ერთი დღე COP-ზე - „მოლაპარაკებები“

Updated: Nov 4, 2021

ავტორს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მხარეთა კონფერენციაზე სხვადასხვა სტატუსით, როგორც დელეგატს, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს.


მხარეთა კონფერენციაზე (COP/კოპი) მოხვედრა დიდ პატივად ითვლება, დელეგაციის წევრობა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კოპზე კონკრეტული გეგმით და მიზნით ჩადიან. ბუნებრივია, მხარეთა კონფერენციისთვის მზადება, კონფერენციის წინა დღეს არ იწყება. მხარეები წინა მხარეთა კონფერენციის დასრულების დღიდან იწყებენ მუშაობას შემდგომი მხარეთა კონფერენციისთვის. შუალედში ასევე ხდება მხარეთა კონფერენციის ორი დამხმარე ორგანოს შეხვედრა, რომელიც ასევე დაახლოებით ორი კვირა გრძელდება-ხოლმე. ეს ტექნიკური და სამეცნიერო დამხმარე ჯგუფებია, სადაც კიდევ უფრო დეტალურად მიდის მსჯელობა დარგის ექსპერტების მიერ, თუ როგორ უნდა მოხდეს ზოგადი სამართლებრივი დოკუმენტების ცხოვრებაში გატარება. ამასთან, ცალკეულ საკითხებზე, რომელიც კოპის დროს ვერ გადაწყდა, აცხადებს წარდგინებების მიღებას. წარდგინებები, როგორც წესი, ხდება ჯგუფების მიერ, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ესა თუ ის მუხლი. როგორ უნდა გასწორდეს არასწორი ჩანაწერი და ასე შემდეგ. მხარეთა ამ წარდგინებების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია კონვენციის ვებგვერდზე. ქვეყნების მიერ წარდგინებების გაკეთება შესაძლებელია მხარეთა კონფერენციის დროსაც, თუმცა, უფრო ეფექტურია კოპამდე, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი შანსია მეტ დელეგატს ჰქონდეს ის წაკითხული. წარდგინებების გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა ორგანიზაციებსაც და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც.

კოპის შეხვედრები ორ ძირითად ზონად იყოფა. ლურჯ ზონად და მწვანე ზონად. ლურჯ ზონაში დაიშვებიან დელეგატები, ყოველ ოთახის წინ ასევე დგას დაცვა, რომელსაც ევალება ბეიჯის შემოწმება. მწვანე ზონაში ტარდება ათასგვარი ღონისძიება და გამოფენა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი სწორად აქ იყრის ხოლმე თავს. უმეტეს შემთხვევაში, დელეგატებისთვის მოლაპარაკების 2 კვირა ისე გადის, რომ ამ ზონაში მოხვედრას ვერც კი ახერხებენ დაძაბული გრაფიკის გამო.

კოპზე ჩასვლისთანავე უნდა გაიარო რეგისტრაცია, რათა პირველ დღეს არ მოგიწიოს უზარმაზარ რიგში დგომა, რაც შეხვედრებზე დაგაგვიანებს. თუმცა, წინა დღეებში რეგისტრაციის მიუხედავად, რიგში დგომისგან არავინ არის დაზღვეული. მაგალითად, კოპენჰაგენში, 2009 წელს, ღია ცის ქვეშ საშინელ სიცივეში 3-5 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ მონაწილეები რეგისტრაციის გავლას. ამის შემდგომ, კოპზე ყოველი შესვლისას და გამოსვლისას ბეიჯით უნდა დააფიქსიროთ შესვლა-გამოსვლა და გაიაროთ საკმაოდ მკაცრი „სკრინინგი“ დაცვასთან, დაახლოებით ისეთი როგორც აეროპორტში, ყოველ დილას და ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც კოპის ტერიტორიას ტოვებთ და უკან ბრუნდებით.

კოპის დაწყების დრო ოფიციალურად დილის 10 საათია და ის დაახლოებით 13 დღე გრძელდება. თუმცა, დელეგატებისთვის რეალური სამუშაო საათებიც და დღეებიც ბევრად მეტია. აქ მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ქვეყანა და ისევ და ისევ, რა მიზნით არის კოპზე ჩასული.

ქვეყნები რომლებიც რამოდენიმე ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, არიან სათბური აირების დიდი ემიტორები ან პირიქით, წარმოადგენენ უმცირეს კუნძულოვან-სახელმწიფოებს, კოპზე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩადიან და მზადებას იწყებენ. შესაბამისად, ზოგიერთი ქვეყნის დელეგატი მოლაპარაკებში, სამ კვირამდე პერიოდით ერთვება, რაც იოლი ნამდვილიად არ არის.

რაც შეეხება დილას, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ჯფუშია ესა თუ ის სახელმწიფო, მოლაპარაკებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესვლის დროც, ამაზე არის დამოკიდებული. მაგალითად, ბევრი კუნძულოვანი სახელმწიფოს დელეგატი დილას 8-ზე იწყებს პირველ ჯგუფთან შეხვედრით, შემდგომ 9-ზე მეორე ჯგუფთან და ბოლოს 10-ზე ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება. როგორ გრძელდება დღე? ესეც დამოკიდებულია ქვეყნის მიზნებთან და დელეგატების რაოდენობასთან.

როგორც ვიცით, პარიზის შეთანხმება 29 მუხლისგან შედგება. წარმოიდგინეთ, რომ აქედან დაახლოებით ნახევარზე ცალ-ცალკე მოლაპარაკება იმართება. ზოგჯერ თითო მუხლის ორ სხვადასხვა წინადადებაზე იყოფიან დელეგატები სხვადასხვა მოლაპარაკების ოთახებში. ბუნებრვია, როდესაც დელეგაცია სულ 3 დელეგატისგან შედგება, ყველა ოთახში მიმდინარე პროცესის დაფარვა შეუძლებელია. თუმცა, დელეგატები ირჩევენ ყველაზე მნიშვნელოვან მუხლებს მათი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და მიჰყვებიან ამ მუხლის განხილვებს. ერთი დელეგატი შეიძლება ე.წ. 5-6 "Items" მიჰყვებოდეს, რაც ძალიან შრომატევადია. ხშირად არის, რომ საჭმლის ოფიციალურად ლანჩის შესვენაბაზე ინიშნება არაფორმალური შეხვედრები. ამიტომ ბევრი დელეგატისთვის დღეში 1-ხელ საკვების მიღებაც კი დიდი ფუფუნებაა, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან დიდ რიგებზე, რომელიც ყველა კვების ობიექტთან შეგხვდებათ, რომელიც კოპის მიზნებისთვის საგანგებოდ არის ჩადგმული.

კოპზე სამუშაო დღის დასრულება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. წინასწარ იგეგმება ოფიციალური დღის წესრიგი, რომელიც ძალიან ზოგადია. ერთადერთი რაც მკაცრად არის განსაზღვრული დასაწყისშივე, არის მაგალითად, ის, თუ როდის ეწვევევიან კოპს ე.წ. მაღალი რანგის პირები. ეს ხან კოპის დასაწყისში ეწყობა, რათა თავიდანვე მისცეს დელეგატებს ბიძგი, რომ აუცილებლად მივიდნენ შეთანხმებამდე, ან კოპის ბოლოს, როდესაც არის მოლოდინი, რომ რაღაც შეთანხმების მიღწევა მოხდება მანამდე.

წლევანდელ კოპზე მაღალი რანგის პირების ჩასვლა თავშივეა დაგეგმილი, ეს იმითაც არის განპირობებული რომ შარშან კოვიდიდან გამომდინარე, კოპის ჩატარება ვერ მოხერხდა და პანდემიამ კლიმატის ცვლილების საკითხები უკანა პლანზე გადაიტანა. შესაბამისად, ე.წ. დისკურსი ისევ კლიმატის ცვლილებისკენ არის მოსატრიალებელი, ამისთვის მაღალი რანგის პირების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ყველა კოპს ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები. გლაზგოს კოპზე უკვე გამოჩნდა პირველი ანტიგმირი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ დედოფალი ელისაბედი ვერ ჩავა მოლაპარაკებებზე.

ბუნებრივია, როდესაც მაღალი რანგის პირები ჩამოდიან მოლაპარაკებებზე დელეგატებს უწევთ მათი „დაკვალიანება“ ლურჯ ზონაში, მათთვის ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება, მათთვის სიტყვების დაწერა და ასე შემდეგ. შედეგად კოპზე დღე შეიძლება დასრულდეს საღამოს 8-9 საათისკენ. დილა არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყება 7 საათზე გვიან. მაღალი რანგის პირების წასვლის შემდეგ კი იწყება ნამდვილი მოლაპარაკებები, აქ უკვე სახლში წასვლაზე აღარავინ ფიქრობს. პლენარული სხდომები მეორე კვირის ბოლოსკენ ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძლება დილის 5 საათამდე გაგრძელდეს. ამიტომაც არის, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებისთვის განკუთვნილი ადგილი ქალაქის ცენტრიდან ყოველთვის მოშორებითაა, დელეგატების უმეტესობა, როცა ახერხებს, აუცილებლად ამ ადგილის გვერდზე ქირაობს სასტუმროს ან ბინას. რადგან სახლში ფაქტიურად სულ რამოდენიმე საათით მიდიან.

ბევრი დელეგატი კომფორტულ ადგილს იქვე პოულობს და მოლაპარაკებიდან მოლაპარაკებამდე ტერიტორიაზე იძინებს კიდეც.

დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებლად უნდა იცოდე რა ხდება სხვა ოთახებში, საქართველოს მსგავსი მცირე დელეგატიანი ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება. ეს საშუალებას იძლევა, სხვა ქვეყნების რესურსები გამოიყენო ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასაცვლელად. სამწუხაროდ, რეგიონული დაყოფის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფშია. ეს ჯგუფი დიდი აქტიურობით კლიმატის ცვლილების მოლაპარაკებებში არ გამოირჩევა, ამის ფაქტორი მრავალია, ჯერ ერთი ის, რომ ამ ჯგუფში გაწევრიანებული ქვეყნები კონვენციის მიმართ სხვადასხვა სტატუსით არიან, ასევე ხშირია პოლიტიკური დაპირისპირებებიც ამ ქვეყნებს შორის. ამიტომ ეს ჯგუფი კოპზე მაქსიმუმ 2-ჯერ იკრიბება პროცედურული საკითხების ირგვლივ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის წამგებიანი მდგომარეობაა. სწორად ამის გამო დაიწყო ქვეყნის დელეგაციამ ფიქრი იმაზე, რომელ ჯგუფში გაწევრიანებულიყო რათა უფრო ეფექტურად მიეღო ქვეყანას მონაწილეობა მხარეთა მოლაპარაკების პროცესში. სხვა ჯგუფში მიღება ნამდვილად არ არის იოლი, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ჯგუფი ისედაც ძალიან დიდია, იქ საქართველოს ხმა იოლად დაიკარგებოდა. საქართველომ აქტიურად დაიწყო ჯერ „კარტახენას დიალოგის“ ქვეყნების შეხვედრაზე მოსახვედრად მოლაპარაკებები. ეს დიალოგი დაახლოებით 40 ქვეყანას მოიცავს და როგორც წესი, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით წარიმართება. ძალიან ბევრ შემთხვევაში, სწორად ამ დიალოგის მუშაობით მომხდარა კულისებს მიღმა მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა. ამ ჯგუფში ქვეყნის აქტიურობამ განაპირობა ის, რომ საქართველოს, როგორც კლიმატის პოლიტიკით დაინტერესებული ქვეყნის სტატუსი მიიღო და მოხდა მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის უფრო „დანახვა“. თუმცა, ეს კიდევ არ იყო საკმარისი. ამიტომ ქვეყანამ გადაწყვიტა გაეანალიზებინა კონვენციის ფარგლებში არსებული ჯგუფების მდგომარეობა, სტატუსი და მოეძებნა ყველაზე ოპტიმალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანდებოდა. ასეთი კი აღმოჩნდა Environmental Integrity Group (EIG), რომელიც შვეიცარიის ინიციატივით შეიქმნა ჯერ კიდევ 2000 წელს. ამ ჯგუფში სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების მქონე სხვადასხვა რეგიონს მიკუთვნებული ქვეყნები იყვნენ გაერთიანებულები, რომელთაც სურდათ პროგრესული კლიმატური პოლიტიკის გატარება, თუმცა, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ინტერესებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. ჯგუფში სულ 5 ქვეყანა იყო, მათ შორის ლიხტენშტაინი და მონაკო, რაც უკვე გულისხმობდა იმას, რომ ჯგუფში თანაბარი ხმით სარგებლობდნენ მცირე ზომის და ემისიის მქონე ქვეყნები. მოლაპარაკებები ჯგუფში გაწევრიანებაზე 2015 წლიდან დაიწყო და დასრულდა 2017 წელს, კოპ22-ზე, სადაც გაიმართა გაწევრიანების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ მედიაში და კოპზეც. სწორად 2017 წელს გააკეთა საქართველომ მოლაპარაკებების დროს პირველი ოფიციალური „ინტერვენცია“ ჯგუფის სახელით, ანუ მოლაპარაკებების მაგიდასთან შვეიცარიის, მექსიკის, სამხრეთ კორეის, მონაკოს, ლიხტენშტაინისა და საქართველოს სახელით, ერთობლივი შემუშავებული პოზიცია გამოხატა პარიზის შეთანხმების ერთ-ერთ მუხლზე. რა თქმა უნდა, ამან საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა მოლაპარაკებების პროცესში და გაზარდა დელეგატების ინფორმირებულობა სხვადასხვა ოთახში მიმდინარე პროცესებზე. აღნიშნული ჯგუფის დამსახურებით, საქართველოს გაეზარდა შესაძლებლობა დასწრებოდა მანამდე მისთვის დახურულ შეხვედრებს, მაგალითად, ისეთ საინტერესო შეხვედრებს, როგორიცაა კოპის მასპინძელი ქვეყნის მიერ დანიშნულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას, რომელიც იმართება-ხოლმე იმისთვის, რომ პრეზიდენტი ინფორმირებული იყოს სხვადასხვა ჯგუფებში არსებულ განწყობებზე და იმოქმედოს ამ განწყობების შესაბამისად.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წამოწევაში დიდი როლი ითამაშა DLA Piper-ის გუნდმაც, რომელიც 2012 წლიდან უსასყიდლოდ ეხმარება საქართველოს დელეგაციას, როგორც უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში, ასევე მის გარეთაც, კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კვლევის ან ანალიზის კუთხით.

დელეგატის ორ-სამკვირიანი მარათონის ნაწილია ასევე ოფიციალური სადილებიც, რომელზედაც პარტნიორი ქვეყნები მართავენ-ხოლმე და ეს შეხვედრები მიზნად ისახავს, დელეგატების ერთმანეთთან დაახლოებას. რაც უფრო მეტად იცნობენ დელეგატები ერთამენთს, მით მეტი ალბათობა არსებობს, რომ მოლაპარაკება ჯანსაღი კამათის ფარგლებში წარიმართება და მხარეები არ იქნებიან ერთმანეთის მიმართ უკიდურესად დაპირისპირებულები. თუმცა, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივია, ამ არაფორმალურ შეხვედრებში თავისთავად ნაკლებად ხვდებიან უკიდურესად დაპირისპირებული ქვეყნის დელეგატები, მაგრამ მაინც, აღნიშნული ტიპის ურთიერთგაცვლა, კოპის მნიშვნელოვანი ნაწილია.


 

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

76 views0 comments