2022 წლის ზაფხულის შეჯამება

Updated: Nov 7

შესავალი

შედარებით გრძელვადიან პერიოდში, გლობალური ცვლილებების განსხვავებული ციკლი დედამიწის ბუნებრივი მდგომარეობაა და, როგორ მკაცრადაც არ უნდა გვესახებოდეს ეს პროცესი ჩვენ, ადამიანებს, ის პლანეტის და მისი ბინადრების შენარჩუნების მთავარი მექანიზმია. გლობალური დათბობაც და გამყინვარებაც პლანეტის ბუნებრივი ციკლის ნაწილია, რომელიც ერთბაშად არასოდეს არ ხდება და სასიცოცხლო ჯაჭვს საკმარისი დრო აქვს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.

საქმე იმაშია, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ახალი აღმოჩენების პარალელურად ინდუსტრიულმა ერამ „იფეთქა“, ადამიანის ჩარევით, ტემპერატურის ცვლილებამ არაბუნებრივად და სწრაფად დაიწყო ზრდა და კლიმატის ცვლილების სახიფათო შედეგებიც უფრო და უფრო რეალური გახდა. საფთხე, კი სწორედ ცვლილების არაბუნებრივ სისწრაფესა და ეკოსისტემების ჯაჭვის სეგმენტების ადაპტირების შეუსაბამობაშია.

ავტორიტეტული სამეცნიერო საზოგადოებების მომავლის პროგნოზებით, საფრთხის წინაშეა მრავალი სახეობის არსებობის საკითხი, მათ შორის, ადამიანის. თუმცა, ჩვენზეა დამოკიდებული ისიც, თუ რამდენად სწრაფად მოვახდენთ კლიმატის ცვლილების გამომწვევ არაბუნებრივ ფაქტორებზე რეაგირებას და პროგნოზირებული სავალალო შედეგების შერბილებას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ჩარევით გამოწყვეული კლიმატის ცვლილების შედეგად, ბოლო დროს გახშირდა და გაძლიერდა ბუნებრივი კატასტროფები ექსტრემალურ პირობებთან ერთად.

ახლა კი, რაც შეეხება დღევანდელ რეალობას: 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით უამრავი კატასტროფული ტყის ხანძარი, მომაკვდინებელი თბური ტალღები და დედამიწის სხვადასხვა წერტილში ახალი მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდა.

ბოლო 143 წლის მონაცემებში, ივლისის და აგვისტოს თვეებმა მეექვსე ყველაზე ცხელი თვეების სტატუსი დაიმკვიდრეს, ხოლო სექტემბერი -მეხუთე ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა, ამერიკის ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრების მიხედვით. ბოლო სამი თვის მონაცემებით ხმელეთისა და ოკეანის ტემპერატურამ მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.87°C-ით მოიმატა ივლისში, 0.89°C-ით აგვისტოში და 0.88°C-ით სექტემბერში.

არსებობს 99%-ზე მეტი შანსი იმისა, რომ 2022 წელი, ბოლო 143 წლის მონაცემებში, 10 ყველაზე ცხელ წელსს შორის მოხვდება. ასევე, ხუთი ყველაზე ცხელი ივლისი და აგვისტო 2015 წლის შემდეგ არის დაფიქსირებული.

როგორ აისახა კლიმატის ცვლილება კონტინენტებზე 2022 წელის ივლისის თვეში, ბოლო 143 წლის მონაცემებით (აღრიცხული მონაცემების სიაში):

  • აზია - მესამე ყველაზე ცხელი ივლისი;

  • ჩრდილოეთ ამერიკა - მეორე ყველაზე ცხელი ივლისი;

  • სამხრეთ ამერიკა - რიგით მეოთხე ყველაზე ცხელი ივლისი;

  • აფრიკა - მეცამეტე ყველაზე ცხელი ივლისი;

  • ევროპა - მეექვსე ყველაზე ცხელი ივლისი;

  • ავსტრალია - 1961-1990 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით 0.6°C-ით უფრო ცივი ივლისი, ტემპერატურული რეკორდით -6°C;

თბური ტალღები

თბური ტალღების შესაბამისი ტემპერატურა აფრიკის ტერიტორიიდან მაისიდან გავრცელდა ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ივლისის თვეში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპამდე მიაღწია.

შედეგებმა ასობით მილიონი ადამიანი დააზარალა, გავლენა აისახა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სოფლის მეურნეობასა და სურსათის მარაგზე, ენერგიის ფასებსა და მოთხოვნაზე, ბუნებრივ ეკოსისტემებსა და მდინარეებზე, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე.

წლევანდელმა თბურმა ტალღებმა ტემპერატურული ზრდით ბევრი რეკორდული მაჩვენებელი ჩაანაცვლა.

ახალი მაქსიმალური და ექტრემალური ტემპერატურები

ევროპის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე საშუალო ტემპერატურამ 40-43ºC-ს მიაღწია. კონკრეტული ქვეყნების ტემპერატურის ექტრემალური მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ბრიტანეთში ტემპერატურამ აქამდე დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს 1.6-ით გადააჭარბა და 19 ივლისს 40.3ºC-ს მიაღწია;

  • გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 40ºC-ს;

  • ჩინეთში გამოცხადდა ე.წ “წითელი განგაში” ტემპერატურის 40ºC მაჩვენებლის გამო. აღსანიშნავია, რომ 1873 წლის შემდეგ სულ 17-ჯერაა “წითელი განგაში” გამოცხადებული;

  • პაკისტანში დამღუპველმა ხანძრებმა „10 მილიარდი ხე ცუნამის პროექტის“ 140 ჰექტარი დააზიანა;

  • ევროკავშირის ქვეყნებში ივლისის მონაცემებით, 16%-ით მეტი სიკდილიანობა დაფიქსირდა, მას შედეგ რაც ექსტრემალურმა თბურმა ტალღამ გადაიარა კონტინენტზე.

ბოლო 30 წლის განმავლობაში უკიდურეს სიცხეს წელიწადში საშუალოდ 700-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ეწირება. აშშ-ში სიცხე მიიჩნევა ამინდთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად, და იწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქარიშხალი, ტორნადო, წყალდიდობა ან უკიდურესი სიცივე. (იხ. Extreme heat kills 700 Americans every year)

გლობალურად, 2022 წლის აგვისტო 1991-2020 წლების განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი აგვისტო იყო, ტემპერატურა გაიზარდა 0,30°C-ით (იხ. OBSERVER: A wrap-up of Europe’s summer 2022 heatwave)

ტყის ხანძრები

ტყის ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად ზემოთ ხსენებული თბური ტალღების შედეგად მიწის გამოფიტვა და ნალექების ნაკლებობა სახელდება, რაც, ასევე, ხელს უწობს ხანძრების სწრაფ და მარტივ გავრცელებას.

ევროპაში 2022 წელს ტყის ხანძრების შედეგად მიწის რეკორდული განადგურება დაფიქსირდა. კონტინენტზე ზაფხულის მწვავე სიცხის და გვალვის პერიოდმა გადაიარა, რაც, მეცნიერების თქმით, ადამიანის აქტივობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. 1 იანვრიდან 13 აგვისტოს ჩათვლით ხანძრებმა ევროპაში თითქმის 660 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა, ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემების მიხედვით. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ 2022 წელი მიჰყვება 2017 წლის ანალოგიურ ტრაექტორიას, ევროპაში განადგურდება მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, წლევანდელი განადგურების მასშტაბები, კი 2006 წლის ჩანაწერების შემდეგ, მეორე ყველაზე კატასტროფული იყო.

ტყის ხანძრები და კლიმატის ცვლილება

ტყის ხანძრების შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგი (CO2). ხეების მიერ შთანთქმული და დასაწყობებული ნახშიროჟანგი წვის შედეგად გამოთავისუფლდება და კვლავ ატმოსფეროში გაიფრქვევა. ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ყველაზე გავცელებული სათბურის აირია. სათბური აირების რაოდენობის ზრთით, კი იზრდება ატმოსფეროში მზის ენერგიის შთანთქმისა და შეკავების პოტენციალი, შესაბამისად, ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს, მიწა იფიტება და ხანძრების გაჩენის წრიული პროცედურა გრძელდება.

CAMS გლობალური ხანძრის ასიმილაციის სისტემის (GFAS) მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ტყის ხანძრის საერთო ემისია შეფასებულია 6,4 მეგატონა ნახშირბადად, რაც ყველაზე მაღალი დონეა 2007 წლის შემდეგ.

2022 წლის ტყის ხანძრების შედეგები

  • საფრანგეთში, ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან 3 სექტემბრამდე გაანადგურა 62 000 ჰექტარი, რაც ექვსჯერ აღემატება 2006-2021 წლების საშუალო წლიურ მონაცემს

  • ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INPE) აგვისტოში დააფიქსირა 31,513 ხანძრის გაფრთხილება ამაზონში, რაც 2010 წლის შედეგების ფონზე აგვისტოს გაუარესებული შედეგია

  • პორტუგალიის ხელისუფლებამ 11-17 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სიცხის დროს ტყის ხანძრების უკიდურესი საფრთხის გამო

  • ივლისის შუა რიცხვებში სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს სამხრეთით გაჩენილმა ორმა დიდმა ხანძარმა რეგიონში 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია

წლევანდელი ზაფხულის შედეგები წინათქმაა იმისა, რასაც მეცნიერები პროგნოზირებენ მომავალზე. ჩვენ მომსწრენი ვართ ადამიანის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი კლიმატის ცვლილების შედეგების დასაწყისისა. კარგია ის, რომ გვაქვს შედეგების კონკრეტული რიცხობრივი პროგნოზები და დაწყებულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის პრაქტიკაში დანერგვა. გვაკლია საზოგადოების ინფორმირება კლიმატის ცვლილების პროცესზე, როლების შეფასება და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.


სტატიის წერისას გამოყენებული წყაროები:

https://www.carbonbrief.org/state-of-the-climate-2022-on-track-for-a-summer-of-extreme-heat/

https://www.ncei.noaa.gov/access/monitoring/monthly-report/global/202207

https://www.copernicus.eu/en/news/news/observer-wrap-europes-summer-2022-heatwave

https://atmosphere.copernicus.eu/europes-summer-wildfire-emissions-highest-15-years


25 views0 comments