„21-ე საუკუნის ყველაზე დიდი საშიშროება გლობალური ჯანმრთელობისთვის“ - ასე განმარტავს კლიმატის ცვლილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მოუწოდებს ქვეყნებს, დაიცვან თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული საფრთხეებისგან.
და მაინც, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ადამიანის ჯანმრთელობაზე?
საკითხი, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ადამიანის ჯანმრთელობაზე მის ზემოქმედებას ეხება, ახალი სულაც არ არის. ჯერ კიდევ ჩვენს წ.აღ. ჰიპოკრატე მოგზაურ ექიმებს ურჩევდა: „... მათ ვისაც სურს, სათანადოდ შეისწავლონ მედიცინა, პირველ რიგში წელიწადის დროებს და თითოეული მათგანის ზემოქმედებას უნდა გაეცნონ....ასე მაგალითად, ქარი, სიცხე და სიცივე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია, სრულიად თავისებურია თითოეული ადგილისათვის...“.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ინტენსიურმა ინდუსტრიალიზაციამ და ადამიანის საქმიანობამ - განსაკუთრებით წიაღისეული საწვავის გამოყენებამ - უპრეცენდენტო რაოდენობის სათბურის აირების გაფრქვევა გამოიწვია ატმოსფეროში და გავლენა იქონია გლობალურ კლიმატზე. 1850 წლიდან მოყოლებული, ყოველი სამი ათეული წელი, წინა სამ ათეულ წელთან შედარებით უფრო მეტად თბილია და კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) 2021 წლის მეექვსე შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების ემისიები პასუხისმგებელია დაახ. 1.1°C დათბობაზე 1850-1900 წლიდან დღემდე.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა დათბობამ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს გარკვეული სახის სარგებელი მოუტანა (მაგ.: ზამთრის კლიმატთან ასოცირებული ნაკლები გარდაცვალება, საკვების წარმოების გაზრდა კონკრეტულ ადგილებში და ა.შ.), საერთო ჯამში, კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და ისეთ სოციალურ და გარემო ფაქტორებზე მოქმედებს, როგორიცაა: სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სასმელი წყალი, საკმარისი საკვები და უსაფრთხო საცხოვრებელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად კლიმატის ცვლილებასთან ასოცირებული სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს გავლენას. კერძოდ:
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა (თბური ტალღები)
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, უშუალოდ ზრდის გულ-სისხლძაღვთა და რესპირატორული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. მაგალითად, 2003 წელს ევროპაში დაფიქსირებული თბური ტალღების დროს, დააახლოებით, 70 000 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა სიკვდილიანობისა, მაღალი ტემპერატურის პერიოდში, ატმოსფერულ ჰაერში ოზონისა და სხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციის მომატებამ, შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების გამწვავებას ან/და განვითარებას შეუწყოს ხელი.
ბუნებრივი კატასტროფები
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი გასამმაგებულია და ყოველწლიურად, 60 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ზღვის დონის მატება და ამინდის ექსტრემალური პირობები, არამხოლოდ საცხოვრებლებს ანადგურებს, არამედ სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა აუცილებელ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასაც აფერხებს, რაც ხშირ შემთხვევაში ეკო-მიგრაციისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი რისკ-ფაქტორის აღმოცენებას უწყობს ხელს. მაგალითად: ჭარბი ნალექების გამო, შესაძლებელია სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა შეფერხდეს, რაც პირდაპირ აისახება ჰიგიენაზე და დიარეული დაავადებების განვითარების რისკზე; გახშირებული წყალდიდობების შედეგად, მოსალოდნელია წყლის მომარაგების მილების დაზიანება და ინფექციურ დაავადებათა ეპიდ-აფეთქება; ტემპერატურის ზრდა და ცვალებადი ნალექი, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში საკვების წარმოების შემცირებას გამოიწვევს, შედეგად კი საკვების ნაკლებობით გამოწვეული სიკვდილობა გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის, ყოველწლიურად 3.1 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
შეცვლილი ინფექციური ფონი
კლიმატური პირობები დიდი გავლენას ახდენს წყლისმიერ და ტრანსმისიულ დაავადებებზე. კლიმატის ცვლილებებმა შესაძლებელია გაახანგრძლივოს ტრანმისიული დაავადებების სეზონი ან/და შეცვალოს ამ დაავადებების გეოგრაფიული არეალი. მაგალითად, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მალარიის გადამტანი მწერის სასიცოცხლო ციკლზე და თუკი, მწერის არსებობისთვის ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა, ინფექციური პათოლოგია მარტივად გავრცელდება. კლიმატური პირობებისადმი მგრნობიარეა დენგეს ცხელების გამომწვევი Aedes კოღოც და არსებული კვლევების საფუძველზე, აღნიშნული დაავადების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ჯანმრთელობის სოციალურ და გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა: სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სასმელი წყალი, საკმარისი საკვები და უსაფრთხო საცხოვრებელი;
2030-2050 წლებში მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება ყოველწლიურად დამატებით, დაახლოებით, 250 000 სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევს თბური ტალღების ექსპოზიციის, დიარეის, მალარიის და საკვების ნაკლებობის გამო;
2030 წლისათვის, ჯანმრთელობაზე მიყენებული პირდაპირი ზარალი (იმ ხარჯების გამოკლებით, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სექტორებზე მოდის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წყალი და სანიტარია) ყოველწლიურად 2-4 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული;
ჯანდაცვის სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიები - ძირითადად განვითარებად ქვეყნებში - ყველაზე ნაკლებად შეძლებენ კლიმატის ცვლილებისგან წარმოქმნილ სირთულეებს გაუმკლავდნენ, სათანადო დახმარების გარეშე.
კლიმატური ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება შესაძლოა მხოლოდ მიახლოებითი იყოს. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით (გათვლებით), 2030-2050 წლებში ყოველწლიურად მოსალოდნელია: 38 000 ხანდაზმული ადამიანის გარდაცვალება თბურ ტალღებთან ექსპოზიციის გამო; 48 000 - დიარეის და 60 000 - მალარიის გამო; ხოლო 95 000 ახალშობილის გარდაცვალება - მოსალოდნელი საკვების ნაკლებობისგან.
რისკის ქვეშ არის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სანაპირო რეგიონებში, პატარა კუნძულებზე, მეგა ქალაქებში, მაღალმთიან და პოლარულ რეგიონებში. თუმცა, კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვანია უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს ჯანმრთელობის რისკების შეფასება და სათანადო პოლიტიკის შემუშავება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯანმრთელობა უნდა იყოს ყველა პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და რომ, ფულის დაზოგვა გარემოს დაცვის, საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, ჯანდაცვის სისტემების და სოციალური დაცვის პაკეტების უგულვებელყოფით, სულაც არ აღმოჩნდა საუკეთესო არჩევანი ეკონომიკისათვის - მსოფლიოს ბევრად უფრო ძვირის გადახდა უწევს დღეს. ცხადია, კიდევ ერთ, COVID-19 პანდემიის მასშტაბის კატასტროფას, რომელიც შესაძლებელია გარემოს დაზიანებით ან/და კლიმატის ცვლილებით იქნას გამოწვეული, მსოფლიო ვერ გადაიტანს და სწორედ ამიტომ, მთავრობებმა, პოლიტიკის შემქმნელებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების შერბილების, კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და ჯანსაღი/მწვანე გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა რაც შეიძლება მეტი თანა-სარგებელი ნახოს ჯანდაცვის სისტემამ.
გამოყენებული წყაროები:
1. CLIMATE CHANGE AND HEALTH FACT SHEETS, WHO
2. FAST FACTS ON CLIMATE AND HEALTH - https://cdn.who.int/media/docs/default-source/climate-change/fast-facts-on-climate-and-health.pdf?sfvrsn=157ecd81_5
3. Airs, Waters, and Places: A Climate Change Series https://www.hsph.harvard.edu/magazine/magazine_article/airs-waters-and-places-a-climate-change-series/
4. WHO MANIFESTO FOR A HEALTHY RECOVERY FROM COVID-19 https://www.who.int/publications/i/item/who-manifesto-healthy-recovery-covid19
5. TEN THREATS TO GLOBAL HEALTH
Comments