top of page

საბოლოოდ რა მოხდა გლაზგოში, ან რომელი მხარის შეფასებებს შეიძლება ვენდოთ?

კოპზე* ყოველდღიურად ათასობით ინფორმაცია იწერება და ვრცელდება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას და როგორ შეიძლება შედარებით ობიექტური წარმოდგენა შევიქმნათ ამა თუ იმ წლის მოლაპარაკებების ირგვლივ. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები რადიკალურია, ვინაიდან მათი მოთხოვნები ამბიციურია და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა შეფასებისას მწვავე კრიტიკას იწვევს. მეორეს მხრივ, ოფიციალური შეფასებები საკმაოდ რბილია, ისინი ვერ ასახავენ რეალობას, რაც ჩვენ ირგვლივ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ამ პრიზმით უყურებენ-ხოლმე მოლაპარაკებების პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღება და მათი გაფილტვრა, რომ გავიგოთ, ბოლოსდაბოლოს რა მოხდა გლაზგოში?

გლაზგო ფაქტიურად ორი კოპის გაერთიანება იყო კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე. ტარდებოდა გაერთიანებულ სამეფოში, რომელმაც ევროკავშირისგან დამოუკიდებლობის პირობებში პირველად უმასპინძლა ამ მასშტაბის შეხვედრას. შესაბამისად, ბევრი რამ იდო სასწორზე. ბრიტანელი მოსახლეობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა, საკმაოდ გათვითცნობიერებულია კლიმატის საკითხებში. აქ ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც ფართო მასების მობილიზება შეუძლია ლონდონის ქუჩებში.

შესაბამისად, საზოგადოებრივი „წნეხი“ ამ კოპის მიმართ, დაახლოებით, იმ მასშტაბის რაც კოპენჰაგენში იყო, ნამდვილად შეიმჩნეოდა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი და თანმხლები პროცესია, არასამთავრობო ორგანზიაციები ასე ცდილობენ „ხმა მიაწვდინონ“ მოლაპარაკებების ოთახში მსხდომ დელეგატებს, რომლებსაც თავის მხრივ, ამ ყველაფრის მოსასმენად ნაკლები დრო და რესურსი გააჩნიათ. თუმცა, კოპის პრეზიდენტისთვის და მასპინძელი ქვეყნისთვის ეს საგულისხმო მესიჯებია და ძნელად წარმოსადგენია, მათზე არ მოქმედებდეს საზოგადოების ამ დონის ჩართულობა.

ყოველდღიურად სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქცია ან

პერფორმანსი იმართებოდა გლაზგში


მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიტანელებს დიდი ამბიცია ჰქონდათ ამ კოპის მიმართ, თან ეს მათთვის კარგი რეაბილიტაცია იქნებოდა მსოფლიო ასპარეზზე, თუნდაც, მმართველობის ამგვარ პირობებში.

თუმცა, საინტერესოა იმის თვალყურისდევნებაც, თუ როგორ იწერება და იხვეწება მოლაპარაკებების ტექსტი, რომელიც შეგვიძლია ყბადაღებული პარიზის შეთანხმების „მუხლი 6“ მაგალითზე ვნახოთ. ამ მუხლს ბევრი პუნქტი აქვს, რომელიც წესებში დეტალურად ცალცალკე გაიწერა და უამრავი საათი წაართვა დელეგატებს მოლაპარაკებების პროცესში. აქ უბრალოდ შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მაგალითი როგორ გამოიყურება ერთიდაიგივე მუხლი 1 კვირის შუალედში:

A host Party shall, consistent with decision X/CMA.3 (Guidance on cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2, of the Paris Agreement):

(a) Apply a corresponding adjustment, for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG [, and the policies and measures] [activities] covered by its NDC;

(b) [Apply a corresponding adjustment for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG [, or the policies and measures] not covered by its NDCs [from [2025][2030] [and may do so prior to that date]] [unless the A6.4ERs are not authorized by the host Party to be used towards achievement of any NDC]].(CMA, 2021e)

ამ მუხლში თქვენ ნახავთ ბევრ „ფრჩხილებს“, ეს ფრჩხილები არის ზუსტად ის, რაზეც მოლაპარაკების მხარეები მუშაობენ, რადგან საბოლოო ტექსტი ფრჩხილების გარეშე უნდა იყოს და მისი წაკითხვის შედეგად მხარე ქვეყანა უნდა ხვდებოდეს, რა ვალდებულებაზე არის საუბარი. ეს ტექსტი 6 ნოემბრით თარიღდება, ვნახოთ თუ გასწორდა „ფრჩხილები" და თუ მიაღწიეს მხარეებმა რაიმე შეთანხმებას შემდგომ ვერსიაში:

Option A 79. Where a host Party has authorized A6.4ERs for use towards the achievement of NDCs pursuant to chapter V.C above, it shall apply a corresponding adjustment for the first transfer of all authorized A6.4ERs, consistent with decision X/CMA.3 (Guidance for cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2 of the Paris Agreement).

Option B A host Party shall, consistent with decision X/CMA.3 (Guidance on cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2, of the Paris Agreement):

(a) Apply a corresponding adjustment, for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG covered by its NDC unless the A6.4.ERs are not authorized to by the host Party to be used towards achievement of any NDC;

(b) Apply a corresponding adjustment for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG not covered by its NDCs from [2031], unless the A6.4ERs are not authorized by the host Party to be used towards achievement of any NDC.(CMA, 2021f)

იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთი საკითხი საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გამო, 1 კვირის თავზეც კი, მოლაპარაკების ტექსტი შეიძლება ვერ გასწორდეს და აქ ხედავთ უკვე, რომ ორ სხვადასხვა ვერსიაზე არიან მხარეები ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ტექსტი კიდევ თავიდან უნდა შეთანხმდეს და ახალი ვერსიით გამოიცეს, ამასთან არსებობს იმის ალბათობა, რომ ტექსტის საბოლოო ვარიანტი მაინც ვერ შეთანხმდეს და მოლაპარაკებების შემდგომ პერიოდს გადაელოცოს, რაც წელავს ამ პროცესს.

მოლაპარაკებებზე ხშირია, ასევე, ჩიხში შესვლა, როდესაც ჩნდება იმის ალბათობა რომ საკითხები ვერ შეთანხმდება და კიდევ გადაიდება. ამ დროს პრეზიდენტი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან კონსულტაციით გარკვეულ ტექსტს სთავაზობს მხარეებს, რომ მერე უკვე ამ შუალედური ტექსტიდან გააგრძელონ მუშაობა. ეს, რა თქმა უნდა, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს და არანაირ გარანტიას მხარეთა შეთანხმების, თუმცა, ხშირად დახმარებია მოლაპარაკების მხარეებს ჩიხიდან გამოსასვლელად.

გლაზგოს კლიმატის პაქტი

შერბილება

გლაზგოს სამუშაო პროგრამა იმეორებს პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანს, რომ ტემპერატურის ზრდა არ უნდა გასცდეს 2 გრადუსიან ნიშნულს. ითვალისწინებს რა, იმის აუცილებლობას, რომ ტემპერატურის ზრდა შენარჩუნდეს 1.5 გრადუსამდე. აქ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდობის წყრომა გამოიწვია სწორად იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა უფრო მეტად 1.5 გრადუსიანი ნიშნულის წამოწევა და თუნდაც 2 გრადუსიანი ნიშნულის ამოღება გადაწყვეტილების დოკუმენტიდან (CMA, 2021b). ახალი არის ასევე ის, რომ დაიწყოს ყოველწლიური მაღალი დონის მინისტერიალის მრგვალი მაგიდის ჩატარება, რათა 2030-მდე ამბიცია გაიზარდოს. მხარეებს რომლებსაც არ წარმოუდგენიათ გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების მიზნები, მოუწოდეს წარადგინონ ის რაც შეიძლება მალე, სადაც საუბარი იქნება ნულოვან ემისიებზე 2050 წლისთვის (მდე). გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია შემდგომ უნდა გაერთიანდეს და სამდივნომ 2022 წლის კოპამდე სტრატეგიების შესახებ ანგარიში უნდა გამოსცეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რაც ამ გადაწყვეტილების ნაწილია, არის ის, რომ გადაწყვეტილებით „მოეწოდა“ მხარეებს გააძლიერონ მუშაობა სუფთა ენერგიის გენერაციისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ასევე, ქვანახშირის სადგურების ჩანაცვლებით. დასკვნით პლენარულ სხდომაზე, სადაც შეთანხმებული ტექტების გადაწყვეტილებების სახით მიღება ხდება, ჩინეთმა და ინდოეთმა "ბოლო წუთს" ტექსტის შეცვლის წინადადება წამოაყენეს. ტექსტში, ნაცვლად ქვანახშირის ეტაპობრივი შეწყვეტისა (ანუ "Phase out") ჩაწერილიყო ეტაპობრივი შემცირება (ანუ "Phase down"). მიუხედავად იმისა, რომ ამ "ბოლო წუთზე" წამოყენებულმა შემოთავაზებამ ბევრი მხარე ქვეყნის და ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია, გლაზგოს პაქტის გადარჩენის მიზნით დათანხმდნენ. არასამთავრობოები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ჩანაწერები საკმაოდ რბილია და არ პასუხობს დღევანდელი ენერგოგენერაციის გამოწვევებს. აქვე არის მოწოდება, რომ მხარეებმა გააძლიერონ მუშაობა 2030 წლისთვის მეთანის ემისიების შესამცირებლადაც. ამის პარალელურად დანიამ და კოსტა რიკამ დაარსეს ალიანსი „გაზისა და ნავთობის მიღმა“, რათა წინა პლანზე წამოწიონ წიაღისეული საწვავის დაფინანსების წინააღმდეგ დაწყებული ინიციატივები და ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას ნახშირბად-ნეიტრალურობის გზაზე.(BOGA, 2021)

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო დაფინანსების თემაც. პარიზში განვითარებულმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება წლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებისთვის 2020 წლამდე. ეს პირობა არ შესრულებულა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეასრულონ 100 მილიარდი აშშ-ს დაპირება 2025 წლამდე და გამოასწორონ თავიანთი დაპირებების გამჭირვალეობასთან არსებული ეჭვები. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია სიტყვების გამოყენება, “urge” და არა „request“, რაც ასევე გახდა განვითარებადი ქვეყნების, არასამთავრობოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წყრომის საფუძველი.

გლაზგომ მიიღო პარიზის შეთანხმების წესები, რაც გულისხმობს იმას, სამართლებრივად მარტივად მას შეიძლება ვუწოდოთ პარიზის შეთანხმების საპროცესო კოდექსი, რომლის გარეშეც პარიზის შეთანხმება დაკარგავდა თავის ფუნქციას. რაც ყველაზე საგულისხმოა, გაერთიანებული ერები, რომელიც საკმაოდ ნელა უღებს-ხოლმე ალღოს ახალ ტექნოლოგიებს, დათანხმდა, მხარეთა მიერ ინფორმაციის მიწოდების ელექტრონული ფორმატის შემოღებას. ეს გარდატეხა, სავარაუდოდ, კოვიდ პანდემიასაც შეიძლება მიეწეროს. ამრიგად, მხარეები ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში ნაკისრ ვალდებულებებს, დათქმულ დროს გააგზავნიან სამდივნოში ელექტრონული ცხრილების საშუალებით. ეს ელექტრონული ცხრილები საერთოა და სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, თუმცა, გათვალისწინებულია გარკვეული მოქნილობა, რომელიც განვითარებად ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს და ახსნას, რატომ არის მისთვის რთული ამა თუ იმ ინფორმაციის წარმოდგენა. სამდივნო ელოდება ამ ელექტრონული ვერსიის სატესტო გაშვებას 2023 წლის დეკემბრისთვის. (CMA, 2021d)

ადაპტაცია

განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით G77 (განვითარებადი ქვეყნების კოალიცია) ჯგუფი, ყოველთვის აქტიურად ლობირებდა ადაპტაციის თემას. მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ფინანსირების ანგარიშმა აჩვენა, რომ განვითარებული ქვეყნებიდან დაფინანსების დიდი ნაწილი შერბილების ღონისძიებებს მოხმარდა, შედეგად საადაპტაციო ღონისძიებების დაფინანსება ჩამორჩება შერბილების ღონისძიებებს, მაშინ როდესაც პარიზის შეთანხმება მათ თანაბარ დაფინანსებას ითვალისწინებს. სწორედ განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნების საპასუხოდ, შეიქმნა ორწლიანი გლაზგო-შარმ ელ შეიხის სამუშაო პროგრამა, რომელიც ადაპტაციის გლობალურ მიზანს შეიმუშავებს. განვითარებულ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გააძლიერონ ადაპტაციის დაფინანსება და სულ მცირე გააორმაგონ ის 2025 წლამდე 2019 წლის ოდენობასთან შედარებით. (CMA, 2021a)

მუხლი 6

მუხლი 6, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოლაპარაკებების აქილევსის ქუსლი გახდა თავისი რთული შინაარსის გამო. იგი ეხება ე.წ. ნახშირბადის ბაზარს. მუხლის შინაარსი გვთავაზობს „ნებაყოფლობითი თანამშრომლობის“ სამ დამოუკიდებელ მექანიზმს, რომელთაგან ორი საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, ერთი არასაბაზრო პრინციპზე.

მუხლის ირგვლივ მოლაპარაკებების შესაბამისად დაიყო ამ სამი მექანიზმის ირგლვივ, პარაგრაფი 6.2 პარაგრაფი 6.4. პარაგრაფი 6.8.

პარაგრაფი 6.2 საფუძველი ჩაუყარა ე.წ. საერთაშორისო გადაცემად კლიმატის ცვლილების შერბილების შედეგებს, ანუ Internationally transferrable mitigation outcomes (ITMOS). იგი გულისხმობს იმას, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ერთ ქვეყანას, რომელმაც ზედმეტობით შეასრულა ემისიის შემცირების ვალდებულება, მიჰყიდოს დაზოგილი ემისიები იმ ქვეყანას, რომელმაც ვერ მიაღწია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში გაცხადებულ მაჩვენებლებს. (CMA, 2021c) აქ ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ მონაწილე გამყიდველმა მხარემ უზრუნველყოს თავის ინვენტარიზაციაში ამ შერბილების შედეგების გაქვითვა მყიდველი მხარის სასარგებლოდ. პარიზის მე-6 მუხლის წესების წიგნმა, რომელიც გლაზგოში იქნა მიღებული, უფრო დეტალურად ჩაშალა ამ ტიპის ტრანზაქციაში მონაწილე ქვეყნების ვალდებულებები. განისაზღვრა წესები და პირობები მრავალწლიანი ან ყოველწლიური ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტებისთვის. ამ მექანიზმის მთავარი პირობაა, არ მოხდეს ემისიების ზრდა მისი ყიდვა-გაყიდვის პროცესში, არამედ მოხდეს ჯამურად ემისიების შემცირება. მიუხედავად წესების გაწერისა, მომავალი წლის კოპისთვის მრავალი დავალება დაიგეგმა, მაგალითად, კოპის დამხმარე ორგანომ უნდა მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტი, სადაც ელექტრონული ცხრილების მეშვეობით იქნება ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი, ასევე დაიხვეწება ინდიკატორები და გათვალისწინებული იქნება ყველაზე ნაკლებ განვითარებული და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების განსაკუთრებული მდგომარეობა. ასევე განისაზღვრა პირველი ანგარიშის პერიოდიც და წესები და პირობები, რომელიც ამ მექანიზმში მონაწილე ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ. (CMA, 2021c)

კოპის ფარგლებში დაარსდა ახალი ორგანო, სამეთვალყურეო ორგანო რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მუხლი 6.4-ით გათვალისწინებულ მექანიზმს. მუხლი 6.4 აარსებს „ნახშირბადის ბაზარს“, რომელიც სუფთა განვითარების მექანიზმის ალტერნატივა გახდება პარიზის რეჟიმის პირობებში. მას ხშირად მდგრადი განვითარების მექანიზმს უწოდებენ. ამ მექანიზმში გარდა ქვეყნებისა, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვა საჯარო თუ კერძო პირები. მექანიზმი გასცემს ე.წ. A6.4ER-ებს, ანუ მუხლი 6.4 საფუძველზე მიღებულ ემისიების შემცირებას. ეს მექანიზმი შემდეგი ათწლეულის მნიშვნელოვან ინსრუმენტად შეიძლება იქცეს. (CMA, 2021g)

მესამე მექანიზმი, რომელიც არასაბაზრო მიდგომებს ეხმიანება, შექმნილია იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო გაზარდოს შერბილების და ადაპტაციის ამბიცია მხარე ქვეყნებში და მოახდინოს სხვა არასახელმწიფო აქტორების გაძლიერებული ჩართვა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განხორციელებაში. ეს მექანიზმი არ არის დაფუძნებული ემისიებით ვაჭრობაზე. კოპი მოუწოდებს მხარეებს წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ამ მექანიზმის ასამუშავებლად და დასახვეწად. მხარეებმა, ასევე, შექმნეს გლაზგოს სპეციალური კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებს მექანიზმის ამოქმედების პირობებს. (CMA, 2021g)

დასკვნა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ გლაზგო იყო უფრო უკეთესი კოპი ვიდრე მისი წინამორბედი. გლაზგოზე მოხდა პარიზის „საპროცესო კოდექსის“ საბოლოოდ დასრულებასა და დამტკიცება, რასაც 6 წელი დასჭირდა. ეს იძლევა იმედს, რომ მომდევნო პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება. გლაზგომ ვერ დაიჭირა მტკიცე პოზიცია ტემპერატურის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნების ხაზგასმის აუცილებლობაზე და ვერც ნავთობთან და გაზთან მიმართებით. გლაზგოზე ისევდაისევ ვერ მოხერხდა ზარალისა და ზიანის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ასე ლობირებენ განვითარებადი და მოწყვლადი ქვეყნები, რათა მიიღონ კლიმატის ცვლილების შედეგად დამდგარი ზიანისა და ზარალის ანაზღაურების საშუალება. თუმცა, წინ გადადგმული ნაბიჯია მუშაობა ადაპტაციის გლობალურ მიზანზე.

ეს ყველაფერი მოლაპარაკების დროს ვაჭრობის საგნად იქცევა-ხოლმე, თუ განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი მოახერხებს მისთვის სასარგებლო მუხლის „გატანას“ საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტში, მაშინ განვითარებული ქვეყნები ამის სანაცვლოდ დაფინანსების ტექსტებს „არბილებენ“-ხოლმე და ასე დაუსრულებლად, სანამ ვინმე გარედან ისევ არ გაახსენებთ მათ რომ საქმე ეხება კაცობრიობისთვის სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებას.

ეს „ვაჭრობა“ არც კლიმატის მოლაპარაკებებით დაწყებულა და არც მისით დამთავრდება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარის აქტიური ჩართულობა, რადგან არანაირი ძალისხმევა არ არის ფუჭი. არც ერთი კოპზე გაკეთებული პერფორმანსი ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყოველ დილას გზაზე დაწეული საკმაოდ მაღალხარისხიანი შეფასებები, არც მათ მიერვე ყოველი დღის ბოლოს გამოვლენილი ყველაზე სამარცხვინო ქვეყანა, არ არის ზედმეტი და უადგილო. ამის გარეშე კოპი ვერ იარსებებდა, იგივე შეიძლება ითქვას ახალგაზრდობის ამ ხარისხით ჩართულობაზე. კოპის შედეგები, ასევე, დიდწილად არის-ხოლმე დამოკიდებული მასპინძელი ქვეყნის დიპლომატიურ უნარებზე და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი კოპი იმართება ჯერ ეგვიპტეში, მერე კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ეს ორი ის ქვეყანაა, რომელიც კლიმატის პოლიტიკის მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ გვხვდება. ამიტომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო და ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც გლობალურად შეფასდება სად არის მსოფლიო და სად უნდა იყოს ამართლებს თუ არა პარიზის შეთანხმებით გაწერილი წესები. შესაბამისად, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კიდევ უფრო ამბიციური მიზნების და 2030-თვის კონკრეტული შედეგების მისაღწევად და არ გადადონ საქმე გაურკვეველ მომავალში, რაშიც დღეს მათ ახალგაზრდობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამართლიანად ადანაშაულებენ.

 

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ჰაინრიხ ბიოლის ფონდს" ან/და “ქლაიმათ ბეიზიქსის” მოსაზრებებს. გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან თავად ავტორები.

 

გამოყენებული წყაროები:

BOGA. (2021). Beyond Oil & Gas Alliance. https://beyondoilandgasalliance.com/

CMA. (2021a). Glasgow–Sharm el-Sheikh work programme on the global goal on adaptation. English, 14(November), 1–8. http://unfccc.int/resource/docs/2009/cop15/eng/11a01.pdf

CMA. (2021b). Glasgow climate pact. English, 4(January), 1–8. http://unfccc.int/resource/docs/2009/cop15/eng/11a01.pdf

CMA. (2021c). Guidance on cooperative approaches referred to in Article 6 , paragraph 2 , Proposal by the President Draft CMA decision on guidance on cooperative approaches referred to in Article 6 , paragraph 2 , of the Paris Agreement. 1–13.

CMA. (2021d). Methodological issues relating to the enhanced transparency framework for action and support referred ton in article 13 of the Paris Agreement. 43(November), 1–12.

CMA. (2021e). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Rules , modalities and procedures for the mechanism established by Article 6 , paragraph 4 , of the Paris Agreement Proposal by the President Draft CMA decision on the rules , modalities and proced. 15(d), 1–12.

CMA. (2021f). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Rules , modalities and procedures for the mechanism established by Article 6 , paragraph 4 , of the Paris Agreement Proposal by the President Draft CMA decision on the rules , modalities and proced. d, 1–12.

CMA. (2021g). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Work programme under the framework for non-market approaches referred to in Article 6 , Proposal by the President Draft CMA decision on the work programme under the framework for non- market approa. 8(i), 4–9.

* გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია/UNFCCC COP


220 views0 comments
bottom of page