top of page

სასურსათო კრიზისი მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი შედეგია


სურსათის გლობალური სისტემის კრიზისი რუსული აგრესიის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც უსაფრთხოების კრიზისსა და ჰუმანიტარულ კატასტროფასთან ერთად რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს მოჰყვა. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის, სიმინდის და საზეთე თესლის, ასევე სასუქებისა და საწვავის ძირითადი მწარმოებლები არიან (FAO, Pörtner et al., 2022). თუმცა, ომის გამო შავი ზღვის რეგიონიდან პროდუქციის ექსპორტი სერიოზულად ფერხდება, რაც მსოფლიოში სურსათის ფასების მატებას იწვევს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) სურსათის ფასების ყოველთვიური ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მარტში ზეთის, მარცვეულისა და ხორცის ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიეს (FAO, 04.2022), რაც იმას გულისხმობს, რომ საკვების ფასები გასულ წელთან შედარებით 1/3-ით გაძვირდა (Guardian, 2022).

ბუნებრივია, ფასების ზრდა ყველაზე მეტად მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებზე მოქმედებს, რომლებიც უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე და სასუქზე არიან დამოკიდებულნი (FAO, 03.2022).

FAO-ს მონაცემებით, საქართველო რუსულ ხორბალსა და სასუქზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანაა მსოფლიოში.

2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის დაახლოებით 95%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა. ასევე, ქვეყანაში იმპორტირებული სასუქის დაახლოებით 45% რუსეთიდან შემოდიოდა (FAO, 2022). შესაბამისად, ბოლო პერიოდში ხორბლისა და ფქვილის ფასებმა საქართველოშიც მოიმატა, რაც სპეციალისტების თანახმად, ქვეყანაში პურის თვითღირებულებაზეც იმოქმედებს (Netgazeti, 2022).


ომი უკრაინაში ევროკავშირის მდგრადი სოფლის მეურნეობის გეგმებს შეაფერხებს

რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული სურსათის მიწოდების კრიზისი პრობლემას უქმნის ევროკავშირის მდგრადი სოფლის მეურნეობის პოლიტიკას. როიტერსის ცნობით, ევროკომისიას 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში უნდა წარედგინა წინადადება ევროკავშირის მდგრადი მეურნეობისა და ბუნების კონსერვაციის მიზნების შესახებ, თუმცა არსებული კრიზისი გამო ეს პროცესი შეფერხდა. როგორც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, სასურსათო კრიზისი არ იძლევა სათანადო „პოლიტიკურ სივრცეს“ განხილულ იქნას წინადადება მდგრადი პესტიციდების კანონის შესახებ (Reuters, 2022). ასევე, ხორბლისა და ქერის ფასების ზრდისა და დეფიციტის შიშის გამო გადაიდო განხილვა სოფლის მეურნეობის იმ პრაქტიკისა, რომელიც თესვის ციკლებს შორის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ეკოსისტემის აღდგენას უწყობს ხელს.

ევროკომისიაში მიმდინარე დისკუსიას 400 მეცნიერისა და კვების სექტორის ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი გამოეხმაურა, რომელთა აზრითაც მდგრადი მეურნეობის პოლიტიკის მიტოვება კონტრაპროდუქტიული იქნება და ხელს შეუშლის სამომავლოდ საიმედო სურსათის სისტემის შექმნას (Pörtner et al. 2022).

განცხადების თანახმად, დღეს არსებული კრიზისის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება მიექცეს სურსათის გლობალურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, კერძოდ მსოფლიოში საკვების არასწორ გადანაწილებასა და სასურსათო-საკვები პროდუქციის მაღალ დანაკარგს (food waste).


საკვების ამჟამინდელი წარმოება საკმარისია მსოფლიო მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს გლობალურად იმაზე მეტი საკვები იწარმოება, რაც საჭიროა მსოფლიო მოსახლეობის გამოსაკვებად (Pörtner et al, 2022). თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მარცვლეული პირდაპირ მიეწოდებოდეს მოსახლეობის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ნაწილს, სურსათი ან საქონლის საკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება, ან კი, სრულიად იკარგება.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ჩვენთვის საკვებად უვარგის ბალახს გარდაქმნიან რძედ. რძის პროდუქტები კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ ნაწილის გამოსაკვებად, რომელთაც სხვა მხრივ მრავალფეროვან საკვებზე არ აქვთ წვდომა. თუმცა, ხორცისა და რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ ისეთ მარცვლეულს, რომელიც ადამიანისთვისაც ვარგისია (მაგ. სიმინდი, სოია) და, რაც მთავარია, რომელსაც ადამიანითვის იმაზე მეტი კვებითი ღირებულების მოტანა შეუძლია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტს. მაგალითად, ეს მარცვლეული შეიცავს უფრო მეტ ცილას, რკინას და ცინკს, ვიდრე ცხოველური პროდუქტი (Berners-Lee et al., 2018).

დღეს ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების 34% სწორედ ადამიანისთვის საჭმელად ვარგის მარცვლეულზე მოდის (Berners-Lee et al., 2018)

დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, ევროპაში ნაკლები ცხოველური პროდუქციის წარმოებამ და მეტი მცენარუელი საკვების მოხმარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს არსებული ზეწოლა მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია ინდუსტრიულ წარმოებაში ცხოველების მარცვლეულით გამოკვება შემცირდეს და, ამასთანავე, აღმოიფხვრას ვარგისი სურსათის დანაკარგი და ჭარბი ოდენობით მოხმარების პრაქტიკა.


საკვები პროდუქციის დანაკარგის შემცირება ხელს უწყობს სურსათის უსაფრთხოებასა და გარემოს მდგრადობის გასაუმჯობესებას

საკვების დანაკარგისა და ნარჩენების შემცირება მნიშვნელოვანია როგორც წარმოების ხარჯების შემცირებისა და კვების სისტემის ეფექტურობის გაზრდისთვის, ასევე მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობისთვის (FAO, Willett et al., 2019). სურსათის დეფიციტი კვლავაც დიდ პრობლემად რჩება მსოფლიოს არაერთ რეგიონში.

მსოფლიოში წარმოებული საკვების თითქმის 1/3 იკარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის, სარწყავი წლისა და სასუქის დაახლოებით 1/4 გამოიყენება იმ პროდუქციის საწარმოებლად, რომელიც საბოლოოდ არც კი მოიხმარება (Shafiee-Jood, Cai, 2016).

კვლევების მიხედვით (Bräutigam, 2014), დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში საკვები ძირითადად წარმოების ეტაპზე იკარგება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოსავლის აღების, შენახვისა და გაგრილებისთვის საჭირო ტექნიკის არასებობით, არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, ასევე ინფრასტრუქტურისა და გადამუშავების, შეფუთვისა და მარკეტინგის სისტემების გაუმართავობით. საშუალო და მაღალი შემოსავლის ქვეყნებში კი, საკვების დანაკარგი უმეტესად კოორდინაციის პრობლემასა და მომხმარებლის ქცევას უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნებში მოსახლეობას უბრალოდ აქვს იმისი ფინანსური საშუალება, რომ ნაყიდი საკვები არ მოიხმაროს და გადაყაროს.

იმის გათვალისწინებით, რომ მილინობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო არ აქვს სრულფასოვანად კვების საშუალება (FAO, 2019), საკვების გადაყრა ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული ეთიკური პრობლემაცაა. სურსათის დანაკარგის შემცირება, დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია დანაკარგი შემცირდეს როგორც საცალო ვაჭრობიდან, ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან, რაც გარკვეულწილად შეამსუბუქებს არსებულ ზეწოლას გლობალურ ბაზარზე (Pörtner et al, 2022).


მდგრადი და ჯანსაღი დიეტა შეამსუბუქებს არსებულ ზეწოლას მარცვლეულზე

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC-ის) უკანასკნელი შეფასების ანგარიშის მიხედვით, მდგრადი და ჯანსაღი დიეტა ეწოდება დიეტას, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და, ამასთანავე, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ გარემოზე (IPCC, 2022). დაბალანსებული დიეტა შეიცავს როგორც მცენარეულ (მარცვლეული, პარკოსნები, ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული), ასევე ცხოველური წარმოშობის საკვებს. შესაბამისად, დაბალანსებულ, მდგრად, ჯანსაღ დიეტაზე გადასვლითა და საკვების დანაკარგის შემცირებით შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ გლობალური სათბური აირების (GHG) გაფრქვევის შემცირებაში, არამედ მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრაშიც, ხოლო, სოფლის მეურნების მდგრად წარმოებაზე გადასვლით და ნაკლები პესტიციდების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ეკოსისტემის აღდგენის პროცესს.

ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს პესტიციდებზე და ანტიმიკრობულ საშუალებებზე დამოკიდებულების შემცირებას, ჭარბი სასუქის მოხმარების შემცირებას, ორგანული მეურნეობის გაზრდას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას (European Commission, 2020). რუსეთი მსოფლიოში სასუქებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ხოლო ევროპული სოფლის მეურნეობა დღეს დიდწილად დამოკიდებულია აზოტოვან სასუქებზე, რომელთა მიწოდებაც ომის გამო გართულდა (Pörtner et al., 2022). დღევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნია ევროკავშირმა არსებითი ნაბიჯები გადადგას რუსულ სასუქის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც ასევე ხელს შეუწყობს კლიმატის სტრატეგიის სისრულეში მოყვანას.


გამოყენებული ლიტერატურა

  1. Abnett, Kate, and Philip Blenkinsop. “Ukraine War Set to Delay EU Sustainable Farming Plans.” Reuters, March 21, 2022, sec. Europe

  2. Ahmed, Kaamil. “Global Food Prices Rise to Highest Ever Levels after Russian Invasion.” The Guardian, April 8, 2022, sec. Global development

  3. Berners-Lee, M., C. Kennelly, R. Watson, and C. N. Hewitt. “Current Global Food Production Is Sufficient to Meet Human Nutritional Needs in 2050 Provided There Is Radical Societal Adaptation.” Edited by Anne R. Kapuscinski, Kim A. Locke, and Christian J. Peters. Elementa: Science of the Anthropocene 6 (January 1, 2018): 52.

  4. Bräutigam, Klaus-Rainer, Juliane Jörissen, and Carmen Priefer. “The Extent of Food Waste Generation across EU-27: Different Calculation Methods and the Reliability of Their Results.” Waste Management & Research: The Journal for a Sustainable Circular Economy 32, no. 8 (August 2014): 683–94.

  5. European Commission. “Farm to Fork Strategy - For a Fair, Healthy and Environmentally-Friendly Food System,” 2020.

  6. FAO. “FAO Food Price Index | World Food Situation | Food and Agriculture Organization of the United Nations,” April 8, 2022.

  7. Information Note: The Importance of Ukraine and the Russian Federation for Global Agricultural Markets and the Risks Associated with the Current Conflict,” March 2022.

  8. ed. Safeguarding against Economic Slowdowns and Downturns. The State of Food Security and Nutrition in the World 2019. Rome: FAO, 2019.

  9. ed. The State of Food and Agriculture: Moving Forward on Food Loss and Waste Reduction. The State of Food and Agriculture 2019. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, 2019.

  10. IPCC. “Climate Change 2022: Mitigation of Climate Change - Summary for Policymakers.” IPCC, 2022.

  11. Pörtner, Lisa M., Nathalie Lambrecht, Marco Springmann, Benjamin Leon Bodirsky, Franziska Gaupp, Florian Freund, Hermann Lotze-Campen, and Sabine Gabrysch. “We Need a Food System Transformation – in the Face of the Ukraine War, Now More than Ever, March 28, 2022.

  12. Shafiee-Jood, Majid, and Ximing Cai. “Reducing Food Loss and Waste to Enhance Food Security and Environmental Sustainability.” Environmental Science & Technology 50, no. 16 (August 16, 2016): 8432–43.

  13. Willett, Walter, Johan Rockström, Brent Loken, Marco Springmann, Tim Lang, Sonja Vermeulen, Tara Garnett, et al. “Food in the Anthropocene: The EAT–Lancet Commission on Healthy Diets from Sustainable Food Systems.The Lancet 393, no. 10170 (February 2019): 447–92.

  14. პერტაია ლუკა. “ხორბალი და ფქვილი გაძვირდა – რა ელის პურის ფასს?NETGAZETI.ge, March 24, 2022.



132 views0 comments

Comments


bottom of page