საქართველოში, 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება 5,754,188,526 ლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.[1] ამასთან, საჯარო შესყიდვები ქმნის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მშპ-ს დაახლოებით 25-30%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მდგრადი საჯარო შესყიდვა სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას მოიაზრებს, ყოველი საჯარო შესყიდვა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და მისი წახალისების პოტენციურ შესაძლებლობას იძლევა.
მდგრადი საჯარო შესყიდვები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი (მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა), რომელიც წარმოადგენს ენერგოეფექტურობის, მდგრადი ინფრასტრუქტურის, რესურსეფექტურობის, ღირსეულ სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მიზნების 12.7 ამოცანა ითვალისწინებს მდგრადობაზე ორიენტირებული საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას, ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად. ხაზგასასმელია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტების გათვალისწინებასაც გულისხმობს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის, აგრეთვე, სხვა სოციალური და შრომითი უფლებების გათვალისწინება საჯარო შესყიდვის განხორციელებისას.
ამდენად, მდგრადი საჯარო შესყიდვები პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთანაც და მისი დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება და ხაზი გაუსვა ვაჭრობასთან დაკავშირებული შრომითი და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები მოიცავს, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის საჯარო შესყიდვების სფეროს დაახლოებას ევროდირექტივების მოთხოვნებთან და მდგრადი და ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების მიდგომების დანერგვას ეროვნულ დონეზე. საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, შემუშავებულ იქნა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი [2], რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. ხაზგასასმელია, რომ ახალი კანონპროექტი სრულად უჭერს მხარს საჯარო შესყიდვების განხორციელებისას მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებას და მოიცავს არაერთ დებულებას მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკული იმპლემენტაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება — ენერგოეფექტური შესყიდვების მიდგომა უკვე იმპლემენტირებულია ეროვნულ დონეზე [3].
რა არის მდგრადი საჯარო შესყიდვები?
მდგრადი საჯარო შესყიდვა განმარტებულია როგორც პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზაციები საკუთარ მოთხოვნილებებს საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოსა და კომუნალურ მომსახურებაზე იკმაყოფილებენ ისე, რომ მიღწეულ იქნეს ხარჯეფექტურობა მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, იმგვარად, რომ სარგებელი მიიღოს არამხოლოდ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, არამედ საზოგადოებამ და ეკონომიკამ, გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით [4].
მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და მის დანახარჯზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებულ ხარჯებს, მათ შორის, ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია:
· სარგებლობასთან;
· ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან;
· მოვლასთან;
· გადამუშავებასთან.
მდგრადი საჯარო შესყიდვა მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ საყრდენს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს შორის.
მდგრადი საჯარო შესყიდვების ეკონომიკური ასპექტი უკავშირდება შესყიდვის ობიექტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებას და მოიაზრებს შესყიდვის ეფექტიანობასა და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადების მიღებას.
მდგრადი საჯარო შესყიდვების სოციალური ასპექტი მოიცავს სოციალური თანასწორობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დაცულობას, ადამიანის უფლებებისა და შრომის სამართლის პრინციპების დაცვას.
მდგრადი საჯარო შესყიდვების გარემოსდაცვითი ასპექტი მოიცავს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მდგრად მართვას, კლიმატზე გავლენის შემცირებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას, პროდუქტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადობის მოთხოვნების ინტეგრირებით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით, მდგრადი საჯარო შესყიდვები მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ამასთან, ეკონომიკური თვალსაზრისით, მდგრად საჯარო შესყიდვებს გააჩნია ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პოტენციალი, რამდენადაც მისი განხორციელებისას გათვალისწინებულია სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომა,
რაც უფრო მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტის (რომელიც თავის მხრივ, უფრო ხანგრძლივად ფუნქციონირებს) შესყიდვის საშუალებას უზრუნველყოფს. ამავე დროს, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების დანერგვის შემდგომ გაიზრდება შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნა მდგრად, გარემოსადმი მეგობრულ და ენერგოეფექტურ პროდუქტებზე. შესაბამისად, მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია გახდება ბაზარზე მდგრადი საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების გავრცელების რეალური ინდიკატორი, ისევე როგორც, მწვანე ინოვაციის მამოძრავებელი ძალა.
მითითებული და გამოყენებული წყაროები: [1] წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია: http://procurement.gov.ge/files/showfiles?id=753badc3-0ada-4fe4-9639-481664f946ec [2] ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/24292 [3] დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს N411 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები“, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5536747?publication=0 [4] წყარო: Procuring the Future – the report of the UK Sustainable Procurement Task Force, ივნისი, 2006. დეფინიცია შემუშავებულია Marrakech Task Force-ისა და One Planet Network-ის მდგრადი საჯარო შესყიდვების პროგრამის მიერ.
留言