რამდენიმე მნიშვნელოვანი რესურსი:
რამდენიმე მნიშვნელოვანი ანგარიში:
კლიმატის გლობალური მდგომარეობის ანგარიში 2023, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO)
კლიმატის ცვლილება, სინთეზური ანგარიში 2023, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭო (IPCC)
ემისიების სხვაობის ანგარიში 2023, გაეროს გარესმოდაცვითი პროგრამა (UNEP)
ადაპტაციის სხვაობის ანგარიში 2023, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP)
შედეგების გლობალური შეჯამების სინთეზური ანგარიში 2023, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC)
რა არის COP28 და სად ტარდება?
მოკლედ: გაეროს კლიმატის შეხვედრა, სადაც სახელმწიფოები განიხილავენ კლიმატის ცვლილების საკითხებს. წელს ეს შეხვედრა, 30 ნოე - 12 დეკ პერიოდში, დუბაიში იმართება.
ვრცლად: გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეების ყოველწლიური, აწ უკვე 28-ე შეხვედრა, სადაც კლიმატის ცვლილების შერბილების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, საერთაშორისო დაფინანსების და სხვა საკითხებს განიხილავენ.
COP იშიფრება როგორც Conference of the Parties, ანუ მხარეთა კონფერენცია. ტექნიკურიად ეს შეხვედრა არის კლიმატის ცვლილების სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, კიოტოს ოქმისა (CMP18) და პარიზის შეთანხმების (CMA5), მხარეთა შეხვედრაც.
წელს COP, გეოგრაფიული როტაციის პრინციპიდან გამომდინარე, დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში იმართება. შესაბამისად, მასპინძელი ქვეყანაა არაბთა გაერთიანებული საამიროები. COP28 ოფიციალურად 30 ნოემბერს გაიხსნა და წესით, 12 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება. კოპის პარალელურად, 1-2 დეკემბერს მსოფლიო ლიდერთა სამიტი გაიმართა. მოლაპარაკებების დასაწყისშივე, მაღალი დონის წარმომადგენლობა ერთგვარ სტიმულს აძლევს მომლაპარაკებლებს (ან პირიქით) და გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც განსაზღვრავს.
COP-ის მთავარი აქტივობებია მხარეებს შორის მოლაპარაკებები და კონსესუსის გზით გადაწყვეტილების მიღება. ასევე, მოლაპარაკებების პარალელურად, სპეციალურად განსაზღვრულ პავილიონში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები (ე.წ. Side Events) იმართება.
რა არის COP28-ის მთავარი საკითხები?
მოკლედ: წლევანდელი შეხვედრის მთავარი დევიზია Unite.Act.Deliver., ანუ გაერთიანდი.იმოქმედე.მიაწოდე. მასპინძელმა ქვეყანამ რამდენიმე მიმართულება დააპრიორიტეტა, მათ შორის, 2030 წლამდე, ენერგეტიკის სექტორის სამართლიანი და თანმიმდევრული გადასვლა და ემისიების შემცირება; და კლიმატის ფინანსების ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს დაფინანსებასთან მიმართებაში ძველი დაპირებების შესრულებას და დაფინანსების ახალი შეთანხმების მიღწევას.
ვრცლად: თითქმის ყოველ შეხვედრას აქვს დევიზი, რომელიც ფორმულირებულია მასპინძელი ქვეყნის მიერ. წლევანდელი COP-ის მიზანია Unite.Act.Deliver., ანუ გაერთიანდი.იმოქმედე.მიაწოდე.
მასპინძელი ქვეყნის მიერ განსაზღვული ძირითადი მიმართულებებია: 2030 წლამდე, ენერგეტიკის სექტორის სამართლიანი და თანმიმდევრული გადასვლა და ემისიების შემცირება; კლიმატის ფინანსების ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს დაფინანსებასთან მიმართებაში ძველი დაპირებების შესრულებას და დაფინანსების ახალი შეთანხმების მიღწევას; ბუნების, ადამიანების და საარსებო წყაროების კლიმატის მოქმედების ცენტრში დაყენება; და მობილიზება ინკლუზიური COP-ისთვის.
მოლაპარაკებების ძირითადი საკითხებია: პირველი გლობალური შედეგების შეჯამება, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის გლობალური მიზნები, ადაპტაციის გლობალური მიზნის ჩარჩო, კლიმატის დაფინანსება და სხვა.
რატომ არის COP28 მნიშვნელოვანი?
მოკლედ: განიხილება შემდეგი საკითხები: პირველი გლობალური შედეგების შეჯამების დასრულება, კლიმატის მოქმედებისა და დაფინანსების მობილიზების აჩქარება, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიზნების განსაზღვრა და ადაპტაციის გლობალური მიზნის ჩარჩოს შექმნა.
ვრცლად: პარიზის შეთანხმებით განისაზღვრა, ყოველ ხუთ წელში ერთხელ, გლობალური შედეგების შეფასება, რაც გულისხმობს მიმდინარე პროგრესის შეფასებას პარიზის შეთანხმების მიზნებთან მიმართებაში (ტემპერატურის შეზღუდვა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და საჭირო ფინანსური ნაკადების მობილიზება). ზოგადად, შედეგების გლობალური შეჯამება წინ უსწრებს ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების (ე.წ. NDC-ების) განახლებას, რათა ქვეყნებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ და ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები განსაზღვრონ. გლობალური შედეგების შეჯამება ორწლიანი ინტენსიური პროცესია. პირველი შეჯამება 2021 წელს დაიწყო, 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა გლობალური შედეგების შეჯამების ტექნიკური ანგარიში და ოფიციალურად, COP28-ზე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმების ყველა მიზანთან მიმართებაში არის ჩამორჩენა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტემპერატურის მიზანი „პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C შეზღუდვა და 1.5°C შეზღუდვის მცდელობა“. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭო (IPCC) ბოლო ანგარიშების მიხედვით, მოუწოდებს გლობალურ საზოგადოებას სწორება 1.5°C ჰქონდეთ. თუმცა, ამ ეტაპზე, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ უკვე მოიმატა 1.1°C-ით და 1.5°C შესაძლებლობათა ფანჯარა დღითიდღე ვიწროვდება.
დიდი ხანია მიდის ადაპტაციის გლობალური მიზნის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე მუშაობა, თუმცა, ეს მუშაობა ახალ ფაზაზე გადავიდა 2021 წელს, გლაზგოში, COP26-ზე და ჩამოყალიბდა გლაზგო-შარმ ელ-შეიხის ორწლიანი პროგრამა, რომელმაც მუშაობა სწორედ COP28-ზე უნდა დაასრულოს.
ვინ ესწრება COP28 ლიდერთა სამიტს?
მოკლედ: სამიტს დაესწრო ქვეყნისა და მთავრობის 154 ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციების 22 ხელმძღვანელი.
ვრცლად: ქვეყნისა და მთავრობის 154 ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციების 22 ხელმძღვანელი ესწრებოდა სამიტს. მოუსმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, სადაც 1.5°C მიზნის და 2030 წლისათვის გლობალური ემისიების განახევრების მნიშვნელობაზე, ასევე, 2050 წლისათვის, საქართველოს კლიმატ-ნეიტრალურობის განაცხადზე საუბრობს.
რატომ არის COP28 კრიტიკის საგანი?
მოკლედ: შეხვედრის მასპინძელია არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც წიაღისეული საწვავის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. ასევე, COP28-ის პრეზიდენტია დოქტორ სულთან ალ ჯაბერი, ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრი და ეროვნული ნავთობის კომპანიის (ADNOC) აღმასრულებელი დირექტორი.
ვრცლად: COP28-ის მასპინძელი და პრეზიდენტია არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც წიაღისეული საწვავის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. წიაღისეული საწვავის მოპოვება და მოხმარება კი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.
COP28-ს ყოველთვის თან სდევს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტების სერია. აღნიშნულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის თავისუფლებები შეზრუდულია. გაიმართა რამდენიმე კლიმატის პროტესტი კონფერენციის ადგილზე, თუმცა, მაინც არის ერთგვარი გაურკვევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მსგავსად წინა COP-ებისა, სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ლიდერებს მხოლოდ დაპირებების გაცემასა და "გრინვოშინგში" ადანაშაულებს.
Comments