top of page

COP28: წიაღისეული საწვავის „დასასრულის დასაწყისი“?

Updated: Dec 28, 2023

ეკა მიქაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) ევროკავშირის კლიმატის პროექტის მენეჯერია. ის, 30 ნოებრიდან 12 დეკემბრამდე, დუბაიში COP28-ს ესწრებოდა, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი.


გაერთიანებული ერების (გაეროს) კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენცია (COP28) წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა. უდაბნოში გაშენებული ქალაქი ნოემბერში ზაფხულის სასიამოვნო ამინდით შეგვხვდა. ცხელოდა, მაგრამ არა გაუსაძლისად, რაც გაფიქრებინებდა, რომ უდაბნოში ცხოვრება შეიძლება არც თუ ისე ცუდი იყოს. მაღალი შენობები, უკიდურესი სისუფთავე და უპილოტო, სრულიად ახალი მეტრო, ქალებისა და ბავშვებისთვის ცალკე გამოყოფილი ვაგონებით, ნამდვილად შთამბეჭდავ გარემოს ქმნიდა. ქალაქიდან საკონფერენციო სივრცემდე მისასვლელად საათნახევრით ადრე გამოსვლა აუცილებელი იყო, რადგან 70 000 ადამიანის მეტროში ჩატევა, მერე მათი უსაფრთხოების კორიდორში გატარება, დიდ დროს მოითხოვდა. იყო შემთხვევებიც, როცა 7 საათზე სახლიდან გასულებს, 9 საათისთვის ვერ მიგვეღწია საკოორდინაციო შეხვედრაზე.


© ეკატერინე მიქაძე

თვითონ შეხვედრის ადგილი დაახლოებით 400 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია იყო, ძალიან კარგად აღჭურვილი იმ აუცილებელი შენობებით, რაც კლიმატის მოლაპარაკებებისთვის არის საჭირო. ამ მხრივ, დუბაი კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო მასპინძლად შეიძლება ჩაითვალოს. ზღვა ადამიანის მიუხედავად, რიგი ფაქტობრივად არაფერზე დაგხვდებოდათ. ეს კი, დროის დეფიციტის პირობებში, რაც მომლაპარაკებლების დროს ხშირად მთავარი პრობლემაა, ნამდვილი ფუფუნებაა.


რა მთავარი მოლოდინები არსებობდა?

მთავარი შედეგი, რაც COP28-ის მოლოდინს წარმოადგენდა, კლიმატის ცვლილების გამომწვევ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა იყო.

COP-ი კონსენსუსის პრინციპზე მუშაობს და შეთანხმებაზეც ყველა ქვეყნის თანხმობაა აუცილებელია. ეს, არსებული გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ისედაც დაძაბულ გარემოს განსაკუთრებით ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ COP-ის პრეზიდენტი, დოქტორი სულთანი ალ ჯაბერი, საამიროების ნავთობის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელია. COP-მდე და COP-ის განმავლობაში მისმა განცხადებებმა და თანამდებობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არაერთი აქტივისტვისთვის და მეცნიერისთვის მიუღებელი იყო კლიმატის მოლაპარაკებებს წიაღისეული საწვავის კომპანიის წარმომადგენელი რომ ხელმძღვანელობდა. ამ მოცემულობამ ეჭვქვეშ დააყენა ბევრი საკითხი, მათ შორის ის, რისთვის იყენებდა სულთანი ამ მოლაპარაკებებს, კლიმატის ამბიციური შეთანხმების დადებისთვის თუ წიაღისეული საწვავის ბიზნეს ინტერესების გასაძლიერებლად.

ცხადი იყო, რომ მასპინძლებს ძალიან უნდოდათ COP28 წარმატებული ყოფილიყო და ბევრი ქება დაემსახურებინათ.

მასპინძელი ძალისხმევას არ იშურებდა და დაუღალავად აწარმოებდა პირისპირ მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან და ჯგუფთან, ერთადერთ დასვენების დღესაც კი.


© ეკატერინე მიქაძე

კონფერენციის ფარგებლში დუბაიში მაღალი დონის მეჯლისიც დაიგეგმა, რაც გულისხმობდა წრეზე ჯდომას და საუბარს წინასწარ მომზადებული ტექსტებისა და ფორმალობების გარეშე. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მეჯლისი კარგი ფორმატი იყო იმისთვის, რომ ყველას უკეთ გაეგო, რა იდგა თითოეული მხარის ურყევი მოთხოვნის მიღმა, რასაც გარკვეული შეთანხმებების მიღწევა  შესაძლებელი უნდა გაეხადა.

წლევანდელი COP-ი მნიშვნელოვანი რომ იქნებოდა წინასწარ ვიცოდით, რადგან იგი იყო პირველი გლობალური შეჯამების COP, ანუ, ეს იყო კლიმატის პირველი კონფერენცია, რომელიც თავს მოუყრიდა პარიზის შეთანხმების შემდგომ გაკეთებულ დაპირებებსა თუ საქმეებს და შეაფასებდა, სად ვართ, წესით სად უნდა ვიყოთ და სად უნდა წავიდეთ აქედან. შესაბამისად, COP-ს უნდა შეეჯამებინა ქვეყნების მიერ აქამდე მიღწეულ შედეგები კლიმატის ცვლილების შერბილების, ადაპტაციის, ფინანსების, ტექნოლოგიების კუთხით და საფუძველი მოემზადებინა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტების შემდგომი ციკლისთვის.


რა შედეგებით დასრულდა COP28?


COP28-ის საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი, გლობალური შეჯამება (Global Stocktake), რამდენიმე თემატური ნაწილისგან შედგება. ესაა კლიმატის ცვლილების შერბილება (ანუ მიტიგაცია), კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია (შეგუება), კლიმატის ფინანსირებისა და ტექნოლოგიების საკითხები.


© ეკატერინე მიქაძე

კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის მოცულობა გლობალურად ენერგიის წარმოებაში უნდა გასამმაგდეს, ხოლო ენერგო-ეფექტურობის დონე ყოველწიურად გაორმაგდეს. ასევე, მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ქვანახშირის ისეთი წარმოების შესაჩერებლად, რომლის პროცესშიც არ გამოიყენება ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიები.

COP28-ზე ქვეყნები შეთანხდნენ, რომ უნდა მოხდეს ენერგიის წარმოებიდან წიაღისეული საწვავის ამოღება, რათა შესაძლებელი გახდეს ნახშირბად- ნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის. 

მნიშვნელოვანია, ის ფაქტორიც, რომ მოხერხდა შეთანხება ისეთი წიაღისეული საწვავის სუბსიდიების გაუქმებაზე, რომელიც არ ემსახურება ენერგო სიღარიბის დაძლევას და სამართლიან გარდაქმნას. ამიტომაც COP28 ეწოდა წიაღისეული საწვავის „დასასრულის დასაწყისი“.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით, მხარეებს მოუწოდეს, რომ ძალისხმევა მიმართონ, რათა 2030 წლისთვის ჰქონდეთ უახლესი შეფასება კლიმატის საფრთხეების, რისკებისა და მოწყვლადობის. ასევე, გაცხადდა, რომ 2027 წლისთვის ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, ხოლო 2030 წლისთვის, ყველა ქვეყანას გენდერულად სენსიტიური, ეროვნული დონის, გამჭირვალე ეროვნული საადაპტაციო გეგმა.

© ეკატერინე მიქაძე

COP28-ის საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი ასევე შეეხო კლიმატთან დაკავშირებულ ფინანსებს, გადაწყდა, რომ მწვანე კლიმატის ფონდში (Green Climate Fund)  დამატებით 13 მილიარდამდე აშშ დოლარი გადაირიცხება, ხოლო ზიანისა და ზარალის ფონდისთვის (The Loss and Damage Fund) ქვეყნებმა 792 მილიონის მობილიზებაზე დადეს პირობა. ადაპტაციის ფონდში (The Adaptation Fund) მოხდება 187 მილიონის აკუმულირება და ფინანსური კონტრიბუცია იქნება ასევე ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ფონდში (The Least Developed Countries Fund). თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თანხები არასაკმარისია იმ ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების საჭიროებებთან შედარებით, რაც სამართლიანი გარდაქმნისა და პარიზის შეთანხმების მიზნების შესრულებას ესაჭიროება.

COP28-მ კიდევ ერთხელ მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს და ფინანსურ ინსიტუტებს, შეასრულონ დაპირება წლიურად კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზების შესახებ.

ტექნოლოგიების მხრივ, შეიქმნა ტექნოლოგიების იმპლემენტაციის პროგრამა, რომელიც ფინანსურ მექანიზმს უნდა დაეხმაროს ტექნოლოგიების გადაცემის პროცესის გაძლიერებაში.


რას უნდა ველოდეთ მომავალ წელს?

COP28-ზე უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილიყო COP29 ჩატარების ადგილი. მომდევნო COP-ის მასპინძელი ქვეყანა, გაეროს რეგიონული რიგითობის პრინციპის შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან უნდა შერჩეულიყო. როგორც წესი, კონფერენციას პოლონეთი მასპინძლობს-ხოლმე. თუმცა, ამჯერად, მასპინძლობის კანდიდატურა, განვითარებული ქვეყნების ბლოკიდან, ბულგარეთმა წამოაყენა. მასპინძლობის სურვილი ასევე ჯერ სომხეთმა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანმაც გამოთქვა. გაეროს სამდივნო მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვას, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა: რუსეთი ბლოკავდა ნებისმიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატურას, ხოლო, კონფლიქტიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი სომხეთის კანდიდატურას და პირიქით. ნეიტრალური კანდიდატის ძიებაში, მოლდოვამ და სერბეთმაც კი გამოთქვეს სურვილი ემასპინძლათ მომავალი კონფერენციისთვის. რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ COP-ის მასპინძელი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან ყოფილიყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება ჭიანურდებოდა.

საბოლოოდ, ყველასგან მოულოდნელად, კულისებს მიღმა, ისტორიული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. შედეგად, სომხეთმა უკან წაიღო თავისი კანდიდატობა და აზერბაიჯანს დაუთმო მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ამ შეთანხმებასთან ერთად ორ ქვეყანას შორის ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვაც მოხდა. ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ იქნებ ამ პოტილიკურმა პროცესებმა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვას შეუწყოს ხელი, თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა.

აზერბაიჯანის COP29-ს მასპინძლად არჩევასთან ერთად, ისევ დაისვა კითხვა: რამდენად უპრიანია, რომ ისევ ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა გახდება კლიმატის კონფერენციის მასპინძელი, სადაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების დაფინანსების საკითხები განიხილება.

თუმცა, აქ ალბათ ცოტა სხვაგვარად უნდა დავსვათ საკითხვი და პრობლემაც შეიძლება სხვაგან წარმოვაჩინოთ. პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ბევრი ქვეყანა მოიპოვებს წიაღისეულ საწვავს. პრობლემა ის არის, რომ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ამ წიაღისეული საწვავის მომხმარებელია და მის წარმოებას ასუბსიდირებს. პრობლემა ასევე ისაა, რომ მსოფლიოს გარშემო არც სიღარიბე აღმოფხვრილა, არც დიქტატურები  და კორუფცია დასრულებულა, რაც თავის მხრივ ხელს უშლის გამჭვირვალე კლიმატის პოლიტიკის გატარებას. COP28-ის მიხედვით კი, მომავალი განახლებად ენერგიებსა და ენერგო-ეფექტურობის მიმართულებით ინვესტიციებშია. კლიმატის ცვლილების მმართველობა შეუძლებელია განვიხილოთ არსებული სოციო-პოლიტიკური გამოწვევებისგან განყენებულად. ამიტომ ეს საკითხები, ნელ-ნელა, ყველა გაეროს კონვენციის ფარგლებში და ყველა დონეზე უნდა დავაყენოთ.

საქართველოსთვის, როგორც COP29-ის მასპინძელი ქვეყნის მეზობლისთვის, მომავალი წელი მნიშვნელოვანი იქნება. ქვეყანას მეტი შესაძლებლობა ექნება დააყენოს ის საკითხი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხაზად გასდევს საქართველოს მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებს. ეს გულისხმობს, მოლაპარაკებებში თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას, რათა ყველა ქვეყანას თანაბრად ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მმართველი ორგანოების წევრობასა და საქმიანობაში. ამ ბრძოლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ კანდიდატები სხვადასხვა ორგანოში და უკეთ გაეცნონ, ამა თუ იმ თემატური მიმართულებებით მომხდარ ცვლილებებსა თუ შესაძლებლობებს. საქართველო თანამოაზრეებთან ერთად ასევე იბრძვის, რომ გადაწყვეტილებებში აუცილებლად აისახოს კრიოსფეროს, მთების, ბავშვების, სოფლის მეურნეობისა და საკვები სისტემების საკითხები, რათა მოხერხდეს, ამ მიმართულებებით ფონდების მოძიება და ქმედითი ნაბიჯების გატარება ეროვნულ დონეზე. ეს ბრძოლა კი მომავალ წელს COP29-ზე ბაქოში გაგრძელდება.


წყაროები:

გადაწყვეტილების ტექსტები:

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 28-ე კონფერენციის (COP28) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.




161 views1 comment

1 Comment


bro jack
bro jack
Oct 28

good

Like
bottom of page