top of page

კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა

2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობამ „პარიზის შეთანხმების“ დაამტკიცა, რითაც შეუერთდა მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის მზაობას გაატაროს პოლიტიკა გლობალური კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. პარიზის შეთანხმების მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით 2˚C-მდე შეზღუდვა, საუკეთესო შემთხვევაში კი - 1.5 °C-მდე შეზღუდვა[1].

კლიმატის ცვლილების პროცესი საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული და შესაბამისი უარყოფით ეფექტებიც იგრძნობა.

მეოთხე ეროვნული შეტყობინების მიხედვით, 1986-2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მომატებულია 0.470C-ით. დასავლეთ საქართველოში ნალექების წლიური რაოდენობა გაზრდილია, ხოლო აღმოსავლეთის რიგ რაიონებში - შემცირებული. კლიმატის ცვლილების ფონზე შეინიშნება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (წყალდიდობა-წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი, ძლიერი ქარი, გვალვა და სხვ.) სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რაოდენობა და სიმძაფრე. ინტენსიურად დნება საქართველოს მყინვარები[2].

ივარაუდება, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიური ეფექტები საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებასთან ერთად, ქვეყანამ კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაზე იფიქროს და შესაბამისი ღონისძიებები შეიმუშაოს.

საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნები მოცემულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების მიმართ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებულ დოკუმენტში“[3], ხოლო მიზნის მიღწევის გზები განსაზღვრულია საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში[4].

NDC-ს მიხედვით:

  • საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35%-ით შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ (≈45 მტ CO2 ეკვ.) დონესთან შედარებით. აღნიშნული მიზანი არ მოიცავს მიწათსარგებლობის, მიწათსარგებლობის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) სექტორს. ეს ნიშნავს, რომ 2030 წელს ეროვნულ დონეზე გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი, LULUCF-ის გამოკლებით, არ უნდა აღემატებოდეს 29.25 მტ CO2 ეკვ.-ს.

  • საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველო იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის, 50-57%-ით (22.5-19.35 მტ CO2 ეკვ.-მდე) შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუ გლობალური გაფრქვევების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2˚C ან 1.5˚C-მდე შეზღუდვის სცენარს[5].

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების მაჩვენებელი 17.8 მილიონ ტონა (მტ) CO2 ეკვივალენტს შეადგენდა. სათბურის აირების გაფრქვევები, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელის (IPCC)-ის საერთაშორისო მეთოდოლოგიით, ხუთ ძირითად სექტორში იანგარიშება: ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და სატყეო მეურნეობა და ნარჩენების მართვა.

როგორც უმეტეს ქვეყნებში, საქართველოშიც სათბურის აირების გაფრქვევების ძირითადი წყარო ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული, რომელიც მოიცავს წიაღისეული საწვავის ენერგეტიკული მოხმარების შედეგად გაფრქვევებს სხვადასხვა სექტორში.

2017 წელს სათბურის აირების გაფრქვევები ენერგეტიკის სექტორიდან 10.7 მტ CO2 ეკვ. იყო, რაც ეროვნული წლიური გაფრქვევების დაახლოებით 60%-ს შეადგენდა[6].

წყარო: UNESCO

ენერგეტიკის სექტორიდან გაფრქვევების შემცირება და მწვანე ეკონომიკის განვითარება, მთელ მსოფლიოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში საქართველოს გაწევრიანების ოქმით არის განსაზღვრული. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზა ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანით იქმნება.

2021 წლის 30 ნოემბერს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის მიიღო. საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელებას დაიწყებს, კერძოდ:

დირექტივა 2018/2001 განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ - რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. დირექტივის მიხედვით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება სათბური გაზების ემისიის შემცირების და პარიზის შეთანხმების შესრულების ერთერთი მთავარი პირობაა. დირექტივა ახალ სამიზნე მაჩვენებლებს განსაზღვრავს ევროკავშირის დონეზე - განახლებადი ენერგიების წილი 2030 წლისთვის 32% უნდა იყოს და ამისათვის სხვადასხვა სექტორში მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. დირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განახლებადი ენერგიების განვითარებაში მოქალაქეების როლის გაძლიერებას. ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიების თანამეგობრობების (Renewable Energy Communities) ჩამოყალიბებას და ენერგიის განახლებადი წყაროების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენების წახალისებას[7].

დირექტივა 2018/2002 ენერგოეფექტიანობის შესახებ - ევროკომისია ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად პრიორიტეტულია ენერგოეფექტიანობა. ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება ენერგიის მთლიანი ციკლის განმავლობაში (გენერაცია, გადაცემა, განაწილება, საბოლოო მოხმარება) დადებითად აისახება გარემოზე, გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხსა და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევებს, გააუმჯობესებს ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგომარეობას, რადგან ევროკავშირი ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე, შეამცირებს ენერგიაზე დანახარჯებს ოჯახებისა და ბიზნესებისთვის, დაეხმარება ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებას და შექმნის უფრო კონკურენტუნარიან გარემოს, მეტ სამუშაო ადგილსა და უკეთეს საცხოვრებელ პირობებს მოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი კი გამომდინარეობს პარიზის შეთანხმების დაცვის და მიღწევის მიზნებიდან. განახლებული დირექტივა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას[8].

მმართველობის რეგულაცია 2018/1999 – ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთიან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP).

ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 - შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალი, მოქნილი დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, იყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონ, მოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია.

გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938 - რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო.

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, ასევე, მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურება, ამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური აირების გაფრქვევების შემცირება 55%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის.

საქართველო უკვე მუშაობს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაზე (NECP). NECP მიზანია ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების კუთხით არსებული მიზნებისა და ღონისძიებების ერთან ჭრილში თავმოყრა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრესის მონიტორინგი. NECP-ს წარდგენის ვალდებულება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს. მათ ასევე მოეთხოვებათ ევროკომისიისთვის პროგრეს ანგარიშების წარდგენა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. პროგრეს ანგარიშების საფუძველზე, ევროკომისია მონიტორინგს უწევს კლიმატის ცვლილების შერბილების ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელის მიღწევას (სათბური აირების გაფრქვევების სულ მცირე 55% ით შემცირება 2030 წლისთვის 1990 წლის დონესთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევა)[9].

NECP მოიცავს შემდეგ 5 ძირითად მიმართულებას

  • მიმართულება 1: დეკარბონიზაცია

  • მიმართულება 2: ენერგოეფექტურობა

  • მიმართულება 3: ენერგეტიკული უსაფრთხოება

  • მიმართულება 4: შიდა ენერგეტიკული ბაზრები

  • მიმართულება 5: კვლევები, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა

NECP სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, სათბური აირების გაფრქვევების შემცირების მიზნით, გეგმავს გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ენერგიის საბოლოო მოხმარებაში და გაზარდოს ეკონომიკის სექტორების ენერგოეფექტიანობა.

ენერგოეფექტიანობის კუთხით საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა შენობების სექტორი, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ეხება. შენობების არაეფექტური თბომახასიათებლების გამო, 2019 წელს ამ სექტორზე მოდიოდა მთლიანი ენერგომოხმარების 40%. კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 29 მაისს, აწესებს მთელ რიგ მოთხოვნებს, კერძოდ:

  • იგეგმება ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის შემოღება გასაყიდი ან გასაქირავებელი შენობებისთვის და ყველა საჯარო შენობისთვის რომელთა საერთო ფართი აღემატება 500მ2-ს (ეს მაჩვენებელი შემცირდება 250მ2-მდე 2023 წელს);

  • იგეგმება პირველადი ენერგიის მოხმარების ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაწესება ახალი შენობებისთვის ან იმ შენობებისთვის, რომლებსაც გაუკეთდა კაპიტალური რემონტი.

  • აუცილებელია ყველა ახალი შენობისგან თითქმის ნულოვანი ენერგიის მოხმარების მოთხოვნების დაკმაყოფილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის გაკეთება არ არის ხარჯ ეფექტური;

  • დაინერგება ენერგო აუდიტები, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირება და ა.შ.

შენობების ენერგოეფექტიანობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების კუთხითაც, ენერგეტიკული სიღარიბე არის მდგომარეობა, როდესაც ოჯახებს არ აქვს შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო ენერგეტიკული სერვისები ხელმისაწვდომ ფასად. ენერგიაზე მაღალი დანახარჯების მთავარი მიზეზი სწორედ არაეფექტური შენობებია, რომლებიც გასათბობად თუ გასაგრილებლად დიდი ოდენობით ენერგიას მოითხოვს. ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება[10]. იგი არის ევროპის მწვანე შეთანხმების შესრულების და სამართლიანი ტრანზიციის მნიშვნელოვანი კომპონენტი.

კლიმატის ცვლილების შერბილებაში თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, დაწესებული რეგულაციების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე, ამიტომ აუცილებელია, რომ ტრანზიცია იყოს სამართლიანი და ითვალისწინებდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, როგორც ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების კუთხით, ისე სხვა სექტორული მიმართულებებითაც.


მითითებული წყაროები: [1] „პარიზის შეთანხმება“ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge) / „პარიზის შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge) [2] საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი | UNDP საქართველო [3] „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“(matsne.gov.ge) [4] https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29290 [5] https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29290 [6] საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიში 1990-2017 | UNDP საქართველო [7] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:OJ.L_.2018.328.01.0082.01.ENG&toc=OJ:L:2018:328:TOC [8] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv%3AOJ.L_.2018.328.01.0210.01.ENG [9] https://ec.europa.eu/clima/eu-action/european-green-deal/2030-climate-target-plan_en [10] WEG, http://weg.ge/sites/default/files/energy_poverty_web_ii_4.pdf

Comentários


bottom of page