე მიღებული პასუხების სინთეზირებითა და დისკუსიების სერიით სექტემბრის დასაწყისისათვის მომზადდა მანიფესტის „ნულოვანი დრაფტი“, რომლის დახვეწაზე უკვე თავად კონფერენციის დროს Y4C საკოორდინაციო გუნდისა და ფასილიტატორების დახმარებით ვმუშაობდით. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა გვქონდა აგვერჩია ის თემატური მიმართულება, რომელზე მუშაობაც ჩვენთვის პრიორიტეტი იქნებოდა გამოცდილების, ცოდნისა თუ ინტერესის მიხედვით. მუშაობის პროცესში გადავხედეთ თემატურ ჯგუფებში გამოყოფილი ქვე-თავების მნიშვნელობასა და სახელწოდებებს, რის შემდეგადაც გადავწყვიტეთ ახალი ქვე-თავების შემუშავება და გამოკვეთა.


რას ითხოვს ახალგაზრდობა: საკვანძო გზავნილები

სამუშაო ჯგუფი I – ახალგაზრდები, როგორც ამბიციის მამოძრავებლები

  1. მრავალმნიშვნელოვანიჩართულობა - ვთხოვთ, ქვეყნებს და შესაბამის ინსტიტუტებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ახალგაზრდების მრავალმხრივი ჩართულობა და მონაწილეობა ყველა გარემოსდაცვისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

  2. შესაძლებლობების განვითარება - ვთხოვთ, ქვეყნებს სასწრაფოდ გააფართოვონ ფინანსური, ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის და კონკრეტული ქმედებების ეფექტურად წარმართვისთვის.

  3. დაფინანსება - ვთხოვთ ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო და კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს სასწრაფოდ გამოყონ და ხელმისაწვდომი გახადონ სახსრები ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდასაჭერად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა დონეზე.

სამუშაო ჯგუფი II – მდგრადი აღდგენა

  1. ენერგეტიკული ტრანზიცია და მწვანე სამუშაო ადგილები - ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს 2030 წლისათვის სასწრაფო, დივერსიფიცირებული და ინკლუზიური ენერგეტიკული ცვლილებისაკენ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ენერგოეფექტურობას, მდგრად/განახლებად ენერგიასა და +1.5° მიზნის მიღწევადობადობას. ჩვენ მოვითხოვთ შესაძლებლობების განვითარების, კვლევისა და ტექნოლოგიების გაზიარების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულებისთვის ღირსეული ახალი მწვანე სამუშაო ადგილები და მობილიზებული იყოს ადეკვატური მხარდაჭერა ცვლილებით დაზარალებული და დაუცველი თემებისთვის.

  2. ადაპტაცია, მდგრადობა, ზარალისა და ზიანის მექანიზმი - ჩვენ გვსურს, ადგილობრივ დონეზე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდეს ადაპტაციის, მდგრადობისა და ზარალისა & ზიანის მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო და უწყვეტი წვდომა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიღებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისთვის.

  3. ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - ჩვენ ვითხოვთ, პრიორიტეტი მიენიჭოს ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, როგორც კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო ძირითად სტრატეგიას, რომელიც ასევე ხაზს უსვამს სოციალურად სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნის აუცილებლობას.

  4. ფინანსური ნაკადები - ჩვენ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს ყველა დონეზე, საჯარო თუ კერძო სექტორში, შექმნან გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული კლიმატის საფინანსო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ემისიების მკაცრ რეგულირებასა და ‘კლიმატური ინვესტიციების ხაფანგისადმი’ ყველაზე მოწყვლადი თემების დაცვას. აღნიშნულმა საფინანსო სისტემამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ყველა სქესის, ასაკისა და წარმომავლობის ადამიანისთვის. ამ სისტემას, ასევე, ქალებისა და ბავშვების შრომის ექსპლუატაციის ტენდენციის აღმოფხვრა უნდა შეეძლოს.

  5. ტურიზმი - ჩვენ ვითხოვთ, COP26-ზე აღიარონ, რომ ტურიზმის სექტორი პასუხისმგებელია მიაღწიოს გლობალური კლიმატის მიზნებს და რომ სფერო დაუცველია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის (მაგ., განვითარებადი მცირე კუნძულოვანი ქვეყნები). ჩვენ მოვითხოვთ ელასტიური ლურჯი და მწვანე ტურიზმის აღდგენისკენ მიმავალ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის (ახალგაზრდების, ქალების, ადგილობრივი თემების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების) ჩართვას შესაძლებლობების განვითარების, მონიტორინგის, ინვესტირებისა და გადაწყვეტილების მიღების აქტივობებში.

სამუშაო ჯგუფი III – არასამთავრობო აქტორების ჩართულობა

  1. ინფრასტრუქტურა და ფინანსები არასახელმწიფო აქტორებისთვის - საჯარო და კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ინტერნეტზე წვდომის) შექმნის მეშვეობით მწვანე პოლიტიკაში შემდეგი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა მიგვაჩნია აუცილებლად: ახალგაზრდა მეწარმეების, ხელოვანების, ფერმერებისა და სპორტსმენების, განსაკუთრებით განვითარებადი რეგიონებიდან და მარგინალიზებული ჯგუფებიდან (ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.). ამასთანავე უნდა წახალისდნენ უკვე არსებული არასახელმწიფო აქტორები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გადაწყვეტილებების მიღებაში.

  2. არაპარტიული დაინტერესებული მხარეების თანხვედრა ნულოვანი ემისიების მიზნებთან - ა) მოვითხოვთ არაპარტიული დაინტერესებული მხარეებისგან, განსაკუთრებით კერძო სექტორისგან, მიმდინარე და მომავალი წარმოებისა და მათი მიწოდების ჯაჭვების ნულოვანი ემისიების მიზნებთან თანხვედრაში მოყვანას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და უნდა აისახოს გასაჯაროებულ გეგმებსა თუ ანგარიშებში, სულ მცირე ყოველწლიურად. ბ) მოვითხოვთ არასახელმწიფო აქტორების გარემოსდაცვითი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათ მიერ კლიმატზე ზემოქმედების შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის გასაჯაროებით.

  3. წიაღისეული საწვავის გავლენა არასახელმწიფო აქტორებზე და წიაღისეული საწვავის მრეწველობა, როგორც არასახელმწიფო აქტორი - წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ამოღება უნდა დაიწყოს სწრაფად და დაუყონებლივ, ეს პროცესი კი 2030 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეცენტრალიზებული, სამართლიანი ტრანზიცია ამ სექტორში დასაქმებულების, ადგილობრივი, მოწყვლადი ჯგუფებისა და მათთვის ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და დაზარალდება კლიმატის კრიზისითა და მრეწველობის სექტორის გარდაქმნით. ნებისმიერმა არასამთავრობო მოთამაშემ, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებმა, მოდის ინდუსტრიამ, სპორტის, ხელოვნების, ბიზნესისა თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულმა სუბიექტებმა, არ უნდა მიიღონ ინვესტიცია წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიებისგან, ასევე, არ უნდა მოექცნენ მათი ლობირების ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.

სამუშაო ჯგუფი IV – 'კლიმატ-გაცნობიერებული' საზოგადოება

  1. ზემოქმედებისა და გადაწყვეტილებების წარმოჩენა - კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შემცირების საკითხზე მუშაობისას გადაწყვეტილებების მიმღებნი პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ახალგაზრდებისა და საზოგადოების წინაშე; მათ უნდა უზრუნველყონ მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, სხვადასხვა რესურსების (როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის სერვისები) ხელმისაწვდომობა და მოწყვლადი ჯგუფების ხმების გაძლიერება. მათ უნდა შექმნან პლატფორმები და მექანიზმები, რომლებიც კლიმატის ცვილების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას გაამარტივებენ.

  2. განათლება - მოვუწოდებთ მთავრობებს უზრუნველყონ კლიმატის ცვლილების შესახებ ყოვლისმომცველი და უნივერსალური განათლებისა და გარემოსდაცვითი წიგნიერების დანერგვა ყველასთვის, ამ სფეროს ადეკვატური დაფინანსების მობილიზების მეშვეობით, საერთაშორისოდ დაწესებულ ვადებში. მთავარი მიზანია ყველა ასაკის ადამიანის გაძლიერება ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს კლიმატის ცვლილების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გაზიარება. განათლებას უნდა ჰქონდეს ჰოლისტიკური მიდგომა, უნდა აერთიანებდეს ადგილობრივ უმცირესობათა ჯგუფების ცოდნასა და გენდერულ პერსპექტივას, რაც ხელს უნდა უწყობდეს ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებებისა და ქცევის ცვლილებას. გაცნობიერებული ქცევა კი, თავის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოების კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. გეგმის განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი ძირითადი ქმედებები: კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლების ინტეგრირება უნდა მოხდეს სასწავლო გეგმებში ყველა დონეზე. ამ საკითხთან დაკავშირებული ელემენტების გაცნობა უნდა მოხდეს საჯარო მოხელეებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის არსებული საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელი თუ ტრენინგ პროგრამების საშუალებით. მოვითხოვთ, ქვეყნების NDC-ებსა და ეროვნული ადაპტაციის გეგმებში საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობის აღნიშვნასა და პროგრესის ანგარიშგებას; განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ახალგაზრდების მიერ წარმართული პროექტებისთვის და მათში მონაწილეობისათვის უნდა არსებობდეს დაფინანსების წყაროები. თითოეული მოზარდისათვის ხელშეწყობილი უნდა იყოს თანასწორი წვდომა ანაზღაურებად სტაჟირებებზე, გაცვლით პროგრამებსა და სხვა უნარ-ჩვევების გამაძლიერებელ აქტივობებზე.

  3. საზოგადოების ინფორმირებულობა და მობილიზება - მოვუწოდებთ მთავრობებსა და სხვა შესაბამის მოთამაშეებს, უზრუნველყონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებთან მიმართებაში. ეს პროცესი კი ტრადიციული და სოციალური მედიის, კამპანიების, ხელოვნების, სპორტის, საგანმანათლებლო თუ რეკრეაციული პროგრამების საშუალებით უნდა განხორციელდეს. მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება იყოს გარემოსდაცვითი საკითხებისა და დილემების გადაწყვეტილებებში ჩართული. ეს შესაძლებლობა კი ხელშეწყობილი უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების, ადვოკატირებისა და ლიდერობის განმავითარებელი პროგრამების შექმნითა და ხელმისაწვდომობით.

  4. მედია - ნებისმიერ ჟურნალისტსა თუ მედია სივრცის წარმომადგენელს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი, იმისათვის რომ მათ კლიმატის კრიზისის აქტუალურობისა და შედეგების გადმოცემა შეძლონ გამჭვირვალედ, პოპულარულ სასაუბრო ენაზე. მედიის წარმომადგენლებს სამეცნიერო კვლევების გაგებისა და გაზიარების უნარი უნდა შესწევდეთ. მათ, ასევე, უნდა შეეძლოთ კლიმატის თემის გარშემო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შეფასება და შინაარსის აღწერა. მათ გააზრებულად უნდა გააშუქონ კლიმატის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში არსებული ძირითადი დებულებები. ამასთანავე, ებრძოლონ დეზინფორმაციას ტრადიციული და მუდამ განახლებადი მედია პლატფორმების საშუალებით. მედია სივრცემ „სამართლიანი ტრანზიციის/გარდაქმნის“ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი.


როგორ ასახა COP26_მა Youth4Climate Manifesto-ს მოთხოვნები

სამუშაო ჯგუფი I

ა) გლაზგოს კლიმატის პაქტში ჩაიწერა შემდეგი მოწოდება, - „უზრუნველყოფილ იქნას ახალგაზრდების მონაწილეობა და წარმომადგენლობის მიწვევა მრავალმხრივი, ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“.

ბ) Youth4Climate სამიტი ამიერიდან ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა, რაც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა კლიმატის საკითხებზე მიმავალ მოლაპარაკებებში.

გ) Improved Marrakech Partnership for Enhancing Ambition-ის დოკუმენტში ხაზი გაესვა ადგილობრივი თემების, უმცირესობების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების აზრებისა და პოზიციების პატივისცემის საკითხს და მისი ფართო მასებში გავრცელებისა და განმტკიცების აუცილებლობას.

დ) ბოლივიამ, კანადამ, ეკვადორმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, გადაწყვიტეს დააფინანსონ ქალთა ლიდერობის ხელშემწყობი აქტივობები. ეს ქვეყნები, ასევე, შეთანხმდენენ, რომ გენდერის ინდიკატორი მომავალში დაგეგმილი ნებისმიერი სტატისტიკურ-კლიმატურ ანალიზის პროცესში შეიტანონ.

სამუშაო ჯგუფი II

ა) კლიმატის ცვლილების ზეგავლენის დაძლევის ამბიციების გაზრდის მიზნით, გლაზგოს კლიმატის პაქტმა დააჩქარა ქვეყნებისთვის უფრო ძლიერი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების (NDCs) წარდგენის ვადები და მოითხოვა, რომ მსოფლიო ლიდერებმა „გადახედონ და გააძლიერონ“ 2030 წლის მიზნები მომავალი წლის COP27-მდე.

ბ) მსოფლიოს 35 ლიდერის მიერ მიღებული Glasgow Breakthrough Agenda, მიზნად ისახავს დააჩქაროს სუფთა ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება მთელს მსოფლიოში ამ ათწლეულის განმავლობაში. ამ დოკუმენტის ძირითადი მიზნებია განახლებადი ენერგიის სტრუქტურები 2030 წლისთვის გახდეს მიმზიდველი ალტერნატივა მსოფლიოს ყველაზე დასახლებული რეგიონებისთვის, ხოლო განვითარებად ქვეყნებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ სუფთა ენერგიით.

გ) ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლირების მოწოდების შესაბამისად, გლაზგოს ფინანსურმა ალიანსმა 130 ტრილიონი აშშ დოლარის კერძო კაპიტალი გამოყო გლობალური ეკონომიკის გადასხვაფერებისათვის. ეს ვალდებულებები მსოფლიოს 45 ქვეყანას აკისრია.

დ) დანიამ და კოსტა რიკამ შექმნეს ‘ალიანსი ნავთობისა და გაზის მიღმა’ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საფრანგეთი, შვედეთი და ირლანდია, რომლებიც თავიანთ საზღვრებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ეტაპობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ე) 190 ქვეყნის კოალიციამ, გამოხატა მზადყოფნა გააძლიეროს მწვანე ენერგეტიკა და ხელი შეუწყოს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტას 2030-იან წლებში ძირითადი ეკონომიკებისთვის და 2040-იანი წლებისთვის დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ვ) მსოფლიო ბანკმა შექმნა ფონდი, რომელიც 200 მილიონი დოლარის მობილიზებას ეცდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, განვითარებადი ეკონომიკის რეგიონებში საგზაო ტრანსპორტის დეკარბონიზაციის მხარდასაჭერად.

ზ) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ურბანული კლიმატის სამოქმედო პროგრამა (UCAP) 27,5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას ჰპირდება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქალაქებს ნულოვანი ემისიების მიღწევის პროცესის ხელშესაწყობად.

თ) 45 ქვეყანამ და 95-მა დიდმა კომპანიამ COP26-ზე პირობა დადო, რომ მიმდევნო წლებში გააორმაგებენ ძალისხმევასა და ინვესტიციებს ბუნების დასაცავად და სოფლის მეურნეობის მდგრად მოდელზე გადასვლის პროცესში.

ი) 100-ზე მეტმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის შეაჩერებს და უკუაგებს მიწისა და ტყის დეგრადაციის ტენდენციებს, ამისთვის ისინი გამოიყენებენ სახელმწიფოებისა და კერძო ინსტიტუციების მიერ გამოყოფილ 19 მილიარდ აშშ დოლარს.

სამუშაო ჯგუფი III

ა) გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით შექმნილი Breakthrough Agenda-ის ფარგლებში 42-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააძლიერებს ინოვაციური მწვანე ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებას მთელს მსოფლიოში.

ბ) განახლებული UNFCCC Fashion Industry Charter for Climate Action-ის ფარგლებში შემუშავდა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც მოდის ინდუსტრიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ იქნება წიაღისეულ წყაროზე დამოკიდებული 2030 წლისთვის. გეგმა, ასევე, გვთავაზობს მითითებებს ნედლეულის პასუხისმგებელიან მოპოვებასთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფი IV

ა) COP26-ზე 95 წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ, მათ შორის, Burberry-მ და ITV-მ, პირობა დადო, რომ ‘მდგრადობა’ მათი ბრენდის იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცევა და ისინი იმუშავებენ ბუნებაზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და/ან მის მინიმუმამდე დაყვანაზე 2030 წლისთვის.

ბ) გენდერულ თანასწორობისკენ მიძღვნილ დღეზე, მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა დაპირება ქალებისა და გოგონების გაზრდილი ჩართულობის მიმართ.

დასკვნა

მაშინ როდესაც ვიზიტისათვის მხოლოდ 120 საათით გაქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება და 400+ ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა გჭირდება, თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად, სწავლობ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება. ამ ხანმოკლე პერიოდში ჩვენ ვიპოვეთ თანამოაზრენი და გავიაზრეთ სხვისი პოზიციები თუ შეხედულებები. პროცესი, რომელიც არაორდინალური და გამომფიტველი მოლაპარაკებებისა და დებატების სამ დღეს ასახავდა, საბოლოოდ ამბიციურ გეგმათა ზეიმად გარდაიქმნა, რომელიც შემუშავებული მანიფესტის გამოქვეყნებით დაგვირგვინდა.

ცალკე გამოსაყოფი საკითხია თუ რაოდენ კმაყოფილია ახალგაზრდების უმეტესობა მანიფესტში გამოხატული მოთხოვნების COP26-ის დროს ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ინტეგრირებით. თითოეულ დელეგატს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ამ სტატიაში კი მხოლოდ Y4C კონფერენციის შედეგების აღწერით შემოვიფარგლები.

COP-ზე მიღწეული შედეგების მიუხედავად, ერთი რამ აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს მომავლის შიში და იმედი გვამოძრავებს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, მაგრამ ამავდროულად გადაწყვეტილებების შემოთავაზებებიც.

ის რაც ახლა გვჭირდება არის ახალგაზრდების მიერ წამოყენებული წინადადებების მოსმენა და მათი სამოქმედო გეგმებში სწრაფი ინტეგრირება. ამასთანავე საჭიროა კონსტრუქციული დიალოგის წამოწყება, რომელიც ახალგარდების ჩართულობას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

და ბოლოს...

“There comes a time when one must take a position that is neither safe, nor politic, nor popular, but he must take it because conscience tells him it is right.” ― Martin Luther King Jr., A Testament of Hope: The Essential Writings and Speeches


ძირითადი წყაროები:

I. By Connect4Climate. “How COP26 Responded to the Youth4Climate Manifesto.” Connect4Climate, November 18, 2021. https://www.connect4climate.org/initiative/how-cop26-responded-youth4climate-manifesto.

II. “Empowering the next Generation.” Connect4Climate, June 21, 2021. https://www.connect4climate.org/initiatives/youth4climate.

III. “YOUTH4CLIMATE 2021: Driving Ambition.” UN Climate Change Conference (COP26) at the SEC – Glasgow 2021. UK Government, October 29, 2021. https://ukcop26.org/pre-cop/youth4climate-2021/.


146 views0 comments
bottom of page