climate call-event banner-03-03.png

Climate Basics (CB) და BUND - დედამიწის მეგობრები გერმანია იწყებენ ერთობლივ პროექტს „ახალგაზრდები კლიმატის ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. Პროექტის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნისთან ერთად, ახმეტის ინოვაციების ცენტრი • Akhmeta innovation center და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი/Tkibuli District Development Fund TDDF.

პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილების საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად ინოვაციურ იდეებზე მუშაობა და დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობებთან. 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გერმანული გამოცდილების გაზიარებას. 

დაგეგმილი აქტოვობები განხორციელდება სამ ეტაპად: 

I ეტაპზე ჩატარდება კლიმატის აკადემია, სადაც შერჩეულ მონაწილეებს გერმანელი  და ქართველი ექსპერტები გადაამზადებენ მენტორ-მულტიპლიკატორებად. მონაწილეები გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხების ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდიკას. 

II  ეტაპზე გაიმართება კლიმატის ინოვაციების უქმეები, სადაც გადამზადებული მულტიპლიკატორების მენტორობით ტყიბულისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების წინასწარ შერჩეულ მოსწავლეებს (15-17 წლის) შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ შემდეგ აქტივობებში:

  • ონლაინ  ლექციები - კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები,   კლიმატის კრიზისი გლობალურ და ადგილობრივ ჭრილში;

  • სამუშაო შეხვედრები - ინოვაციური იდეების განვითარება და მათი განხორციელების დაგეგმვა, პრობლემის გადაჭრის ინოვაციური მეთოდები;

  • პროგრამირება/კოდის წერის ლაბორატორია - კლიმატ-ინოვაციური იდეების  შესაქმნელად (Calliope Mini Microcontroller-ის მეშვეობით).

 

III  ეტაპზე სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მენტორების დახმარებით იმუშავებენ ინოვაციურ იდეებზე, რომლებსაც დასკვნით ღონისძიებაზე წარადგენენ. 

პროექტის მსვლელობისას შეიქმნება ონლაინ პლატფორმა - “კლიმატის კლასი”, რომელზეც განთავსდება სახელმძღვანელოები კლიმატის ცვლილების შესახებ, ასევე, მოსწავლეების მიერ განვითარებული იდეები და  პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი სხვა მასალები. პლატფორმაზე განთავსებული ინფრომაცია და მასალები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ შაშიაშვილი, პროექტის მენეჯერი 

ელ. ფოსტა: info@climatebasics.info

ტელ. ნომერი: +995 599 280 901