რუსეთი მიერ უკრაინაში გარემოს წინააღმდეგ დანაშაულების შეფასება ომის ერთი თვის თავზე

თავდაპირველი სტატია „Crimes against the environment after one month of Russia’s war against Ukraine“ გამოქვეყნდა პლატფორმაზე „Ukraїner2022 წლის 29 მარტს

ტექსტის ავტორი: ევგენია ზასიადკო, კლიმატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Ecoaction“

თარგმანის ავტორი: გვანცა გვერდწითელი, მკვლევარი, "ქლაიმათ ბეიზიქსი"


უკვე ერთი თვეა, რაც უკრაინა მტრის მიერ მუდმივი დაბომბვის ქარცეცხლში იმყოფება. ამან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ან დაანგრია. გაეროს მონაცემების მიხედვით, ომის პირველი თვის განმავლობაში 3,5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, 11-12 მილიონი კი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. ხარკოვის აქტიური დაბომბვის გამო მე და ჩემს ოჯახს სახლის დატოვება მოგვიწია.

რუსეთი ანადგურებს არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ ქვეყნის გარემოსაც, რომლის შედეგებსაც უკრაინელები წლების განმავლობაში იგრძნობენ.

ასზე მეტი. ესაა რუსული აგრესიით გამოწვეული ეკოლოგიური დანაშაულების რიცხვი, რომელიც Ecoaction-ის თანამშრომლებმა ღია წყაროებიდან შეაგროვეს ფართომასშტაბიანი ომის პირველ თვეში. კონფლიქტს თან ახლავს ახალი ეკოლოგიური რისკები, რომლებიც ომთან დაკავშირებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდის საფრთხეს ქმნის. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებიც ომის დანაშაულების ნაწილია. ჟენევის კონვენციის თანახმად, „აკრძალულია ომის იმ მეთოდების ან საშუალებების გამოყენება, რომლის მიზანია ან მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და მძიმე ზიანის მიმყენებელი ბუნებრივ გარემოზე“.

პირველივე დღეებიდან დაფიქსირდა რუსული ძალების მიერ სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, ტყეების დაწვა, ნავთობის საწყობების აფეთქება და შავი და აზოვის ზღვების დაბინძურება (ძირითადად, გემების ჩაძირვით). 24 თებერვალს, მტრის მიერ დაბომბვის შედეგად, აფეთქება მოხდა ტრიპილიას თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს დნეპრის სანაპიროზე, კიევის სამხრეთით 45 კილომეტრში. ტრიპილიას თბოელექტროსადგური კიევის, ჩერკასისა და ჟიტომირის რეგიონებისთვის მთავარი ელექტროენერგიის მიმწოდებელია.

მარტის დასაწყისში უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო ინფორმაციის შეგროვება გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამ ინიციატივას შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია. საერთო დანაკარგები და ომის გავლენა ქვეყნის გარემოზე ომში გამარჯვების შემდეგ უნდა შეფასდეს. თუმცა, სახელმწიფო გარემოსდაცვითი ინსპექცია ვარაუდობს, რომ ნიადაგის დაბინძურებით ქვეყანას უკვე მიადგა 77 მილიონი აშშ დოლარის ზარალი.

ერთ თვეში რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი

დანაშაულების რიცხვი რეგიონების მიხედვით


ნებისმიერი ომი უზარმაზარ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თუმცა ომს უკრაინაში განსაკუთრებით კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია ეკოლოგიისთვის. უკრაინის აღმოსავლეთი ძალზედ ინდუსტრიალიზებულია და ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. ომის პირობებში გაიზარდა ეკოლოგიური კატასტროფების რისკი. ნორმალურ პირობებში ამ რისკების ლოკალიზება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა მაშინ როდესაც ტერიტორია გამუდმებით იბომბება.

რუსული ჯარი ხშირად არ აძლევს უფლებას სპეციალისტებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ლოკალიზება მოახდინონ.

მაგალითად, 22 მარტს როდესაც ჩერნობილის შეზღუდულ (ექსკლუზიურ) ზონაში ტყის ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუდმივი დაბომბვის გამო იქამდე ვერ მივიდნენ. 24 მარტისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეზღუდულ ზონაში 10 111 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა.

ატომური ელექტროსადგურები, საზღვაო პორტები, სახიფათო ნარჩენების შენახვის ობიექტები (მინერალური სასუქები, პოლიურეთანის ქაფი, საწვავი და საპოხი მასალები და ა.შ.), სამრეწველო წარმოება, მათ შორის, ქიმიური და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნები, ახლა აქტიური სამხედრო მოქმედების ზონაშია. ნავთობის საცავებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ნაგავსაყრელებზე გაჩენილი ხანძარი გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტების დაზიანებას მოასწავებს (კანალიზაციის სატუმბი სადგურები, ფილტრაციის სადგურები, წყალსადენები).

რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა

მთავარი კატეგორიების მიხედვით (მარცხნიდან მარჯვნივ: დაზიანებული სამრეწველო ობიექტები, ენერგო უსაფრთხოება, ზეგავლება ზღვის ეკოსისტემაზე, ბირთვული უსაფრთხოება, ზეგავლენა ეკოსისტემაზე, შინაური ცხოველების ნარჩენები)


ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურებზე თავდასხმის შესახებ ცნობებმა მსოფლიო შეძრა. 14 მარტს ოკუპანტებმა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ჩერნობილის სადგურზე მათ დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც დახარჯული ბირთვული საწვავის გასაგრილებლად ელექტროენერგიით ამარაგებს ადგილობრივ საწყობებს. ელექტროენერგიის ნაკლებობამ შეიძლება დახარჯული საწვავის აუზებში ტემპერატურის მატება გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გამოყოფა მოჰყვეს. ქარს კი შეუძლია რადიაციის უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთისა და ევროპის სხვა რეგიონებში გადატანა. უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა შეძლეს მაღალი ძაბვის ხაზის შეკეთება, თუმცა ჩერნობილისა და ზაპორიჟჟიის სადგურები კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.

ბირთვული საფრთხის გარდა, დაბომბვა და ოკუპაცია ზრდის უკრაინის სამრეწველო ობიექტებიდან ტოქსიკური ნარჩენების გაჟონვის რისკს. დღესდღეობით, პოტენციურად სახიფათო ობიექტების სახელმწიფო რეესტრი ინფორმაციას ფლობს 23 000-ზე მეტი ობიექტის შესახებ, მათ შორის 2 987 საწყობზე, სადაც მაღალი ტოქსიკური პესტიციდები ინახება. ამ ობიექტების ყველაზე დიდი რაოდენობა განლაგებულია დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპორიჟჟიის, ხარკოვისა და ლვოვის მახლობლად. ამ ინდუსტრიების ნაწილი კი ამჟამად სამხედრო ოპერაციების ზონაშია მოქცეული. 21 მარტს სუმის მახლობლად მდებარე ქიმიურ ქარხანაში „სუმიხიმპრომი“ მტრის მიერ დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა, რამაც დააზარალა სოფელი ნოვოსელიცია.

რუსეთის მიერ გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი

დანაშაულები მთავარი კატეგორიების მიხედვით (კიევი, ხარკოვი, მიკოლაევი)


ჩადენილი ეკოლოგიური დანაშაულების ყველაზე დიდი ნაწილი დაფიქსირდა კიევის, ხარკოვისა და მიკოლაევის რეგიონებში. ამ რეგიონებში მტერმა გაანადგურა სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები. მტრის მიერ დაბომბვის შედეგად დაფიქსირდა თბოელექტროსადგურების აფეთქებები, კახოვსკა ჰესის დაკავება და დაზიანება, გაზსადენების და გაზგამანაწილებელი სადგურების დაზიანება. კერძოდ, 27 თებერვალს ხარკოვში გაზსადენის დანაღმვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი უბნებში შენობები დაზიანდა. სამოქალაქო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, ასეთი მასშტაბის ავარია ტექნოლოგიურ კატასტროფადაა მიჩნეული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ავარიასთან ახლოს მდებარე ტეროტორია.

2014 წლიდან დონბასი პრორუსული ძალების ოკუპაციისა და რვა წლის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებების გამო ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუწვდომლობის გამო, ამ წლების განმავლობაში ვერ ხერხდება გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. დაზიანებულია წყალმომარაგების ობიექტები, რის გამოც ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს არ გააჩნია წყალზე წვდომა. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც პრობლემები შეუქმნა სატუმბი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც იმ მაღაროების დატბორვის რისკს იწვევს, სადაც ტოქსიკური და ბირთვული ნარჩენები ინახება. გასული ერთი თვის განმავლობაში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაიტბორა ზოლოტეს მაღარო, „გრადების“ სროლა მიმდინარეობდა ავდიივკას კოქსის ქარხანაში და დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლუგანსკის ოლქში.

საკუთრივ სამხედრო მოქმედებები არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ: დაღვრილი საწვავი, განადგურებული აღჭურვილობა და გამოყენებული იარაღი, ისევე როგორც აფეთქებული რაკეტები ქიმიკატებითა და მძიმე ლითონებით აბინძურებენ ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს. ომის შემდეგაც კი, წლები დასჭირდება ეკოლოგიური დაბინძურების ზოგიერთი ეფექტის გამოვლენას. უკრაინას უკვე 1 100-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, განადგურდა 4 000-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ეს ყველაფერი კანცეროგენული ნარჩენების დაგროვებას გამოიწვევს.

რუსული ჯარები ტექნოგენურ და ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიან. ისინი ანადგურებენ ბუნებრივ არეალებს, რომლებიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჰაბიტატს წარმოადგენენ.

უკრაინის ბუნების დაცვის ჯგუფის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრძალების ტერიტორიების 44% ამჟამად ომის ზონაშია, რუსი დამპყრობლების დროებითი კონტროლის ქვეშაა ან უკრაინული მხარისთვის მიუწვდომელი რჩება.

წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია რუსეთის მიერ ჩადენილი ეკოლოგიური დანაშაულების შესაფასებლად. საომარი მოქმედებების ფონზე რთულია გარემოს დაბინძურების ზუსტი მასშტაბები და დონე დაინახო. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ერთ თვის მანძილზე უკვე ასზე მეტი დანაშაულია დაფიქსირებული. ზუსტი შეფასების გაკეთებას აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შევძლებთ. უკრაინელები ამ ომის შედეგებს წლების განმავლობაში იგრძნობენ. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. რუსეთს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განადგურებისთვისა და გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვსი უნდა მიეზღოს.


92 views0 comments