top of page

პარიზის შეთანხმება #ABC

Updated: Dec 2, 2021

შესავალი

2015 წლის 12 დეკემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციამ (COP), ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, პარიზის შეთანხმება მიიღო. მიღების მომენტიდანვე, პარიზის შეთანხმება შეფასდა როგორც „მონუმენტური ტრიუმფი“,[1] „თამაშის წესების შემცვლელი“[2] “უდიდესი ნახტომი კაცობრიობისთვის,”[3] “ძლიერი სიგნალი,”[4] “ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი”, [5] “გარდამტეხი მომენტი”,[6] „მნიშვნელოვანი მიღწევა.”[7] უმთავრესად კი, ის წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმსა და ძალისხმევაში.[8] პარიზის შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ნოემბერს, შეთანხმების 21-ე მუხლის შესაბამისად.[9] ამჟამად, შეთანხმებას 195 ხელმომწერი და 191 მხარე ჰყავს, მათ შორის, ევროპის კავშირი (EU). შეთანხმება ხელმოწერილი აქვთ, თუმცა სავალდებულოების ეროვნული პროცედურები (მაგ. რატიფიკაცია) არ გაუვლიათ იემენს, ერითრეას, ირანს, ერაყს, თურქეთს, ლიბიას. შესაბამისად, ამ ქვეყნებისთვის პარიზის შეთანხმება ძალაში ჯერ არ არის. 2019 წლის ნოემბერში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეატყობინა გაეროს გენერალურ მდივანს (ხელშეკრულების დეპოზიტარი) შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. პარიზის შეთანხების 28-ე მუხლის მიხედვით, გასვლა ძალაში შევიდა შეტყობინებიდან 1 წლის შემდეგ, ანუ 2020 წლის ნოემბერში. აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტაცია კი თავიდან მიუერთდა ხელშეკრულებას, რომელიც ამერიკისთვის ძალაში შევიდა 2021 წლის 19 თებერვლიდან.

პარიზის შეთანხმება არის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით და წარმოქმნის ვალდებულებებს მხარეებისთვის. პარიზის შეთანხმება სამ ძირითადად მიზანს ადგენს, რომელიც უმთავრესად „მოგზაურობის მიმართულებას“ განსაზღვრავს:

  1. ტემპერატურის მიზანი - გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, აღიარებს რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და შედეგებს;

  2. ადაპტაციის მიზანი - კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის აირების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ისეთი გზით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკვების წარმოებას;

  3. ფინანსური მობილიზაციის მიზანი - ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა სათბურის აირების დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან.

პარიზის შეთანხმების განხორციელებას ორი მნიშვნელოვანი პრინციპი უდევს საფუძვლად, სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობები და შესაბამისი შესაძლებლობები, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

პარიზის შეთანხმება (სხვადასხვა მასშტაბით) ფარავს ყველა მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შერბილება, კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია, ექსტრემალური და ნელი მოქმედების კლიმატურ მოვლენებთან დაკავშირებული დანაკარგები (ზარალი) და ზიანი, ფინანსური დახმარება, ტექნოლოგიების გადაცემა, შესაძლებლობების განვითარება, განათლება, გამჭვირვალობა, შეთანხმებასთან შესაბამისობა, პროცედურული საკითხები, ინსტიტუციური მოწესრიგება. პარიზის შეთანხმების გამჭვირვალობის მოთხოვნები, გადახედვის პროცესები, გლობალური შედეგების შეფასება, შესაბამისობის და შესრულების მექანიზმები, ამ შეთანხმების განმსაზღვრელი საფუძვლები და მთავარი არსია.

უპირველეს ყოვლისა, პარიზის შეთანხმება წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დონეზე დარეგულირების მცდელობასა და ძალისხმევაში პარადიგმის ცვლილებას. მისი მთავარი ელემენტებია: 1. პარიზის შეთანხმება მოითხოვს მხარეებისგან ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების განვითარებასა და წარდგენას (NDC), მათი შესრულებისთვის მოქმედებას, „თუმცა მხარეები არ არიან ვალდებულნი ამას მიაღწიონ“; 2. ადგენს საერთაშორისოდ მოლაპარაკებულ, პროცედურულ ვალდებულებებს, რათა ყველა მხარემ გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებით შეიტანოს წვლილი ემისიების შემცირებაში; 3. დგას ამბიციის ზრდის ციკლზე, მხარეებმა დროთა განმავლობაში გაზარდონ ამბიციები და გააძლიერონ მოქმედებები; 4. ადგენს დიფერენცირებისადმი ნიუანსირებულ მიდგომას, მორგებულს თითოეული საკითხისადმი, რომელიც შერბილების პოლიტიკის კონტექსტში ეყრდნობა მხარეების მიერ თვითდიფერენცირებას (განვითარებულ ან განვითარებად) NDC-ებში.

პარიზის შეთანხმების ძირითადი მახასიათებლები

  • პარიზის შეთანხმება არის მკაცრი, რბილი და არა-სამართლის ნორმების ნაკრები, უფრო ზუსტად კი ვალდებულებების, რეკომენდაციებისა და სისტემის მხრიდან მოლოდინების მიქსი;

  • პრეამბულაში, სხვა თემებთან ერთად, ნახსენებია „სამუშაო ძალის სამართლიანი ტრანზიცია“, „ღირსეული და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, „ადამიანის უფლებები“ და „განვითარების უფლება“;

  • მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს სათბურის აირების ემისიებმა პიკს, თუმცა, ამასთანავე, აღიარებს, რომ განვითარებად ქვეყნებს მეტი დრო დასჭირდებათ ამისთვის;

  • მიზნად ისახავს პიკის შემდეგ სათბურის აირების ემისიების სწრაფ შემცირებას, საუკეთესო ხელმისაწვდომი მეცნიერების გზით და საუკუნის მეორე ნახევარში მიიღწეს ბალანსი ანთროპოგენური ემისიების წყაროებსა და სათბურის აირების მშანთქმელებს შორის;

  • განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს ანიჭებს თვითდიფერენცირების თავისუფლებას. განვითარებად სახელმწიფოებთან მოქნილია შემდეგი საკითხების მიმართ: ემისიების პიკი, ამბიცია, კლიმატის ცვლილების შერბილების ძალისხმევა, იმპლემენტაცია, საჭიროებები, მხარდაჭერა და ა. შ.;

  • თითოეული წევრისგან მოითხოვს, „მოამზადოს, შეატყობინოს და შეინარჩუნოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელის მიღწევასაც აპირებს“. მხარეების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ NDC-ებს მიაღწევენ და პროგრესულად გაზრდიან ამბიციებს;

  • მოლოდინია, რომ მხარეები აგრეთვე შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიებს;

  • არ იძლევა დეკარბონიზაციისათვის შაბლონს, მოდელს ან გეგმას. მხარეები თავისუფლები არიან თავიანთი მეთოდის და გზის არჩევაში;

  • იძლევა ემისიების შემცირების შედეგების საერთაშორისო ტრანსფერის გზით დანერგვის შესაძლებლობას, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიმართ. აგრეთვე, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფს გარემოს მთლიანობას და გამჭვირვალობას ძლიერი ანგარიშგების გზით;

  • არასაბაზრო მიდგომები (შერბილება, ადაპტაცია, ფინანსები, ტექნოლოგიური ტრანსფერი და შესაძლებლობების განვითარება) იმპლემენტაციის ინტეგრირებული, ჰოლისტიკური და დაბალანსებული საშუალებებია;

  • შეთანხმება ხორციელდება იმგვარად, რომ ასახოს სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების პრინციპების გათვალისწინებით.

ტემპერატურის მიზანი

პარიზის შეთანხმება ადგენს ტემპერატურის შეზღუდვისა და „დაჭერის“ მიზანს. 1,5 გრადუსი არის სასურველი მიზანი, რომლის შეთანხმების ტექსტში არსებობა არის სოლიდარობის სიგნალი პატარა კუნძული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც, ფაქტობრივად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ფრონტის ხაზზე არიან. მართალია, პრეინდუსტრიული (წინარეინდუსტრიული) დონე არ არის განსაზღვრული არც ტექსტში და არც მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებაში, თუმცა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) იყენებს 1850-1900 წლების პერიოდს, ვინაიდან ეს არის ყველაზე ადრეული პერიოდი, რომელზეც არის მონაცემები (თითქმის) გლობალური ტემპერატურის შესახებ.

ხელშეკრულების არქიტექტურა

მსგავსად სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა, პარიზის შეთანხმებაც შედგება პრეამბულისა (შესავალი ნაწილი) და ოპერატიული ნაწილისაგან (ძირითადი ტექსტი). პრეამბულა არ წარმოშობს ვალდებულებებს მონაწილე სახელმწიფოებისათვის, თუმცა არის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ელფერს აძლევს ხელშეკრულებას, ასევე, ხელს უწყობს ხელშეკრულების გაგებასა და ინტერპრეტაციას. პარიზის შეთანხმების პრეამბულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რამდენიმე თემა/საკითხი პირველად მოხვდა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებაში:

  • კონცეფცია „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლიანობა“ , ე.წ. კლიმატსამართლიანობა;

  • სამუშაო ძალის „სამართლიანი ტრანზიცია“;

  • მოწოდება მხარეებისთვის, რომ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას პატივი სცენ და ხელი შეუწყონ;

    • ადამიანის უფლებებს, რომლებიც მხარეებს აღებული აქვთ სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში;

    • უფლებას ჯანმრთელობაზე, მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფების, ადგილობრივი მოსახლეობის, მიგრანტების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, განვითარების უფლებას და ქალთა უფლებებს;

    • გენდერულ თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და თაობათა შორის თანასწორობას.

  • სხვადასხვა სუბიექტების ყველა დონეზე ჩართულობის მნიშვნელობა (არასახელმწიფო სუბიექტების მნიშვნელობა).

პრინციპები

პარიზის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება შეთანხმების განხორციელება, ესენია:

  • სამართლიანობა (Equity)

  • საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით. (Common but Differentiated Responsibilities and Respective Capabilities In The Light of National Circumstances).

ასევე, მითითება არის კონვენციის პრინციპებზე (კონვენცია მუხლი 3). აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმება სრულად არ იზიარებს კონვენციისეულ პრინციპს „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი“, არამედ პრინციპს დაუმატა „განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.“ ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს განსხვავებულ ეროვნულ გარემოებებს და ერგება დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის გარემოებების ცვლილებას.

დიფერენცირება (Differentiation)

პარიზის შეთანხმება არის შესასრულებლად სავალდებულო ყველასთვის, თუმცა გამოირჩევა განვითარებადი სახელმწიფოებისათვის უპირატესობის მინიჭებითა და ხელშემწყობი გარემოს შექმნით, ხოლო განვითარუბული სახლემწიფოებისათვის დამატებითი ვალდებულების განსაზღვრით. შეთანხმებაში არ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს „განვითარებული ქვეყანა“, ან „განვითარებადი ქვეყანა“, ქვეყენებს აქვთ თავისუფლება თავად მოახდინონ თვით-დიფერენცირება. ასევე, ახდენს თემების მიხედვით დიფერენცირებას და არა ერთ ზოგად კატეგორიზაციას, როგორც ამას კონვენცია და კიოტოს პროტოკოლი აკეთებს. შესაბამისად, პარიზის შეთანხმების დიფერენცირება გამოირჩევა „ნიუანსირებული“ დიფერენცირებით და „თვით-დიფერენცირებით“.

ვალდებულებები

შეთანხმების ყველა მუხლი ვალდებულებას არ წარმოქმნის. მსგავსად სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა, პარიზის შეთანხმებაც შედგება, როგორც „მკაცრი სამართლის“(hard law), ასევე “რბილი სამართლის” (soft law) ნორმებისგან.. „მკაცრი სამართალი“ არის საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ადგენს შესასრულებელ სავალდებულოდ ვალდებულებებს, ხოლო „რბილი სამართალი“ არის საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც არ ადგენს შესასრულებელ სავალდებულოდ ნორმებს, ამგვარი ნორმები ან სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ, ან მხარეების მხრიდან შესრულების მოლოდინს წარმოქმნიან.

პარიზის შეთანხმება წარმოშობს მხოლოდ პროცედურულ ვალდებულებებს (მოქცევის ვალდებულება- obligation of conduct) და არა შედეგის ვალდებულებას (obligation of results).

დეტალები, რომელიც ვალდებულების გარკვევაში გვეხმარება:

  • ენა (რომელი დამხმარე ზმნა არის გამოყენებული. მაგ. “shall”, ანუ „უნდა“, წარმოქმნის ვალდებულებას, ხოლო „should“ რეკომენდაციას გამოხატავს. ასევე, „may“ და „will“ სისტემისგან მოლოდინს და ა.შ.).

  • სუბიექტი (როგორ არის ადრესატი ფორმულირებული. მაგ. ყოველი სახელმწიფო - ინდივიდუალური ვალდებულებები, ყველა სახელმწიფო - კოლექტიური ვალდებულებები, უსუბიექტო - მიმართულია რეჟიმისკენ).

  • სიზუსტე (ნორმის სიზუსტე)

  • ადგილი (პრეამბულაშია, თუ ძირითად ტექსტში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ პრეამბულაშია ის ვალდებულებას არ წარმოქმნის).


იხილეთ, პარიზის შეთანხმების დეტალური შეფასება მიმაგრებულ ფაილად. [მალე დაემატება]


რელევანტური დოკუმენტების ბმულები:


არასამთავრობო სექტორი მოქმედების სადარაჯოზე:


მითითებული წყაროები: [1] “COP21: UN chief hails new climate change agreement as ‘monumental triumph’”, UN News, დეკემბერი 12, 2015, https://news.un.org/en/story/2015/12/517982-cop21-un-chief-hails-new-climate-change-agreement-monumental-triumph [2] Fiona Harvey, “World Bank president celebrates 'game changer' Paris talks”, The Guardian, დეკემბერი 13, 2015, https://www.theguardian.com/business/2015/dec/13/world-bank-president-celebrates-game-changer-paris-talks [3] John Vidal, Adam Vaughan, Suzanne Goldenberg, Lenore Taylor, Daniel Boffey, “World leaders hail Paris climate deal as ‘major leap for mankind”, The Guardian, დეკემბერი 13, 2015. https://www.theguardian.com/environment/2015/dec/13/world-leaders-hail-paris-climate-deal [4] Al Gore, Don Henry. “Paris agreement is a strong signal that 'we will solve climate crisis', Al Gore says , The Guardian, აპრილი 29, 2016, https://www.theguardian.com/environment/2016/apr/30/paris-agreement-is-a-strong-signal-that-we-will-solve-climate-crisis-al-gore-says [5] Robert Falkner. "The Paris Agreement and the New Logic of International Climate Politics." International Affairs 92, no. 5 (2016). https://doi.org/10.1111/1468-2346.12708. გვ. 1114 [6] Ralph Bodle; Lena Donat; Matthias Duwe, "The Paris Agreement: Analysis, Assessment and Outlook," Carbon & Climate Law Review (CCLR) 2016, no. 1 (2016), გვ. 5 [7] Doelle, “The Paris Agreement: Historic Breakthrough or High Stakes Experiment” p. 17 [8] Lavanya Rajamani,, Daniel Bodansky. "The Paris Rulebook: Balancing International Prescriptiveness With National Discretion." International and Comparative Law Quarterly 68, no. 04 (2019), https://doi.org/10.1017/s0020589319000320 გვ. 1025 [9] კონვენციის სულ ცოტა 55 მხარე, რომელთა სათბურის აირების ემისიების ერთობლივი წილი სათბურის აირების სრული გლობალური ემისიების სულ ცოტა 55%-ს შეადგენს, მოახდენს რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირებას.

bottom of page