top of page

კლიმატის აქტივიზმი COP26-ის პარალელურად

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC-ის) მოლაპარაკებებში სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა. ჯერ კიდევ 1995 წელს, მხარეთა პირველ კონფერენციას (COP1) არასამთავრობო დამკვირვებლის სტატუსით 979 ადამიანი ესწრებოდა.[1] მას შემდეგ კლიმატის მოძრაობა და აქტივიზმი მსოფლიოს გარშემო მკვეთრად გაიზარდა. გაიზარდა კონფერენციაზე მონაწილეთა რიცხვი და დასწრების აკრედიტაციაც უფრო და უფრო მეტ ორგანიზაციას მიეცა (იხ. დიაგრამა 1 - ფიგურა 1. არასამთავრობო დამკვირვებლების რიცხვის ზრდა COP-ებზე წლების მანძილზე. წყარო: UNFCCC, Statistics on non-Party stakeholders).[2]

დიაგრამა 1 - NGOs - Non-governmental organizations, არასამთავრობო ორგანიზაცია; IGOs - Intergovernmental organizations, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია

უკვე 2015 წლის COP21-ზე, რომელიც პარიზის შეთანხმების მიღებით დასრულდა, კონფერენციაზე დასწრების იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებს საკმარისი სივრცის მოწყობა და ათასობით ადამიანის დაბინავება გაუჭირდათ.[3]

კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით მათ სახელმწიფოს წარმომედგენლებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საშუალება ეძლევათ, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ გარემოში. ამას დამატებული, ეძლევათ საკუთარი ხედვების, წუხილისა და კრიტიკის გაჟღერების შესაძლებლობა. შესაბამისად, იმისათვის, რომ სახელმწიფო ლიდერებმა ამბიციური და ადეკვატური კლიმატის პოლიტიკა მიიღონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ საპროტესტო ჯგუფებისა და აქტივისტების ჩართულობა.

გლაზგოში დაგეგმილ COP26-ზე მთავრობის წარმომადგენლები, ორგანიზაციები და აქტივისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან თავიდანვე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ახლა, როდესაც კონფერენცია დასრულდა, კონფერენციის მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზის დრო დადგა. იყო თუ არა COP26 სამართლიანად წარმართული? როგორ შეიძლება შეფასდეს მიღებული გადაწყვეტილებები? რაზე საუბრობენ აქტივისტები? ამ ბლოგპოსტში COP26-ის პარალელურად მიმდინარე აქტივიზმსა და კრიტიკას განვიხილავთ.


რეპრეზენტაცია

2021 წელს გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით კონფერენციის დაწყებამდე უკვე იყო მოლოდინი, რომ დამკვირვებლების დასწრება მარტივი არ იქნებოდა. კოვიდპადემიის პირობებში მსოფლიოში გართულებულია ქვეყნებს შორის მიმოსვლა, რაც გლაზგოში მოხვედრის შესაძლებლობებს ართულებდა. მიუხედავად ამისა, COP26-ის ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, რომ კონფერენცია იქნებოდა „ყველაზე ინკლუზიური COP-ი“.[4] თუმცა, სხვადასხვა მხარეთა რეპრეზენტაცია კონფერენციაზე მაინც პრობლემური აღმოჩნდა.

განსაკუთრებული კრიტიკა შეეხო გლობალური სამხრეთიდან მონაწილეთა ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ საკითხებს. მაგალითად, დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ გლობალური სამხრეთის წარმომადგენელთა ჩვეულებრივი რაოდენობის მხოლოდ ერთმა მესამედმა შეძლო COP26-ზე დასწრება Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობის გამო.[5]

განსაკუთრებით კრიტიკა ეხებოდა უმცირესობების და „მკვიდრი მოსახლეობის“ (ინგ. „Indigenous People“) წარმომადგენლობის საკითხს. მაშინ, როდესაც მსოფლიოს გარშემო „მკვირდი მოსახლეობის“ წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 80%-ის დაცვაზე, კრიტიკოსთა აზრით, მათი უფლებები გაეროს კლიმატის კონფერენციებზე ყოველთვის უგულებელყოფილია, რეპრეზენტაცია კი - შეზღუდული.[6] ეს კი მაშინ, როდესაც წიაღისეული საწვავის ინდუსტრია სამიტზე ყველაზე დიდი დელეგაციით იყო წარდგენილი. BBC-ს ცნობით, გლაზგოს კლიმატის სამიტზე აკრედიტირებული იყო წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ინტერესებთან დაკავშირებული 503 პირი, რაც ნებისმიერი ინდივიდუალური ქვეყნის დელეგაციაზე მეტია.[7]

მაგალითისთვის, ბრაზილიის დელეგაცია, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, კონფერენციაზე, 479 დელეგატით იყო წარდგენილი. ასევე, პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს ეთნიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით გაეროს მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციების უმეტესობა (66.8%), რომელსაც კონფერენციზე დასწრების უფლება გააჩნდა, დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იყო (იხ. დიაგრამა 2. დამკვირვებელი ორგანიზაციების გეოგრაფიული გადანაწიელება (2017 წლის დეკემბრის მონაცემებით). წყარო: UNFCCC, Statistics on non-Party stakeholders).[8]

დიაგრამა 2 - African States - აფრიკული ქვეყნები, Asian States - აზიური ქვეყნები, Eastern European States - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, Latin America and the Caribbean - ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, Western Europe and Others - დასავლეთ ევროპა და სხვები.

COP26-ის მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტი მაგალი ჩო ლინ ვინგი ყვებოდა, რომ სამიტზე მისვლისას იმდენი თეთრკანიანი შუახნის მამაკაცები შეხვდა, რომ კლიმატის კონფერენცია რომელიღაც კორპორატიული ღონისძიება ეგონა.[9] შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა კი, COP26-ს „გლობალური ჩრდილოეთის ‘გრინვოშის’ ფესტივალი“ უწოდა.[10] „გრინვოშინგი“ (ინგ. greenwashing) ეწოდება პრაქტიკას, როდესაც ცრუ ან მცდარი ინფორმაციის გავრცელებით კომპანია ან ორგანიზაცია ცდილობს გარემოსდაცვითი იმიჯი შეიქმნას.

რას შეეხება დელეგატების გენდერულ ბალანსს, ის წლიდან წლამდე განსხვავდება. UNFCCC-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით 2018 წლის შემდეგ გარკვეული უკუსვლა შეიმჩნევა. მაგალითად, 2020 წელს მხოლოდ ორ შიდა მექანიზმს/ორგანოს (constituted bodies) ჰქონდა გენდერულად შედარებით დაბალანსებული რეპრეზენტაცია, რაც 2018 წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. 2020 წელს, საშუალოდ, შიდა ორგანოების ქალი წევრები პოზიციების მხოლოდ 33%-ს იკავებდნენ.[11]

კრიტიკის საფუძველს იძლეობა გლაზგოს კონფერენციის ინკლუზიურობა და ადაპტირებულობა ეტლით მოსარგებლე დელეგატებისთვის. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი, კარინ ელჰარარი ვერ დაესწრო კლიმატის სამიტს სწორედ არაადაპრიტებული ინფრასტურქტურის გამო.[12] შემდგომ, გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, ოფიციალურად მოუხადა ბოდიში კარინ ელჰარარს და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრაზე მოიწვია.

მარცხნივ კარინ ელჰარარი, ფოტო: REUTERS


ამბიციური დაპირებები კონკრეტული გეგმების გარეშე

მიუხედავად მთელი რიგი დაპირებისა და განცხადებებისა, რომლებიც COP26-ის განმავლობაში გაჟღერდა, კრიტიკოსების აზრით მთავრობები დიდწილად ვერ სახავენ მნიშვნელოვან, ამბიციურ და კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც კლიმატის კრიზისის დასაძევადაა საჭირო.

მეცნიერები და მკველვრები ნეგატიურად აფასებენ სამიტის მიმდინარეობას და გვაფრთხილებენ, რომ საჭიროა მეტად სანდო ქმედებები და დაპირებები.[13] გაურკვეველია და ეჭვის საფუძველს ბადებს ნულოვანი ემისიების დაპირებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმების გარეშე. პოლიტიკის იმპლემენტაცია ადგილობრივ დონეზე „ლოკოკინას ტემპით“ მიმდინარეობს, რაც იმას მოასწავებს, რომ საუკუნის ბოლოს 2,7°C-მდე დათბობას უნდა ველოდეთ.[14]

რაც შეეხება 2030 წლისთვის განსაზღვრულ დაპირებებს, ისინი კვლავ არაადეკვატურად და არაამბიციურად ფასდება. კრიტიკა გაისმა ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივი შეჩერების გეგმებთან დაკავშირებით. COP26-ის პირველ კვირას 46-მა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ (1) სუფთა შენებას, (2) ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივ შეჩერებას, (3) ახალი ქვანახშირის მაღაროების მშენებლობის შეჩერებასა და (4) ქვანახშირის გამოყენების შეჩერებას სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფით.[15] მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყნები არ არიან ამ დაპირების ნაწილი, რაც მსოფლიო დონეზე ამ შეთანხმებით დიდი ცვილებების მოლოდინს არ იძლევა.

რაც შეეხება ტყეების გაჩეხის (გაუტყეურება) წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებას, რომელიც COP26-ის ფარგლებში გაფორმდა და 2030 წლამდე მსოფლიოში ტყეების გაჩეხვის შეჩერებას გულისხმობს, დიდი იმედის საფუძველს არც ის იძლევა. მსგავსი დაპირებები წარსულშიც არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2014 წელს მიღებული ნიუ იორკის დეკლერაცია 2020 წლისთვის ტყის ჩეხის შეჩერებას და 2030 წლისთვის ტყეების მასის გაფართოების პირობას დებდა.[16] ხოლო, 2015 წელს მიღებული გაეროს მდგრადი განვითარების გეგმებიც მოიცავს ტყეების გაჩეხვის შეჩერების კომპონენტს.[17]

პროტესტი "ბლა, ბლა, ბლა" გლობალური სამიტისას, ფოტო: Denise Chow / NBC News


ახალგარზდა აქტივისტების პროტესტი

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრი დამკვირვებელისთვის ყველაზე დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა აქტივისტების აქტიურობაა. COP26-ის მიმდინარეობის პარალელურად, აქტივისტები და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები ცდილობდნენ მსოფლიო ლიდერებისა და საზოგადოების ყურადღება იმ საკითხებისკენ მიეპყროთ, რომელიც, მათი აზრით, მეტწილად იგნორირებული რჩებოდა კონფერენციაზე. ნოემბრის პირველი ორი კვირის მანძილზე მსოფლიოს გარშემო არაერთი ქალაქი პროტესტის ტალღამ მოიცვა. ათიათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში გლაზგოშიც, სადაც 5 ნოემბერს მოსწავლეების საყოველთაო გაფიცვა და მსვლელობა ჩატარდა.

საპროტესტო მსვლელობაზე ხშირად ისმოდა შეძახილები: „სისტემის ცვლილება და არა კლიმატის ცვლილება!“

„Fridays for Future“ („პარასკევები მომავლისათვის“) ახალგაზრდული აქტივისტური ინიციატივაა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამუდმებით ცდილობს მსოფლიოს ყურადღება კლიმატის კრიზისისკენ მიაპყროს. ახალგაზრდები საკუთარ ქალაქებში ყოველკვირეულად, პარასკევ დღეს, იკრიბებიან და საპროტესტო მსველობებს მართავენ. ამ მოკლე პერიოდში ახალგაზრდებმა საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვეს. „Fridays for Future“ არაერთი მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი და გავლენიანი მოძრაობა.[18] მოძრაობის დამაარსებელ ახალგაზრდა შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს არაერთხელ მიუმართავს მსოფლიო ლიდერებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში, როგორიცაა მსოლფიო ეკონომიკის ფორუმი და გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია.

ახალგაზრდები განსაკუთრებით კრიტიკულები იყვნენ გლაზგოში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

COP26-ის მიმდინარეობისას გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, რომ სამიტი იყო „ორკვირიანი ზეიმი ბიზნესის ტრადიციული მეთოდით გაგრძელებისა და ბლა ბლა ბლა“.[19]

უგანდელმა აქტივისტმა ვანესა ნაკატემ კი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ბოლოს და ბოლოს „გვაჩვენონ ფული“, შეასრულონ თავიანთი დაპირებები და უზრუნველყონ მოწყვლადი ქვეყნებისა და თემებისთვის ადეკვატური ფინანსირება.[20]

საბოლოოდ, COP26-ი დასრულდა. მომავალ კვირებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ შეფასებებსა და კომენტარებს, როგორც მთავრობის წარმომადგენლებისგან, ასევე მეცნიერებისგან და აქტივისტებისგან. დამკვირვებლების ნაწილი უკვე ხაზს უსვამ იმას, რომ მართალია ნელი, მაგრამ პროგრესი მაინც დავინახეთ, რაც წინა წლებში ჯერ კიდევ შეუძლებლად იყო მიჩნეული.[21] მიუხედავად ამისა, ისიც აშკარაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მიზნისგან, რომელიც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5°C-მდე შეჩერებისთვისაა საჭირო. აქედან გამომდინარე კი, ბევრი ახალგაზრდა აქტივისტისთვის მთავრობისა და კომპანიების დაპირებები ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც შეეხება პროტესტს, ის კვლავ გაგრძელდება, რადგან ბევრი აქტივისტისთვის სასურველი პოლიტიკური შეთანხმება ჯერ კიდევ არაა მიღწეული. როგორც გრეტა ტუნბერგმა განაცხადა:

„COP26 დასრულდა. ესაა მოკლე შენაარსი: ბლა, ბლა, ბლა.

თუმცა, რეალური მუშაობა ამ კედლებს გარეთ მიმდინარეობს. და ჩვენ არასოდეს გავჩერდებით, არასოდეს.

თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ემისიების მყისიერ, მკვეთრ, უპრეცედენტო, წლიურ შემცირებას გაფრქვევის წყაროზევე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმარცხდებით კლიმატის კრიზისთან.

‘პატარა ნაბიჯები სწორი მიმართულებით’, ‘გარკვეული პროგრესის მიღწევა’ ან ‘ნელა გამარჯვება’ წაგების ტოლია.“


ფოტოები სხვადასხვა პროტესტიდან

ფოტოები აღებულია The Guardian - "Cop26: Fridays for Future protest in Glasgow – in pictures" (ლინკი), სადაც მითითებულია თითოეული ფოტოს წყარო და საავტორო უფლება.











 

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ჰაინრიხ ბიოლის ფონდს" ან/და “ქლაიმათ ბეიზიქსის” მოსაზრებებს. გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან თავად ავტორები.

 

გამოყენებული მასალა

[1] UNFCCC, “Directory of Participants,” Intergovernmental Negotiating Committee for a Framework Convention on Climate Change, FCCC/1995/Inf.5/Rev.2, 1995, https://unfccc.int/cop4/resource/docs/cop1/inf05r02.htm [2] UNFCCC, “Statistics on Non-Party Stakeholders,” accessed November 14, 2021, https://unfccc.int/process-and-meetings/parties-non-party-stakeholders/non-party-stakeholders/statistics-on-non-party-stakeholders#eq-1. [3] Shannon K. Orr, “Institutional Control and Climate Change Activism at COP 21 in Paris,” Global Environmental Politics 16, no. 3 (August 2016): 23–30, https://doi.org/10.1162/GLEP_a_00363. [4] Sam Meredith, “COP26 Sharply Criticized as the ‘most Exclusionary’ Climate Summit Ever,” CNBC, November 5, 2021, https://www.cnbc.com/2021/11/05/cop26-sharply-criticized-as-the-most-exclusionary-climate-summit-ever.html. [5] Meredith. [6] Kate Nakamura, “COP26: 5 Indigenous Activists & Movements You Should Know About,” Global Citizen, November 9, 2021, https://www.globalcitizen.org/en/content/cop26-indigenous-activists-organizations-movements/. [7] Matt McGrath, “COP26: Fossil Fuel Industry Has Largest Delegation at Climate Summit,” BBC News, November 8, 2021, sec. Science & Environment, https://www.bbc.com/news/science-environment-59199484. [8] UNFCCC, “Statistics on Non-Party Stakeholders.” [9] Joe McCarthy, “Squid Games, Poetry, and Drinking Oil: 9 Powerful Moments of Activism at COP26,” Global Citizen, November 9, 2021, https://www.globalcitizen.org/en/content/powerful-activism-moments-at-cop26/. [10] BBC, “COP26 ‘a Global North Greenwash Festival,’” BBC News, November 5, 2021, https://www.bbc.com/news/av/uk-scotland-59179317. [11] UNFCCC, “Gender Composition. Report by the Secretariat.” (Intergovernmental Negotiating Committee for a Framework Convention on Climate Change, October 7, 2020). [12] BBC, “COP26: Wheelchair-Using Minister Unable to Attend Summit,” BBC News, November 2, 2021, sec. World, https://www.bbc.com/news/world-59128618. [13] Climate Action Tracker, “Warming Projections Global Update,” November 2021, https://climateactiontracker.org/documents/997/CAT_2021-11-09_Briefing_Global-Update_Glasgow2030CredibilityGap.pdf. [14] Climate Action Tracker. [15] Lisa Tostado, “COP26 Diary #4: A Global North Greenwash Festival? - Thoughts on Communication around COP26 from a First-Time Attendee | Heinrich Böll Stiftung | Brussels Office - European Union,” Heinrich-Böll-Stiftung, November 11, 2021, https://eu.boell.org/en/2021/11/11/cop26-diary-4. [16] UNFCCC, “New York Declaration on Forests - Halving the Loss of Natural Forest by 2020, Striving to End It by 2030,” October 19, 2015, https://unfccc.int/news/new-york-declaration-on-forests. [17] United Nations, “Forests | Department of Economic and Social Affairs,” accessed November 14, 2021, https://sdgs.un.org/topics/forests. [18] Matthias Kowasch et al., “Climate Youth Activism Initiatives: Motivations and Aims, and the Potential to Integrate Climate Activism into ESD and Transformative Learning,” Sustainability 13, no. 21 (October 20, 2021): 11581, https://doi.org/10.3390/su132111581. [19] Meredith, “COP26 Sharply Criticized as the ‘most Exclusionary’ Climate Summit Ever.” [20] McCarthy, “Squid Games, Poetry, and Drinking Oil.” [21] Tostado, “COP26 Diary #4.”

116 views0 comments
bottom of page