top of page

სამართლიანი ტრანზიცია ტყიბულში

Green Waves #ტყიბული2022

სამართლიანი ტრანზიცია ტყიბულში

ქვანახშირის მოპოვება და შემდგომ მისი, როგორც საწვავი რესურსის გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ქვანახშირის წვის შედეგად გამოყოფილი CO2 (ნახშირორჟანგი) სათბურის ეფექტის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა, რასაც თან ახლავს როგორც კლიმატსა და გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
განვითარებული ეკონომიკები ქვანახშირს სულ უფრო მცირე რაოდენობით მოიხმარენ. შესაბამისად, გონივრული იქნებოდა, რომ საქართველოშიც ეტაპობრივად შემცირდეს ქვანახშირის მოპოვება. სწორედ ამიტომ, საჭიროა ტყიბულში „სამართლიანი ტრანზიციის“ განხორციელება, რათა მაღაროების დახურვის შემდგომ ადგილობრივ საზოგადოება არ აღმოჩნდეს მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე. საჭიროა ალტერნატიული დასაქმების წყაროების გაჩენა, რათა მოსახლეობა ადვილად გადამზადდეს და ადაპტირდეს ახალ სამუშაო პირობებთან.
ამ კუთხით საინტერესოა გერმანიაში არსებული სამართლიანი ტრანზიციის პრაქტიკა. კერძოდ კი გერმანიის რურის რეგიონი (Ruhrgebiet), რომელიც არამხოლოდ გერმანიის, არამედ მთლიან ევროპაში ქვანახშირის უმსხვილესი მომპოვებელი მხარე იყო. რურში სამართლიანი ტრანზიციის განსახორციელებლად გატარებულია როგორც რეინდუსტრალიზაციის, ისე დეინდუსტრიალიის პროცესი.
დეინდუსტრალიზაციის მისაღწევად რურში გამოიყო გარკვეული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მოხმარდა გარემოსდაცვით საქმიანობას, სოციალურ დახმარებებსა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ ბუნების დაცვითი და აღდგენითი პროექტების განხორციელების დროსაც წარმოიქმნა ახალი დასაქმების ადგილები.
რეინდუსტრალიზაციის კუთხით ძირითადად მოხდა მაღალტექნოლოგიური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საქმიანობების ხელშეწყობა, ამასთან ადგილზე ხელი შეეწყო განახლებადი ენერგიის წყაროების შექმნას. სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც რურში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ან მცირე ბიზნესის განსავითარებლად სახელმწიფო გარკვეულ გრანტებსა და სუბსიდიებს გამოყოფდა. შედეგად შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მოხდა შრომისუნარიანთა რეკვალიფიკაცია, ხოლო დანარჩენს დაუწესდა ფულადი დახმარებები.
რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას ტყიბულში სამართლიანი ტრანზიციის მისაღწევად, გუნდმა გამოყო 5 ძირითადი კომპონენტი.

1. ტურიზმის სფეროს განვითარება
ტურისტული პოტენციალი ტყიბულში დიდია, რაც განპირობებულია მისი ადგილმდებარეობითა და არსებული ბუნებით. ტყიბულის ტურისტულ პოტენციალს მეტად გაზრდის ე.წ. „მიტოვებული შახტების“ ტურისტულ ობიექტად და მუზეუმად გარდაქმნა, სადაც დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მაღაროების და მაღაროში მომუშავე ადამიანების ყოფას და ისტორიას. მსგავსი საინტერესო მაგალითები გვხვდება ევროპის ქვეყნებში.

2. ტყიბულის როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადება და ინვესტიციების მოზიდვა
ტყიბულისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭება შექმნიდა ბიზნესისთვის მიმზიდველ გარემოს, დაბალი გადასახადების და რბილი პოლიტიკის შედეგად, შემოვიდოდა კაპიტალი.

3. სახელმწიფოს მხრიდან ტყიბულში პროფესიული სასწავლებლების ამოქმედება, სადაც სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად იქნება ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამირების შესწავლის შესაძლებლობებიც
ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა შესაძლებელია გრანტებითა და სხვადასხვა ინოვაციური პროექტებით. ასევე, მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების ამოქმედება ტრანზიციის პირობებში შრომისუნარიანი მუშახელის რეკვალიფიკაციისთვის, რათა ისინი კვლავ იყვნენ მოთხოვნადნი შრომის ბაზარზე.

4. ტყიბულის ტექნოლოგიურად აღჭურვა, რათა სტარტაპებისთვის მიმზიდველი სივრცე გახდეს.
ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას ტექნოლოგიურად აღჭურვილი ცენტრი, სტარტაპებისთვის და სხვადასხვა ბიზნესებისთვის მომხიბვლელი გარემო.

ტყიბულს აქვს რეალურად იმისი პოტენციალი, რომ სამართლიანი ტრანზიცია წარმატებით განხორციელდეს. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო აქტორების მზაობა, ჩართულობა და მოტივაცია. გადამწყვეტია მოსახლეობის დამოკიდებულება და მზაობაც. ისეთ მონოინდუსტრიულ ქალაქში, როგორიც ტყიბულია, მაღაროების დახურვა ერთგვარი ტრაგედიის ტოლფასია, რადგანაც მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ „შახტაში“ მუშაობა წარმოადგენს. ამ შიშისა და პრობლემის დასაძლევად საჭიროა ცნობიერების ამაღლება და სამართლიანი ტრანზიციის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორაციის მიწოდება.
გვსურს, დავანახოთ ტყიბულელ მოსახლეობას, რომ არსებობს ალტერნატივა და თუ მოსახლეობის მხრიდან იქნება სურვილი და მზაობა ცვლილებასთან დაკავშირებით, მაშინ სამომავლო პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება პოზიტიური ცვლილებების მიღწევა, რაც გააუმჯობესებს როგორც მათი ცხოვრების ხარისხს, ასევე შეამცირებს ქვანახშირის მოპოვებასა და გამოყენებას.
მიზნის მისაღწევად ახალგაზრდები ჩაერთვებიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფოკუსი იქნება სამართლიანი ტრანზიცია ტყიბულში, ამ პროცესის მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტის განვითარების ალტერნატიული გზები. შეიქმნება სოციალური მედიის გვერდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, სადაც განთავდება ინფორმაცია, როგორც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების და შედეგების, ასევე სამართლიანი ტრანზაციის წარმატებული პრაქტიკების შესახებ. ამ გვერდზე განთავსდება „ჩელენჯები“, რომლებიც ასევე ხელს შეუწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის და ინფორმირებულობის გაუმჯობესებას.

სამიზნე ჯგუფი: 14-25 წლის ახალგაზრდები ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან.

იდეის ავტორები:
მენტორ-მულტიპლიკატორები: გეგი ჩარკვიანი, ქრისტინე ჭელიშვილი
ამირან კინწურაშვილი (14 წლის, კურსები)
ლიზი გვეტაძე (13 წლის, ტყიბული)
მარიამ კევლიშვილი (15 წლის, კურსები)
ნათია არაბიძე (16 წლის, ტყიბული)
საბა მემარნე (14 წლის, კურსები)

AA_2017_Office_Farbe_en-removebg-preview.png
BUNDlogo 2012 4c.png
Climate Basics_Logo-09.png
bottom of page