კლიმატის ცვლილება სხვადასხვა „ჩარჩოში“

Updated: Dec 14, 2021

კლიმატის ცვლილება კომპლექსური მოვლენაა და პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ განზომილებას მოიცავს. იმისათვის, რომ ის შედარებით მარტივად აღსაქმელი იყოს, ხშირად მას სხვადასხვა თემებად ვანაწევრებთ და საკითხის ერთ რომელიმე კონკრეტულ ჭრილზე ვკონცენტრირდებით. მაგალითად, სატრანსპორტო პოლიტიკა, მიწათსარგებლიანობა, ეკონომიკური განვითარება, და ა.შ. ამ გზით კლიმატის ცვლილებას გარკვეულ „ჩარჩოში“ ვაქცევთ (ინგლისურად frame), რაც პრობლემის შედარებით მარტივად დადგენასა და გააზრებაში გვეხმარება.[1]

ის, თუ როგორ წარმოჩინდება საკითხი საჯარო განხილვისას, პოლიტიკურ დებატებსა თუ მედიაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. რაც, თავის მხრივ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გზების დასახვაზე მოქმედებს. შესაბამისად, „ჩარჩოები“ განსაზღვრავენ არა მარტო პრობლემის არსს, არამედ პრობლემის გადასაჭრელად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებსაც.[2]

რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება, და რა შეუძლია საზოგადოებას მის წინააღმდეგ მოიმოქმედოს? ამ კითხვებზე პასუხები კლიმატის ცვლილების იმ „ჩარჩოზეა“ დამოკიდებული, რომელიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ამასთანავე, როდესაც კლიმატზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებთ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად მეცნიერული გაურკვევლობა, ეროვნული უსაფრთხოება, ფინანსური ხარჯები, სამართლებრივი საკითხები, მოსალოდნელი კატასტროფა და სხვა, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების ყურადღებას ვიქცევთ, მათი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად.[3]

თემატური „ჩარჩოები“ არასოდეს არაა ნეიტრალური. თითოეული ჩვენგანი შეიძლება „ვქმნიდეთ“ ჩარჩოებს ჩვენი სუბიექტური გადმოსახედიდან. ასევე, ჟურნალისტები, გარემოსდამცველები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, თუ პოლიტიკური ელიტები ცდილობენ საჯარო დისკუსიაში ის კონკრეტული „ჩარჩო“ დაამკვიდრონ, რომელიც მათ იდეოლოგიურ, ბიზნეს, თუ პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.[4] ამიტომ, მნიშვნელოვანია კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“ და გავათვითცნობიეროთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


მეცნიერული „ჩარჩო“

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ალბათ ყველას თვალწინ წარმოგვიდგება პოლარული დათვი, გვახსენდება ყინულის დნობა არქტიკაში და ის გრაფიკები, რომლებიც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ყოველწლიურ ზრდას აღწერს. კლიმატის ცვლილების საბუნებისმეტყველო მეცნიერულ „ჩარჩოს“ ალბათ ყველაზე ხშირად შევხვდებით საჯარო დისკუსიებში.

საერთაშორისო დონეზე კლიმატის ცვლილების მეცნიერულ ენაზე კომუნიკაციაში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი, იგივე IPCC (Intergovernmental Panel on Climate Change). IPCC გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფია, რომლის მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფოს მმართველებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასებასა და მის წინააღმდეგ ზომების მიღებაში დაეხმაროს. IPCC-ის დასკვნები ხშირად მშრალი, მეცნიერული ენითაა დაწერილი და ნაკლებად შეიცავს პოლიტიკურ მესიჯებსა თუ მოწოდებებს.[5]

რა თქმა უნდა, მეცნიერული კომუნიკაცია დიდ როლს თამაშობს კლიმატის კვლევების სიმწვავის დადგენაში. მიუხედავად იმისა, IPCC-ს ხშირად აკრიტიკებენ. გარემოსდამცველებისა და აკადემიკოსების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ნეიტრალური, მეცნიერული „ჩარჩო“ საკმარის ბიძგს არ იძლევა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის.[6] ეს იმიტომ, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ კავშირი ყინულის დნობას, პოლარული დათვსა და მათ პირად საცხოვრებელ გარემოს შორის. მეცნიერული „ჩარჩო“ უდავოდ აუცილებელია, თუმცა შესაძლოა საკმარისი არაა იმისთვის, რომ საზოგადოების ფართო წრეები დაინტერესდნენ ამ საკითხით. ხოლო თუ საზოგადოება არ ინტერესდება, პოლიტიკოსებიც ნაკლებად ინდომებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა გაატარონ ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე.


ეკონომიკური „ჩარჩო“

მეორე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხვდებით კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ეხება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ზეგავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ხშირად კომუნიკაციისას გამოიყენებენ ან „უარყოფით“ ან „დადებით ჩარჩოს“.

საზოგადოების ნაწილი ღელავს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ეკონომიკურ თუ სოციალურ ხარჯებზე. ისინი კლიმატზე საუბრისას სწორედ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ეკონომიკური ხარჯები, რომელიც გასაწევია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, მაგალითად, ენერგიის წარმოების გაზრდილი ხარჯები, ნაკლები ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გლობალურ დონეზე, დაკარგული სამუშაო ადგილები ქვანახშირისა და ნავთობის ინდუსტრიებში, და ა.შ.[7]

ამის საპირწონედ, საზოგადოების მეორე ნაწილი კონცენტრირდება იმ შესაძლო დადებით მხარეებზე, რაც ქვეყნის მდგრად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ექნება. აქ იგულისხმება განახლებადი ენერგოსექტორის განვითარება მზის და ქარის ენერგიის საშუალებით, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა, და რაც მთავარია ჯანდაცვის შემცირებული ხარჯები.[8]

აკადემიური კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც აქცენტი კეთდება კლიმატის შერბილების პოლიტიკის დადებით მხარეებზე, მეტია შანსი საზოგადოების ფართო წრეებმა მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ცვლილებებს.[9] მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში არსებულ „წაგებულ“ მხარეებს (ე.წ. “climate losers”). მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ის უარყოფითი გავლენები, რაც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას მოჰყვება. ამ გარდამავალ პროცესში აუცილებელია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს მოწყვლად ჯგუფებს. ამიტომ, რაც შეიძლება ობიექტურად უნდა შეფასდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და ნაკლებად მოვექცეთ იმ „ჩარჩოებში“, რომელებიც მხოლოდ კარგის, ან მხოლოდ ცუდის დანახვას გვაიძულებს.


იდეოლოგიური „ჩარჩო“

მესამე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხედავთ პოლიტიკურ დებატებში, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას იდეოლოგიური კონფლიქტის ჭრილში აღიქვამს. პარტიების იდეოლოგია ხშირად განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას უჭერენ მხარს უფრო ხშირად მემარცხენე იდეოლოგიურ სპექტრს მიეკუთვნებიან. ხოლო, შედარებით კონსერვატორული პარტიები, პოტენციური ეკონომიკური ხარჯების გამო, ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან.[10]

იდეოლოგია და ღირებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკითხის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ასეთ დროს, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება არა მეცნიერულმა ფაქტებმა, არამედ კონკრეტული პარტიის მიმართ მხარდაჭერამ განსაზღვროს. ეს პრობლემურია, რადგან იდეოლოგიური „ჩარჩო“ ნაკლებად იძლევა მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვის საშუალებას. ასევე, რთულია აზრი შეიცვალოს ადამიანმა, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები მყარია.


დასკვნა

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაუვალია ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს თუ პოლიტიკურ ხედვებს შორის. ეს „უთანხმოებები“ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გარდაუვალი ნაწილია.[11]

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად კი მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა, აუცილებელია მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური ხედვა, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელ მოსახლეობას გააერთიანებს. ეს აუცილებელია, რათა გზები დაისახოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და მოსახლეობაზე უარყოფითი ეკონომიკური თუ სოციალური ზეგავლენის ასარიდებლად. ამიტომაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს და კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“, რომელიც ჩვენს ხედვას დაავიწროებს და პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ აღქმის შესაძლებლობას მოგვცემს.


მითითებული წყაროები: [1] Merlijn van Hulst and Dvora Yanow, “From Policy ‘Frames’ to ‘Framing’: Theorizing a More Dynamic, Political Approach,” The American Review of Public Administration 46, no. 1 (January 2016): 92–112, https://doi.org/10.1177/0275074014533142. [2] Monika Berg and Rolf Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity: The Role of the IPCC,” Climatic Change 148, no. 1–2 (May 2018): 11–24, https://doi.org/10.1007/s10584-018-2180-8. [3] KjerstiFløttum, Des Gasper, and Asuncion Lera St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report,” Global Environmental Change 38 (May 2016): 118–29, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2016.03.007. [4] Dominik A. Stecula and Eric Merkley, “Framing Climate Change: Economics, Ideology, and Uncertainty in American News Media Content From 1988 to 2014,” Frontiers in Communication 4 (February 26, 2019): 6, https://doi.org/10.3389/fcomm.2019.00006. [5] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Fløttum, Gasper, and St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report.” [6] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Jonathan Rowson and Adam Corner, “How Framing Can Move Climate Change from Scientific to Social Fact,” the Guardian, May 23, 2014, http://www.theguardian.com/sustainable-business/framing-climate-change-scientific-social-fact. [7] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [8] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [9] Alexa Spence and Nick Pidgeon, “Framing and Communicating Climate Change: The Effects of Distance and Outcome Frame Manipulations,” Global Environmental Change 20, no. 4 (October 2010): 656–67, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2010.07.002. [10] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [11] Amanda Machin, “Democracy, Disagreement, Disruption: Agonism and the Environmental State,” Environmental Politics 29, no. 1 (January 2, 2020): 155–72, https://doi.org/10.1080/09644016.2019.1684739.

40 views0 comments