ჩვენი საქმიანობა

(ა)იპ „ქლაიმათ ბეიზიქს“ დაფუძნდა 2020 წელს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. არაკომერციული ანალიტიკური ორგანიზაცია მოხალისეობრივ საქმიანობას ეფუძნება და კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სამართლის და ანალიზის სფეროებში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: 

1.

კვლევა

  • საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებული კვლევების ინიცირება, განხორციელება და შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა. ასევე, არსებული კვლევების მოძიება და თავმოყრა.

2.

საინფორმაციო პლატფორმა -  climatebasics.info

  • საინფორმაციო პლატფორმის შექმნა და მართვა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც მარტივი ინფორმაციული, ასევე, აკადემიური სტატიებისა და თვალსაზრისებისთვის.

3.

განათლება და ცნობიერების ამაღლება

  • ცნობიერების ამაღლება, თემის პოპულარიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. შედეგად, ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა.

4.

კონსულტირება

  • საკონსულტაციო საქმიანობა, მათ შორის, კერძო კომპანიებისათვის, საჯარო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.  

5.

რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა

  • ორმხრივი და მრავალმხრივი კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა როგორც კვლევით ორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან.

ჩვენი მისია და პრინციპები

ქლაიმათ ბეიზიქსის გუნდი იაზრებს, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და წარმოადგენს კომპლექსურ პრობლემას, რომლის მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, დეფინიცია ან შემოსაზღვრა მარტივი არაა, ამასთანავე კლიმატის ცვლილება არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. შესაბამისად, განსაკუთრებით რთულია მისი რომელიმე ერთი მეცნიერების ჩარჩოში მოქცევა. გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ბუნებრივ/ფიზიკურ მოვლენას, ეს პროცესი სულ უფრო და უფრო მეტად იკვეთება როგორც სოციალური ფენომენი, რომელსაც  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და განიცდიან. შესაბამისად, ეს კომპლექსური თემა  მხოლოდ ბუნების მეცნიერებების კუთხით არ უნდა იყოს შესწავლილი.

სწორედ ამიტომ, ქლაიმათ ბეიზიქსის გუნდი აქტიურად იქნება ჩართული საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებულ, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გენდერის  და სოციალური საკითხების გათვალისწინებით წარმოებულ კვლევებში და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.  

საქმიანობის ძირითადი პრინციპები

  1. საქმიაობისა და პროექტების მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით წარმართვა და განხორციელება

  2. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების პატივისცემა

  3. თანასწორობის პრინციპის დაცვა. რიგ შემთხვევებში პროექტების დაგეგმვის ან/და წარმართვისას განსაკუთრებული ზომების განხორციელება მამაკაცებისა და ქალების, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად

  4. ექსპერტებისა და მკვლევარების აკადემიური თავისუფლების დაცვა

  5. საქმიაობისა და პროექტების გამჭვირვალედ და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით (მონაწილეობრივი მიდგომით) განხორციელება

ვებგვერდის გზამკვლევი

  • პუბლიკაციები - ამ განყოფილებაში არის სამი ძირითადი მიმართულება: კვლევა, თარგმანი და ბიბლიოთეკა. კვლევაში წარმოდგენილია, უშუალოდ, ქლაიმათ ბეიზიქსის მიმდინარე და დასრულებული კვლევების შესახებ ინფორმაცია და პუბლიკაციები. თარგმანში წარმოდგენილი იქნება კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურის, ტექსტების,  და სტატიების თარგმანი ქართულ ენაზე (ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, დროებით შეჩერებულია ეს მიმართულება). ბიბლიოთეკის განყოფილებაში თავმოყრილია საქართველოს კლიმატი ცვლილების პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საერთაშორისო დოკუმენტები და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საქართველოზე ორიენტირებული კვლევები.

  • ბლოგი - არის საინფორმაციო პლატფორმა, როგორც მარტივი ინფორმაციული, ასევე, აკადემიური სტატიებისა და თვალსაზრისებისათვის. სტატიები იქნება ქართულ ენაზე და მხოლოდ კლიმატის ცვლილების ან მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბლოგი არის ღია მკვლევარებისთვის. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატიის გამოქვეყნების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@climatebasics.info.

 

ვიწვევთ კლიმატის ცვლილების პროფესიონალებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს თანამშრომლობისთვის!