top of page

კლიმატის ცვლილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ყურადღების ცენტრში

Updated: Jun 20

ძველი ამერიკული ანდაზა: "ჩვენ მემკვიდრეობით არ გვერგება დედამიწა ჩვენი

წინაპრებისგან, ჩვენ მას ვსესხულობთ ჩვენი შვილებისგან"


კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო პანელის (IPCC) უკანასკნელი ანგარიშის

მიხედვით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აღინიშნება დათბობის ინტენსიურობის

მატება, რაც საფრთხეს უქმნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობას. ამინდის

ექსტრემალურ მოვლენებთან ერთად, რეგიონში სახეზეა ენერგიის მოთხოვნაზე ზრდა,

ეკოსისტემური ცვლილებები და ბიომრავალფეროვნების კარგვა. კლიმატის ცვლილება

ასევე იწვევს ინფრასტრუქტურის დაზიანებას და ღირებულებათა ჯაჭვის რღვევებს.

მხარეთა კონფერენციის 28-ე შეხვედრაზე, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო

კონვენციის ფარგლებში, მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა და სხვა საერთაშორისო

ორგანიზაციებმა და ფილანტროპებმა ახალი სამიზნე მაჩვენებლები დასახეს კლიმატის

ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

2023 წელს, აზიის განვითარების ბანკმა მიიღო კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა

2023-2030, რომელიც ხორცს ასხამს აზიის განვითარების ბანკის წვლილს და ამბიციას,

დაეხმაროს ქვეყნებს დაბალნახშირბადიან განვითარებასა და პარიზის შეთანხმების

შესრულებაში. 2021 წელს, აზიის განვითარების ბანკმა განაცხადა, რომ ის ას მილიარდ

აშშ დოლარს გამოყოფს კლიმატის დაფინანსებისთვის 2019-2030 პერიოდში.

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ აზიის განვითარების ბანკის

ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს 2-5 მაისის ჩათვლით თბილისში გაიმართა,

დიდი ადგილი დაეთმო კლიმატის ცვლილებაზე საუბარსა და დისკუსიებს. აზიის

განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები ბანკის

ადმინისტრაციული, ფინანსური და სამოქმედო გეგმების გზამკვლევის როლს ატარებს

და ასევე ქმნის აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლებს, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და კერძო

სექტორს შორის შეხედულებებისა და მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობას. აზიის განვითარების ბანკის შეხვედრები ტარდება მის წევრ ქვეყნებში, საქართველო კი ბანკს 2007 წელს შეუერთდა.

წლევანდელ შეხვედრაზე განიხილეს გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციების მოწყვლადობისა და რისკების შეფასება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, სადაც ხაზი გაესვა იმას, რომ რეგიონზე კლიმატის ცვლილების გავლენა უდიდესია.

დირექტორთა საბჭოსთან მიმართვაში, ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ, ხაზი გაუსვა რეგიონში კლიმატის ცვლილების, კონფლიქტების, სურსათის უსაფრთხოებისა და ვალის გაზრდილ საფრთხეებს.

მან ასევე ისაუბრა ბანკის სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ასი მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას მისი წევრი ქვეყნების დასაფინანსებლად. ამის საპასუხოდ, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივმა განვითარებულმა ბანკებმა უნდა აიღონ ინვესტიციების რისკები საკუთარ თავზე და დააფინანსონ კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და შემარბილებელი პროექტები.

გარდა გაეროს ანგარიშებისა, მოხდა სხვა კვლევების შედეგების პრეზენტაციაც, რომელმაც გამოკვეთა ისეთი საკითხები, როგორიცაა, საარსებო საკვებზე ფასის ზრდა და ამ საკვების წარმოების მნიშვნელობა, ისევე როგორც, საკვების წარმოების ზეგავლენის შემცირება რესურს ეფექტური წარმოებით და მედეგობის ზრდით.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი თემა, რომელსაც ხაზი გაესვა შეხვედრებზე, იყო ღირებულებათა ჯაჭვების დეკარბონიზაცია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიხედვით, გლობალური ემისიების 20-30% სწორედ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვებზე მოდის. შესაბამისად, რეგინული ღირებულებათა ჯაჭვების შექმნა ჰარმონიზირებული რეგულაციებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარი რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მაგალითია CAREC-ი. ეს არის პროგრამა, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიის, კავკასიის და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს და მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას, ეკონომიკური ზრდის გაძლიერებასა და სიღარიბის შემცირებას. აზიის განვითარების ბანკი ამ პროგრამის სამდივნოს როლს ასრულებს. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და სავაჭრო პოლიტიკის რეფორმა ცენტრალურ აზიასა და მის სამეზობლოში შეამცირებს სათბურის აირების ემისიებს ღირებულებათა ჯაჭვში, რადგან ეს რეგიონი ხასიათდება ვაჭრობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ემისიის დონით მრეწველობის მაღალი წილის გამო.

ამავე დროს, რეგიონული განვითარების ჭრილში, საქართველომ ხაზი გაუსვა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას და მის სურვილს, გახდეს ენერგიის ტრანსმისიის შუა დერეფანი. საქართველომ განაცხადა, რომ შავი ზღვის კაბელი გაზრდის დაკავშირებისა და მწვანე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობებს კავკასიიდან ევროპის მიმართულებით. ენერგეტიკული გადასვლის დისკუსიები ასევე შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლა. ამ საკითხების განხილვა უფრო დეტალურად მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კლიმატის ფინანსებსა და მრავალმხრივი განვითარების ბანკების შესახებ დისკუსიები

ასევე შეეხო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების მნიშვნელობას ყველაზე მოწყვლადი

ქვეყნებისთვის. ამ მიზნით, დონაციები გაკეთდა აზიის განვითარების ფონდისთვის.

საქართველომ, ისტორიაში პირველად, თვითონაც შეიტანა დონაცია აზიის განვითარების

ფონდში ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

კლიმატის ცვლილებაზე საუბარი შორს ვერ წავიდოდა, კერძო სექტორის როლის

გამოკვეთის გარეშე. აზიის განვითარების ბანკმა დააანონსა, რომ ის მოახდენს

ყოველწლიურად ათი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას კერძო სექტორის

კაპიტალში.

კერძო სექტორის თანამშრომლობის მაგალითები ასევე იყო წარმოდგენილი ფორუმზე, მაგალითად, თეგეტა მოტორსის მწვანე ობლიგაციები. ეს არის ბირჟაზე პირველი ობლიგაციები, რომელიც დაეხმარება ნულოვანი ემისიის განათების, არასაგზაო ელექტრო მობილებისა და დამტენების ქსელის განვითარებას ახალი 70 სადგურის დამონტაჟებით.

შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა კერძო სექტორის მცირე როლს ადაპტაციის მიმართულებით. ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ამის საპირწონედ შესაძლებელია ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე ღირებულების დადება და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყეტებში ინვესტირება, რათა გაიზარდოს პროდუქციულობა და მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა კლიმატის ცვლილებას სხვადასხვა კუთხით შეეხო, რათა გამოვლენილიყო ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დამახასიათებელი იქნებოდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და გამოკვეთილიყო სისტემური მიდგომა ადაპტაციისა და შერბილების მიმართულებით. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ მოწყვლადი ქვეყნები მყისიერ ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ და ეს აუცილებელია მთლიანი სისტემის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ფინანსების გაწევის სისწრაფე, გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს მრავალმრხრივი განვითარების ბანკებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან.

რადგან სისტემები იცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს საინვესტიციო სისტემებიც, განსაკუთრებით ადაპტაციასა და შერბილების ღონისძიებებს შორის ბალანსის მისაღწევად. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო სექტორისთვის ინვესტირების რისკის შემცირება და ბუნებაზე და ბიომრავალფეროვნებაზე ღირებულების დაწესება.

წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა და ენერგოეფექტურობის ფართომასშტაბიანი დანერგვის იდეაც ასევე მხარდაჭერილი იყო სხვადასხვა სესიაზე.

ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების უშუალო შედეგებზე, მაგალითად, გახშირებულ ექსტერმალურ მოვლენებზე, მათ შორის თბურ ტალღებზე, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. და ბოლოს, ბევრმა გაუსვა ხაზი ცოდნის მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას. გამოიკვეთა ინოვაციებსა და კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების ზრდაში მრავალმხრივი განვითარების ბანკების როლი. ამ თვალსაზრისით, ახლო მომავალში, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის მოდელები შეიძლება უფრო სექტორზე ორიენტირებული გახდეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავნერგოთ მონაცემთა გაზიარებისა და ანალიტიკური ფუნქციის გამოყენება ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორსა და მომიჯნავე დარგებში, რათა გაიზარდოს სექტორის მედეგობა და მდგრადობა.

94 views0 comments

Comments


bottom of page